გველის თუ არა სამოქალაქო ომი?
               

        როგორც რუსები ამბობენ, საერთო მნიშვნელად იქცა წინასწარმეტყველებისა და პროგნოზის «გაზავება» მოსალოდნელი დესტაბილიზაციის ვარაუდით. თანაც ყველა, რატომღაც ზოგადად ლაპარაკობს და არ აკონკრეტებს, საიდან ან ვისგან არის მოსალოდნელი დესტაბილიზაცია,
                რაოდენ უცნაური და არალოგიკურიც უნდა ჩანდეს, კონკრეტული ამ თვალსაზრისით, სწორედ პრეზიდენტი იყო, რომელმაც ერთ-ერთ რადიოინტერვიუში მოსახლეობას ამცნო «ანტიეროვნული გეგმის» არსებობის თაობაზე.
                გეგმის შესაბამისად, გარკვეული ძალები ცდილობდნენ «ჩაეგდოთ ნულოვანი ვარიანტი», ვინაიდან შესანიშნავად ხვდებოდნენ, რა სარგებლობას მიიღებდნენ ამით.
                ქვეყანა იძულებული გახდებოდა ბიუჯეტის 80 პროცენტი დაეხარჯა ვალების გადასახდელად (საუბარია უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტზე), იგი ვეღარ მიიღებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კრედიტებსა და ა.შ.
                სავარაუდოა, რომ ამ ვითარებაში ხელისუფლება ვერ შეძლებდა ფინანსური წონასწორობის დაცვას და ქვეყანა გაკოტრდებოდა - დაიწყებოდა მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რაც გადაიზრდებოდა სოციალურ აფეთქებაში. გარკვეული ძალები კი პრეზიდენტს წაუყენებდნენ ულტიმატუმს: თუ გინდა მხარი დაგიჭიროთ და არ მოვითხოვოთ პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ან შევუერთდეთ ქუჩის გამოსვლებს პრეზიდენტის «გადადგომის» მოთხოვნით, ჩამოაყალიბე «კოალიციური მთავრობა» და დაგვნიშნე მინისტრებად.
                მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა. თუმცა პოლიტიკურმა პარტიებმა მისი არსებბა კატეგორიულად უარყვეს. რასაკვირველია, ასეთი გეგმა არსებობდა და ყველა შესანიშნავად ხდებოდა, რა შედეგს გამოიღებდა «ნულოვანი ვარიანტის» უარყოფა.
                თუმცა, ეს «დესტაბილიზაციის» ერთადერთი ფაქტორი არ არის - არანაკლებია კორუფცია და კონტრაბანდა, რომლებიც უკვე მერამდენედ სეკვესტრირებულ ბიუჯეტს, პარიზის კლუბის გადაწყვეტილების შემდეგაც ანადგურებს. როგორც კი ხელისუფლებამ მეტნაკლებად მკაცრი ზომები მიიღო კორუფციის წინააღმდეგ, მაშინვე კინაღამ ომი დაიწყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობის მონაწილეობით.
                თბილისში ხან «ზვიადისტების» მიტინგია, ხან კომუნისტების თავპირისმტვრევა. ექსპრეზიდენტის მომხრენი აცხადებენ, რომ კომუნისტებთან საერთო არაფერი აქვთ და პირიქით, მათ ხელისუფლებასთან ალიანსში სდებენ ბრალს. ამავე დროს, პანტელეიმონ გიორგაძე აცხადებს, რომ «ზვიადისტები» და შევარდნაძე ერთი ძალაა, თუმცა დროსა და სივრცეში ამ ორი «ვარიანტის» გახსნის დამთხვევა შემთხვევითაც რომ იყოს, მაინც იძლევა გარკვეული დასკვნების გაკეთებისა და ვარაუდის საშუალებას.
                ზემოაღნიშნული ძალები თავადაც ხვდებიან, როგორ «აწონასწორებენ» ერთმანეთს, თავისდაუნებურადაც კი. რაც უფრო გააქტიურდებიან ერთდროულად «ზვიადისტები» და კომუნისტები - მით უფეთესი ხელისფლებისათვის. განსაკუთრებით ამ მხრივ, კომუნისტების გააქტიურებაა სასაროგებლო, რადგან ისინი აბსოლუტური მარგინალები არიან და ელექტორატს სრულიად მიუღებელი ალტერნატივის შთაბეჭდილებას უქმნიან.
                «ზვიადისტებმაც» დაკარგეს ძველი გავლენა თვით იმ ხალხშიც, ვინც დაგმო 1992 წლის იანვარში ხელისუფლების ძალით დამხობა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი უცნაური ალიანსიც შეიქმნა. ძველებური აღტკინებაც აღარ არსებობს და, რაც მთავარია, ხელისუფლებას ვერა და ვერ მიაწებეს «პრორუსულობის» იარლიყი, ანუ ვერ შექმნეს სტერეოტიპი, რომ «იყო ეროვნული, ანტირუსული ხელისუფლება და მოვიდა პრორუსული, კრემლის მარიონეტი ხელისფულება». ამ სტერეოტიპს რომ ემუშავა, სხვა საქმე იქნებოდა და იქნებ სამოქალაქო ომიც «გამომდნარიყო», მაგრამ მან ვერ იმუშავა, ვინაიდან მართლა იდიოტი უნდა იყო, შევარდნაძის ხელისუფლებას დღეს «კრემლის ყურმოჭრილი მონა» უწოდო.
                კრემლის მარიონეტი შეიძლება სწორედ ის ხელისფლება გამოდგეს, ვინც დღევანდელი რეჟიმის დამხობის შემდეგ მოვა ანუ ისარგებლებს იმ ვთიარებით, რომელსაც ძალაუნებურად შექმნიან რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფები თუ ლიდერები მათთვის დამახასიათებელი რადიკალიზმით.
                თუმცა აქაც გაჩნდა ძალზე ნიშანდობლივი და საყურადღებო სიმპტომები. მაგალითად, წარსულში ცნობილმა «ზვიადისტმა» ელიზბარ ჯაველიძემ, რომელიც შევარდნაძის დანახვაზე, ტრადიციულად, ავად ხდება, რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში ერთი შეხევდით უცნაური რამ თქვა: «ისე ნუ ვიზამთ, ამ ხელისუფლების წასვლის შემდეგ ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომ უფრო არ დაგვინდოსო».
                მაშასადამე, იგიN (და არა მარტო ჯაველიძე) შესანიშნავად ხვდება: დესტაბილიზაციის შედეგად შეიძლება მოვიდეს მართლა «პრორუსული» ხელისუფლება, ვინც არ დაიწყებს «მოძრაობის» დახარისხებას ზვიადის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, ვინც ყველაფერს დააბრალებს «ეროვნულ მოძრაობას» (კაცმა რომ თქვას, მოსახლეობის დიდინაწილიც მხარს დაუჭერს) და მართლა არ დაინდობს.
                მერე საერთო ენას ვეღარ გამონახავენ. ელიზბარ ჯაველიძემ და ზოგიერთმა სხვამ, უბრალოდ, გაახმოვანა ქართული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობაში მოარული შიში ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით.
                სინამდვილეში, მათ არსებობას აზრი და მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეა - სხვა შემთხვევაში, ფუნქციას კარგავენ და ეს შესანიშნავად იციან. აბა, თუ ქვეყნის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე არ იქნება, ვიღას დააბრალებენ ყველაფერს, ვიღას ჩაუგდებიან «დისიდენტურ-მორალურ» ოპოზიციაში, ხომ წყალში ჩაეყრებათ ათწლეულობით ნაგროვები დისიდენტური «კაპიტალი».
                ამდენად, ნურავინ გაიკვირვებს იმ უცნარობას, რომ რადიკალური ოპოზიციის «ფაფხურის» მიუხედავად, სინამდვილეში, მას არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება უფრო აწყობს, ვიდრე მისი შეცვლა.
                პრეზიდენტის ფიგურა ამ თვალსაზრისით, მათთვისაც უალტერნატივოა. აქედან გამომდინარე, არავითარი განსაკუთრებული გართულება მოსალოდნელი არ არის. რეალურად, არათუ საპარლამენტო ოპოზიცია, არამედ «ქუჩის ოპოზიციაც» ედუარდ შევარდნაძისადმი შინაარსობრივად საკმაოდ ლოიალურია და «მართლა» დესტაბილიზაციამდე, პრეზიდენტის დადაგომამდე, ან შეიარაღებულ დაპირისპირებამდე საქმეს არ მიიყვანს.
                ერთადერთი გამონაკლისია, ალბათ, ციხეში მყოფი «ზვიადისტების» კატეგორიაა, აგრეთვე, ორთოდოქსი კომუნისტები, ვინც მთლიანად არსებულ სისტემას უპირისპირდებიან.
                ამ ვითარებაში ათი წლის წინანდელი მოვლენების განმეორება, უბრალოდ, შეუძლებელია.

მერიდიანი, 21 მარტი, 2001 წელი

მთელ გვერდზე