ვინ გაიმარჯვებს ამერიკაში?

ვინ გაიმარჯვებს ამერიკაში?

    6 ნოემბერს ამერიკელი ხალხი პრეზიდენტს აირჩევს. კონსტიტუციის შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება ყოველი ნაკიანი წლის პირველი ორშაბათის მომდევნო სამშაბათს. ზუსტად ასე წერია ძირითად კანონში. მთავარი კონკურენტები არიან რესპუბლიკელი გუბერნატორი მიტ რომნი და მოქმედი პრეზიდენტი, დემოკრატი ბარაკ ობამა. მიუხედავად იმისა, რომ მათ პროგრამებს შორის ერთი შეხედვით რაიმე განსაკუთრებული სხვაობა არ არის, რომნი და ობამა მაინც სხვადასხვა „ფილოსოფიას“ წარმოადგენენ.
    ეს იმ თითქოს უმნიშვნელო ეპიზოდმა დაადასტურა, რომელიც კანდიდატთა ბოლო დებატების შემდეგ მოხდა: სატელევიზიო შოუს დასრულებისას, სცენაზე მიტ რომნის მთელი სანათესაო გამოეფინა - უამრავი ადამიანი შემოეხვია გარს: პატარა ბავშვებით დაწყებული და უფროსებით დამთავრებული. ობამას მხარდასაჭერად კი მხოლოდ მისი მეუღლე გამოჩნდა. ამით რომნიმ ძალიან ოსტატურად დაამცირა თავისი მოწინააღმდეგე და თითქოს უთხრა ამერიკელებს: ვის ირჩევთ ხალხნო, ხომ ხედავთ ამ კაცს არც წინაპარი ჰყოლია ამ ქვეყანაში (ობამას ბაბუა ჩვეულებრივი აფრიკელი ზანგი იყო), არც ნათესაობა, მე კი ძირძველი ამერიკელი ვარ და სწორედ მე შემიძლია გავიგო, რა სჭირდება ამერიკას. ობამა მართლა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმდენად, რომ იძულებული გახდა რომნის ნათესაობასთან მისულიყო და გამოლაპარაკებოდა. ისინი კი ცივად ართმევდნენ ხელს. გუბერნატორის ერთ-ერთმა სიძემ დაცინვით ფოტოც გადაუღო.
    ყველაზე უცნაური ის არის, რომ ობამამ ის დებატები (საგარეო პოლიტიკის თემაზე) რომნის მოუგო. მოუგო სუფთად და უეჭველად, რაკი მისი მთავარი მესიჯია მშვიდობა, ხოლო ამერიკელებს, პრინციპში, მეტი არც არაფერი აინტერესებთ: ოღონდ მშვიდობა იყოს და ოღონდ ამერიკელები არ იღუპებოდნენ არსად მსოფლიოში. ეს ობივატელის ნორმალური მოთხოვნაა, რასაც დემოკრატიული ადმინისტრაცია მუდამ ითვალსწინებს: ობამამ შეასრულა თავისი პირობა და ჯარები გამოიყვანა ერაყიდან, ანუ იქ ამერიკელები აღარ იღუპებიან. არადა, სწორედ ერაყში, ამერიკამ ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა ვიეტნამის ომის შემდეგ.
    ობამა ირანზე დარტყმის წინააღმდეგია და ისრაელსაც ყველანაირად აკავებს. ხოლო უბრალო ამერიკელებს ძალიან ეშინიათ აიათოლლების ირანისა. მათ იციან, რომ ეს ქვეყანა არც ერაყია, არც ლიბია და არც ეგვიპტე: „მტრისას და ავისას“, რა ამბავი დატრიალდება მთელს ახლო აღმოსავლეთში, თუ ისარელმა ირანის ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად ავიაცია აამოქმედა, რის თაობაზეც პრემიერ ნატანიაჰუს ბევრჯერ უთქვამს და გაეროს ტრიბუნიდან ფურცლებსაც აფრიალებდა წითელი ხაზით, რომელსაც ირანი სულ რამდენიმე თვეში მიაღწევს.
    გარდა ამისა, ამერიკელების დიდ ნაწილს მოსწონს ობამას პოლიტიკა რუსეთის მიმართ, რაკი „აუტკივარი თავის ატკივება არ უნდათ“ და ჰგონიათ, რომ სირაქლემას პოზით აიცილებენ პრობლემებს. აკი უთხრა კიდეც ობამამ - პუტინს ბოლო შეხვედრისას: „ეს არჩევნები ჩამამთავრებინე და მერე კიდევ უფრო დამთმობი ვიქნებიო“. რაც ჩვენთვის იმას ნიშნავს, რომ ამერიკა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას, რა თქმა უნდა, არ აღიარებს, მაგრამ არც რაიმეს იღონებს ამჟამინდელი მდგომარეობის შესაცვლელად.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    თუმცა, ამერიკელებს ეს ყოველივე მაინც ნაკლებად აინტერესებთ, ვიდრე საშინაო მიმართულება: მათთვის საგარეო პოლიტიკა მეათეხარისხოვანი საკითხია ყოველთვის. მთავარია ეკონომიკა, სოციალური პრობლემები, ინფლაცია, საშინაო ვალი, უმუშევრობა, ჯანდაცვა და ა.შ. აი აქ კი, რომნის სერიოზული უპირატესობა აქვს: მისი პროგრამა, თუ ჩვენში მიღებული ტერმინით ვიტყვით, უფრო ლიბერალურია, ითვალისწინებს ვალის შემცირებას, კერძო მეწარმეობის წახალისებას, ამერიკულ ბიზნეს - ტრადიციებზე დაყრდნობას და საბიუჯეტო დეფიციტის კონტროლს. საშუალო ამერიკელს რომნის პროგრამა ასე ესმის: ექნება სამუშაო, ბიუჯეტი არ გაიხარჯება უსაქმურებზე და ხელისუფლებაც მისთვის უფრო „მახლობელი“ იქნება.
    ამერიკაში არსებობს ასეთი ტერმინი WASP (White Anglo-Saxon Protestant) ანუ, იდეალური პრეზიდენტი უნდა იყოს თეთრკანიანი, ანგლო-საქსი და პროტესტანტი. მიტ რომნი მორმონია, მაგრამ ბარაკ ობამასთან შედარებით საშუალო ამერიკელის მიერ (არადა იგი ამომრჩევლის უმრავლესობაა), მაინც უფრო „თავისიანად“ აღიქმება.
    6 ნოემბერს გაირკვევა, რა გადასწონის და როგორ არჩევანს გააკეთებენ ამერიკელები. საერთოდ, დემოკრატიულ ქვეყანაში უმცირესობა ხშირად უფრო აქტიურია არჩევნებზე, ვიდრე უმრავლესობა. ამიტომ ბარაკ ობამამ მაინც შეიძლება მოიგოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საშინაო პოლიტიკაში იგი გააგრძელებს სოციალისტურ ექსპერიმენტებს, ხოლო საგარეო მიმართულებით, პუტინის გაღიზიანებას მოერიდება.
    მიტ რომნის მომავალი პოლიტიკა უფრო მკაფიო და კარგი გაგებით აგრესიულია: რომნი შეეცდება მკაცრი მეთოდებით დაასრულოს ფინანსური კრიზისი ამერიკაში, ხოლო მსოფლიო ასპარეზზე ბევრად აქტიური და პრინციპული იყოს. მათ შორის რუსეთთან დამოკიდებულებაში. ბოლო დებატებისას უთხრა კიდევ მოქმედ პრეზოდენტს: შენ რომ პუტინს „მოქნილობას“ პირდებოდი არჩევნების შენდეგ, მე „მოქნილობას“ კი არა პრინციპულობას და პრობლემებს ვპირდებიო.
    ძნელი გასათვლელი არ არის, რომ საქართველოსთვის ბევრად უმჯობესია რომნიმ მოიგოს. რა თქმა უნდა „ნატო“ - ში მაშინვე არ მიგვიღებენ, მაგრამ პუტინი საქართველოს მიმართ უფრო ფრთხილი გახდება, რათა ამერიკის ახალ, რესპუბლიკურ ადმინისტრაციას რაიმე საბაბი არ მისცეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენი ახალი მთავრობა რაიმე საშინლად გიჟურ სისულელეს არ ჩაიდენს, ქვეყნის უსაფრთხოება და ოკუპირებულ ტერიტორიათა „არაღიარების“ პოლიტიკა არათუ შესუსტდება, არამედ გაძლიერდება.
    დღევანდელ პირობებში, როდესაც მთელი ევროპა ირანთან ომის შიშით ცახცახებს, არც ესაა ცოტა.

2011