როგორი იქნება 1999 წელი?

როგორი იქნება 1999 წელი?

       ციფრებს კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
    საფრანგეთისა და ინგლისის მონარქთა ბრძანებით 1666 წელი მათ სამეფოებში არც აღუნიშნავთ, ვინაიდან 666 სატანის ციფრია; თუმცა რომის პაპმა სპეციალური ენციკლიკით დაადგინა (რასაც ყველა სხვა ქრისტიანული ეკლესია დაეთანხმა), რომ თვით ციფრი არაფრისმთქმელია, - იგი მხოლოდ სიმბოლოა, ანუ გააჩნია, კონკრეტულ შემთხვევაში რა აზრი იდება მასში.
    მიუხედავად ამისა, ადამიანთა მოდგმას აქვს სურვილი და მისწრაფება, სიმბოლოებს დიდი ყურადღებით მოეპყრას. 1999 - თავისთავად სიმბოლური ციფრია და მასში იმთავითვე არის საკრალურად ჩადებული უკეთესი მომავლის იმედი - თავისთავად ჟამთა მსვლელობა და დროის ფუნქცია არაფერს ნიშნავს. მაგრამ 1999-2000 იმდენად მნიშვნელოვანი სიმბოლოა, იმდენად დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის, საზოგადოების ფსიქოლოგიაზე, რომ კონკრეტული «ხელშესახები» შედეგიც უეჭველად ექნება პოლიტიკური თვალსაზრისით.
    იქმნება განსაკუთრებული განწყობა, რაც აიძულებს პოლიტიკოსებს იგი გაითვალისწინონ თავიანთ ქმედებებში.
    ახალი საუკუნისა და მესამე ათასწლეულის მოახლოება თავისთავად იქცევა პოლიტიკურ ფაქტორად, - ერთგვარ პოლიტიკურ დომინანტად.
    ხომ წარმოუდგენელია კაცობრიობა ახალი მსოფლიო ომით შეხვდეს III ათასწლეულს? ზესახელმწიფოები (უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატები) ამას უეჭველად გაითვალისწინებენ, მაგრამ ჰუსეინის მსგავსი მარაზმატული დიქტატორებიც აუცილებლად შეეცდებიან, «ჩაუშხამონ» ცივილიზებულ კაცობრიობას ეს სიხარული და სწორედ სიმბოლურადვე «შეაბიჯონ» ახალ ათასწლეულში ძველი, გადაუწყვეტელი პრობლემებით, - მცირე მასშტაბის კონფლიქტით, რომელიც ახალ ეპოქაში რეაქციისა და ფუნდამენტალიზმის გაგრძელებას ნიშნავს.

როგორი იქნება 1999 წელი საქართველოსთვის? იქონიებს თუ არა ზეგავლენას ეს ფსიქოლოგიური სინდრომი ჩვენს ქვეყანაზე? ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე თუ პოლიტიკურ სპექტრზე, მოვლენათა განვითარებაზე?
    თუ გულწრფელნი ვიქნებით - დიდად საეჭვოა.
    ქართული პოლიტიკა კვლავ საოცრად პროვინციულია. ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოება, - მით უმეტეს, პოლიტიკური ელიტა, ანუ ისტებლიშმენტი.
    ჩვენში პოლიტიკა ყოველთვის ეფუძნებოდა პირად და ჯგუფურ ამბიციებს; «მაღალი იდეალები» პოლიტიკოსთა დიდი ნაწილისთვის მხოლოდ საშუალებაა მიზნის მისაღწევად; ბევრი მათგანი კი ამას არც მალავს.
    ამიტომ 1999 წელი საქართველოსთვის ამ თვალსაზრისით «ჩვეულებრივი» იქნება, ანუ კვლავ გაგრძელდება ჩვეულებრივი, აწ უკვე მოყირჭებული «ვირთხების დოღი» - განსაკუთრებით «ფინიშის» - საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე.
    არანაირ სიმპათიას ქართული პოლიტოკრატია არ იწვევს და რასაკვირველია, არც იმსახურებს, - სწორედ მის სინდისზეა 1988-1993 წლების საზარელი ეროვნული ტრაგედია. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ ეპოტინება ხელისუფლებას და იმასაც კი ცდილობს, ისევ ჩააბას მოსახლეობაც ამ «ვირთხების დოღში».
    კიდევ კარგი, მოსახლეობამ (ელექტორატმა) კარგა ხანია ისწავლა ჭკუა და ასე ადვილად მოწოდებებს აღარ აჰყვება; ისევე, როგორც ადვილად არ დაიჯერებს დაპირებებს.
    პოლიტიკისა და პოლიტიკოსისათვის (არა მხოლოდ ქართული პოლიტიკისა თუ ქართველი პოლიტიკოსისათვის) ცინიზმი აუცილებელი თვისებაა, ურომლისოდაც პოლიტიკა სუსტდება; ასევე მოსახლეობის, ელექტორატის უდიდესი უმრავლესობა იმავე ცინიზმით (დავარქვათ მას პრაგმატიზმი) უნდა აღიჭურვოს გადაწყვეტილების მიღებისას საარჩევნო ყუთთან. სხვა შემთხვევაში უეჭველად წააგებს.
    1999 წელი საქართველოში არჩევნებისთვის მზადების ნიშნით ჩაივლის; ყველა მოვლენა, ყველა განცხადება, ყველა დემარში სწორედ ამ რაკურსით განიხილება.
    რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ჩვენი ქვეყნისთვის იგი არ იქნება რაიმე საკრალური მნიშვნელობის მატარებელი.
    ისევ და ისევ მოსახლეობის მარაზმატულობამდე მისული პოლიტიზებულობის გამო, არა და არ «დამთავრდა არჩევნები».
    ჩვენს ქვეყანაში, 1987 წლიდან დაწყებული, გაუთავებელი პოლიტიკური აქტივობაა, გაუთავებელი არჩევნებია, თანაც როგორი არჩევნები?! თითოეული მათგანი «საბედისწეროა», განმსაზღვრელი» და ასე შემდეგ.
    ვიდრე ასეთი სიტუაცია იქნება ქვეყანაში, მდგომარეობა შინაარსობრივად არ გამოსწორდება.
    ნორმალური მდგომარეობა ის არის, როდესაც მოსახლეობის 95 პროცენტი აბსოლუტურად გულგრილია პოლიტიკისადმი, - მხოლოდ ხანდახან შეავლებს ხოლმე თვალს პოლიტიკურ ოლიმპს, ხოლო რეგულარული რიგითი არჩევნების დროს უკანასკნელ მომენტში იღებს გადაწყვეტილებას საკუთარ მისწრაფებებსა და პრაგმატულ დასკვნებზე დაყრდნობით.
    საქართველოში ამას ვერა და ვერ მივაღწიეთ, - გაუთავებელი პოლიტიკური «ავრალი» გვაქვს, ანუ ისეთი სიტუაცია, რომელსაც ყველაზე ზუსტად ესადაგება ლოზუნგი «სამშობლო საფრთხეშია». ამ ლოზუნგის კონკრეტული გამოხატულებაა პარლამენტის სხდომების გაუთავებელი ტრანსლირება პირველი სატელევიზიო არხით. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამგვარი რამ წარმოუდგენელია, - მაშასადამე, საქართველოში მძვინვარებს პოლიტოკრატიის დიქტატურა და ამ დიქტატურისგან თავის დასაღწევად ერთადერთი საშუალება ისევ და ისევ არჩევნებია.
    მიუხედავად უამრავი, განსხვავებული პროგნოზისა, მაინც მგონია, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში ქართული პოლიტოკრატიის საბოლოო განადგურების აქტად იქცევა. თუ ეს პროგნოზი გამართლდა - მაშასადამე, საქართველოს მოსახლეობას, ქართულ ელექტორატს, როგორც იქნა, უსწავლია ჭკუა და პრაგმატული ჩვევები შეუთვისებია.
    რასაკვირველია, არჩევნების შედეგს ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, რომლებიც 1999 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების სხვადასხვა ასპექტს უკავშირდებიან.
    უპირველეს ყოვლისა, ეს უკვე ეკონომიკაა. შეძლებს თუ არა ხელისუფლება 1998 წლის ეკონომიკური კრიზისის შედეგთა დაძლევას? ალბათობის თეორიის შესაბამისად, წლეულს გვალვა აღარ უნდა განმეორდეს. თუ სტიქიამ მართლაც ასეთი სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას, მაშინ წლეულს მაინც, ეს შედეგი ნაწილობრივ უნდა აღმოიფხვრას, ანუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება უნდა გაიზარდოს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მრავალ ეკონომიკურ მაჩვენებელს.
    აქ იმდენად სასურსათო დეფიციტზე არა გვაქვს საუბარი (ფაქტია, რომ გვალვის მიუხედავად, პროდუქცია არა თუ არ გაძვირებულა, არამედ დეფლაციაც გრძელდებოდა) რამდენადაც სავაჭრო ბალანსზე, საერთო წარმოების დონესა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპზე;
    გარდა ამისა, იმავე «ალბათობის» შესაბამისად, რომელიც, რაოდენ საოცრადაც უნდა მოგვეჩვენოს, მათემატიკაზე არანაკლებ ზუსტ მეცნიერებადაა მიჩნეული, - რაკი 1998 წელს მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა პიკს მიაღწია და მისი «რეგრესიც» დაიწყო, 1999 წელი ამ თვალსაზრისით შედარებით სტაბილური იქნება.
    ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებამ, როგორც იქნა, გაბედა ჭეშმარიტად რეფორმისტული (არსით ლიბერალური) გადაწყვეტილების მიღება და «გაათავისუფლა» ლარის კურსი სახელმწიფო რეგულირებისგან.
    სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ეროვნული ბანკის პერმანენტული ინტერვენციები «სახელმწიფო რეგულირების» ერთგვარი ფორმა იყო.
    ასეთი «რეგულირება» კი ყოველთვის წარმოშობს სპეკულაციის, სახელმწიფოს ხარჯზე ხელის მოთბობის საშუალებას.
    მაგალითად, უკვე აშკარაა, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციები საშუალებას აძლევდა ფინანსურ სპეკულანტებს, გვარიანად გამდიდრებულიყვნენ «თამაშით» სავალუტო ბირჟასა და «შავ ბაზარზე» არსებულ კურსთა სხვაობაზე; ახლა კი პირიქით, - «გარე ვაჭრობაზე» ლარის კურსი უფრო მაღალია, ვიდრე ფიქსირდება «ოფიციალურად» ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ვაჭრობის შედეგად.
    ამრიგად, მიუხედავად დემაგოგთა პოპულისტური განცხადებებისა, «სახელმწიფო რეგულირების» შეწყვეტა ამ სფეროშიც უაღრესად სასარგებლოა, რის შედეგსაც უკვე წლეულს ვიგრძნობთ.
    რაც უფრო ნაკლებია სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში, - მით უკეთესი ეკონომიკისთვის, ოღონდ, რასაკვირველია, იმავდროულად სახელმწიფომ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს პირნათლად: დაიცვას საზღვრები, აღკვეთოს კრიმინალი და აკრიფოს გადასახადები. თუ სახელმწიფო ამას ვერ ახერხებს, მაშინ «ლიბერალიზმსა» და «სოციალიზმზე» საუბარი უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ყოველგვარი «კონცეფცია» უაზრო ხდება სახელმწიფოს უძლურების პირობებში.
    ამრიგად, საქართველოს პოლიტიკურ განვითარებას წლეულს დიდწილად განსაზღვრავს სახელმწიფო სტრუქტურათა სიმყარე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური პროცესების მართვა საერთოდ შეუძლებელი გახდება: ხელფასების დარიგების პარალელურად გაიზრდება ფულადი მასა მიმოქცევაში, რაც უმალვე «დააწვება» ლარს უმძიმეს ტვირთად იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ (ხელისუფლებამ) ვერ მოახერხა ამ მასის შემცირება გადასახადების მობილიზებით.

მაშასადამე, 1999 წელი არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრივ სტრუქტურათა, არამედ თვით ხელისუფლების ქმედითობის გამოცდაც გახდება.
    ხელისუფლების შანსი მომავალ არჩევნებზე მით უფრო მაღალი იქნება, რაც უფრო მეტად შეძლებს იგი ამ ფუნქციის შესრულებას, - გადასახადების აკრეფას, ხელფასების დარიგებას და ასე შემდეგ.
    მეორე მხრივ, ბევრ დამკვირვებელს ყურადღებიდან გამორჩა ის გარემოება, რომ ლარის ლიბერალიზაციამ, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის კურსის დაწევამ, მნიშვნელოვანი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს საზოგადოების (მაშასადამე ელექტორატის) სოციალურ სტრუქტურაზე:. დოლარის «გაძვირებამ» გააძვირა იმპორტი, ანუ, სოციალურ შედეგთა მხრივ, ლარის ლიბერალიზაცია უშუალოდ შეეხო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც წვრილი ვაჭრობით ირჩენდა თავს.
    ჩემი აზრით, ეს სოციალური პროცესი 1999 წელს ერთ-ერთი უმთავრესი იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, რა შედეგს გამოიღებს იგი კონკრეტულად, რა თვალსაზრისით შეცვლის პოლიტიკურ სპექტრს, - მაინც ძნელი სათქმელია.
    ეკონომიკასთან შედარებით აფხაზეთის (მით უმეტეს, ცხინვალის რეგიონის) პრობლემა გაცილებით ნაკლებ ზეგავლენას მოახდენს ელექტორატის განწყობაზე. ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ «პოლიტოკრატიულ» რიტორიკაში იკლო აფხაზეთის თემამ. ეს პრობლემა ოპოზიციისთვისაც წამგებიანი ხდება, ვინაიდან მას არ სურს იკისროს პასუხისმგებლობა.
    მაშასადამე, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ 1999 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთა პრობლემა დაკონსერვებულად დარჩეს. ალბათ, მაინც გაგრძელდება ფუჭი და უნაყოფო მოლაპარაკებანი.
    უშუალოდ კონფლიქტის მოწესრიგებასთან «წყლის ნაყვას» საერთო ბევრი არაფერი აქვს, ვინაიდან ორივე მხარე ხვდება, რომ პრობლემა ყველა თვალსაზრისით ჩიხშია მოქცეული.
    რაც ძალზე ნიშანდობლივია: სეპარატისტებს უკვე აღარ აქვთ შანსი, გამოიყენონ ქართულ პოლიტიკაში არსებული შიდა წინააღმდეგობანი საკუთარი მიზნებისათვის. სწორედაც მათი უკანასკნელი შანსი იყო შევარდნაძის «ჩატყუება» სოხუმში საქართველოს დამღუპველი დოკუმენტების ხელმოსაწერად, რაც საბედნიეროდ ვერ მოახერხეს.
    თუმცა, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა განგებ შექმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს სოხუმში ჩასვლას აპირებდა, რათა სეპარატისტთა ლიდერი მოახლოებული გამარჯვების მოლოდინით აღევსო.
    მართლაც, არძინბას შეცდომა - შეცდომაზე მოუვიდა, რამაც სერიოზულად შეარყია მისი პოზიციები აფხაზ სეპარატისტთა შორის.
    ამჟამად კი, არძინბას საერთოდ არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
    სოხუმში ხელმოსაწერად «გამზადებული» დოკუმენტების შესაბამისად, აფხაზეთს ეხსნებოდა ყოველგვარი ეკონომიკური სანქცია, ხოლო ლტოლვილები ჰიპოთეტურად გალის ზონაში უნდა დაბრუნებულიყვნენ მხოლოდ არძინბას ხელისუფლების იურისდიქციის პირობებში, რაც აგრეთვე ზღაპარია.
    «სოხუმში» ჩასვლაზე უარმა საქართველოს ხელისუფლებას საშუალება მისცა, ბოლომდე ამოეწურა სეპარატისტებთან პირდაპირი თუ არაპირდაპირი მოლაპარაკების შესაძლებლობა. ამიერიდან, სულ ცოტა, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აფხაზეთთან დაკავშირებით რაიმე სერიოზულ «დემარშებს» და «გარღვევებს» არ უნდა ველოდოთ, ვინაიდან «ჩასაფრებული ოპოზიციის არსებობის პირობებში ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯს, რაც პოლიტიკურ ოპონენტებს თუნდაც ირონიული ღიმილისა და ქილიკის საშუალებას მისცემს.
    გამორიცხულია, საქართველოს პოლიტიკურ ოლიმპზე არსებობდეს რაიმე ძალა, რომელიც აფხაზეთთან დაკავშირებით ვითარების გამწვავებას შეეცდება (სერიოზულ ძალას ვგულისხმობ), ვინაიდან, რაც ყველაზე მთავარია, «ომის ფაქტორი» უკვე გამოირიცხა ქართული პოლიტიკიდან.
    ომი ქართულ ისტებლიშმენტში აღარავის აძლევს ხელს, ამიტომ წელს მოლაპარაკებები წარიმართება ახალი ფორმატით: «ლტოლვილთა დაბრუნება აფხაზეთში - საქართველოს იურისდიქციის აღდგენის პარალელურად».
    ეს ფორმატი კატეგორიულად მიუღებელია არძინბასთვის, იგი უეჭველად იტყვის, რომ «საქართველოს ხელისუფლება თვითნებურად ცვლის ფორმატს», მაგრამ ამ «თვითნებურობაში» უკანონო არაფერია. საქართველოს აქვს უფლება, მოითხოვოს თავისი იურისდიქციის აღდგენა აფხაზეთის ტერიტორიაზე, ვინაიდან ეს ტერიტორია «დამოუკიდებლად» არავის უცნია; თუმცა, შეიძლება კიდეც ცნონ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები «ძველი ფორმატით» გაგრძელდა.
    ამრიგად, მოლაპარაკებათა გაგრძელება «ახალი ფორმატით» არა მხოლოდ პოლიტიკურად ხელსაყრელია, არამედ ერთადერთი გამოსავალიცაა შექმნილი მდგომარეობიდან. ოღონდ საერთო «ჩიხს» პრობლემის მოწესრიგებაში «ფორმატის შეცვლა», ბუნებრივია, ვერ დაძლევს, მაგრამ მოლაპარაკებათა «ძველი ფორმატით» ხელისუფლება თავადაც ირთულებდა საქმეს და სწორედ სეპარატისტებს უძლიერებდა ჩიხიდან გამოსვლის შანსებს.
    1999 წელი ამ თვალსაზრისით გარდამტეხი იქნება, - არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ხელისუფლება უეჭველად შეწყვეტს ისეთ მოლაპარაკებებს, რომლებიც არაფერს იძლევიან და მხოლოდ მის დისკრედიტაციას იწვევენ - ოპოზიციას მატებენ ქილიკის საშუალებასა და შესაძლებლობას.
    ანუ, ეს საკითხი მეტ-ნაკლებად გარკვეულია და პროგნოზირების ასპარეზიც საკმაოდ ფართოა: შეუძლებელია წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებამ იმოქმედოს საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
    რაც შეეხება «სამხრეთ ოსეთის კონფლიქტს» - წლეულს ალბათ, საბოლოოდ დადასტურდება, რომ ილუზია ამ კონფლიქტის «სიიოლის» შესახებ (აფხაზეთთან შედარებით) სწორედ ილუზიაა და არა რეალობა.
    ყოველ შემთხვევაში, ვერც ერთი ნაბიჯი სამხრეთ ოსეთის იმ ნაწილში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის თვალსაზრისით, სადაც ეს იურისდიქცია 1992 წელს უკვე არ ვრცელდებოდა, - ოფიციალურმა თბილისმა ვერ გადადგა.
    კიდევ კარგი, არ არსებობდა ობიექტური აუცილებლობა იმისა, (გამომდინარე შიდაპოლიტიკური ვითარებიდან), რომ ოსებთან «აფხაზური ფორმატით» წარმართულიყო მოლაპარაკება. არანაირ დათმობაზე ოსი სეპარატისტები არ წავლენ საქართველოს მიმართ; ეს გამორიცხულია. მათი პოზიცია უფრო სუსტია, ვიდრე აფხაზეთელი სეპარატისტებისა, - სწორედ ეს ქმნიდა «სიიოლის» ილუზიას, მაგრამ რაკი კონკრეტული შეთანხმების მიღწევა მაინც ვერ მოხერხდება, საქართველოს ხელისუფლება (ისევ და ისევ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე) შეწყვეტს მოლაპარაკებას ოსურ მხარესთან, ან უპირატესობას მიანიჭებს ეკონომიკურ პრობლემატიკას, რათა კიდევ უფრო განმტკიცდეს მთავარი (შეიძლება ითქვას, ერთადერთი, მაგრამ მაინც ძალზე მნიშვნელოვანი) მიღწევა - ქართული მოსახლეობის «დამაგრება» შიდა ქართლში და საერთო სტაბილურობა.
    მოსალოდნელია, მაგალითად, რომ ცხინვალელ ოსებთან მიაღწიონ შეთანხმებას «ერთობლივი ტრანზიტის» შესახებ როკის გვირაბის გავლით. ეს ხელსაყრელია ორივე მხარისათვის ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ გააჩნია, რა ფორმით განხორციელდება ერთობლივი კონტროლი: თუ დაწესდება ერთობლივი პატრულირება როკის გვირაბთან, - ეს დღევანდელ პირობებში მისასალმებელია, მაგრამ ოსები უეჭველად შეეცდებიან ეს საკითხიც გამოიყენონ თავიანთი «სამართალსუბიექტურობის» დასაფიქსირებლად.
    გარდა ამისა, საკითხავია, რას მოასწავებს ვაჟა ლორთქიფანიძის ჩართვა ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში? თუ სახელმწიფო მინისტრი იმავე ფორმატში წარმართავს მოლაპარაკებას, როგორც აფხაზეთში, - სულ მალე ანალოგიური სამართლებრივი და იურიდიული პრობლემებიც შეიქმნება.
    თუმცა, მეორე მხრივ, ლორთქიფანიძის «ცხინვალისკენ» შებრუნება შეიძლება ნიშნავდეს აგრეთვე «ცხინვალის ვარიანტის», ანუ ერთგვარი კონდომინიუმის გადმოტანას აფხაზეთში - თუნდაც, გალის რაიონში, რაზეც არძინბა კატეგორიულად არ თანხმდება.
    ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ ცხინვალშიც და აფხაზეთშიც აქტიურობის თვალსაზრისით ბევრად ფრთხილად უნდა იყოს. სეპარატისტები ყოველთვის (მოჩვენებითი გულგრილობის მიუხედავად) უდიდესი ყურადღებით ადევნებენ თვალს თბილისში მოვლენათა განვითარებას. ისინი გაფაციცებით ელიან შესაძლებლობას, გამოიყენონ ხელისუფლების წინასაარჩევნო პრობლემები, რათა გარკვეული დივიდენდი მიიღონ. ერთი ნაბიჯით მაინც წაიწიონ წინ იურიდიული აღიარების სტრატეგიული მიზნისაკენ, მაგრამ ქართული საზოგადოების საერთო განწყობა სეპარატისტთა სასარგებლოდ ნამდვილად არ იცვლება; აქედან გამომდინარე, უტყუარია დასკვნა, რომ 1999 წელს საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს არც ერთ ნაბიჯს, არ გამართავს არც ერთ მოლაპარაკებას, თუ მისი შედეგი თვალნათელი არ იქნება, ხოლო რაკი «შედეგიანი» (ჩვენი გაგებით) მოლაპარაკება სეპარატისტებისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია, - წლეულს ორივე მიმართულებით დიალოგი ისევე «გაიყინება», როგორც თვით კონფლიქტურ ზონებშია მდგომარეობა გაყინული.
    რა თქმა უნდა, არსებობს საშიშროება, რომ რუსეთისა და სეპარატისტული ელიტების ინტერესები კვლავ დაემთხვეს ერთმანეთს და მათ, თავის მხრივ, სცადონ სიტუაციის დესტაბილიზაცია კონფლიქტის ზონაში, რათა აიძულონ ხელისუფლება წავიდეს დათმობებზე «წინასაარჩევნოდ» სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
    ბუნებრივია, ნებისმიერი დესტაბილიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაასუსტებს ხელისუფლების პოზიციებს; თუ, რასაკვირველია, ამ დესტაბილიზაციას შედეგად არ მოჰყვა საქართველოს იურისდიქციის აღდგენა დაკარგულ ტერიტორიებზე, - რაც 1999 და საერთოდ, უახლოეს წლებში შეუძლებელი იქნება რეალობიდან გამომდინარე.
    ამრიგად, სწორედ 1999 წელს (კიდევ უფრო მეტად, ვიდრე შარშან) ქვეყანა აღმოჩნდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე.
    კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: დესტაბილიზაცია შეუძლებელია რუსეთის აქტიური თუ პასიური მხარდაჭერის გარეშე. ამგვარად, იკვრება «ჩაკეტილი წრე:» საქართველოს ობიექტურად აღარ აძლევს ხელს სეპარატისტებთან მოლაპარაკების გამართვა «ძველი ფორმატით»; ასევე არ აძლევს ხელს «ძველი ფორმატი» ხელისუფლებას სუბიექტური მიზეზით; მაგრამ იმავე სუბიექტური მოსაზრებებით, სეპარატისტებსა და მათ ზურგს უკან მდგომ რუსეთსაც ხომ არ აძლევს ხელს მოლაპარაკებების შეწყვეტა?
    წარმოუდგენელია მათ არ სცადონ ასეთი «ხელსაყრელი მომენტის» გამოყენება, როგორიც ექმნებათ 1999 წელს, - არა მხოლოდ «ფორმატის შესანარჩუნებლად», არამედ საკუთარ პოზიციათა გასაძლიერებლად, საბოლოო შედეგთან დასაახლოებლად და საქართველოზე ზემოქმედების გასაძლიერებლად;
    ამასთან დაკავშირებით, აქვე უნდა დაისვას კითხვა: უნდა გაგრძელდეს თუ არა პარიტიზანთა მხარდაჭერა 1999 წელს? თუ მაინც უნდა გაგრძელდეს, რა ფორმით, რა ხერხებით, რა დოზით?
    რასაკვირველია, როდესაც ვამბობთ «მხარდაჭერა», ვგულისხმობთ თვით პარტიზანულ მოძრაობას, ანუ იგივე კითხვა შეიძლება დაისვას სხვაგვარად: უნდა გაგრძელდეს თუ არა პარტიზანული მოძრაობა თუნდაც გალის რაიონში? ხომ არ გამოიყენებენ სეპარატისტები ამას პროვოკაციისთვის?
    თუმცა, ეს მაინც ტაქტიკური ხასიათის კითხვაა - ნებისმიერ შემთხვევაში, სულაც რომ არ იყოს პარტიზანული მოძრაობა, ზემოხსენებული მიზეზით სეპარატისტები მაინც თავისას იზამენ; ამიტომ გამოსავალი ერთადერთია: საქართველომ უნდა მოიპოვოს დამატებითი საერთაშორისო გარანტიები, რათა რუსეთმა ვეღარ შეძლოს სიტუაციის დესტაბილიზაცია აქტიური ან პასიური პოზიციით;
    უპირველეს ყოვლისა, ასეთი საერთაშორისო გარანტია იქნება ევროსაბჭოში გაწევრიანება 25 იანვარს.
    თუმცა, უკვე იგრძნობა, რომ ძალიან სერიოზული ძალები აპირებენ წინააღმდეგობა გაუწიონ საქართველოს გაწევრიანებას, - სხვადასხვა მოტივით, სხვადასხვა საბაბის გამოყენებით.
    ევროსაბჭო შეუქმნის საქართველოს გარანტიებს, მისცემს მას გარკვეულ ტრიბუნას თავის დასაცავად - ევროპულ სახელმწიფოთა ყურადღების მისაპყრობად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე სადაც რუსეთმა იკისრა მშვიდობისმყოფელის» ფუნქცია, მაგრამ ამ ფუნქციას არ ასრულებს - პირიქით, იყენებს მას ვითარების დესტაბილიზაციისა და სისხლისღვრის ესკალაციისათვის. ეს არგუმენტები უეჭველად გაჭრის. მით უმეტეს, ევროსაბჭოს ტრიბუნიდან.
    მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი გარანტია იქნება ნავთობსადენის საკითხის გადაწყვეტა. 1999 წელს «დიდი ნავთობსადენის» მარშრუტი საბოლოოდ უნდა გაირკვეს. ამჟამად დისკუსია მიმდინარეობს მხოლოდ იმის თაობაზე, საით გაემართება «დიდი მილსადენი» საქართველოდან: გადაკვეთს იგი საქართველოს ტერიტორიას, შემდეგ თურქეთს და ხმელთაშუაზღვისპირა პორტ ჯეიჰანამდე მივა თუ დასრულდება შავიზღვისპირა სუფსაში? ორივე ვარიანტი საქართველოსთვის მისაღები და ხელსაყრელია, მაგრამ მეორე უფრო მეტად, ვიდრე პირველი.
    ნებისმიერ შემთხვევაში, «დიდი ნავთობის» პრობლემა წლეულს საბოლოოდ გადაწყდება, - გაირკვევა მარშრუტი და დაიწყება მშენებლობა.
    ამრიგად, ამოქმედდება ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის პირველი შტო, - დიდი სახელმწიფოები სისხლხორციელად იქნებიან დაინტერესებულნი საქართველოს სახელმწიფოებრივი სტაბილურობით.
    თუ აუცილებელი გახდა, ისინი ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურ მხარდაჭერასაც აღმოუჩენენ, რაც დღევანდელ პირობებში (როცა რუსეთი დასავლეთზე დამოკიდებულია როგორც არასდროს) უაღრესად ქმედითი და მნიშვნელოვანი იქნება.
    თუ გულწრფელნი ვიქნებით, სტრატეგიულ საკითხებზე ქართულ პოლიტიკაში აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება არსებობდეს. არის სიტუაციები, როდესაც «სხვა გზა» უბრალოდ არ არსებობს. პოლიტიკურ განზრახულობათა თეორია ალბათობას ვერ იტანს; ისევე, როგორც თვით პოლიტიკა ვერ იტანს სენტიმენტებს;
    ყოველი ახალი წლის დადგომასთან ერთად საზოგადოებრივი ატმოსფერო, საქართველოში (პოლიტიკასთან მიმართებას ვგულისხმობ) სულ უფრო ცივი და უმოწყალო ხდება;
    ვინ იცის, იქნებ ეს სასიკეთო პროცესიცაა. ოდესმე ხომ უნდა ვისწავლოთ ჭკუა, ანუ ვისწავლოთ საკუთარ მწარე შეცდომებზე?
   

დილის გაზეთი, 11 იანვარი, 1999 წელი