დამანგრეველი მუხტი სახელმწიფოს საფუძველში

დამანგრეველი მუხტი სახელმწიფოს საფუძველში

ისტორიის დაბრუნება საქართველოში?
   

    საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმაა, რომ «შეუძლებელია ისტორიის ბორბლის უკან დატრიალება». ნებისმიერ მოვლენას დროსა და სივრცეში (კონკრეტულ ეპოქასა და ქვეყანაში) კონკრეტული მოტივაცია გააჩნია. ისტორიასა და პოლიტიკაში არსებობს «შეუქცევადის» ცნება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ეჭვმიუტანელი აქსიომატური კანონია პოლიტიკისა.
    ამიტომ, როცა რაიმე მოვლენა დროში მეორდება,  თითქმის გამონაკლისის გარეშე მას უეჭველად სხვა მოტივაცია და შინაარსი გააჩნია ახალ სიტუაციაში და მხოლოდ ფორმით, გარეგნული ნიშნებით იმეორებს წინამორბედს.
    სწორედ ამ თვისებით ხასიათდებოდა მოვლენა, რომელიც 19 ოქტომბერს მოხდა სენაკში. გარეგნულად თითქოს ეს «ზვიადისტური ამბოხი» იყო, მაგრამ სინამდვილეში, რეალურად, ელიავასა და მისი რაზმისათვის «ზვიადიზმი» და «ზვიადისტური მოტივაცია» მხოლოდ საბაბი იყო, - ყალბი საბაბი. რათა (სინამდვილეში), სულ სხვა მიზნები განეხორციელებინათ.
   

    ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი დანაშაული (არა შეცდომა, არამედ დანაშაული!) უეჭველად ის გახლდათ, რომ შეურიგებლობით, რადიკალიზმით, რეალიების გაუთვალისწინებლობითა და პოლიტიკის კანონთა (აგრეთვე პოლიტიკური ტექნოლოგიის ხერხთა და მეთოდთა) იგნორირებით, ძალაუფლებისადმი (ზოგ შემთხვევაში თუნდაც არაფორმალური ძალაუფლებისადმი) ფანატიკური სწრაფვით და, იმავდროულად, ინტელექტუალური სიჩლუნგით, ეგოიზმითა და გაუტანლობით ამ «მოძრაობამ» ჯერ კიდევ 1988-1989 წელს შექმნა პირობები შეურიგებელი დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომისათვის საქართველოში.
    სწორედ ეს დაპირისპირება გამოვლინდა მოგვიანებით, - 1991-1993 წლების მოვლენებში. «მოძრაობა» არ ითვალისწინებდა რეალობებს: რომ საქართველო ურთულესი ორგანიზმია, რომ იგი დაფუძნებული იყო ინტერესთა გარკვეულ ბალანსზე, რომ ამ ბალანსის ერთბაშად, მეყსეულად დარღვევა უეჭველად გამოიღებდა კატასტროფულ შედეგებს და ასე შემდეგ;
    არაფრის გაგება «მოძრაობის» ლიდერებს არ სურდათ. მათ ვერაფრის დიდებით ვერ შეასმენდი, რომ ნებისმიერი სისტემის დანგრევა (და არა გარდაქმნა) რევოლუცია (და არა ევოლუცია) - იმ შემთხვევაშიც კი, თუ სისტემა გარედან არის თავსმოხვეული, - უეჭველად გამოიღებს საშინელ დამანგრეველ შედეგებს სამომავლო სტაბილურობის თვალსაზრისითაც, ხოლო ნანგრევებზე ახალი სისტემის აგებისას უდიდეს სირთულეებს წააწყდები და მასობრივი სისხლისღვრის გარეშე (ანუ ახალი ძალადობის გარეშე) მისი დაფუძნება ვერც მოხერხდება.
    ამიტომ ყოველთვის გაცილებით უფრო მიზანშეწონილი და რაციონალურია (ჰუმანისტურ პრობლემატიკასაც რომ თავი დავანებოთ), - ევოლუციური გზით სვლა; მით უმეტეს, როდესაც ამგვარი შესაძლებლობა არსებობს.
    კაცობრიობის ისტორიამ უამრავი მაგალითი მოგვცა ამ დებულების ჭეშმარიტებისა. იმავე რუსეთში, ახალი სისტემის რევოლუციური გზით დაფუძნება ზღვა სისხლის ფასად მოხერხდა, მაგრამ ეს სისხლი, განხორციელებული მასობრივი რეპრესიები და ტერორი ამჟამადაც კი ხელს უშლის (ანუ 60-70 წლის შემდეგ) ნორმალური ახალი სისტემის დაფუძნებას.
    ტყუილად ჩივიან და წუწუნებენ ეგრეთ წოდებული «ზვიადისტები», რომ მათი სათაყვანებელი პრეზიდენტი ძალადობით, იარაღის გამოყენებით იქნა დამხობილი. იმ კრიმინალურმა ხროვამ, რომელმაც დეკემბერ-იანვარში ეს გადატრიალება განახორციელა, იმოქმედა იმავე ხერხებით, რაც მთავარია, იმავე პრინციპით, რომლითაც თვით გამსახურდია და «მოძრაობა» მოქმედებდა 1988-1989 წლებში.
    აშკარა ტყუილია, თითქოს ისინი «უსისხლოდ მოვიდნენ» ხელისუფლებაში. «მოძრაობამ» ჯერ არაფორმალური (ე.წ «კონგრესი»), შემდეგ (ზ. გამსახურდიას სახით) ფორმალური ძალაუფლება მოიპოვა 9 აპრილის სისხლისღვრის შედეგად.
    რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები: 9 აპრილის სასაკლაო სპეციალურად იყო პროვოცირებული (მისი თავიდან აცილება სულ ადვილად შეიძლებოდა და არც რაიმე აუცილებლობას წარმოადგენდა ასეთი საშინელი მსხვერპლი ეროვნული ინტერესებისათვის) სწორედ იმ მიზნით, რათა «მოძრაობას» ჯერ არაფორმალური, შემდეგ ფორმალური ძალაუფლება ეგდო ხელთ და პოლიტიკურ პროცესს საბოლოოდ მოქცეოდა სათავეში.
    «მოძრაობა» მიმართავდა ძალადობას არა მხოლოდ ფიზიკურს, არამედ მორალურს, - სხვაგვარად მოაზროვნეთა, «ზომიერთა» მიმართ, რომლებიც რადიკალთა მიერ გადარეულ ხალხს თუნდაც ოდნავი ზომიერებისა და რაციონალიზმისაკენ მოუწოდებდნენ.
    მათ აცხადებდნენ «სუკის აგენტებად», «მოღალატეებად» და ასე შემდეგ.
    წინააღმდეგობის გაწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ყოველ შემთხვევაში, იმდროინდელმა მმართველმა ელიტამ ეს ვერ შეძლო, მაგრამ ძალადობითა და (როგორც ფიზიკური, ასევე მორალური) ტერორით ხელისუფლებაში მოსული ძალა თავად სულ მალე გახდა მსხვერპლი ასეთივე ძალადობისა კრიმინალური ბანდების მხრიდან, რომელიც ადრე თავადვე ამოიყვანა სოციალურ-პოლიტიკურ ასპარეზზე საზოგადოების ფსკერიდან.
    ანუ ძალადობამ შვა ძალადობა, რომელმაც თავის მხრივ, კიდევ შვა ძალადობა და ასე შემდეგ.
    კანონიერად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივად დამხობას უეჭველად მოჰყვებოდა და მოჰყვა კიდეც სამოქალაქო ომი, მასობრივი სისხლისღვრა, ეგზეკუცია ქვეყნის იმ რეგიონში (სამეგრელოში), რომელმაც, ტრაიბალისტური ნიშნით აქტიურად დაუჭირა მხარი ექსპრეზიდენტს.
    ძარცვა-გლეჯამ, დამცირებამ და შეურაცხყოფამ, თავის მხრივ, შესაბამისი შედეგი გამოიღო და სულ სხვაგვარი მოტივაცია შექმნა;
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კაკო ელიავას გამოსვლის საფუძველი არ ყოფილა არც სოციალური მოტივი (შიმშილი, გაჭირვება და ასე შემდეგ) და არც (მით უმეტეს) რაიმე პოლიტიკური კონცეფციის თუ კურსის ერთგულება. ანუ ზვიად გამსახურდია და მისი «კანონიერი ხელისუფლება» არც კაკო ელიავას, არც მის მომხრეებს, სინამდვილეში, იოტისოდენად არ აღელვებთ.
    მათ მოტივაციას ტრაიბალისტური განაწყენება უდევს საფუძვლად, ხოლო ზემოხსენებული «პრინციპის» დაჟინება (რომ ისინი კანონიერებისათვის იბრძვიან უკანონობის წინააღმდეგ) მხოლოდ საშუალებაა ტრაიბალისტური შურისძიებისათვის.
   

    ყველაზე საშინელი კი ის გახლავთ, რომ მოსახდენი უკვე მოხდა და ამ საქმეს არაფერი ეშველება. კაკო ელიავას დაპატიმრება რომც მოხერხდეს, ყველა რომ იქნეს იზოლირებული ვინც სენაკის აქციაში მონაწილეობდა, - ტრაიბალისტური განაწყენება სამეგრელოში მაინც იარსებებს, ვინაიდან ადამიანებს (ბუნებრივია) ახსოვთ მხოლოდ ის, რომ მათ ძარცვავდნენ, ოჯახის წევრებს უუპატიურებდნენ, სახლ-კარს უწვავდნენ და ასე შემდეგ.
    პასუხისმგებლობა ამისთვის უნდა დაეკისროს ყველას, ვინც «პოლიტიკას აკეთებდა» საქართველოში 1988 წლიდან, - იმდროინდელ (პატიაშვილის) ხელისუფლებასაც, რომელმაც ვერ შეძლო (თუნდაც უსასტიკესი ზომებით, მაგრამ მინიმალური სისხლით) აგორებული ტალღის შეჩერება, აგრეთვე ორივე დაპირისპირებულ ფრთას ე.წ. «მოძრაობისა» და თვით საზოგადოებას, ანუ ელემენტარულად «ხალხს», რომელიც ახლადშობილი ბოჩოლასავით პირდაღებული მიჰყვებოდა სასაკლაოზე უტვინო და უზნეო მანიაკებს.
    ახლა ყოველივე ამის ლაპარაკი უკვე ძალიან გვიან არის. მოსახდენი რაც არ იყო, მაინც მოხდა და მომხდარს კი (ვიმეორებ) აღარაფერი ეშველება.
    კაკო ელიავა რასაკვირველია რუსეთის აგენტია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს; არც ერთ ქვეყანას რუსეთის გარდა, არ აძლევდა ხელს დესტაბილიზაცია საქართველოში «დიდი ნავთობსადენის» თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე. მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ალბათ ისიც უნდა გავაცნობიეროთ ბოლოს და ბოლოს, რომ «აგენტობა» (თუნდაც სპეცსამსახურისა) არ ნიშნავს საკუთარი ინტერესების უგულებელყოფას. უფრო პირიქით, - სპეცსამსახური ყოველთვის იყენებს და კვლავაც გამოიყენებს პიროვნულ მოტივაციას და ამ თვალსაზრისით ინტერესთა თანხვედრას საკუთარი მიზნებისთვის.
    მაგალითად, კაკო ელიავას პიროვნული მოტივაცია დაემთხვა კრემლის სპეცსამსახურისას: ელიავასა და მის მომხრეებს, აგრეთვე ტრაიბალისტურ საზოგადოებას (რეგიონში), რომლის განწყობასაც ისინი ეყრდნობოდნენ, სწორედ ამ ტრაიბალისტური (კუთხური) წყენისა და ბოღმის გადმონთხევა სურდათ, - შემთხვევით არ დაამთხვიეს თავიანთი გამოსვლა სამეგრელოში ომის დასრულების 5 წლისთავს. რუსეთის სპეცსამსახურს კი, რასაკვირველია, ძალიან უნდოდა მოეხდინა ახალი სამოქალაქო ომის პროვოცირება საქართველოში, რათა ჩაეშალა საკომუნიკაციო პროექტების განხორციელება. ასე შედგა «ინტერესთა თანხვედრა», - თუნდაც სხვადასხვა მოტივაციის საფუძველზე.

    უეჭველია, ამბოხების სულისჩამდგმელს, იდეოლოგსა და მთავარ ორგანიზატორს - კაკო ელიავას - გარკვეული გარანტიებიც მისცეს და დახმარებასაც შეპირდნენ.
    თუმცა, მეორე მხრივ, შეიძლება ის აზრიც მცდარი იყოს, თითქოს ამ გარანტიების გარეშე იგი გამოსვლას ვერ გაბედავდა. ტრაიბალისტური წყენა (მიუხედავად ეგრეთ წოდებული «მხედრიონის» ციხეში გამწესებისა) იმდენად ძლიერია, რომ ადრე თუ გვიან, იგი მაინც გადმოიფრქვეოდა.
    1998 წლის ოქტომბერში, უბრალოდ შესაბამისი ფონი შეიქმნა, ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის სახით.
    ელიავას «დემარში» უფრო დესტაბილიზაციის მცდელობასა და ამ გზით (პრესტიჟის შელახვით) ხელისუფლებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად, ვიდრე ხელისუფლების შეცვლას.
    მაგრამ იმავდროულად, ვერც იმ აზრს დავეთანხმებით, თითქოს «300 კაცით სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება შეუძლებელია». ისტორია სხვას გვასწავლის. თუნდაც ჩვენივე ისტორია, ან ჩვენი უახლოესი მეზობლებისა. აზერბაიჯანელ სურეთ ჰუსეინოვს სულ 200 მეომარი და ხუთიოდე ტანკი ჰყავდა, მაგრამ ტრიუმფალურად გაიარა გზა განჯიდან - ბაქომდე.
    ქართველმა თენგიზ კიტოვანმა 1991 წლის 22 დეკემბერს უზენაესი საბჭოს შენობის შტურმი სულ რაღაც 60-იოდე მეომრით დაიწყო, მაგრამ წარმატებით «დააგვირგვინა»;
    აქვე უნდა ითქვას: კაკო ელიავასა და მისი რაზმელების განაწყენება კიტოვანზე, იოსელიანზე, სიგუაზე და სამხედრო გადატრიალების სხვა მომხრეებზე უცნაურიცაა და ყოვლად დაუსაბუთებელიც. ყველა ეს პიროვნება სწორედ იმ «მოძრაობის» ტალღაზე ამოტივტივდა, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც ექსპრეზიდენტი ბრძანდებოდა. დეკემბრის გადატრიალება არ განუხორციელებია იმ ხელისუფლებას, რომელიც «მოძრაობამ» 9 აპრილის შედეგად დაამხო. ეს გადატრიალება მოაწყო სწორედ 9 აპრილის შემოქმედთა ერთმა ნაწილმა - მეორეს წინააღმდეგ.
   

    შეძლებდა თუ არა კაკო ელიავა თბილისამდე მოსვლას? რა თქმა უნდა არა! უკიდურეს შემთხვევაში მას რიკოთის უღელტეხილს გადაუკეტავდნენ და აღმოსავლეთ საქართველოში არ შემოუშვებდნენ. ამ უღელტეხილს ასეთი ძალებით ელიავა ვერც გადალახავდა და ვერც ვერსაიდან შემოუვლიდა, - ეს ელემენტარული გეოგრაფიისა და ძალთა თანაფარდობის საკითხია. მეამბოხეებს შეიძლებოდა ჰქონოდათ იმედი სხვა სამხედრო ნაწილების აჯანყებისა (აღმოსავლეთ საქართველოში), მაგრამ ამ ნაწილებს, საბედნიეროდ, იგივე ტრაიბალისტური მოტივაცია არ აღმოაჩნდათ.
    აშკარად გადაჭარბებული და მცდარია მოსაზრება, თითქოს «ჯარისკაცები შიმშილმა გამოიყვანა ყაზარმებიდან». მართლა ასე რომ ყოფილიყო, მაშინ მათ უეჭველად სხვა სამხედრო ნაწილებიც აყვებოდნენ. ელიავას ალბათ უფრო სამოქალაქო ომის სიმბოლური აქტი სურდა განეხორციელებინა და შემდგომ გაქცეულიყო.
    ისიც აშკარა ტყუილია, თითქოს რიგითმა ჯარისკაცებმა, რომლებიც ელიავასა და ასმავას გაჰყვნენ, არ იცოდნენ რაზე მიდიოდნენ, - ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ;
    მაგრამ სამეგრელოში (ისედაც განაწყენებულ კუთხეში) ასეულობით «უდანაშაულო» (ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობასა და მათ ახლობლებს რომ ჰკითხოთ, დანაშაული არ ჩაუდენიათ) ახალგაზრდის ციხეში ჩასმა კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას. ამიტომ, როგორც ჩანს, მხარეებმა მიაღწიეს გარკვეულ კომპრომისს, რის შედეგადაც მივიღეთ დღევანდელი მდგომარეობა: ჯარისკაცები, აგრეთვე სამხედრო ტექნიკა დაბრუნებულია ყაზარმებში, - დისლოკაციის ადგილზე, ხოლო ელიავა და რამდენიმე ორგანიზატორი უგზო უკვლოდ გაქრა.
    ზოგიერთი ცნობით, ისინი ამჟამად ლუგელას ხეობაში იმალებიან ჩხოროწყუს რაიონში. სხვა მტკიცებით, ელიავას რაზმი გალის რაიონში გადავიდა და სეპარატისტებთან კონტაქტის დამყარებას ცდილობს. ეს სტერეოტიპი უაღრესად სასარგებლო შეიძლება გამოდგეს სეპარატისტებზე ზემოქმედების გასაძლიერებლად.
    ყოველ შემთხვევაში, ამიერიდან გვაქვს საფუძველი ვამტკიცოთ: გალის რაიონში ნამდვილად მოქმედებენ შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებას არ ემორჩილებიან. დივერსიულ-ტერორისტულ აქტებზე (აფსუა სეპარატისტების წინააღმდეგ) საქართველომ, რასაკვირველია, პასუხისმგებლობა არ უნდა იკისროს. ოღონდ სინამდვილეში, ძალზე საეჭვოა კაკო ელიავამ ურთიერთობა გაირთულოს აფსუა სეპარატისტებთან, ვინაიდან ამ უკანასკნელთ (თუ იგი ნამდვილად გალში იმყოფება) მისი «სული ხელთ უჭირავთ» და ყოველთვის შეუძლიათ შანტაჟირება, - საქართველოს უშიშროებისთვის გადაცემით.
    აჯანყების ლიკვიდაცია არ ნიშნავს, თითქოს იგივე უახლოეს მომავალშიც არ შეიძლება განმეორდეს. სათანადო მოტივაცია და ბაზა არსებობს. ერთადერთი პროფილაქტიკური ზომა იქნებოდა არმიის დაკომპლექტება ექსტერიტორიულობის პრინციპით, - აბა სად გაგონილა ჩვენსავით «ეთნიკურად რთულ» ქვეყანაში მეგრელი სამეგრელოში მსახურობდეს, კახელი - კახეთში და ასე შემდეგ. ჩვენ კი არა, ფრანგებიც კი (რომელთაც არანაირი ტრაიბალისტური პრობლემა არ აწუხებთ) ვერ ბედავენ ექსტერიტორიალურობის პრინციპის დარღვევას, ხოლო თუ საქართველოს ხელისუფლებას არ შესწევს ძალა ეს პრინციპი განახორციელოს და იძულებულია შეურიგდეს სამხედრო ნაწილების კომპლექტაციას კუთხური ნიშნით, მაშინ ჩვენ სახელმწიფო საერთოდ არ ვყოფილვართ.
    ძნელი მისახვედრი და განსაჭვრეტი არ იყო, რომ სენაკის სატანკო ბრიგადაში აფხაზეთიდან დევნილი მეომრებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების კონცენტრაცია ადრე თუ გვიან უეჭველად გამოიღებდა დამანგრეველ შედეგს და გამოიღო კიდეც.

    ის, რაც მოხდა, სავსებით საკმარისია საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟის შელახვისათვის. პატარა ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე თვითდამკვიდრება შეუძლია მხოლოდ სტაბილურობით, მტკიცე, დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების შექმნით.
    სახელმწიფოებრიობა ურთულესი ფენომენია, რომელიც ყველას როდი ხელეწიფება. სახელმწიფოებრიობა უდიდეს კულტურასა და ტრადიციას მოითხოვს, რაც სამწუხაროდ, ქართველებს არ აღმოგვაჩნდა, - როგორც კი მოდუნდა ოდნავ კომუნისტური წნეხი, უმალვე დავერიეთ ერთმანეთს, გავაჩაღეთ ყოვლად უაზრო, უტვინო სამოქალაქო ომი, - მხოლოდ ვიღაც ვიღაცეების ამბიციათა დასაკმაყოფილებლად.
    მომხდარის გამოსწორებას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, 5 ან თუნდაც 10 წლის შემდეგაც იგივე შეიძლება განმეორდეს, რაკი «კანონიერების აღდგენის» მოტივი იმდენად ძლიერი არგუმენტია (ფორმალურად), რომ მას უეჭველად გამოიყენებენ მომავალშიც.
    ეს არის დამანგრეველი მუხტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ჩავდეთ საკუთარი სახელმწიფოს საფუძველში დეკემბერ-იანვრის გადატრიალების შედეგად, ხოლო ეს გადატრიალებაც, თავის მხრივ, გარდაუვალი იყო იმდროინდელი ხელისუფლების მიერ გატარებული უნიათო პოლიტიკის გამო.
    იქმნება საზარელი «ჩაკეტილი წრე», საიდანაც გამოსავალი თითქოს არ არსებობს. ნებისმიერი ხელისუფლება, - არჩეული 1992 წლის შემდეგ მიღებული კონსტიტუციის საფუძველზე, უეჭველად გამოცხადდება «უკანონოდ». ამდენად, საფუძველი დაპირისპირებისათვის, კვლავ იარსებებს. ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან ის არის, რომ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ (ვისაც ტრაიბალისტური წყენა და ბოღმა არ ახრჩობს) თვალნათლივ დაინახოს განსხვავება პიროვნულ და პოლიტიკურ მოტივაციას შორის.
    რაში მდგომარეობდა ზვიად გამსახურდიას ქარიზმა? რასაკვირველია - «რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლაში». მაგრამ თუ დღეს მისი მომხრეები ფაქტობრივად იმავე რუსეთიდან მოქმედებენ, მოსკოვიდან ჩამოდიან, პრორუსულ ძალებს «ეკვრებიან» და რუსის ჯარს მიმართავენ თხოვნით დახმარების შესახებ, «ზვიადის» ქარიზმა მარაზმში გადაიზრდება!
    გამოდის, არც ექსპრეზიდენტს და არც მის დღევანდელ მიმდევრებს, საკუთარი ინტერესების გარდა (თუნდაც წყენის დაკმაყოფილებისა და შურისძიების გარდა) არაფერი ამოძრავებთ. ამ შემთხვევაში, რა შუაშია «საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყნის ინტერესები?» აქედან გამომდინარე, ხელისუფლება უეჭველად უნდა ეცადოს განამტკიცოს ქვეყნის დამოუკიდებლობა, უფრო აქტიურად იმოქმედოს საერთაშორისო ასპარეზზე და არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდეს რუსეთს.
    ეს უაღრესად მნიშვნელოვანი და საყურადღებო მომენტია: რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, რაც უფრო დაუახლოვდება რუსეთს ჩვენი ხელისუფლება, მით უფრო გაიზრდება სენაკის მოვლენათა განმეორების ალბათობა - არა პირიქით. და აი, რატომ: ნებისმიერი «დაახლოებით» ჩვენ რუსეთს მაინც ვერ დავაკმაყოფილებთ, ხოლო ტრაიბალისტური და განაწყენებული ძალები მიიღებენ დემაგოგიურ არგუმენტს, რომ ისინი ებრძვიან «პრორუსულ» ხელისუფლებას.
    ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებას აღარ ექნება შესაბამისი «კონტრარგუმენტი», ვინაიდან «მესამე ძალა» მას «მარიონეტულად» გამოაცხადებს.
    ისიც უნდა ითქვას, რომ «ისტორიის განუმეორებლობის» კანონი გულისხმობს აგრეთვე ურთიერთობათა იმ სისტემის აღდგენის შეუძლებლობას, რომელიც 1956 წლის 9 მარტამდე არსებობდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში საზოგადოებრივი ცნობიერების დონეზე.

დილის გაზეთი, 26 ოქტომბერი, 1998 წელი