კვირის მიმოხილვა: არძინბა საზღვრის დაცვის საკითხში არავითარ დათმობას არ თანხმდება

კვირის მიმოხილვა: არძინბა საზღვრის დაცვის საკითხში არავითარ დათმობას არ თანხმდება

 

    როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვალერი ჩხეიძის სტუმრობა აფხაზეთში და მისი მოლაპარაკება ვლადისლავ არძინბასთან უშედეგოდ დასრულდა.
   მართალია თავად გენერალი ჩხეიძე და დეპარტამენტის სხვა მესვეურები ცდილობენ, «დიპლომატიური ფორმულებით» შენიღბონ მოლაპარაკებათა უპერსპექტივობა, მაგრამ დამკვირვებელთა უმრავლესობისთვის იმთავითვე ცხადი იყო: აფხაზი სეპარატისტები საზღვაო აკვატორიაში საქართველოს გემების შესვლას სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეეწინააღმდეგებიან და (რაც მთავარია) «ძალაც შესწევთ ქადილისა» - ჯერ კიდევ ომის განმავლობაში მათ ოცამდე თევზსაჭერი სეინერი გადააკეთეს სამხედრო საჭიროებისათვის. აგრეთვე, შეიძინეს «გრიფის» ტიპის რამდენიმე კატარღა. სამხედრო სპეციალისტები კი მათ ჩვენზე უფრო მეტი და კვალიფიცირებული ჰყავთ. იმისათვის, რომ საქართველო ზღვაზე დაეჯაბნათ (ვგულისხმობ, დღევანდელი საქართველო ამჟამინდელი შესაძლებლობებით - ავტ.) სავსებით საკმარისი იქნებოდა, რუსეთიდან ჩამოეყვანათ ასიოდე უმაღლესი კლასის სამხედრო მეზღვაური, «დაეჯილდოებინათ» ისინი გაგრიდან ან სოხუმიდან გაძევებული ქართველის ორსართულიანი სახლით და მიეცათ აფხაზეთის მოქალაქეობა.
   ასეთი მეზღვაური და სამხედრო სპეციალისტი, «აფხაზეთის რესპუბლიკისათვის» იბრძოლებს კიდეც და თავსაც გასწირავს. გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის მოქმედებს «ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების შესახებ» შეთანხმება. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ საქართველოს უდავო უფლებასა და პრეროგატივაზე – დაიცვას საკუთარი საზღვაო აკვატორია, ჩვენს მცდელობას, რეალურად გავაკონტროლოთ აფხაზეთის მიმდებარე წყლები, არა მხოლოდ რუსეთი, არამედ მსოფლიო თანამეგობრობა უეჭველად აღიქვამს, როგორც ამ შეთანხმების დარღვევას და ომის განახლებას.
   ეს რეალობაა და მას უნდა შევურიგდეთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, «მშვიდობისმყოფელი რუსეთიც» უმალვე განაცხადებს პროტესტს და ეს პროტესტები მით უფრო მწვავე იქნება, რაც უფრო მწვავედ აღიქმება მოსკოვში რუსი მესაზღვრეების გაყვანა საქართველოდან.
   «განცვიფრებას ვერ დამალავენ» ჩვენი დასავლელი მეგობრებიც, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ლტოლვილთა დაბრუნება კი არ აღელვებთ, არამედ სამხრეთ კავკასიაში «ენერგეტიკული ტრასის» გასწვრივ მშვიდობის შენარჩუნება. მათი პროტესტიც გარანტირებული გვაქვს. ხოლო თვით სეპარატისტები ყველაფერს გააკეთებენ, რათა რაც შეიძლება ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები გააჩაღონ ზღვაზე და ხმელეთზეც (ისევე, როგორც ჰაერში). არ არის გამორიცხული მათი პროვოკაციები, რომელსაც არძინბა «საპასუხო ზომებად» გამოაცხადებს.
   მაგალითად, სად არის გარანტია, რომ ზღვაზე საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე აფხაზ სეპარატისტთა ქვედანაყოფები საარტილერიო დარტყმას არ მიაყენებენ ზუგდიდს? უეჭველად ასე მოიქცევიან.
   მაშასადამე, საქართველოს მცდელობა, გააკონტროლოს შავიზღვისპირეთის აფხაზური მონაკვეთი, უეჭველად გადაიზრდება ნამდვილ ომში, რომელიც ერთი თვის წინ ძლივსძლივობით ავიცილეთ თავიდან.
   არძინბა ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ სოხუმისა და გაგრის პორტების გადაკეტვა არ დაუშვას. ეს მისი რეჟიმისათვის სიკვდილის ტოლფასია, ვინაიდან აფხაზეთში სწორედ ამ პორტებიდან შემოდის სურსათ-სანოვაგე. არ არის შემთხვევითი, რომ აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა სერგეი ბაღაფშმა კრიზისის მომწიფებისთანავე სპეციალური წერილით მიმართა თურქეთის ხელისუფლებას და სთხოვა, არ შეუშალოს ხელი აფხაზეთში გემების შემოსვლას. როგორც ჩანს, საქართველოს გადაწყვეტილებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია იმ წრეებშიც, რომლებიც სეპარატისტებს სურსათ-სანოვაგით ამარაგებდნენ. უფასოდ ისინიც არაფერს აკეთებენ - სანაცვლოდ ხე-ტყე გააქვთ აფხაზეთიდან, ამიტომ, კაპიტალის დაკარგვისა სერიოზულად შეეშინდათ. ამ საქმეში არც თურქეთია ჩვენი მეგობარი და საერთოდ, არავინ ჩვენი პატრონი არ არის, საკუთარი თავის გარდა. შესაძლოა, ვალერი ჩხეიძე (წარმოუდგენელია, იგი ყოველივე ზემოთქმულს ვერ ხვდებოდეს) არც აპირებს სეპარატისტებთან «საზღვაო ომის» გაჩაღებას და მხოლოდ შესაძლო კომპრომისთა «მოსასინჯად» გაემგზავრება სოხუმში.
   რა კომპრომისზე შეიძლება ვილაპარაკოთ? ამ თვალსაზრისით არძინბასთან ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, კიდევ ერთხელ რომ არ მოვტყუვდეთ.
   თუ ლაპარაკია აკვატორიის «ერთობლივ დაცვაზე», არძინბა შეიძლება კიდეც დაგვთანხმდეს, მაგრამ მაშინ ყოველივე აზრს დაკარგავს - რა აზრი აქვს უზარმაზარი თანხების ხარჯვას, თუ სურსათ-სანოვაგითა და იარაღით დატვირთული გემები გაგრასა და სოხუმში მაინც შევლენ? «ერთობლივ პატრულირებაში» არძინბა სწორედ ამას იგულისხმებს. გარდა ამისა, «ერთობლივი კონტროლით» ჩვენ უნებლიედ დავაფიქსირებთ აფხაზეთის სამართალსუბიექტურობას და სეპარატისტთა უფლებას, იყოლიონ შეიარაღებული ძალები, რაც აფხაზეთის დეფაქტოდ აღიარებას ნიშნავს.

სამურზაყანოელები სახლებში ბრუნდებიან.
   

    აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ჯართა პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ალექსეი ვლასოვმა, ორი დღის წინათ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ ყოველდღიურად ზუგდიდის რაიონიდან გალში ორასორმოცდაათი ლტოლვილი ბრუნდება. მისი თქმით, უკვე მოქმედებენ სამმხრივი (რუსულ-ქართულ-აფხაზური) საპატრულო ჯგუფები, რომლებიც ერთობლივად აკონტროლებენ ვითარებას გალის რაიონში. გარდა ამისა, რუსეთის სამშვიდობო ძალებმა დამატებითი პოსტები შექმნეს ქართულ სოფლებთან, რათა მოსახლეობას აარიდონ ბანდიტური ფორმირებების თავდასხმა.
   თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე, აფხაზური მხარეც აღარ უშლის ხელს ლტოლვილთა დაბრუნებას და მისი «უსაფრთხოების გარანტიებს» იძლევა. რამდენად სანდოა ეს გარანტიები - სხვა საკითხია, ოღონდ რუსეთის სამშვიდობო ძალთა წარმომადგენლის ინფორმაციას, გარკვეულწილად, დამოუკიდებელი წყაროებიც ადასტურებენ. ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში განლაგებულ ლტოლოლვილთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ ვერ ბედავს სახლებში დაბრუნებას, მაგრამ ნელ-ნელა მაინც გადადიან სამურზაყანოში, მოინახულებენ სახლ-კარს (ყველა სახლი როდი დაიწვა, ნაწილი მხოლოდ დაზიანდა) და უკანვე ბრუნდებიან. ზოგიერთები მაინც რჩებიან გალში, ვინაიდან ტყვიით სიკვდილი ურჩევნიათ საღორეში შიმშილით სიკვდილს.
   მაშასადამე, გალიდან მაისში გამოდევნილი 40 ათასი დევნილის დაბრუნების პროცესი მართლაც დაიწყო და ეს არც არის გასაკვირი. საქმე ისაა, რომ არძინბას რეჟიმს არა აქვს შესაძლებლობა, მთლიანად გააკონტროლოს გალისა და ზუგდიდის საზღვარი, ყველა გადმოსასვლელი მდინარე ენგურზე. მაისის ბოლოს სამურზაყანოში შემოჭრილი სეპარატისტული ხროვა უეჭველად «ლაშქრის» პრინციპზე იყო აგებული. «ბოევიკთა» უმრავლესობა ეთნოწმენდის ჩატარებისთანავე უკან გაბრუნდა. დარჩა მხოლოდ ორმოცდაათიოდე მილიციელი, რომელიც დიდწილად გალის ადმინისტრაციულ ცენტრშია გამაგრებული, ან «სამშვიდობო ძალთა» პოსტებს ეფარება.
   გარდა ამისა, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, სოხუმსაც და მოსკოვსაც ხელს არ აძლევს გალის საბოლოო დაცარიელება ქართული მოსახლეობისაგან. მათთვის ბევრად მომგებიანია იმ სტატუს-კვოს აღდგენა, რომელიც კონფლიქტის ზონაში მაისამდე არსებობდა, როდესაც, ჯერ ერთი, საერთაშორისო ორგანიზაციათა პროტესტის პასუხად, შეეძლოთ ეთქვათ, რომ ათიათასობით ქართველი ლტოლვილი უკვე დაბრუნდა აფხაზეთში (ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული არგუმენტი იყო), გარდა ამისა, მუდმივ შანტაჟში ჰყოლოდათ საქართველოს ხელისუფლება, ხოლო სამურზაყანოელი მოსახლეობის მეშვეობით ეკონომიკური დახმარებაც კი მიეღოთ ზუგდიდიდან.
   ზოგიერთი ცნობით, ყოველთვიურად (მაისის მოვლენებამდე) ასორმოცდაათი-ორასი ათასი დოლარის საქონელი შედიოდა ზუგდიდის რაიონიდან აფხაზეთში. იგი შეჰქონდათ იმავე ლტოლვილებს, რომლებიც შემდგომ მას ჰყიდდნენ გალის ბაზრობაზე, საიდანაც სურსათი იგზავნებოდა მთელ აფხაზეთში. «საზღვაო გზასთან» ერთად, სურსათის მიღების ეს წყარო, სეპარატისტთათვის ყველაზე მომგებიანი იყო; გაცილებით მომგებიანი, ვიდრე თვით ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა.
   თუმცა, მათ არ სურდათ რაიმენაირად ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი საქართველოზე, ამიტომ მაისის ეთნოწმენდა ერთდროულად ორ მიზანს ისახავდა: აეძულებინათ საქართველო, გაეხსნა საზღვარი ფსოუზე (უფრო ზუსტად, რუსეთისათვის მიემართა ამ თხოვნით), შემდეგ კი აღედგინათ სტატუს-კვო გალის რაიონში, ანუ სურსათის მიღების ერთდროულად სამი გზა და წყარო ჰქონოდათ.
   საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ არძინბას მომზადებულ «ოქმს» ხელი არ მოაწერა და ფსოუზე საზღვარი კვლავინდებურად ჩაკეტილია. არძინბას რეჟიმმა კი «გალის ბაზრობაც» დაკარგა, ამიტომ, იძულებული ხდება ძველი «სტატუს-კვო» აღადგინოს.
   რაც შეეხება რუსეთს, გალიდან ქართული მოსახლეობის სრული განდევნა არც მისთვისაა ხელსაყრელი – იმავე მიზეზით: გალის რაიონის ქვედა ზონაში «მშვიდობისმყოფელთა» ყოფნა დასაბუთებას მოითხოვდა. შეგახსენებთ, რომ შარშან, როდესაც პარლამენტმა მწვავედ მოითხოვა რუსეთის სამხედრო კონტინგენტის კონფლიქტის ზონიდან გაყვანა – რუსი დიპლომატები ერთხმად აცხადებდნენ (სხვებზე მეტად ჩვენი ძველი მეგობარი პასტუხოვი აქტიურობდა): «ჩვენი ცისფერჩაფხუტიანების წასვლა ნიშნავს, რომ 40 ათასი ქართველი, ვინც გალის რაიონში დაბრუნდა, უმალვე კვლავ იქცევა დევნილად». ეს არგუმენტი კრემლს მომავალშიც სურს გამოიყენოს; საამისოდ კი მასაც სჭირდება სტატუს-კვოს აღდგენა. იმავდროულად, ქართული პარტიზანული რაზმების ხელმძღვანელებმაც უნდა იცოდნენ: თუ კვლავ შეეცდებიან სტატუს-კვოს დარღვევას, შედეგი მაისის მოვლენათა ანალოგიური იქნება. ხელისუფლება პარტიზანებს ხელს არასდროს შეუშლის, რათა ვინმეს არ ათქმევინოს: «მათ სამშობლოსათვის ბრძოლა სურთ, ესენი კი ხელს უშლიანო». მაგრამ შედეგებზეც თავად უნდა აგონ პასუხი. დროა, მივხვდეთ, რომ საკუთარ მოქმედებაზე ყველა თვითონ აგებს პასუხს.

    საკონსტიტუციო სასამართლოს ურთულესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს
  

 «ლეიბორისტთა» ლიდერი, ფრიად განსწავლულ იურისტად მიჩნეული შალვა ნათელაშვილი აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს - სამხარეო ადმინისტრაციათა გაუქმების მოთხოვნით.
   შალვა ნათელაშვილს მიაჩნია, რომ ეს ინსტიტუტი ანტიკონსტიტუციურია და, ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გარკვევამდე, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, დანიშნოს რწმუნებულები მხარეებში რეგიონული მართვის უფლებით.
   ფორმალურად, ნათელაშვილი არ არის მართალი, ვინაიდან რწმუნებულთა ინსტიტუტი დაშვებულია ქვეყნის კონსტიტუციით, მაგრამ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე გულისხმობს, რომ «რწმუნებულები» გამოიყენებიან სამხარეო მოწყობის, ქვეყნის სამხარეო დაყოფის ფაქტობრივი ინსტიტუირებისათვის და სწორედ ეს მიაჩნია უკანონობად.
   რა თქმა უნდა, ნათელაშვილი თვით სამხარეო მოწყობის წინააღმდეგია. ამიტომ, პარლამენტში შესაბამისი საკითხის განხილვისას იგი საქართველოს მხარეებად დაყოფის წინააღმდეგიც იქნება, მაგრამ ამჯერად სარჩელის მიზეზად კონსტიტუციასთან «შეუსაბამობა» გამოცხადდა.
   ცოტა არ იყოს, უცნაურია, რომ შალვა ნათელაშვილის «ლეიბორისტული პარტია» კოალიციაში ერთიანდება «ტრადიციონალისტებთან»; არადა, კაკო ასათიანს წინა წლებში არაერთგზის დაუდასტურებია მხარდაჭერა სამხარეო მოწყობის იდეისადმი, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის - იგი ხომ მონარქისტია?! მაგრამ როგორ ეგუება ერთმანეთს კოალიციაში ორი პარტია, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვან საკითხში საპირისპირო პოზიციებზე დგას? თუმცა, ეს მაინც მეორეხარისხოვანი პრობლემაა. მთავარი კი ის არის, რომ საკითხი დაისვა და მან პოლიტიკური ჟღერადობა შეიძინა. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსალოდნელია მწვავე დებატები თვით შალვა ნათელაშვილის მონაწილეობით. მისი ორატორული შესაძლებლობები «სამხარეო მოწყობის» პრობლემას საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცევს და უმალვე გაირკვევა, რომ ნათელაშვილს უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა მოუვიდა - «სამხარეო მოწყობას» მხოლოდ ხელისუფლება, მხოლოდ პრეზიდენტი და მხოლოდ «მოქალაქეთა კავშირი» როდი უჭერს მხარს. არსებობს ბევრი ოპოზიციური პარტია, რომელთა საარჩევნო პროგრამები საქართველოს სამხარეო მოწყობას ითვალისწინებს. ამიტომ, ტყუილად ჰგონია ლეიბორისტთა ლიდერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ყელს ამაყად მოიღერებს და ხელისუფლებას შავ დღეს აყრის.
   საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები შესაძლოა იქცეს «რესპუბლიკელთა» პოლიტიკური რეანიმაციის საშუალებად, ვინაიდან ისინიც სამხარეო მოწყობის მომხრენი არიან. მით უმეტეს, თუ ნათელაშვილის ოპონენტები შეამჩნევენ: «რწმუნებულთა ინსტიტუტის» გაუქმებით მავანს თვით სამხარეო მოწყობის იდეის დახმარება სურს.
   ამ წამოწყებიდან არაფერი გამოვა - საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური ორგანო არ არის, მაგრამ ამ საკითხში ნებისმიერ მის გადაწყვეტილებას სწორედ პოლიტიკური ჟღერადობა ექნება. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები განსაკუთრებული ოპოზიციონერობით არ გამოირჩეოდნენ, ამიტომ, მიიღებენ იურიდიულად ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას: გაამართლებენ რწმუნებულის ინსტიტუტის არსებობას, რადგან ამ ინსტიტუტს ძირითადი კანონი ითვალისწინებს. ძალაუნებურად, ნათელაშვილი თავისი დემარშით ხელისუფლებას დაეხმარება, რაკი სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ჟღერადობას შეიძენს და თვით სამხარეო მოწყობის იდეას ერთგვარად გაამართლებს.
   ძნელი მისახვედრი არ არის, საიდან უბერავს ქარი, - იგი ბათუმიდან უბერავს. თუმცა საეჭვოა, ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო შალვა ნათელაშვილისთვის ასლან აბაშიძეს დაევალებინა საკონსტიტუციო სარჩელის აღძვრა - აჭარის ლიდერს ეს ხელს სრულებითაც არ აძლევს. მაშასადამე, არ არის გამორიცხული, ეს ისეთივე კაზუსი იყოს, როგორც «რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან» დაკავშირებით. შალვა ნათელაშვილმა გაზაფხულზე ასეთი მოთხოვნა წამოჭრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფრაქცია «აღორძინებას» არჩევნები სულაც არ ეპიტნავებოდა ცნობილი მიზეზების გამო. რაც შეეხება აჭარის ხელმძღვანელთა ნეგატიურ დამოკიდებულებას სამხარეო მოწყობის იდეისადმი, ამის კონკრეტული მიზეზი არსებობს: ოფიციალური ბათუმის აზრით, საქართველოს ტერიტორიაზე აჭარის ტოლფასი ერთეულების შექმნა ობიექტურად დააკნინებს აჭარის სტატუსს, რადგან ავტონომიური რესპუბლიკა (მიუხედავად ავტონომიის სტატუსისა) საქართველოს სხვა მხარეებს გაუტოლდება. ამიტომ, აჭარის ლიდერთა შეხედულებით სჯობს, საქართველო დარჩეს წვრილ-წვრილ რაიონებად დაყოფილ ქვეყნად, ხოლო აჭარა - ავტონომიურ რესპუბლიკად მის შემადგენლობაში.

სახელმწიფო ჰიმნის გამო შეიძლება კიდევ ერთი სამოქალაქო ომი დაიწყოს?

    ხშირად უთქვამთ, რომ ქართველები უკულტურო ერი ვართ. ჩვენ ამის, რასაკვირველია, არ გვჯერა, ცილისწამებადაც მიგვაჩნია, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ფაქტების მომსწრენი ვხდებით, ძალაუნებურად, გული გაგიტყდება და ყველაფერზე ხელს ჩაიქნევ.
   რად ღირს, თუნდაც, ევგენი მიქელაძის ორკესტრთან დაკავშირებული სკანდალი, ან აურზაური ახალი სახელმწიფო ჰიმნის თაობაზე.
   ძველი ჰიმნი რომ არაფრად ვარგა, ამაში ყველანი შევთანხმდით. მაგრამ ახალი ჰიმნიც, ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ გვექნება - ზოგიერთები ქვეყანას ავალდებულებენ, შეიქმნას ისეთი ჰიმნი, რომელიც ყველას მოეწონება.
   ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო: ჩამოყალიბდა დებულება, შეიკრიბა კომპეტენტური კომისია, გამოცხადდა კონკურსი, ჩატარდა რამდენიმე ტური, გამოვლინდნენ გამარჯვების რეალური კანდიდატები.
   მაგრამ არა, ასე «ნორმალურად» როგორ შეიძლება საქართველოში რაიმე პროცესი წარიმართოს - მით უმეტეს, როცა საქმე ვიღაცის ამბიციას ეხება. ის «ვიღაც» ხომ არასდროს აღიარებს, რომ მაგალითად კეჭაყმაძის ჰიმნი შეიძლება მისას სჯობდეს - როგორ გეკადრებათ! აქ უდიდესი უსამართლობაა, «ჩაწყობა», «სიმპათიების კონკურსია» და არა მუსიკალური კონკურსი.
   თურმე, ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა ჰიმნად არ გამოდგება, ვინაიდან პატრიოტულ-ლირიკული» ჟღერადობისაა და კლასიკურ ფორმებს არღვევს. არადა, ეს დალოცვილები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს მაინც არ უყურებენ? ბრაზილიისა და იტალიის ჰიმნები საერთოდ არანაირ «კლასიკურ ჩარჩოში» არ ეტევა, ჩილეს ჰიმნზე რომ არაფერი ვთქვათ. გარდა ამისა, არა მგონია «მარსელიეზას» ავტორს თუნდაც ორი კლასის განათლება ჰქონოდა.
   ასე ჩვენ სახელმწიფოს ვერასდროს ავაშენებთ. ვერასდროს ჩამოვაყალიბებთ ნორმალურ ურთიერთობებს დემოკრატიული სისტემის ფარგლებში - შეუძლებელია (მით უმეტეს, საქართველოში) შეიქმნას ისეთი ჰიმნი, რომელიც ყველას მოეწონება, ან აირჩეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ყველას მოსაწონი იქნება.
   მაგრამ რაკი არსებობს გარკვეული წესი და ამ წესის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება - მას უნდა შევურიგდეთ, თორემ საერთოდ ვერ მივიღებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას.
   გაუგებარია, რატომ არ უნდა დავუჯერო (ვთქვათ) კეჭაყმაძეს და რატომ არ უნდა შემეპაროს ეჭვი, რომ მის მოწინააღმდეგე კომპოზიტორებს პირადი ბოღმა და შური ამოძრავებთ?
   რატომ არ უნდა დავუჯერო კომისიას და თუ არ დაეჯერება, რატომ უნდა დავუჯერო პარლამენტს, პრეზიდენტს, სასამართლოს, ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს, რომელიც საქართველოში არსებობს და მას ტერიტორიიდან - სახელმწიფოდ აქცევს?!

დილის გაზეთი, 13 ივლისი, 1998 წ.