«რუსთავი-2»-ის ორმაგი სტანდარტები        

«რუსთავი-2»-ის ორმაგი სტანდარტები        

        მოსკოვურ პრესაში არა და არ ცხრება აჟიოტადი ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით.
        რუსეთის გენერალური პროკურატურის გაიძვერა მძალავ-გამომძიებლები მას, ალბათ, მალე «აეროფლოტის» საქმესთან დაკავშირებით ბენ ლადენთანაც დააკავშირებენ და იმის მტკიცებას მოჰყვებიან, რომ ამერიკაში ტერაქტები «გრიზუნმა» (ასე გვეძახიან სიყვარულით «უფროსი ძმები») ბადრი პატარკაციშვილმა მოაწყო, რათა რუსეთის ხელისუფლების, განსაკუთრებით პროკურატურის ყურადღება მოედუნებინა (მერედა, როგორ ეწყინებოდათ ნიუ-იორკელი ბროკერების უბედურება) და «აეროფლოტის» საქმეზე დაპატიმრებული საქმოსნები ციხიდან გაეპარებინა.
        იგულისხმება, რომ «კრესტისა» და «მატროსსკაია ტიშინის» მეთვალყურე მილიციელები («ნადზორი») გულამოსკვნით მდუღარე ცრემლს აღვარღვარებდნენ იმავე კაპიტალისტი-ბურჟუინების უბედურებით შეძრულნი და ბადრი პატარკაციშვილის «მზაკვრულ» გეგმათა გაშიფვრისთვის ვერ მოიცლიდნენ.
        თუ უფრო სერიოზულად მივუდგებით ამ საკითხს, ბადრი პატარკაციშვილის «დემონიზაცია» შემთხვევითი არ არის. ეს უეჭველად ნაწილია იმ ანტიქართული ისტერიისა, რაც ამჟამად მძვინვარებს მოსკოვში.
        თანაც, მიაქციეთ ყურადღება: მიშკა ლეონტიევის, საშა ლიუბიმოვის და სხვა შოვინისტი პიარშიკების «გმირი» კვლავ იგორ გიორგაძეა და ამითაც ნათლად ჩანს, «როგორი ქართველი» სჭირდება თანამედროვე რუსულ ისტებლიშმენტს.
        ბადრი პატარკაციშვილი გულზე არ ეხატებათ და ლამის მას დააბრალონ ლიბერალურ რეფორმათა წარუმატებლობა რუსეთში. რასაკვივრელია, გლოვა «თუინთაუერსში» დაღუპული ათელუობით რუსის გამო არ გამოუცხადებიათ (ძალიან გაკვრით საუბრობს ამაზე რუსული მედია) - ისინი ხომ «კაპიტალისტი ბურჟუინები» იყვნენ. ბადრი პატარკაციშვილის გადაცემასაც იმიტომ ითხოვენ, რათა ეს «ნაციონალ-სოციალისტური» ვნება დაირწყულონ.
        იგორ გიორგაძე კი «ველიკოდერჟავული» იდეის განსახიერებაა - «წითელი სატრაპია», რომელსაც ურჩი საქართველოს წინააღმდეგ «ქოფაკად» იყენებენ, ბადრი პატარკაციშვილმა, როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით «არ გაუმართლათ» - ყოველ შემთხვევაში, მისი გარკვეული მიზნებისთვის გამოყენებას ნამდვილად ცდილობდნენ.
        დღეს პატარკაციშვილი რუსული პროკურატურის მიერ ძებნილია. თუმცა, ძალზე ნიშანდობლივია, რომ მოსკოვმა ვერ მოიპოვა ინტერპოლის მხარდაჭერა, რაკი საერთაშორისო პოლიციას ვერ წარუდგინა ვერანაირი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, თითქოს ბადრი პატარკაციშვილი პატიმრის გაქცევის ორგანიზებას ცდილობდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკურ დანაშაულში თუმცა, ხსენებული ნაციონალ-სოციალისტური მენტალიტეტისათვის ნებისმიერი ბიზნესი იმთავითვე დანაშაულია.
        5 ტერორისტულ აქტში ბრალდებულ იგორ გიორგაძეს არ აძლევენ საქართველოს პროკურატურას და ბადრი პატარკაციშვილმა ისეთი რა დააშავა, რომ რუს ნაციონალ-სოციალისტებს გადავცეთ შოვინისტური გრძნობების დასაკმაყოფილებლად?
        ის, რაც ხდება, მხოლოდ რუსეთის გენპროკურატურის კერძო ინიციატივა არ არის - აშკარად პუტინის «პიარშჩიკთა» მორიგი აქციაა.
        არადა, ეს მამაცხონებული პრესკონფერენციაზე რომ კითხულობდა, «ბერეზოვსკი ვინ არისო» - რატომ არ აღმოჩნდა ერთი პატიოსანი ჟურნალისტი, მისთვის პირში მიეხალა: ვინ არის და, პრეზიდენტად რომ გაგხადა, - ის არის.
        5-6 წლის წინათ პუტინი იმავე ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილს თვალებში შესციცინედბდა.
        მაგრა,მ ასეა თუ ისე, ქართველი ჟურნალისტები ამ საქმეს უდიდესი ყურადღებით ვადევნებთ თვალს. პატარკაციშვილი საქართველოს მოქალაქეა და რუსი შოვინისტებისათვის მისი გადაცემის ალბათობა ზუსტად ნოლის ტოლია.
        ეგღა გვაკლია, თვითონ დავისხათ თავსლაფი, რაკი ქართველმა კაცმა პუტინის შოვინისტურ რეჟიმს სამშვიდობოს გაასწრო.
        რაც შეეხება შაბათს, შაბათს ბადრი პატარკაციშვილის ოფისში რუსი სტუმრები იყვნენ. მათი თავშეყრის მიზეზი ძველი მეგობრებიდან ერთ-ერთის დაბადების დღე იყო. ეს დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა ყოფილა და ამიტომაც გაგრძელდა გამთენიამდე. რუს «სპეცებს» სწორედ იმისი შეტყობის სურვილი ჰკლავდათ, მეგობართაგან ვინ მოიყრიდა თავს ბადრი პატარკაციშვილის ქართულ ოფისში. სამწუხარო კი სწორედ ის არის, რომ რუსი სპეცსამსახურების დავალებას ასეთი მოწადინებით გამოეხმაურა საქართვლეოში «დასავლეთსა» და «დემოკრატიის ღირებულებებზე» ორიენტირებული სატელევიზიო არხი. ისინი რომ ამ წამოწყებაში მიზანმიმართულად და გააზრებულად მოქმედებდნენ, ამაზე ის ორმაგი ვერსიაც მეტყველებს, თავიანთ გადაცემას რომ შეუქმნეს «რუსთავიორელებმა», ქართული აუდიტორიისთვის მათ აამუშავეს მითი, თითქოს, ქართული პოლიტელიტა ღამეებს ათევს და შეთქმულებას აწყობს, მაშინ, როცა პოლიტიკური ფიგურები იქ შაბათს არ ყოფილან.
        იქ რომ ვინმე ქართველი მოხელე ყოფილიყო, რატომ დასჭირდებოდათ სახის დამალვა, განა საამაყო არ არის, იმეგობრო წარმატებულ ბიზნესმენთან, მეცენატთან, ქველმოქმედთან, ერისშვილთან, მასთან ნაცნობობას არც პრეზიდენტი მალავს და არც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ფალიაშვილის ქუჩაზე, მათგან ყბადაღებულ ოფისში უკანასკნელ ხანებში ხომ «რუსთავი 2»-ის პრეზიდენტყოფილი ეროსი კიწმარიშვილიც არაერთხელ ყოფილა.
        «რუსთავი-2»-ის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შენიღბვის მიუხედავად, მათ მოახერხეს ერთ-ერთი რუსი სტუმრის გადაღება, მაგრამ ის ქართული აუდიტორიისთვის არ უჩვენებიათ, - მხოლოდ რუს შემკვეთებს წარუდგინეს.

დილის გაზეთი, 25 სექტემბერი, 2001 წ.