ბორჯომ-ხარაგაულის პარკით გერმანია «ეკოცივილიზაციის» მოდელს გვთავაზობს
       

        ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომს მიემგზავრება «ბორჯომ-ხარაგაულის» ეროვნული პარკის პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის, ჰაიდემარია ვიჩორეკ-ცოილის მონაწილეობით, ანუ გერმანიის ფედერალური მთავრობის მხარდაჭერით.
        ნიშანდობლივია, რომ ეს არის ე.წ. «ღია პროექტი», ანუ ხარაგაულში ფუძნდება არა უბრალოდ «ნაკრძალი», არამედ ის, რასაც ევროპაში «ეკოსისტემას» უწოდებენ - სათანადო სოციალური შინაარსით და მრავალმხრივი მიმართებებით.
        ამგვარი სისტემები პირველად დაარსდა გერმანიაში («მწვანე» ფილოსოფიის სამშობლოში) ხოლო შემდეგ - ევროპის სხვა ქვეყნებში.
        საინტერესოა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა (პოსტსაბჭოურ სივრცეში), სადაც ეს პროექტი მთელი სისრულით ხორციელდება, თუმცა, ამას უმალვე მოჰყვა შესაბამისი «ადგილობრივი» რეაქცია: ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობამ სასამართლოში იჩივლა (და პროცესიც მოიგო) იმ მოტივით, რომ «ნაკრძალი» ხელს შეუშლის ხის ჭრას, აგრეთვე, მშენებლობებს.
        ასეთი რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამოდენა უფსკრულია (როგორც მენტალური, ასევე სოციალ-ეკონგომიკური და სისტემური თვალსაზრისით) საქართველოსა და ევროპას შორის, რომლისკენაც მივისწრაფვით.
        «ეროვნული პარკი» მოსახლეობამ გაიგო, როგორც «ხის ჭრის აკრძალვა». არადა, წმინდა მატერიალური თვალსაზრისითაც კი, იგი გულისხმობს მილიონობით მარკის ინვესტირებას, სათანადო ინფრასტრუქტურის აგებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ასე შემდგე.
        ამ პროექტით ქვეყანაში იწყება თანამედროვე ტიპის «ჩაკეტილი სოციალურ-ეკოლოგიური სისტემის» ჩამოყალიბება. რა გამოვა აქედან (ისევ და ისევ ჩვენი მენტალიტეტის გათვალისწინებით), სხვა საქმეა, მაგრამ თავისთავად ეს ერთობ საინტერესო ექსპერიმენტია.
        გათვალისწინებულია დამატებით 7,5 მილიონი მარკის გამოყოფა გრანტის სახით, რაც მოხმარდება ეროვნული პარკის გარშემო არსებული ექვსი ადმინისტრაციული რაიონის, ე.წ. დამხმარე ზონის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.
        ნიშანდობლივია, რომ ბუნების დაცვის სამინისტროს ცნობით, პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ საცმხე-ჯავახეთის გუბერნატორი გიგლა ბარამიძე და იმერეთის გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი. აგრეთვე, იხსნება 4,5 მილიოანი მარკის შეღავათიანი საკრედიტო ხაზი ეკონომიკის ხელშეწყობისათვის.
        მთლიანად პროექტის ღირებულება 24,5 მილიონი მარკაა. აქედანაც ჩანს, რა მაშტაბის პროექტთან გვაქვს საქმე და რომ მხოლოდ «ტყის ჭრით» იგი არ ამოიწურება, ვინაიდან «მეტყევეების ხელფასებს» ამდენი ფული ნამდივლად არ სჭირდება.
        პროექტების განხორციელება დიდად შეწუყობს ხელს ერთი მხრივ, ეკოსისტემის შენარჩუნებას, მეორე მხრივ, ეკოტურიზმის განვითარებასა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომაროების გაუმჯობესებას. შესაძლოა, «ეკოსისტემა» ერთგვარ ეოკნომიკურ მოდელადაც იქცეს - სამრეწველო თვალსაზრისითაც კი, ვინაიდან საქართველოში ჯერ კიდევ შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება.
        ყველაზე მეტად საინტერესო კი ის არის, თუ რატომ ახორციელებს ამჟამინდელი გერმანია (რომლის სათავეშიც სოციალ-დემოკრატები და «მწვანეები» არიან) ასეთ პროექტს მაინცდამიანც საქართველოში - ეს უკვე გეოპოლიტიური შინაარსის მქონე დემარშია.
        თანაც, გერმანია აპირებს «გვიწილადოს» თავისი «საფირმო» კონცეფცია, რომელიც გერმანიის მრავალ რეგიონში წარმატებით ხორციელდება, თანაც ისეთი წარმატებით, რომ მაშინაც კი, როცა რეგიონულ ხელისუფლებაში მემარჯვენეები («კონსერვატორები» და «ლიბერალები») მოდიან, - ისინი ვერ ახერხებენ და ვერც ბედავენ ამ სისტემის დანგრევას.
        ასევე იქნება თუ არა საქართველოში, ამის თქმა შეუძლებელია. «ბორჯომ-ხარაგაულის» ტყე-პარკი შესაძლოა დარჩეს ჩვეულებრივ ნაკრძალად, რომელიც მხოლოდ იმით განსხვადვება სხვა ტერიტორიებისგან, რომ იქ «ტყის ჭრა» და სახლის აშენება არ შეიძლება.
        როგორც ჩანს, ჩვენი მენტალიტეტი ვაჟა-ფშაველას გენიასაც ვერ სწვდება, ვინაიდან მისი ფილოსოფია, რაოდენ «ურაპატრიოტულადაც» უნდა მოგვეჩვენოს, მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით, ბევრად უფრო ადრე წინასწარმეტყველებდა «ეკოფილოსოფიას», ვიდრე შრიოდერის ან ქალბატონი ვიჩორეკ-ცოილის მშობლები ქვეყანას მოევლინებოდნენ.

დილის გაზეთი, 10 აპრილი, 2001 წელი

მთელ გვერდზე