დევიდ ოუენი - სამიანი პლუსით
       

        საერთაშორისო სავალუტო ფონდის «საშუალედო მისია», რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება, საინსპექციო ვიზიტით, მთლიანობაში კმაყოფილია (ან მთლიანობაში უკმაყოფილო არ არის) იმ პირობების შესრულებით, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში გაფორმდა შესაბამისი ვალდებულებებით.
        უპირველეს ყოვლისა, საქმე ეხება, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებას. ფონდისთვის სწორედ ის არის «ალფა და ომეგა», ყოველთვის თავი და თავი.
        არავინ დავობს (მათ შორის ფონდის ვიზიტისას), რომ პირველი კვარტალი «ჩავარდა». ამის გამო, 6 თვის განმავლობაში დეფიციტმა 59 მილიონი დოლარი შეადგინა.
        თუმცა, უკანასკნელი 3 თვის მანძილზე (ყოველთვიურად საშუალოდან 80 მილიონი ლარი) ასე თუ ისე სრულდება. ოღონდ აჭარის თანხების ჩათვლით.
        მადლობა ღმერთს, სავალუტო ფონდი მოთმინებით ეკიდება ამ პრობლემას და ვითარებას არ ამწვავებს. მას რომ პრინციპულად დაესვა საკითხი და ბათუმიდან თანხის ცენტრალურ ხაზინაში აუცილებლად ჩარიცხვა მოენდომებინა, პროგრამის აღდგენას საერთოდ ვეღარ მოვესწრებოდით, ვინაიდან თანხა მაინც არ გადმოირიცხებოდა.
        მაშასადამე, ფონდს მიაჩნია, რომ მთავარია თანხების ამოღება, ვინ განკარგავს მათ კონკრეტულად ან ინსტიტუციონალურად - გადამწყვეტი არ არის.
        ეს უდავოდ დათმობაა ფონდის მხრიდან - საქართველოს მიმართ, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდი სწორედაც მოწოდებულია, უპირველეს ყოვლისა, ინსტიტუციების სრულყოფილება შეამოწმოს და მათ განვითარებაზე იზრუნოს.
        მაგალითად, არაფრის დიდებით არ თანხმდებიან, «მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია» თბილისში ადგილობრივ ხელისუფლებას დაექვემდებაროს - ფისკალური თვალსაზრისით, ეს თითქოს უფრო მიზანშეწონილია, მაგრამ (ფონდის იდეოლოგიით) ამგვარი დაქვემდებარება «მახინჯ» ინსტიტუციას ქმნის. ამიტომაც არ თანხმდებიან.
        აჭარის შემთხვევაში, «გაიგეს» და უაზრო დაჟინებას ისევ დათმობა ამჯობინეს, რაკი დარწმუნდნენ, სხვა გამოსავალი არ იყო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდი «ხისტია», მაგრამ არა ჩლუნგად უკომპრომისო.
        ამრიგად, «აჭარაში აკრეფილი და იქ ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსებისთვის დარჩენილი თანხა კვლავაც ჩაითვლება «პარამეტრში», ანუ მთავარია, პარამეტრი შესრულდეს დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზეც. ეს კი სავსებით რეალურია მას შემდეგ, რაც საბაჟომ დაიწყო იმ მცირერიცხოვანი ბერკეტების გამოყენება, რაც კანონმდებლობით აქვს.
        თუ ივლისსა და, განსაკუთრებით, აგვისტო-სექტემბერში ბიუჯეტი შესრულდა (საამისოდ, ვიმეორებ, 85-87 მილიონი ლარის მობილიზებაა საჭირო ყოველთვიურად), პროგრამა უეჭველად აღდგება.
        ეს ნიშნავს სხვა საკრედიტო ხაზების გახსნას, გრანტებს და ასე შემდეგ.
        მაშასადამე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა ამჟამინდელი მისია, არამედ შემდეგი მისია, რომელიც სექტემბრისთვის უნდა გვეწვიოს. სწორედ მაშინ იქნება გამოტანილი ვერდიქტი და შეიქმნება წინაპირობა 2002 წლის ბიუჯეტის ერთობლივი შემუშავებისთვის. დევიდ ოუენის «სამიანი პლუსით» კი იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკურმა გუნდმა ზოგიერთ კარდინალურ პრობლემას თავი მართლაც გაართვა.

დილის გაზეთი, 19 ივლისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე