გვითხარი, გვნიშნავ თუ არა მინისტრებად და გეტყვით პასუხს «მინისტრთა კაბინეტზე»
       

        მიუხედავად «ბრავურული» განწყობისა, რაც პოლიტოლოგიურ საძმოში «მინისტრთა კაბინეტის» თაობაზე ინიციატივას მოჰყვა, წინასწარ გაისმოდა ფრთხილი წინასწარჭვრეტანი იმის თოაბაზე, რომ ყველაფერი ესოდენ რბილად და ტალღისებურად (ანუ უპრობლემოდ) არ მოხდებოდა.
        ვიდრე შაბათს პარლამენტში დატრიალებულ ამბებს შევყვებოდეთ, ორიოდე თვის წინათ მომხდარს შეგახსენებთ. მაშინ საპარლამენტო ოპოზიციამ სიმწრით თმები დაიგლიჯა და ლამის დედამიწა შეძრა: როგორ გაბედა პრეზიდენტმა ჩვენთვის მისი დაბრალება, რომ «ნულოვანი ვარიანტის» ჩაგდებისა და ბიუჯეტის გარდაუვალი სეკვესტრის შემთხვევაში ვაპირებდით ულტიმატუმურად მოგვეთხოვა «კოალიციური მთავრობის» შექმნაო.
        კეთილშობილი აღშფოთების ხარისხი იმდენად მაღალი იყო, მართლა შეგვეპარა ეჭვი, მაგრამ შაბათს პარლამენტში მომხდარმა ყოველგვარი ეჭვი საბოლოოდ გაფანტა. დადასტურდა, რომ როდესაც «ოპოზიცია» მოითხოვდა «მინისტრთა კაბინეტის» შექმნას, იგი გულისხმობდა მხოლოდ და მხოლოდ კოალიციურ მთავრობას, ისეთ კაბინეტს, რომელშიც თვითონაც იქნებოდნენ ინკორპორირებულნი - ანუ, ყოველ შემთხვევაში, მისი «ნდობით აღჭურვილი პირები» და წარმომადგენლები.
        საქმე ის არის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო უმრავლესობა - 157 ხმა ესაჭიროება, მაგრამ თვით მთავრობის (პრემიერ-მინისტრის) კანდიდატურის დასამტკიცებლად მხოლოდ ასბოლუტური უმრავლესობა, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი- 118 ხმაა საკმარისი. 118 ხმა კი «მოქალაქეთა კავშირისთვის», ყველაფრის მიუხედავად, პრობლემა ნამდვილად არ არის. ამიტომ ოპოზიციამ წინასწარვე მოითხოვა გარანტიები, რომ თუ იგი დაეთანხმებოდა, ანუ მასთან (ოპოზიციასთან) იქნებოდა შეთანხმებული.
        გარდა ამისა, ამგვარი გარიგების შემთხვევაში, უკვე თვით «უმრავლესობისთვის» და «ჟვანიას გუნდისთვის» იქნებოდა კატეგორიულად მიუღებელი კოალიციურ «მინისტრთა საბჭოში» მონაწილეობა. საბოლოოდ კი, პრეზიდენტი ამაზე თავად იტყოდა უარს: გაუგებარია, რატომ უნდა დანიშნოს მინისტრად ოპოზიციონერი, როდესაც სავსებით აშკარაა, თუ იგი მინისტრად დანიშვნის შემდეგაც ოპოზიციონერად დარჩება და უეჭველად დავარდება ქადაგად იმის თაობაზე, რომ «ობოლი მარგალიტია ხალხის მტრებით დაკომპლექტებულ ამ შავბნელ არეოპაგში»?
        ეს განწყობა მკაფიოდ აისახა საპარლამენტო გამოსვლებში. აკაკი ასათიანმა მოითხოვა «ჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის სრულფასოვანი სისტემის შექმნა», სინამდვილეში ესეც პირობაა იმავე «კოალიციის» შესაქმნელად. Gარკვეული ტექნოლოგიის გამოყენებით ამ საქმის «მოგვარებაც» შეიძლება.
        ვახტანგ რჩეულიშვილი კი აკაკი ასათიანზე უფრო სწორხაზოვანი აღმოჩნდა და პრეზიდენტს კახური პირდაპირობის მიმართა: «გვითხარი, ვის ნიშნავ მინისტრებად და მერე ვილაპარაკოთ მინისტრთა კაბინეტზე».
        აგრეთვე, ნიშანდობლივი იყო «ახალი ფრაქციის» წინადადება «მინისტრთა კაბინეტის» იდეას ვიზიარებთ (აკი თავად იყვნენ ინიციატორნი - ავტ.), მაგრამ ხოლოდ ახალი არჩევნების (იგულისხმება 2003 წლის არჩევნების) ან რიგგარეშე არჩევნების შემდეგ.
        ეს რიგგარეშე არჩევნები საერთოდ გამორიცხულია. ჯერ ერთი ამას არ დაეთანხმება არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ, «აღორძინების ბლოკში» შემავალი ოპოზიციაც. გარდა ამისა, «რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების» (ინსტიტუტს მოქმედი კონსტიტუცია არა თუ არ ითვალისწინებს, არამედ, იმპერატიულად გამორიცხავს კიდეც: თვით პარლამენტს, რასაკვირველია, შეუძლია გამოაცხადოს თვიდაშლა (თეორიულად) და დანიშნოს ახალი არჩევნები, მაგრამ ამით პარლამენტი დაარღვევს კონსტიტუციას, ანუ ყოველი შემდეგი არჩევნები, არსებული კონსტიტუციის ფარგლებში არალეგიტიმური იქნება.
        არჩევნები ყოველთვის ლეგიტიმური როდია (ისევე, როგორც რეფერენდუმი) - გააჩნია პოლიტიკურ პირობებს, იურიდიულ ვითარებას და საკონსტიტუციო კონტექსტს). მაგალითად, რეფერენდუმი მთელი საქართვლეოს ტერიტორიაზე რომც ჩატარდეს (აფაზეთსა და ცხინვალის რეგიონის გარდა) და მასში მოსახლეობის 200 ათასმა პროცენტმა მიიღოს მონაწილეობა, შედეგი იურიდიული ძალის არმქონე და უკანონო იქნება, ვინაიდან კონსტიტუცია კრძალავს რეფერენდუმის ჩატარებას იმ ვითარებაში, როდესაც არ არის აღდგენილი იურისდიქცია მთელს ტერიტორიაზე, ანუ კონსტიტუციით აკრძალულია რეფერენდუმის ჩატარება ქვეყნის ნაწილში - არა აქვს მნიშვნელობა, უმეტეს ნაწილში თუ მცირეში.
        რაც შეეხება ოპოზიციის სახეცვლილების მიზეზს, იგი სულ ადვილი გასარკვევია: თავდაპირველად არსებობდა ორი მოსაზრება, ერთი, რომ შექმნილიყო «კოალიციური მთავრობა» და მეორე (თუ პირველი არ დაარსდებოდა), რომ კაბინეტი დაეკომპლექტებინა «ჟვანიას გუნდს», რათა მას «კისერი წაეტეხა» მომავალი ორი წლის განმალვობაში და, შესაბამისად (როგორც ოპოზიცია იმედოვნებდა) დამარცხებულიყო 2003 წლის არჩევნებში.
        მაგრამ შემდგომ ოპოზიციის უფრო ჭკვიანი და ფრთხილი წარმომადგენლები დაეჭვდნენ (სხვებიც დააეჭვეს) ამგვარი ალგორითმის რეალურობაში. რამდენად რეალურია, რომ ზურაბ ჟვანია (პრემიერ-მინისტრი) და მისი გუნდი (როგორც კაბინეტის შემადგენლობა) მართლაც «წაიტეხს კისერს»? ვაითუ, არ წაიტეხოს? ვაითუ, 2001 წლის შემოდგომიდან - 2003 წლის შემოდგომამდე ამ გუნდმა კი არ დაკარგოს ქულები, არამედ პირიქით, ახალი ქულები მოიპოვოს, კიდევ უფრო გაიძლიეროს პოზიციები სოციუმის იმ სეგმენტში, ანუ ელექტორატის იმ ნაწილში, რომელმაც, 1994 წლიდან დაწყებული ლიბერალური ეოკნომიკური რეფორმის შედეგად მიაგნო თავის სოციალურ ნიშას? ეს სოციალური სეგმენტი კი არც ისე ვიწროა, როგორც ზოგიერთს ეჩვენება. ანუ შესაბამისი ელექტორატიც არც ისე მცირერიცხოვანია.
        რამდენიც უნდა იყვიროს ოპოზიციამ, რომ 1999 წლის 31 მარტის არჩევნებში «მოქალაქეთა კავშირმა» გაყალბებით გაიმარჯვა, - უტყუარი ფაქტია: ამ პარტიამ («აღორძინების» რეგიონულ გაყალბებას თუ გავითვალისწინებთ) მაინც მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მისმა მოწინააღმდეგემ. სწორედ ამიტომ, «ჭკვიანთა» ხმამ (და ამ «ჭკვიანთა» მისამართი უეჭველად ბათუმია) შეძლო, დაერწმუნებინა იმავე «ბლოკში» შემავალი «ოპოზიციის» წევრი შედარებით ნაკლებად «ჭკვიანნი», რომ მათი იმედი «ჩავაბაროთ ხელისუფლება ჟვანიას, მის გუნდს და მომავალ «არჩევნებამდე ისინი თვითონ წაიტეხენ კისერს», - შეიძლება გადაჭარბებული აღმოჩენილიყო, ხოლო «გუნდს» არათუ «კისერი წაეტეხა», არამედ, პოზიციები უფრო გაეძლიერებინა.
        გარდა ამისა, იმავე ბათუმში სულაც არ ეპიტნავებათ ძლიერი და კონსოლიდირებული ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლება.
        ამიტომ გადაწყდა, «კბაინეტს» დათანხმებოდნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ ექნებოდათ სრული გარანტია, რომ დაკომპლექტდებოდა კოალიციური პრინციპით.
        მაშასადამე, ყველა ვარიანტი განიხილეს, ყველა ალგორითმი განჭვრიტეს, ყველა ვექტორი დაზვერეს, ყველა შესაძლებლობა მოსინჯეს და ბოლოს, რაკი დარწმუნდნენ, «კაბინეტის» შემადგენლობა მხოლოდ «გუნდით» იქნებოდა დაკომპლექტებული, მოითხოვეს «კოალიციურობის» გარანტია. სხვა შემთხვევაში, უარი თქვეს ინიციატივის მხარდაჭერაზე. ერთი სიტყვით, «მინისტრთა კაბინეტზე» კი უკაწკაწებთ კბილი (სამომავლოდ) ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე, მაგრამ იმისიც ეშინიათ, ვაითუ პირველმა კაბინეტმა «ჟვანიას გუნდის» დასუსტება, განადგურება ან პოლიტიკიდან წასვლა კი არა, პირიქით, მისი შედმგომი გაძლიერება და გავლენის ზრდა გამოიწვიოსო.
        ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ სიტყვის მასალა და «ტექნოლოგიაა»: ადგილობრივი მმართველობის შეცვლა რეალური თვითმმართვლეობით იმას კი არ ნიშნავს, თითქოს არჩეული მერები და გამგებლები ჭეშმარიტად დემოკრატიული, სამართლიანი, ობიექტური არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფენ, არამედ (საქართველოს პირობებში) ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ «ადმინისტრაციული რესურსი» თუ ერთ შემთახვევაში გამოიყენება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ახალ ვითარებაში, ბევრ რაიონში პირიქით, იგი ოპოზიციურ ძალთა სასარგებლოდ შეიძლება გამოიყენონ.
        არჩეული გამგებელი, ამ თვალსაზრისით, ბევრად თავისუფალი იქნება საკუთარ «არჩევნებში», თუ ვის მოახმაროს მის ხელთ არსებული ბერკეტები. სწორედ ეს აზრია აქ ჩადებული და არა «ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვის უზრუნველყოფა». ჩვენს პოლიტიკურ ელიტას კიტ ტრადიციულად მიაჩნია, რომ ხალხი ქვევრია და რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებს.
        კიდევ ერთი მოთხოვნაა «ორპალატიანი პარლამენტი» ერთი პირობით, «მინისტრთა კაბინეტის» შექმნა - პრეზიდენტისთვის მხოლოდ ქვედა პალატის დათხოვის უფლებით. მაგრამ ჯერ ერთი, ბევრ ქვეყანაში პრეზიდენტს ორივე პალატის (მთელი პარლამენტის) დათხოვის უფლება აქვს.
        გარდა ამისა, იმთავითვე აბსოლუტურად ნათელია, რომ საქართველოში შეუძლებელი და წარმოუდგენელია, «ორპალატიანი პარლამენტის» და სენატის შექმნა, ვიდრე არ გაირკვევა ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხი - ეს კი, თავის მხრივ, აფხაზეთისა და სახმრეთ ოსეთის პრობლემებს უკავშირდება.
        როგორ შეიძლება «სენატი» შეიქმნას იმ პირობებში, ოდესაც კონსტიტუცია კრძალავს ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის დადგენას იურისდიქციის აღდგენამდე მთელს ტერიტორიაზე? თავისთავად, ეს, რასაკვირველია, აბსურდული მოთხოვნაა.
        არადა, დააკვირდით ერთ უცნაურობას: «აღორძინების ბლოკის» სუბიექტები, რატომღაც კრინტს არ სძრავენ, ამ კონსტიტუციური დებულების საწინააღმდეგოდ. მიზეზი გასაგებია თუ კონსტიტუციიდან შევა ეს დებულება, მაშინ პარლამენტი მიიღებს შესაძლებლობას, დაადგინოს ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა, ანუ განსაზღვროს ყოფილ ავტონომიათა სტატუსიც - თუნდაც, ფედერაციულ სახელმწიფოში.
        სხვათა შორის, საპარლამენტო გამოსვლისას პრეზიდენტმა ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა (არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე «მინისტრთა კაბინეტის» ინიცირებაა) - მისი თქმით, ურთიერთობათა შინაარსი ცენტრალურ ხელისუფლებასა და ბათუმს შორის ფედერაციულ მოდელს უახლოვდება მრავალი თვალსაზრისით, ამიტომ ამჟამად უპრიანია რეალურად არსებული ვითარების კონსტიტუციურად დაკანონება, ხოლო აფხაზეთის პრობლემა იმავე მოდელის შესაბამისად შეიძლება გადაწყდეს - ერთიანი, ფედერაციული საქართვლეოს შემადგენლობაში.
        ამ სენსაციური განცხადებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია - ერთ ყურში შეუშვეს და მოერეში გამოუშვეს. სხვებმა ყველაფერი კარგად გაიგონეს, მაგრამ ხელს არ აძლევდათ რეაგირება.
        ამრიგად, თავდაპირველი შთაბეჭდილება ისეთია, რომ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს «მინისტრთა კაბინეტის» შესახებ და არავინ იცის, იქნებ ეს იყო «ამერიკული მოდელის» - «ფრანგული მოდელით» შეცვლის უკანასკნელი შანსი. და არავის შეუძლია თქვას დანამდვილებით, ცუდია ამ შანსის ხელიდან გაშვება, თუ კარგი.
        ნებისმიერ შემთხვევაში, ზურაბ ჟვანია არასდროს დათანხმდება დაიკავოს «კოალიციური მთავრობის» პრემიერ-მინისტრის პოსტი, ვინაიდან ამას უბრალოდ აზრი არა აქვს და მისი პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისითაც მხოლოდ წამგებიანია.
        ამას არ დაეთანხმება პრეზიდენტიც, ვინაიდან «კოალიციური მთავრობა», ანუ ისეთი მთავრობა, რომლის ოპოზიციურ წევრებს დასაყრდენი ექნებათ პარლამენტში, მას მხოლოდ პრობლემებს შეუქმნის. იმავდროულად, საკონსტიტუციო ცვლილებები, ნებისმიერ შემთხვევაში, ხომ მხოლოდ «მოქალაქეთა კავშირის» თანხმობითა და მხარდაჭერით შეიძლება განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში,საპარლამენტო უმრავლესობა სწორედ «ოპოზიცია» იქნებოდა და არა, «მოქალაქეთა კავშირი».
        რასაკვირველია, ოპოზიციონერებს გუმანში აქვთ, რომ რაკი საკითხი ინიცირებულია (ანუ საკონსტიტუციო ცვლილებები დღის წესრიგში დგას) - მათ შეუძლიათ ორი წელი მოიცადონ და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე დასვან საკითხი კენჭისყრაზე, მაგრამ ნურას უკაცრავად - მაშინ უკვე ასეთი ცვლილებების განხორციელება შეიძლება კატეგორიულადაღარ აძლევდეს ხელს უმრავლესობასა და ზურაბ ჟვანიას. მისი თანხმობისგარეშე კი 157 ხმის მოგროვება შეუძლებელია.
        რაც შეხეება 2003 წლის არჩევნებს, არავინ იცის, დღეს რა პოლიტიკურ კონფიგურაციას შექმნის იგი პარლამნეტში: არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში გაძლიერდეს სხვა ოპოზიციური პარტიები (შაშიაშვილი, ინჯია, ნათელაშვილი), რომლებიც პარლამენტში ამჟამინდელ ოპოზიციას ჩაენაცვლებიან.
        კიდევ ერთი მოთხოვნა ოპოზიციისა «კაბინეტსი მხარდაჭერამდე» საარჩევნო კანონის მიღებაა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ოპოზიცია სტრატეგიულ შეცდომას უშვებს (მრავალ შეცდომათგაან) რაკი მეტისმეტი გადაჭარბებით აფასებს თვის ზურაბ ჟვანიას დაინტერესებას «მინისტრთა კაბინეტით».
        როგორ განვითარდება შედმგომში მოვლენები? რა თქმა უნდა, ამჟამინდელი განვითარებით, შესწორებები ვერ გავა. «მოქაალქეთა კავშირს» გაუჭირდება შეაგროვოს 157 ხმა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ (ვთქვათ) რომელიმე ოპოზიციური ფრაქცია ცვლილებებს მხარს დაუჭერს. მას უმალვე გამოაცხადებენ სხვედბი მოღალატედ და «კოლაბორაციონისტად».
        მერედა უნდა ეს გნიასი ან ჟვანიას ან შევარდნაძეს? არამც და არამც! იმ ფასად, რა ფასადაც შეიძლება დაჯდეს «ახალი მოდელი» - არც ერთს, არც მეორეს სულაც არ ეპიტნავებათ ამგვარი კონსტიტუციურიტრანსფორმაცია.
        რაში მდგომაროებს პრობლემის არსი? - პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში შემთდგომი რეფორმისტული ნაბიჯებისთვის! მაგალითად, აუცილებლად განსახორციელებელია გენერაცია - დისპეტჩერიზაციის და «საბითუმობაზრის» პრივატიზება.
        მოვლენათა ამგვარი განვითარება ხელს არ აძლეკვს იმ კორუმპირებულ ჯგუფს, რომელიც გვარიანად, ხელს ითბობს «სახელმწიფოს ხელში ენერგეტიკულ ბერკეტთა არსებობით» - არგადამხდელებისთვის, ქრთამის საფასურად ელექტროენერგიის მიწოდებით, ამიტომ იგი უეჭველად ატეხავს გნიასს, იყიდება საქართველო და ა.შ.
        დარწმუნებული ვარ: როდესაც 2003 წლის გაზაფხულზე ოპოზიცია უკვე ისტორიულად მოითხოვს საკონტროლო ცვლილებებს - მიიღებს სამი თითის კომბინაციას.
        მომავალი 3-4 თვის განმალვობაში რაიმე თვალსაჩინო პოლიტიკური გართულება მოსალოდნელი არ არის საბდენიეროდ, პეტრე ცისკარიშვილი და მისი საცოლე საღ-სალამათნი დაბრუნდნენ თბილსიში. ამასთან დაკავშირებით საინტერესო იყო ოპოზიციის კიდევ ერთი საყვედური ხელისფლების მიმართ, რამაც შაბათს სხდომაზე გაიჟღერა. ხომ გართხილებდით, არ შემოგეშვათ ჩეჩენი ლტოლვილები საქართვლეოს ტერიტორიაზე, - და ამის გამო ქვეყანას პრობლემები ექმნებაო. ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდები საქართვლეოში მოვლენათა განვითარებას, მაგრამ არ მახსოვს ასეთი გაფრთხილება არც «აღორძინების», არც მისი ლიდერის მხრიდან. ყოველ შემთხვევაში მკაფიოდ გაჟღერებული.

დილის გაზეთი, 14 მაისი, 2001 წ.

მთელ გვერდზე