«აეს»-ი, როგორც სანთოების სახლი
       

        გასულ კვირას «მასათა მძინვარების» ასპარეზად თბილისის საკრებულო იქცა. თემა - ენერგეტიკა, ანუ გათოშილი სახლები და ჩაბნელებული ბინები, მოსახლეობის უბედურება და უკუნეთი. წმიდა რუსული «ეროვნულ-რევოლუციური» კითხვა: «ვისი ბრალია?» - ამჯერად უპასუხოდ არ დარჩენილა - «აეს თელასის» და მაიკლ სქოულის!!!
        შეგვიძლია ყველამ შვებით ამოვისუნთქოთ: დამნაშავე მიგნებულია. ხვალ (სამშაბათს) «არამზადა სქოული» მიწვეულია საკრებულოში, სადაც უეჭველად ლინჩის წესით გაასამართლებენ. ეს წესი მისივე წინაპრების მოგონილია (ზანგების წინააღმდეგ), ამიტომ საკუთარ თავს დააბრალოს, თუ მერიის წინ პირველივე გამანათებელ ელექტრობოძზე ჩამოახრჩობენ კარგად გასაპნული «თოკით» - როგრც «კუ-კლუქს-კლანის» ლიდერები იტყოდნენ «გუშინწინდელ» საუკუნეში.
        თანაც, რაც ყველაზე აღმაფრთოვანებელია, ამ კეთილშობილურ საქმეში დედაქალაქის საკრებულოს ყველა ფრაქცია ერთსულოვანი იქნება: მემარჯვებეებიდან - მემარცხენეებამდე, ყოფილ «მოძრაობიდან» - ყოფილ კომუნისტებამდე.
        ერთი სიტყვით, რაღა გვიჭირს, თუ დამნაშავეს მივაგენით და გავუგეთ მზაკვრობა? - ჩამოვახრჩოთ სქოული, «დავიბრუნოთ» მის მიერ მიტაცებული თელასი! უფრო ზუსტად, დავუბრუნოთ იგი თბილისის ელექტროგამანაწილებელი სამსახურის კეთილშობილ და პატრიოტულად გულანთებულ თანამშრომლებს, აგრეთვე მთელი ქართული ენერგოსისტემის უმწიკვლოდ პატიოსან, მშობელი ხალხის სამსახურისთვის შემართულ კოლექტივს, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში (აეს-ის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და ანექსიამდე) მწიკვიც არ წაუღია სახლში, ხოლო ჩვენი ბინები, მათი მეცადინეობით, ერთიანად გაბრდღვიალებული და ნათელმოსილი იყო. მაგრამ «დიდხანს ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა...» - მოვიდა ეს არამზადა სქოული, ჩაგვაბნელა და ჩაგვყარა ბნელ მარაზმში.
        თანაც, არამზადობის დონე დახეთ - აქვს ელექტროენერგია და არ გვაძლევს. აბა, როგორ შეიძლება არ ჰქონდეს - ხუთგზის აფეთქებული, ლეგენდარული მე-9 ენერგობლოკი ხომ ჩაიგდო ხელთ? მეათეც ხომ დაიჩემა? რატომ არ გვაძლევს დენს?
        თუმცა, აქ ბოროტი ენების მტკიცებით, გარკვეული «შეუპირაპირებულობაა». მართალია მე-9 და მე-10 ენერგობლოკები «აეს»-ს ეკუთვნის, მაგრამ დისტრიბუციისა და გენერაციის გარდა, არსებობს კიდევ დისპეტჩერიზაცია. ხოლო ამ სფეროს თუ არ აკონტროლებ - პირველი ორის ფასი კაპიკია და არა ის 40 მილიონი დოლარი, რაც არამზადა «აეს»-მა გადაიხადა ორივეში ერთად.
        მით უმეტეს, საქართველოში!
        თავად განსაჯეთ, - ამას წინათ გამაოგნებელ მონაცემებს წავაწყდი: «თბილსრესის მე-9 და მე-10 ენერგობლოკები სრული დატვირთვით მუშაობენ. თბილისს მიეწოდება 350 მეგავატი ელექტროენერგია, რაც სასიცოცხლო ობიექტებს თუ ჰყოფნის»...
        «მოიცათ, მოიცათ, გეთაყვა, ეს როგორ? ლამის მეორეკლასელმა მოსწავლემაც ზეპირად იცის, რომ გარდაბნის თბოელექტროსადგურის მე-9 და მე-10 ენერგობლოკების ჯამური სიმძლავრე «სრული დატვირთვით მუშაობის» შემთხვევაში, მინიმუმ 500, მაქსიმუმ 600 მეგავატია.
        ამასთანავე, ცნობილია, რომ აეს-ი ყიდულობს სომხეთიდან ელექტროენერგიას 100 მეგავატის ოდენობით.
        გამოდის, «თბილსრესში» გამომუშავებული ელექტროენერგიიდან (მაშინაც კი, როდესაც ორივე ბლოკი მუშაობს) თბილისი იღებს მხოლოდ დაახლოებით მესამედს: 200-250 მეგავატს. სად მიდის დანარჩენი? როგორც აღმოჩნდა, «დანარჩენს» ანაწილებს დისპეტჩერიზაცია და აწვდის იმათ (იმ საწარმოებსა და რეგიონებს), რომლებიც თბილისისგან განსხვავებით, არ იხდიან ელექტროენერგიის საფაესურს. «აეს»-ი კი, სანაცვლოდ იღებს ქაღალდს ამ ელექტროენერგიის ვალად აღიარების ფიქსაციით.
        «თბილისის» მე-9 და მე-10 ენერგობლოკების პრივატიზების პირობათა შესაბამისად, «აეს» - მტკვარს» მხოლოდ მას შემდეგ აქვს უფლება (ისიც ფორმალურად, რაკი დისპეტჩერიზაცია მას არ ეკუთვნის), მთლიანად მიმართოს თბილსრესის ენერგია თბილისისკენ, რაც დავალიანება გარკვეულ ზღვარს მიაღწევს. ეს კი მე-9 ბლოკთან დაკავშირებით მოხდება (ალბათ) არა უადრეს 2001 წლის სექტემბრის, ხოლო მე-10 ბლოკთან - არა უადრეს 2002 წლის თებერვლისა (დაახლოებით).
        ქონების მართვის სამინისტროს ასეთი ხელშეკრულების გაფორმებისთვის საყვედური კი არა, მადლობა ეთქმის! მან პირნათლად შეასრულა თავისი ფუნქცია და დაიცვა სახელმწიფო ინტერესები - «არამზადა სქოულს» არა აქვს უფლება დაუყოვნებლივ «გააჩეროს» ორივე ბლოკი მაშინვე, როგორც კი ერთი თვის დავალიანებას არ გაუსტუმრებენ «აეს-მტკვარს». იგი ვალდებულია, თვეობით ელოდოს ვალის დაგროვებას, რაკი იმთავითვე ცხადია, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს მას არავინ გადაუხდის, ხოლო საკუთარ მომხმარებელს (თბილისში) ამ ენერგიას ვერ მიაწვდის, რაკი დისპეტჩერიზაციას ვერ აკონტროლებს.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, «თბილსრესიდან» ელექტროენერგიის თბილისამდე მოტანა ისევე ძნელია, როგორც ენგურჰესიდან. განურჩევლად იმის,ა რომ «თბილსრესი» (ფორმალურად) სქოულს ეკუთვნის, ხოლო ენგურჰესი - ენერგობიუროკრატიას.
        ახლა კი, ამ ერთი ნიუანსის გათვალისწინებით, ვიმსჯელოთ ლოგიკურად: «საკუთარი გამომუშავება» საქართველოში 14-15 მილიონი კილოვატსაათია. აქედან, თბილსრესს აწვდიან მხოლოდ 4-5 მილიონ კილოვატ საათს, დანარჩენი ნაწილდება მთელ საქართველოში, ან ხმარდება ადრე ნაკისრი ვალდებულებების «განაღდებას».
        როგორ მოიქცევა ასეთ ვითარებაში ელემენტარულად ჭკუათმყოფელი ბიზნესმენი? რასაკვირველია, იგი შეეცდება გაარკვიოს, რამდენად სკურპულოზურად იხდის ელექტროენერგიის საფასურს დანარჩენი 9-10 მილიონი კილოვატსაათის მომხმარებელი და როდესაც დაადგენს, რომ საქართველოს მაშსტაბით გადახდა 16 პროცენტია, ხოლო თბილისში 100 პროცენტიN («ამოღება» თბილისშიც 70-80 პროცენტს არ აღემატება, თუმცა «აეს-ი» 100 პროცენტს იხდის). უეჭველად მოითხოვს, რომ მას მიაწოდონ ელექტროენერგია. უპირველეს ყოვლისა (თაუნდაც ფორმალურად მისივე კუთვნილი ბლოკებიდან), და მხოლოდ ამის შემდეგ - «არგადამხდელებს».
        პასუხად ეუბნებიან: - ნურას უკაცრავად, კეთილი ინებეთ და იყიდეთ ელექტროენერგია რუსეთში. არადა, მართლა იდიოტი უნდა იყოს მაიკლ სქოული, რომ ასეთ პირობებში «რაო-ეეს»-თან, ანუ ჩუბაისთან კონტრაქტი გააფორმოს.
        ჯერ ერთი, რატომ უნდა იყიდოს ელეოქტროენერგია ძვირად მაშინ, როდესაც უფრო იაფ ენერგიას ჩვენ უფასოდ ვაწვდით საქართველოში სხვა მომხმარებლებს?
        Mმეორე: «სად არის გარანტია, რომ «რაო-ეეს»-ი ისევე თაღლითურად არ მოექცევა «აეს»-ს, როგორც «ინნეფტეგაზპრომი» მოიქცა - ჯერ აიღო წინასწარ თანხის 60 პროცენტი, შემდეგ კი რუსეთის საბაჟო, «დემპინგური ფასების» მომიზეზებით, ისევე არ შეაჩერებს საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტს, როგორც ბუნებრივი აირის ექსპორტი შეაჩერა.
        და მესამე (რაც მთავარია) «აეს»-ს არ გააჩნია არანაირი გარანტია, რომ მის მიერ რუსეთში შეძენილ ელექტროენერგიას თბილისამდე მოიტანს, ხოლო «დისპეტჩერიზაცია» ისევე არ მოიქცევა, როგორც იქცეოდა შარშან, როდესაც «აეს»-ის მიერ რუსეთში შეძენილი ელექტროენერგიის მესამედი ძლივს აღწევდა თბილისამდე. დანარჩენი კი გზაში იკარგებოლდა.
        სხვათა შორის, სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულვამ ეს პატიოსნად აღიარა, შარშან კი ხდებოდა, მაგრამ წელს კიდევ ერთხელ უნდა დაგვიჯეროთ და ამჯერად აღარ განმეორდებაო.
        კი, მაგრამ, რომ განმეორდეს? ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყანაში უთქვამს წინაპარს «სინდისიც კარგი საქონელიაო». სრულიად დამოუკიდებელი, ობიექტური გათვლებით, «აეს» - მა თელასისა და თბილსრესის ორი ბლოკის მოდერნიზებისთვის განახორციელა 224 მილიონი დოლარის (!) ინვესტიცია.
        დავუშვათ, ამ თანხის ნაწილი უკვე ჩადებულია ტარიფში - მერე რა, თუ ელექტროენერგია არ იქნა, ამ თანხას როდის ამოიღებს - მოგებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ? უკვე კომიკურიც ხდება ზოგიერთების აღშფოთება თურმე, ნუ იტყვით, აეს-ის საქართველოში ბიზნესი იმიტომ დუწყია, რომ წაგება კი არა, მოგება ენახა!
        წარმოგიდგენიათ, რა ჩაუფიქრებიათ და განუზრახავთ ამ გარეწრებს? მოგების მისაღებად დაუწყიათ ბიზნესი საქართვლეოში! ფულს დახარბებიან კაპიტალისტური ბნელეთის ეს მოციქულები! არადა, «აეს»-ი ვალდებულია, უფაოსდ მოგვაწოდოს ელექტროენერგია, რუსეთში 50 პროცენტით ძვირად იყიდოს, გაგვათბოს და გაგვანათოს.
        ერთი სიტყვით, კომერციული კონცერნი კი არა, ნამდვილი «სათნოების სახლი» ყოფილა.
        იცით, თურმე, რატომ მოითხოვს გაუთიშონ ელექტროენერგიის მიწდება არგადამხდელ საწარმოებს და «გადამხდე ლ» თბილისს მიაწოდონ? - იმ მიზნით, რათა წარმოება გაჩერდეს და საქართველო იაფფასიანი, უხარისხო ამერიკული პროდუქციის გასაღების ბაზრად იქცეს.
        ერთი სიტყვით, «აეს»-ი და მაიკლ სქოული თურმე «ამერიკული იმპერიალიზმის» პოლიტიკას ახორციელებენ საქართველოში, რათა დაიმონონ ჩვენი სამშობლო «საერთაშორისო კაპიტალის» დავალებით. და ამას ვინ ამტკიცებს? - იქნებ გგონიათ პანტელეიმონ გიორგაძე და მისი «ერთიანი კომპარტია», ან «მშრომელთა საბჭოები?» - არამც და არამც.
        მაიკლ სქოულისა და ამერიკული იმპერიალიზმის ეს ბოროტი განზრახვა ამხილა ყოფილი «მოძრაობის» ავანგარდად მიჩნეულმა ერთ-ერთმა «ეროვნულმა» პარტიამ, გუშინ რომ ფეხშიშველა დარბოდა რუსთაველზე ლოზუნგით «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია». ახლა (10-12 წლის შემდეგ) აღმოაჩინა, თურმე, ყველაფერში «ამერიკული იმპერიალიზმი» ყოფილა დამნაშავე.
        ერთი სიტყვით, 1988 წლიდან თავიანთი ჩლუნგი რადიკალიზმით რუსეთთან ხომ ჩააოხრეს ურთიერთობა, ახლა იგივე ხალხი უკვე ამერიკასთანაც იწყებს ურთიერთობათა ჩაოხრებას.
        არ ვიცი, საქართველოში ამერიკის ელჩს «თუ დავიწყებია» ქართული ანდაზა «ვირო მადლიო», მაგრამ ხსენებული 224 მილიონი დოლარი ის ხილი არ უნდა იყოს, «ხურმა» რომ ჰქვია.
        რაც შეეხება იმას, რომ «აეს»-მა, თურმე, «5 მილიარდ დოლარად ღირებული თელასი სულ რაღაც 35 მილიონად შეიძინა» - 1996 წელს თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელი, ყველა მისი «ფიდერითა» და «კაბელით» ისე ღირდა 5 მილიარდი დოლარი, როგორც ყოფილი «მოძრაობის» აწ «გაწითლებულ» «აქტივისტს» დაუმშვენდა ცხვირი, ანუ როგორი 6 მილიარდი დოლარიც გვერგება «ყოფილი სსრკ აქტივებიდან», რომლის სამართალმემკვიდრეობისთვის (და არა რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეობისთვის) დაიწყო ისევ «იმავე ხალხმა» ბრძოლა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 10 წლის შემდეგ.
        თქვე ოჯახაშენებულებო, ეს თუ გინდოდათ, ვყოფილიყავით ისევ იმ გრანდიოზული სახელმწიფოს მიყრუებული პროვინცია, სადაც სინათლეც გვქონდა და ბუნებრივი აირიც! თუმცა, არც ამჟამადაა გვიან:. ვიგულისხმოთ, რომ რუსეთის ფედერაციაში შემავალ სუბიექტებს («რესპუბლიკებს») ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარების დაახლოებით ისეთივე პირობები აქვთ, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდათ, ანუ «კაპიკებად» და ისიც შეუძლიათ არ გადაიხადონ, ვინაიდან «იმპერიალისტური» სავალუტო ფონდი ვერა და ვერ ახერხებს რუსეთში «ველური კაპიტალიზმის» წეს-ჩვეულებათა დაკანონებას.
        რაც შეეხება ენერგეტიკულ კრიზისს, ამაში ამერიკა და «აეს» - ი ისევე არიან დამნაშავე, როგორც საქართველოსგან აფხაზეთის წაგლეჯაში. თუმცა, ზოგიერთი უკვე ამტკიცებს კიდეც, აფხაზეთი რუსეთმა კი არა, ამერიკამ წაგვართვაო.
        არ არის გამორიცხული, მათ სულ მალე მხარი აუბან იმავე «ყოფილებმა», რომლებიც ტრადიციულად, ყნოსვით გრძნობენ შეცვლილ საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურ კონიუნქტურას.
        საქართველოს კი ამ თვალსაზრისით არაფერი ეშველება, ვიდრე არ დამკვიდრდება ელემენტარული კანონი: ელექტროენერგია უნდა მიიღოს მხოლოდ გადამხდელმა და არ უნდა მიიღოს (ნარჩენიც კი) არგადამხდელმა.
        ამასთან დაკავშირებით ერთი ასეთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ: მოსკოვში ახალ გახსნილი «მაკდონალდსის» მენეჯერს ძალიან გაუჭირდა აეხსნა მომსახურე პერსონალისთვის, რატომ არ შეიძლება გაცივებული «ჰამბურგერების» ქუჩაში «ბომჟებისთვის» უფასოდ დარიგება და რატომ უნდა მოხდეს მათი უტილიზება.
        ასეთია კაპიტალიზმი, სადაც ყველაფერს თავისი «ფასი» აქვს და ღირებულება მხოლოდ მანამ, სანამ ფასი აქვს. როგორც კი «უფასოდ» იქცევა - ღირებულებასაც (ანუ სასაქონლო სახეს) კარგავს.
        ყველაზე ადვილია ხელისუფლების დადანაშაულება: გამოურთოს ელექტროენერგია არგადამხდელებს, მორჩა და მოსვენება! მაგრამ ასე მოქცევა მართლა სარისკოა იმ ქვეყანაში, სადაც უფასო ელექტროენერგიის მოთხოვნით მოსახლეობა რკინიგზის მაგისტრალს კეტავს, სარისკოა იმ ქვეყანაში, სადაც უფასოდ ბუნებრივი აირის მოწოდების შეწყვეტისას, ერთ-ერთი რეგიონის (ხევის) წარმომადგენლები რუსეთთან შეერთებით იმუქრებიან, ხოლო გორის მცხოვრებლები - ცხინვალთან!
        ელექტროენერგიისა და გაზის კი არა, ასეთი სახელმწიფოებრივი შეგნების პირობებში, სანამ გვიან არ არის, «შევასწროთ» რუსეთ-ბელორუსეთის კავშირში!!!
        «აეს» - ის მესვეურებიც მართლა იდიოტები არიან: ასეთ ქვეყანაში რომ 224 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებ, იდიოტი ხარ აბა, რა ხარ?
        საბედნიეროდ, ახლა გვიან არის და «ვეღარ წავა», თუმცა «აეს» -ის ტრაგიკული ისტორია სხვა ინვესტორებს დააფრთხობს: ნუღარ გვიკვირს, თუ საქართველო კენიისა და ავღანეთის შემდეგ ბოლოდან მესამე ადგილზეა მსოლფიოში ივნესტიციათა სანდოობით.
        ხელისუფლების «მტკიცე მოქმედება» და «სახელმწიფოებრივი ნება» ჩვენს შემთხვევაში, პანაცეა არ არის, რადგან (ხაზს ვუსვამ) საქართველოს პირობებში მათი არსებობა, როგორც ჩანს, სამოქალაქო ომის წინაპირობაა. თანაც, პერმანენტული სამოქალაქო ომისა.
        და ახლა, თუ სამოქალაქო ომით ქვეყანა დაინგრა, ან საბოლოოდ დაიშალა, - რა თავში ვიხლით ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს? სინამდვილეში გამოსავალი არის მხოლოდ ერთი: თუ საქართველოს დამოუკიდებლად არსებობა უწერია, იგი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანი შეურიგდება იმ აზრს, რომ მას (უფულობის შემთხვევაში) ელექტროენერგია არ ექნება, ხოლო მის მეზობელს - შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ ამის გამო იმდენად არ დაიბოღმება, სამოქალაქო ომი დაიწყოს და ნებისმიერი ხელისუფლება «დამხობის» ზღვარზე ამყოფოს.
        და ბოლოს: არ ვიცი აეს- თელასის მენეჯერს ვინმე გადაუთარგმნის თუ არა ამ სტატიას. ალბათ, არა. მე პირადად «აეს» -თან მხოლოდ ის მაკავშირებს, რომ მოხმარებული ელენქტროენერგიის ერთი რიგითი გადამხდელი ვარ. მაინც შევეცდები, მაიკლ სქოულს «ერთი ენერგობლოკის» ღირებულების რჩევა მივცე:
        კინწისკვრით, პანღურისკვრით გააგდოს სამსახურიდან უმაქნისი მოადგილეები, თანაშემწეები და სხვა თანამშრომლები, რომლებიც ძველი («საბჭოთა») «თელასიდან» გადმოიყვანა თავის კომპანიაში.
        მიაქციეთ ყურადღება: მაშინ, როდესაც საქართველოს ენერგოსისტემის მთავარ გამანადგურებლად სწორედ სქოული «აეს-ი და ამერიკის შეერთებული შტატები ცხადდება, - ისინი ან გუგულებივით სდუმან, ან უაზროდ, გაუგებრად, ფორმალურად ბლუყუნებენ რაღაცას.
        მიზეზი ადვილად მისახვდერია: რასაკვირველია, თუ მე (არასპეციალისტი) ვხვდები ზემოთ მოყვანილ არგუმენტებს («აეს»-ის გასამართლებლად და მისი უდანაშაულობის დამადასტურებლად) - ისინიც ხვდებიან, მაგრამ რატომ აიტკივონ აუტკივარი თავი, რატომ გააღიზიანონ საზოგადოება, რატომ აწყენინონ ვიღაცას.
        «რა იცი, რა ხდება», - ამიტომ თვითონ აკურატულად მიიღებენ დიდრონ ხელფასს (იქ დაგვიანება არ არსებობს), ხოლო თავი სქოულიმ აიტკიოს: მან ირბინოს ენაგადმოგდებულმა საკრებულოდან - საკრებულოში და უმტკიცოს «გაწითლებულ მემარჯვენეებს» (თუმცა, მათ რა «გააწითლებთ»), რომ იმიტომ არ მოითხოვს არგადამხდელი საწარმოებისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტას, რათა «მრეწველობამ ვეღარ გადაარჩინოს» საქართველო და ჩვენი ქვეყანა იაფფასიანი, უხარისხო ამერიკული პროდუქციის გასაღების ბაზრად აქციოს.
        ასეთი რამ პანტელეიმონ გიორგაძესაც კი არ უთქვამს - რას მოვესწარით!
        ერთი სიტყვით, უჭკუო და რეგვენი კაცი ხარ, ჩემო მაიკლ, რაკი ვერ მიხვდი, რომ «აქაური წესის» შესაბამისად, მენეჯერის ნიჭის გარდა, სხვა ალღოც საჭიროა.
        საქართველოში სხვაგვარად არ გამოდის.

დილის გაზეთი, 5 თებერვალი, 2001 წელი

მთელ გვერდზე