ეროვნული უშიშროების საბჭო ფეხბურთისა და ბიუჯეტის შესახებ
       

        გუშინ, სახელმწიფო კანცელარიაში, პრეზიდენტის თავმჯდომარეობით, გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა - ამჯერად «გაფართოებული შემადგენლობით». რაც ნიშანდობლივია, სხდომას «რეფორმატორთა გუნდის» ლიდერებიც დაესწრნენ. ამით იმ გარემოების დემონსტრირება ხდება, რომ აზრთა სხვადასხვაობა, ჯერჯერობით, საბოლოოდ არ არღვევს «ინტერესთა ბალანსს» ხელისუფლებაში. მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის.
        ამ თვალსაზრისით, განმსაზღვრელი იქნება «ანტიკორუფციული საბჭოს» პრეზენტაცია, რომელიც სამშაბათისთვისაა დაგეგმილი. სერიოზული სიტყვით (და ბრალდებებით) გამოვა არა მხოლოდ საბჭოს მდივანი, მირიან გოგიაშვილი, არამედ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. სწორედ სამშაბათს შეიძლება შედგეს «კვანძის გახსნა», ვინაიდან, წინასწარი მონაცემებით «ანტიკორუფციულმა თორმეტკაცამ» საპრეზენტაციოდ უმწვავესი მასალა მოამზადა.
        მანამდე კი «ავანგარდული ბრძოლები» მიმდინარეობს: ეროვნული უშიშროების საბჭომ იმსჯელა თბილისის «დინამოსა» და ზოგადად ქართული ფეხბურთის გარშემო შექმნილი საზარელი მდგომარეობის შესახებ. იმ ვითარებაში, როდესაც გიო სანაიას მკვლელობა კვლავ იდუმალებთი მოცულ, გაუხსნელ დანაშაულად რჩება, ხოლო საქართველოს საავტომობილო მაგისტრალებზე დაუსჯელმა ყაჩაღობამ იმატა, კახა თარგამაძისთვის ამ საქმეში (საფეხბურთო მაქინაციათა გამოძიებაში) წარმატებას მართლაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
        თუმცა, ეს არ ნიშნავს, თითქოს ქართულ ფეხბურთში დატრიალებულ საშინელებათა გამომზეურებას საერთო სახელმწფიოებრივი და (გადაუჭარბებლად) ეროვნული მნიშვნელობა არ ჰქონდეს.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ელიტას, რომელიც (ისევე, როგრც საბჭოთა პერიოდში) ფლობს თბილისის «დინამოს», გადაწყვეტილი აქვს საქმე ბოლომდე მიიყვანოს და გამოაქვეყნოს, თუ როგორ «შეიჭამა» ის 27 მილიონი, რაც გარკვეულმა ძალებმა მიიღეს საგადასახადო შეღავათების შედეგად.
        ამ თანხით (ტრადიციისა და პოტენციალის გათვალისწინებით) სავსებით შესაძლებელი იყო თბილისის «დინამოს» ქცევა აღმოსავლეთ ევროპული ფეხბურთის სშაუალოზე მაღალი (და ღირსეული) დონის გუნდად - ყოველ შემთხვევაში, ბელორუსის სოფლის გუნდთან სამარცხვინოდ რომ არ დამარცხდებოდა, ისეთად.
        კახა თარგამაძეს აქვს ინფორმაცია არა მხოლოდ შვიეცარიის ბანკების საიდუმლო ანგარიშთა შესახებ, არამედ იმის თაობაზეც, თუ როგორ წარმოებდა «ორმაგი ბუხჰალტერია» ცნობილი ფეხბურთელების ტრანსფერთა დროს.
        მაგალითად, კახი კალაძე მილანში 15 მილიონად გაიყიდა, გიორგი დემეტრაძე - 5 მილიონ დოლარად. ოფიციალურ დოკუმენტებში ეს თანხა არსად ჩანს.
        საქმე იქამდე მივიდა, რომ გაძვალტყავებული, გაძარცვული, განადგურებული «დინამო» კინაღამ მოსკოვის «სპარტაკმა» იყიდა, როგორც სათადარიგო გუნდი – ანუ კინაღამ ასე სამარცხვინოდ დასრულდა ჩვენი «დინამოსა» და მოსკოვის «სპარტაკის» უთანასწორო (!) მრავალწლიანი პაექრობა.
        ვისაც დღემდე სტკივა 18 წლის წინათ თბილისში, «სპარტაკთან» 4-2 წაგება - მიხვდება რას ვგულისხმობ.
        იმ შემთხვევაში, თუ თარგამაძემ შეძლო ქართული ფეხბურთის განადგურებასთან დაკავშირებული საქმის ბოლომდე მიყვანა, იგი ძალიან სერიოზულ «ქულებს ჩაიწერს».
        კიდევ ერთი საკითხი, რაც ვითარებას ამწვავებს სამშაბათის სხდომის წინ, უდავოდ საგადასახადო შემოსავლების თემაა. ამას, აგრეთვე, გაკვრით შეეხნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე. როგრც ჩანს, მიხეილ მაჭავარიანის გადადგომის მიუხედავად, არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება, არამედ «ჟვანიას გუნდიც» კვლავინდებურად დაინტერესებულია ბიუჯეტის შესრულებით, ვინაიდან «საბაჟო» და «საგადასახადო» უწყებათა ხელმძღვანელები იმავე გუნდის წევრები არიან და არც ლევან ძნელაძე განიხილება მაინცდამაინც მოწინააღმდეგედ.
        წინასწარი მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა თბილისში თანხას კვლავ არ გადმორიცხავს, მაგრამ, საბედნიეროდ, სავალუტო ფონდი ამას არ მიიჩნევს გეგმის შეუსრულებლობად........
       

დილის გაზეთი, 1 სექტემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე