წელი ძველი – ახალი არაფერი

        2001 წელი საქართველოსთვის სავსებით ჩვეულებრივი აღმოჩნდა. სწორედ ასე შეიძლება იგი შეფასდეს ერთი სიტყვითა და ცნებით. არადა, ეს თითქოს გასაკვირია: 2001 წელს ხომ ისეთი მოვლენა შედგა, რამაც კინაღამ დაანგრია მთელი მსოფლიო წესრიგი და მთელი საუკუნის (იქნებ, მთელი ათასწლეულის) პროცესთა განვითარებაც განსაზღვრა. ვგულისხმობ 11 ოქტომბრის კატასტროფას, როდესაც ისლამისტმა კამიკაძეებმა ნიუ-იორკზე მიიტანეს იერიში და რამდენიმე ცათამბჯენი გაანადგურეს.
        ამის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძლიერი გეოპოლიტიკური სვლა გააკეთა. მაგალითად, დამკვიდრდა (ალბათ, სამუდამოდ) ცენტრალურ აზიაში, უზბეკეთში (რას მოვესწარით) დაფუძნდა და დაკანონდა ამერიკული სამხედრო ბაზა, ამას ლიტვაც კი 20 წლის შემდეგ თუ მიაღწევს, საუკეთესო შემთხვევაში.
        რა ხდება ამ დროს საქართველოში? სრული სტაგნაცია ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესთა განხორციელებისა და იმ პრობლემათა გადაწყვეტის თვალსაზრისით, რის გარეშეც შემდგომი განვითარება შეუძლებელია.
        ოღონდ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამაში მხოლოდ ხელისუფლება არ არის დამნაშავე. არანაკლები ფაქტორია, აგრეთვე, მთელი საზოგადოების ინდიფერენტიზმი და პოლიტიკური ელიტის სრული ინფანტილიზმი. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდიოლება რჩება, რომ ქართულ პოლიტელიტას, საერთოდ, არაფერი აინტერესებს ამქვეყნად, საკუთარ პოზიციათა შენარჩუნება - დაცვის გარდა. ისინი იშლებიან, ერთიანდებიან, კომპრომისზე მიდიან ან უკომპრომისონი ხდებიან, მაგრამ რეალურად ამით არაფერი იცვლება: პრიორიტეტი კვლავ ჯოგური ინტერესია.
        შესაბამისად, ამ ინტერესთა «ბალანსი» იწვევს საერთო სტაგნაციას და, ჯერჯერობით არც ის ჩანს, თუ როგორ უნდა გაირღვეს ეს მანკიერი წრე.
        დავიწყოთ აფხაზეთის პრობლემით. იგი არ არის მხოლოდ კულტურულ-ისტორიული, საკრალური ან თუნდაც ჰუმანიტარული (ლტოლვილთა) პრობლემა. საქართველოს მომავალი სწორედაც აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული. ანუ საქართველო შედგება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო მხოლოდ იმ პირობით, თუ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტას შეძლებს.
        ამ სფეროში კი სრული უუნარობა გრძელდება. ხელისუფლება არ არის მზად ომისთვის, რადგან ქვეყანა და ერი (საზოგადოებაც) არ არის მზად, გაიღოს რეალური მსხვერპლი.
        ედუარდ შევარდნაძის ბოლო განცხადება ამ თვალსაზრისით ძალზე ნიშანდობლივი იყო: «რა ვქნათ, ომი დავიწყოთ, - გვაქვს კი ომის თავი?»
        ყველა-ყველა და, შევარდნაძეს პიროვნულ სიმხდალეს ვერავინ დააბრალებს. ამდენად, მისი სიტყვები შინაარსობრივად ასე ჟღერს: «მე კი დავიწყებ ომს, მაგრამ გაქვთ ომის თავი?»
        საქმეც ისაა, რომ არ გვაქვს. ომისთვის საზოგადოება, უპირველესად, სულიერად (ცნობიერად) უნდა იყოს მზად. ომი მსხვერპლის გარეშე არ არსებობს. წარმოუდგენელია დღეს განმეორდეს ვითარება, როდესაც რამდენიმე ასეული ადამიანი ომობდა, ხოლო სხვები მოგზაურობდნენ და «ნაღდ შოუს» თამაშობდნენ. მაშასადამე, სახელმწიფო იძულებული გახდება ომის კანონები აამოქმედოს, ამას კი შესაბამისი რეაქცია მოჰყვება, ვინაიდან «ადამიანებს ცხოვრება უნდათ». არადა, თქვე დალოცვილებო, ცხოვრება თუ გინდათ, მაშინ გვეცხოვრა ისევ იმ გრანდიოზულ სახელმწიფოში, რომლის დემოკრატიულ ტრანსფორმაცია, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა და რეფორმირება სავსებით შესაძლებელი იყო ყოველგვარი მიტინგებისა და სისხლიანი მარაზმის გარეშე.
        ბოლო დროს გაეროს თაობაზე ატეხილი სკანდალიც იგივე მცონარე პოზიციის გამოვლინებაა: თურმე, დიტერ ბოდენი ვალდებულია, აღგვიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და რაკი ამას არ აკეთებს, დაუყოვნებლივ უნდა გავაძევოთ ქვეყნიდან.
        ეს უკვე, მართლაც, გლობალური ანეკდოტია. არავინაა ვალდებული აღგვიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და დაგვიბრუნოს აფხაზეთი, ჩვენს გარდა, ამას არავინ გააკეთებს.
        რაც შეეხება კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს. მიაქციეთ ყურადღება თბილისურ რეაქციას: ოპერაცია აღქმული იქნა, როგორც ავანტიურა: «რატომ გადაისროლეს გილაევის რაზმი აფხაზეთში?». ანუ, როდესაც არაფერი არ კეთდება, მაშინ «რატომ არაფერი კეთდებაო», ხოლო, როცა ხელისუფლება რაღაცას ცდილობს, «ეს რა ავანტიურა განახორციელაო». აბა, რა ქნას ბოლოს და ბოლოს, თუ ჩვენ არ გამოვდექით და ვერ ვივარგეთ, ეგებ ჩეჩნების ხელით მაინც გაახერხოს რაიმე?
        სანამ თვით საზოგადოება არ გაერკვევა საკუთარ ორიენტაციაში, მანამ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება და მანამ გაგრძელდება სახელისუფლებო კურსის ცვლილება მუსიკალური ქანქარასავით – ერთი უკიდურესობიდან მეორემდე. უდიდესი ამპლიტუდა კი რუსეთთან «ახალი ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებიდან» - «ნატოში გაწევრიანებამდე», სწორედ ამითაა განპირობებული.
        გასული წლის ერთ-ერთ სენსაციად იქცა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი, რომლითაც დადასტურდა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსეთზეა ორიენტირებული.
        მეორე ადგილზე (დიდი სხვაობით) აღმოჩნდა ევროპა და მესამეზე – ამერიკის შეერთებული შტატები. მოდი და ნუ განცვიფრდები! რაო, სავიზო რეჟიმი მეტისმეტად მწარე აღმოჩნდაო? კი მაგრამ, 10-12 წლის წინ არ ვიცოდით, რომ დამოუკიდებლობა სავიზო რეჟიმს გულისხმობდა? რომ საქართველოს ენერნგეტიკულიო რესურსები არ ეყოფოდა ამ სფეროში ყველა საკითხის გადასაწყვეტად, არათუ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც?
        გასულ წელს ეკონომიკური პრობლემებიც კვლავინდებურად აქტუალური იყო. სახელმწიფო ბიუჯეტი წლიდან - წლამდე არ იზრდება, თანაც, არ იზრდება, მიუხედავად მთლიანი შიდა პროდუქტის გარკვეული ზრდისა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები დაიღალნენ ერთისა და იმავეს აღნიშვნით. ყველა ექსპერტული მონაცემები (მაგალითად, ფულის ბრუნვის სისწრაფე, ეროვუნლ ვალუტაზე მოთხოვნილება და ა.შ.) მეტყველებს, რომ საქართველოში პროდუქცია იქმნება (იგულისხმება არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოება, არამედ იმპორტიც), მაგრამ მისი ნახევარი, თუ მეტი არა, ჩრდილოვან სექტორშია მოქცეული.
        სამწუხაროდ, გადასახადების ამოღების პროცენტული მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში კვლავ ყველაზე დაბალია არათუ დასავლეთის სახელმწიფოებთან, არამედ მეზობელ (დსთ) ქვეყნებთან შედარებითაც კი.
        სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი მათხოვრული ბიუჯეტი. მიზეზი ერთადერთია: საქართველოს ხელისუფლება ვერ ბედავს იმ სავსებით ნორმალური ზომების მიღებას, რასაც ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებს მსოფლიო პრაქტიკა, ანუ ადმინისტრირების გამკაცრებას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას გადასახადების დამალვისა და კონტრაბანდისთვის.
        რასაკვირველია, ამას სოციალური უკმაყოფილება მოჰყვება. მწარედ დაზარალდებიან ისინი, ვინც ჩრდილოვან ეკონომიკაში იკვებება. ბუნებრივია, ისინი შეეცდებიან ხელისუფლებაზე ზემოქმედებას, - დაიწყება ქუჩის აქციები, გზების გადაკეტვა და ასე შემდეგ.
        მეორე მხრივ, არც ისინი იქნებიან უპატრონონი, რომელთაც წვრილი კონტრაბანდის (არადა, იგი არანაკლებ დამანგრეველია, ვიდრე მსხვილი) გამო ციხეში ჩასხამენ. შეიქმნება შესაბამისი სოციალური ფონი და ერთი ნაპერწკალიც იკმარებს აფეთქებისთვის. ისინი, ვინც ქუჩაში გამოვლენ, იმას როდი იტყვიან, რომ ქმრის, ძმის, მეგობრის, ნათესავის, თანამოსაქმე-ბიზნესმენის და ახლობლის დაჭერით არიან გამწარებული: მაშინ გაახსენდებათ ყველა საქვეყნო პრბლემა აფხაზეთიდან _ სამაჩაბლომდე.
        ისევე, როგორც 1991 წლის შემოდგომაზე, ანტიზვიადისტური აქციების მრავალი მონაწილე არ ამბობდა (ვერც იტყოდა), რომ საბჭოთა ბანკებში შეტანილი რუბლის ანაბართა დაკარგვით იყო სინამდვილეში გამწარებული და არა დემოკრატიის ბედით.
        აქედან გამომდინარე, საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყნად დედამიწის ზურგზე, სადაც კონტრაბანდა და გადასახადების დამალვა საერთოდ, არ ისჯება, ან ისჯება სიმბოლური, სასაცილო ჯაერიმით.
        ყოველივე ეს წვრილმანი არავის ეგონოს. სინამდვილეში, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ის არის, გაბედავს თუ არა ხელისუფლება, ანუ ექნება თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა შემდეგი ორი ძირითადი საკითხის გადაწყვეტას: კონცენტრირებული, პროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკის გატარებასა და ნორმალური ეკონომიკური კანონების ამუშავების.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყანას მომავალი მართლა არა აქვს.

მერიდიანი, 28 დეკემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე