დონალდ რამსფელდის საპირწონე
       

        დღეს თბილისში ელიან ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს დონალდ რამსფელდს, რომელიც დიდ «ევრაზიულ ტურნეს» მართავს. ბუნებრივია, ტურნე ავღანეთში სერიოზული წარმატებით განხორციელებულ ოპერაციას უკავშირდება.
        საინტერესოა, რომ რამსფელდი საქართველოში ჩამოდის ერევნიდან, სადაც იმავე თემაზე გამართა მოლაპარაკება. თავისთავად, ეს ძალზე ნიშანდობლივია, სომხები ახერხებენ, რუსეთის სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ, ხოლო, მეორე მხრივ, ამერიკასაც უმტკიცონ ერთგულება, რაც მოსკოვში აღიზიანებთ, მაგრამ კბილთა ღრჭიალით ურიგდებიან რეალობას.
        საქართველოში რამსფელდის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააუქმეს ემბარგო საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შესახებ. სინამდვილეში აქ გასაუქმებელი არაფერია, ვინაიდან, ოფიციალურად, ასეთი ემბარგო არც არსებობდა: უბრალოდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებობდა ერთგვარი «ჯენტლმენური შეთანხმება», რომელიც გულიხსმობდა რუსეთის გეოპოლიტიკური სივრცის აღიარებას. ეს კი გამორიცხავდა დსთ-ის წევრი ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდებას. დიდი სახელმწიფოები უეჭველად აღიარებენ ამ საკითხში ერთმანეთის პრიორიტეტს. ყველაფერთან ერთად, ეს «იარაღის ბაზრის» საკითხიცაა.
        მაგრამ 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტმა მსოფლიოში მართლაც ბევრი რამ შეცვალა - 4 თვის წინ ვინ იფიქრებდა, რომ უზბეკეთში ამერიკული ბაზები დაფუძნდებოდა?! ამდენად, სერიოზული ცვლილებები არც საქართველოსთან ურთიერთობებშია გამორიცხული. გააჩნია, რა სჭირდება ამერიკას ჩვენგან და რამდენად აუცილებელია მისთვის ჩვენი დახმარება სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აეროდრომები პენტაგონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის, ვინაიდან, ჯერ ერთი, მან შეძლო ცენტრალურ აზიაში (ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი), საჭიროებისამებრ გამოიყენოს სამხედრო (ყოფილი საბჭოთა) და სამოქალაქო აეროპორტთა საფრენი ბილიკები. გარდა ამისა, საქართველოს მახლობლად, აღმოსავლეთ თურქეთში, ამერიკის არმიას აქვს პირველხარისხოვანი «ინჯირლიკის» სამხედრო ბაზა, რომლის გამოყენება გაცილებით მეტი წარმატებით შეუძლია. საქართველოს საჰაერო სივრცე ამერიკას არ სჭირდება, ვინაიდან თურქეთისა და სომხეთის (!) საერთო სივრცეს იყენებს ცენტრალურ აზიაში შეიარაღების გადასასროლად. მის განკარგულებაშია, აგრეთვე, პაკისტანის საჰაერო სივრცე. ამერიკას, იმავე მიზეზით, საქართველოს საზღვაო სანაპირო არ სჭირდება.
        მიუხედავად ამისა, როგორც «სათადარიგო» პლაცდარმი, საქართველო ამერიკისთვის მაინც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევისთვის, თუ ავღანეთის შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია განივრცობა სხვა რეგიონებზე, მათ შორის ერაყზე, ხოლო თურქეთი არ მოისურვებს მეზობელ არაბულ სამყაროსთან ურთიერთობათა გაფუჭებას.
        აქედან გამომდინარე, დონალდ რამსფელდი თბილისში უფრო «განზრახულობებს» განიხილავს, ვიდრე რეალურ სამხედრო თანამშრომლობას გლობალური ანტიტერორისტული ოპერაციის დროს. ეს არ გამორიცხავს სამხედრო დახმარებას. ექვსი ვერტმფრენის გადმოცემა, ამ მხრივ, მხოლოდ პირველი ნაბიჯია, ისევე, როგორც სამხედრო კატარღები, საკმაოდ სერიოზული შეიარაღებით.
        ოღონდ სტრატეგიული თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში სამხედრო ყოფნის საკითხს არ განიხილავს, ვინაიდან, ამ მხრივ, ჩვენ კვლავ რუსეთის სამხედრო-სტრატეგიულ სივრცეში ვიმყოფებით. უპირველეს ყოვლისა, ეს განპირობებულია, რა თქმა უნდა, სამხედრო ბაზების არსებობით, რომელთა ლიკვიდაცია, სავსებით ობიექტური მიზეზების გამო, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის. პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იჩქარებს ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების ლიკვიდაციას, ისევე, როგორც სამშვიდობო ძარების გაყვანას აფხაზეთიდან, ვინაიდან ეს შიდა დესტაბილიზაციას გამოიწვევს საქართველოში - საკმარისია, რუსეთმა ბუნებრივი აირი გადაგვიკეტოს, რომ ხალხი, რომელმაც 1991 წლის 31 მარტს 99,99 პრროცენტით დამოუკიდებლობას მისცა ხმა, წალდით ხელში გამოვა ქუჩაში.
        ამდენად, რამსფელდის ვიზიტი «რუსული შემობრუნების» გაწონასწორებას ისახავს მიზნად.

დილის გაზეთი, 15 დეკემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე