ვინ ძაბავს ვითარებას პანკისის ხეობაში

        საქართველო კვლავ მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებათა ყურადღების ცენტრშია. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ გლობალურ «მედიას» ჩვენი ქვეყანა რატომღაც მაშინ ახსენდება, როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლებს იტაცებენ.
        ასე იყო, მაგალითად, კოდორის ხეობაში გაეროს დამკვირვებელთა «გაუჩინარების» დროს. ასეა ამჟამადაც, როცა პანკისის ხეობაში უცნობმა პირებმა «წითელი ჯვრის კომიტეტის» (არ აგერიოთ «საერთაშორისო წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის» ფედერაციაში») ორი წარმომადგენელი (ორივე ქალი) «გააქრეს», მათთან ერთად გაქრა მძღოლიც, რომელმაც ახმეტაში მცხოვრები ქალბატონები პანკისის ხეობის სოფელ დუისისკენ წაიყვანა.
        «გლობალური მედიის» საერთო ორკესტრში განსაკუთრებული ისტერიულობით რუსეთის მასობრივი ფინორმაციის საშუალებათა კომენტარები გამოირჩევა. ბუნებრივია, რუსებმა უმალვე იყნოსეს, რომ მომხდარი მათთვის ძალზე ხელსაყრელია, ვინაიდან ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე (პანკისის ხეობაში – ჩეჩნეთის საზღვარზე) ჩეჩენი «ბოევიკების» ყოფნას.
        აბა, თუ არა «ბოევიკებს», ვის შეეძლო ფრანგი და იტალიელი ქალბატონები გაეტაცებინა? მათზე დაქორწინების მსურველები გამორიცხულია. «ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის» წარმომადგენელი, ხიზრი ალდამოვი კი ამტკიცებს, რომ ეს «ოპერაცია» რუსეთის სპეცსამსახურებმა განახორციელეს, რათა სახელი გაეტეხათ საქართველოსა და საქართველოში მცხოვრები ჩეჩნებისათვის.
        რამდენად მართალია ალდამოვი, მხოლოდ უფალმა უწყის. ამ შემთხვევაში კითხვა - «ვის აძლევს ხელს?» - მაინც არ არის ამომწურავი, ვინაიდან არ არის გამორიცხული, «წითელი ჯვრის კომიტეტის» თანამშრომელი ქალბატონები, მართლაც, «რუსულ სპეცნაზს» მოეტაცებინა, რომელიც ჩუმად შეიპარა ხეობაში.
        თუ ეს ასეა, მაშინ ქალბატონთა სულებისთვის შეიძლება მხოლოდ ვილოცოთ – მათ აწი თვალით ვეღარავინ იხილავს... ხეობაშივე დაიმარხებიან.
        მაგრამ თუ ქალბატონები ჩეჩნებმა (ადგილობრივმა ქისტებმა ან ლტოლვილებმა) მოიტაცეს, მაშინ გადარჩენის შანსი აქვთ: რამდენირმე დღის განმავლობაში საიდუმლო ადგილას ამყოფებენ და შემდეგ გამოსასყიდის საფასურად გაათავისუფლებენ, ანუ სულაც არ არის იმთავითვე «გამოსარიცხი» ის შესაძლებლობა, რომ არავითარი «გრუ»-ს სპეცნაზი ამ შემთხვევაში ხეობაში არ შეპარულა და ქალბატონები გაიტაცეს «ჩვეულებრივმა ჩეჩნებმა», რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ადამიანის გატაცება-დატყვევება, ანუ, როგორც საქართველოში უწოდებენ, «კაცის მოპარვა» ისტორიულად უცხო სულაც არ არის – პირიქით, გარკვეულწილად, ეს ისტორიული ტრადიციაა, რომელსაც (მით უმეტეს, საქართველოს ტერიტორიაზე, და არა მხოლოდ) ბევრი გადამთიელი გულდაგულ მისდევს.
        თანაც, კონკრეტულად პანკისის ხეობაში ასეთი შემთხვევები უკვე იყო _ შეგახსენებთ ტრაგიკული ისტორიას «ქართველ პატრიოტთა ლიგის თავმჯდომარის» გია ზაალიშვილისა, რომელიც გადამთიელმა (ანუ იჩქერიიდან ჩამოსულმა) ჩეჩნებმა სწორედ პანკისის ხეობაში გაიტაცეს.
        კაცმა რომ თქვას, უფრო რეალური სწორედ ეს ვარიანტია და არა მითიური «რუსული სპეცსამსახურების» ოპერაცია. აქედან გამომდინარე, თუ ლოგიკას მივმართავთ, მოვლენათა შემდგომი განვითარების «გათვლა» ძნელი არ არის: «წითელი ჯვრის კომიტეტის» წარმომადგენლებზე, დაახლოებით, ერთი-ორი თვის განმავლობაში ვერავინ ვერაფერს შეიტყობს – ამ ხნის განმავლობაში ისინი «ნეტარებაში» ეყოლებათ რომელიმე ქისტური სოფლის რომელიმე სახლის სათავსოში. ყველა სახლის გაჩხრეკას საქართველოს შინაგანი ჯარი ვერ მოახერხებს (ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი აქვთ) – მაშინაც კი, თუ ჩეჩნებმა ჯარი პანკისის ხეობაში შეუშვეს.
        შემდეგ, ასე ერთ-ორი თვის დუმილის «პაუზის დაჭერით», გამტაცებლები «ჩააწვეთებენ» ჟენევის «ოფისს», რომ შეუძლიათ დაიბრუნონ თანამშრომლები, თუ, რასაკვირველია, სოლიდურ თანხას გადაიხდიან, ოღონდ ერთი პირობით _ გათავისუფლებამდე საქმე არ უნდა გახმაურდეს.
        შემდეგ, ასე ერთი-ორი თვის დუმილის «პაუზის დაჭერით», გამტაცებლები «ჩააწვეთებენ» ჟენევის «ოფისს», რომ შეუძლიათ დაიბრუნონ თანამშრომლები, თუ, რასაკვირველია, სოლიდურ თანხას გადაიხდიან, ოღონდ ერთი პირობით _ გათავისუფლებამდე საქმე არ უნდა გახმაურდეს.
        თანხა არ იქნება იმდენად დიდი, «წითელი ჯვრის კომიტეტმა» ვერ გადაიხადოს.: უეჭველად, გადაიხდის, რის შემდეგაც, პანკისის ხეობაში აღმოჩნდება ვინმე ადგილობრივი «ლომგული ვაჟკაცი», ვინც დატყვევებულ მზეთუნახავებს გაათავისუფლებს, ხოლო მათი გამტაცებლები «გაურკვეველი მიმართულებით» გაუჩინარდებიან.
        ზუსტად ასეთ ტაქტიკას მიმართავდნენ ადამიანის გამტაცებელთა ბანდები ჩრდილოეთ კავკასიაში: ინგუშეთის მილიციის უფროსი (რომელიც თავიდანვე საქმის კურსში იყო) შემდეგ შუამავლობას კისრულობდა, ანუ წილსაც იღებდა და მადლობასაც, «გმირულად გათავისუფლებულის» ნათესავებისგან. თუმცა ბოლოს იგი სამართალდამცავებმა ორგანოებმა დააპატიმრეს და ვირის აბანოში ჩააყუდეს.
        არ დაიჯეროთ, თითქოს პანკისის ხეობის მცხოვრებლებს და უხუცესებს არ შეუძლიათ გაიგონ, კონკრეტულად ვინ მოიტაცა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლები – არ დაიჯეროთ!!! სინამდვილეში, მათ იქ ყველაფრის დადგენა შეუძლიათ – განურჩევლად იმისა, ადგილობრივ ქისტებს ეხება თუ ჩამოსულ «ლტოლვილებს».
        ამდენად, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად პრინციპულ პოზიციას დაიკავებს საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში: მომხდარი ინციდენტი მას აძლევს საბაბს (დაკარგულთა ძებნის მოტივით) ძლიერი საპოლიციო ქვედანაყოფები შეიყვანოს და განალაგოს პანკისის ხეობის ქისტურ სოფლებში. დაუშვებელია, ვინმემ იქ წინააღმდეგობა გაბედოს! რუსები მხოლოდ ტაშს დაგვიკრავენ, თუ (მაგალითად, ღმერთმა ნუ ქნას) ხეობაში ომი ატყდება და სოფლებს საქართველოს არტილერია დაბომბავს. რაკი არ სურთ, საქმე იქამდე მივიდეს, ვალდებულნი არიან თვითონ დაიხსნან დატყვებულნი – მათ შესანიშნავად იციან, სად ჰყავთ ისინი დამალული.
        საქართველო არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ ლტოლვილები შეიფარა და ჩვენი ქვეყანა არ უნდა წარმოჩნდეს ისეთ სახელმწიფოდ, სადაც უცხოელის ჩასვლა, უბრალოდ საშიშია. მეორე მხრივ, იმ ორგანიზაციათა წარმომადგენლებსაც მეტი სიფრთხილე მართებთ, თორემ ასე დაუცველად, მოუმზადებლად (მარშრუტიც არავისთვის შეუტყობინებიათ) დაძაბულობის კერაში გამგზავრება მეტისმეტი რისკია.

მერიდიანი, 7 აგვისტო, 2000 წელი

მთელ გვერდზე