გონიოს საარჩევნო პოლიგონი
       

        2001 წლის ზაფხულში, პირველად კავკასიის ისტორიაში, საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდება ნატოს სამხედრო მანევრები «კოოპერატივ-პარტნიორი 2001».
        ამ ტიპის სამხედრო მანევრებს («მშვიდობისმყოფლური ლეგენდით) ნატო ატარებს პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. ასეთი მანევრები შედგა უზბეკეთსა და უკრაინაში. ამ ლოგიკით, თითქოს არავითარი წინააღმდეგობა არ უნდა შექმნოდა სწავლებას საქართველოში (ნატოს ხარჯებით - რაც საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის შესანიშნავი სკოლაა), მაგრამ მიაქციეთ ყურადღება ერთ უცნაურობას: უკრაინასა და უზბეკეთში მანევრების დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია ისეთი, ყოველგვარ ზღვარს გადასული, ისტერიული განცხადება, როგორც გასულ კვირას «გაახმოვანა» ამ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
        ამ უცნაურობას ორი მიზეზი აქვს. უპირველეს ყოვლისა, რუსეთში საქართველო «მკვდრად» მიაჩნიათ 1988-93 წლების მოვლენათა შემდეგ და ყოველთვის ღიზიანდებიან, როდესაც ჩვენი ქვეყანა «თავხედობს».
        უკრაინა ან უზბეკეთი თუ ატარებს ნატოს მანევრებს, ეს იმდენად არ აღიზიანებთ, მაგრამ საქართველო... «ესენი კიდევ ცოცხლები არიან და ხმას იღებენ?»
        მეორე მიზეზი კი უდავოდ კავკეასიის მნიშვნელობაა რუსეთისთვის.
        გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასია რუსეთის «მზის წნულია», ანუ «მიაგკოე პოდბრიუშე», როგორც რუსი გეოპოლიტოლოგები ამბობენ. ჩეჩნეთში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით, ნატოს მანევრები მართლაც იძენს პოლიტიკური მხარდაჭერის ჟღერადობას - მით უკეთესი საქართველოსთვის».
        თუმცა, რუსმა ჟურნალისტებმა საქართველოში რომის პაპის ვიზიტიც კი «ნატოს დემარშად» გამოაცხადეს.
        არადა, რატომ არ უნდა იგრძნონ მოსკოვში, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით უკომპრომისო პოზიციით საქართველოს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ? ნატოს მანევრები სერიოზული სიგნალი გახდება რუსეთისთვის, რათა არ გაბედოს აგრესიის განხორციელება.
        ამას მით უმეტეს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებისას.
        მთელ ამ ისტორიას «აჭარის ფაქტორიც» დაემატა. თავდაპირველი მოლაპარაკებით მანევრები ბათუმთან მდებარე გონიოს პოლიგონზე უნდა გამართულიყო, რომელიც რუსეთის სამხედრო კონტინგენტს უკავია, ოღონდ იურიდიულად ორივე მხარეს ეკუთვნის.
        ბრიუსელთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, ნატოს კონტინგენტი 4000 სამხედრო მოსამსახურის ოდენობით სადესანტო გემებით მოუახლოვდებოდა საქართველოს (აჭარის) ნაპირებს.
        ლეგენდა (ვიმეორებ) «სამშვიდობო» იქნებოდა. გონიოს პოლიგონი უფრო მოსახერხებელია დესანტებისათვის. მაგრამ ასლან აბაშიძის უარმა ყველაფერს წერტილი დაუსვა.
        გონიოს პოლიგონზე ნატოს კონტინგენტი სწავლებას ვერ ჩაატარებს. ეს არ ნიშნავს უარის თქმას საერთოდ, სწავლებათა ორგანიზებაზე, ოღონდ იგი ფოთთან ჩატარდება - სენაკის (მერიის) აეროპორტის გამოყენებით.
        ჯერჯერობით ცნობილია, რომ ნატოს წევრმა თითქმის ყველა ქვეყანამ თანხმობა განაცხადა, მოავლინოს კონტინგენტი სწავლებაში მონაწილეობისთვის.
        საქართველოს თავდაცვის მინისტრის, დავით თევზაძის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ისტერიკა ვერ შეაშინებს და სწავლება ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ჩატარდება.
        რაც შეეხება ასლან აბაშიძის უარს, იმთავითვე ცხადი იყო, რომ მისი თანხმობის გარეშე აჭარაში ამგვარი მანევრები ვერ ჩატარდებოდა. თანხმობა კი ალოგიკური იქნებოდა.
        ბევრ დამკვირვებელს ისიც კი გაუკვირდა, თუ რატომ განაცხადა აჭარის ლიდერმა შარშან წინასწარი თანხმობა გენერალური შტაბის უფროსთან, ჯონი ფირცხალაიშვილთან შეხვედრისას.
        მაშინ სხვა პოლიტიკური ვითარება იყო. სწორედ ეს არის განმსაზღვრელი მომენტი და არა «ორიენტაციები».
        ასლან აბაშიძეს აჭარის გარდა საერთოდ არაფერი აინტერესებს. ამჯერადაც იგი ითვალისწინებს იმას, რასაც თბილისში თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას: 2001 წლის ზაფხულში იწურება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება.
        არჩევნები ავტონომიურ რესპუბლიკაში 1996 წელს ჩატარდა. მაშასადამე, ავტონომიის კონსტიტუციით, მორიგი არჩევნები უეჭველად 2001 წელს უნდა გაიმართოს.
        შესაძლოა, აჭარის ელიტამ არჩევნები საქართველოს «ლოკალურ» (ადგილობრივ) არჩევნებს დაამთხვიოს. ან მაშინდელივით აგვისტოში ჩაატაროს.
        შესაძლებლობათა სპექტრი საკმოად ფართოა.
        როგორც ჩანს, თენგიზ ასანიძის საქმემ ასლან აბაშიძეს გაუჩინა ეჭვი, რომ თბილისი მას მხარს არ დაუჭერდა არჩევნებში. ანუ «ნატოს მანევრები» მხოლოდ საპასუხო სიგნალია.
        თუმცა საეჭვოა, ამ არჩევნებით რაიმე შეიცვალოს ან თუნდაც ვითარება დაიძაბოს - საქართველომ «დაძაბულობის იმუნიტეტი» შეიძინა.

დილის გაზეთი, 26 თებერვალი, 2001 წელი

მთელ გვერდზე