კიევში უკვდავი ინტერნაციონალი დაიგუგუნებს

კიევში უკვდავი ინტერნაციონალი დაიგუგუნებს

  

    უახლოეს მომავალში, უკანასკნელ კომუნისტთა ინიციატივით, რომლებიც რუსი კოლეგების დარად, ესენგეს სივრცეზე «წამყვან პოზიციებს» ინარჩუნებენ, კიევში ჩატარდება «საბჭოთა კავშირის ხალხთა ყრილობა», რომელმაც უნდა მიიღოს მორიგი ისტორიული გადაწყვეტილება: ამჯერად, საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ.
    ზოგიერთის აზრით, ეს ღონისძიება ჩვეულებრივი კლოუნადაა და «ნაფტალინის მძაფრი სურნელით» არომატიზებული ყრილობის რეზოლუცია სერიოზულ ზეგავლენას ესენგეს სივრცეში პროცესების განვითარებაზე ვერ მოახდენს.
    თუმცა, რუსულ სპეცსამსახურთა მესვეურები, რომელთა შრომისა და გარჯის ნაყოფიცაა ეს «ყრილობა», როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობენ. «ყრილობას დაესწრება ორმოცდათორმეტი დელეგაცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკიდან». ეს ინფორმაცია განცვიფრებას იწვევს. რამდენადაც გვახსოვს, საბჭოთა კავშირში სულ თხუთმეტი რესპუბლიკა შედიოდა და ეს «52» ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?
    აი, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ყრილობის მოსამზადებელმა კომიტეტმა წინასწარ გავრცელებულ განცხადებაში ტყუილად როდი გამოტოვა სიტყვა «მოკავშირე». ყოფილ საბჭოთა კავშირში თხუთმეტი მოკავშირე რესპუბლიკის გარდა კიდევ ათეულობით ავტონომიური რესპუბლიკა შედიოდა, შემდეგ კი სხვა ტერიტორიებმაც თავი «რესპუბლიკებად» გამოაცხადეს. მაგალითად: ყირიმმა, მთიანმა ყარაბაღმა, სამხრეთ ოსეთმა და ა.შ.
    მაშასადამე, კიევის ყრილობაში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, თავად რუსეთის, არამედ ყოფილი ავტონომიების წარმომადგენლობითი დელეგაციებიც.
    ყველა ჯურის სეპარატისტებისათვის ეს ყრილობა თავისი ლეგიტიმურობის დადასტურების საშუალება იქნება. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ კიევში უეჭველად გაემგზავრებიან ოფიციალური პირები აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან, დნესტრისპირეთიდან.
    თქვენ წარმოიდგინეთ, ჩეჩნეთი რომ ჩეჩნეთია, უკრაინის დედაქალაქში იქედანაც კი აპირებს გამგზავრებას დელეგაცია შესაბამისი შემადგენლობით: რა თქმა უნდა, არა შამილ ბასაევი ან ახმედ ზაკაევი, არამედ იჩქერიის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი, - ძირითადად ყოფილი კომუნისტები, რომელნიც გორბაჩოვის ეპოქაში «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების უფლებრივი გათანაბრებით» ცდილობდნენ ჩეჩენთა ეროვნული პრობლემის გადაწყვეტას.
    არა აქვს მნიშვნელობა ყრილობის მონაწილეთა კომუნისტურ (წითელ) შეფერილობას - რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დადასტურდება სეპარატისტულ ტერიტორიათა აქტივობა და მათ სამართლებრივ სუბიექტთა წარმომადგენლების მოთხოვნა:     აღდგეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთიანი, ფედერაციული სახელმწიფო; ოღონდ ყოფილ მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა უფლებრივი თანასწორობის პირობით. არც იმან უნდა მოგვატყუოს, რომ ყრილობა უკრაინაში ტარდება და არა რუსეთში. ამით ჯერ ერთი, უკრაინის სუვერენიტეტის სიმყიფეს (უკრაინელ კომუნისტთა მეხუთე კოლონის მეშვეობით) ესმება ხაზი, მეორეს მხრივ კი რუსეთს ექმნება პოლიტიკური «ალიბი».
    ქართველები ამ შემთხვევაშიც ყველაზე ბრიყვულ მდგომარეობაში ვართ: საქართველოს კომპარტია ქვეყანაში არანაირი გავლენით არ სარგებლობს და მხოლოდ «ყალბი ალტერნატივის» შესაქმნელად თუ გამოიყენება.
    პანტელეიმონ გიორგაძე და მისი «რაზმეულის» წევრები გულდათუთქული ბოჩოლებივით ისხდებიან «ინტერნაციონალისტურ ფორუმზე» და მართლა ეგონებათ, რომ ჭეშმარიტად მუშურ-გლეხური სულისკვეთებით გაჟღენთილ ღონისძიებაში მონაწილეობენ მაშინ, როცა სინამდვილეში ყრილობის აფხაზ, ოს, სომეხ დელეგატებს სწორედაც თავიანთი ეროვნული პრობლემების გადასაწყვეტად ესაჭიროებათ საბჭოთა კავშირისა და «კომუნისტური ინტერნაციოალიზმის» თემის მუსირება.
    ისტორია მეორდება როგორც ფარსი და მინიატურა. ამ მინიატურაში აისახება ის, რაც მოხდა საქართველოში 1921 წელს, როცა ოსები და აფხაზები ერთდროულად, დედა-ბუდიანად «გაბოლშევიკდნენ» და სწორედ მათი «გაბოლშევიკება» გახდა საბაბი წითელი რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიისა. პარალელურად ოსებმა და აფხაზებმა «მენშევიკური საქართველოს უღლისაგანაც» გაითავისუფლეს თავი.
    არ არის გამორიცხული, კიევის ფორუმში მათი აქტიური მონაწილეობა იმით აიხსნებოდეს, რომ ოს და აფხაზ სეპარატისტებს იმთავითვე სურთ მომგებიანი პოზიციების დაკავება - დაასწრონ თვით ქართველ კომუნისტებს, რომლებიც შეიძლება გენადი ზიუგანოვის გულის მოგებას შეეცადონ (თუმცა, საკუთრივ პანტელეიმონ გიორგაძეს საამისო ინტელექტუალური რესურსი ნამდვილად არ ეყოფა), რათა საბჭოთა კავშირის აღდგენის ფასად დააბრუნონ ლტოლვილები აფხაზეთში.
    თუმცა, ყველა ეს მახვილგონივრული ჩანაფიქრი უთქმელად შთაინთქმება უკვდავი ინტერნაციონალის ჰანგებში.

მერიდიანი, 12 იანვარი, 1998 წ.