ჩამოგვაწერენ თუ არა ვალებს?

        საქართველოს პრეზიდენტის განცხადება «ვალების ჩამოწერის» თაობაზე მეტად ნიშანდობლივი მოვლენაა. იგი უცდომლად მიუთითებს, რომ ეს საკითხი ოფიციალური თბილისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხდება.
        თანაც, გასულ კვირას გაკეთებული განცხადება პირველი არ არის. რამდენიმე კვირით ადრე ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ ოკინავას სამიტზე საქართველო არ მოხვდა იმ 52 უღარიბეს ქვეყანას შორის, რომელსაც დასავლეთმა ვალები აპატია.
        ოკინავას გ-8 (რვა ყველაზე განვითარებული ქვეყნის პრეზიდენტი) შეხვედრაზე, რომელსაც «მერვე წევრად» ღარიბი ნათესავისა და «ატომურრაკეტებიანი მათხოვრის» სტატუსით რუსეთიც შეემატა, პრეზიდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, აპატიონ ვალები მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს.
        მათ რიცხვში საქართველო არ მოხვდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ... არ არის იმდენად ღარიბი, ასეთ «რეიტინგ ლისტში» მოხვედრილიყო. რა თქმა უნდა, თუ ქართველი «მემარცხენეების» იდეოლოგიური შტამპებით ვიმსჯელებთ, გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველო არ ჩაითვალოს უღარიბეს ქვეყნად, როდესაც საშუალო თვიური ხელფასი თვეში 20 დოლარია (საუკეთესო შემთხვევაში), ხოლო პენსია – 7 დოლარი (არც კი?) მაგრამ «დიდი შვიდეული» სხვა მონაცემებს ეყრდნობა. ის, რომ საქართველოში ხელფასი და პენსია მიზერული ოდენობისაა, ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ერთია ოფიციალური სარგო და მეორეა, რეალური შემოსავალი. საქართველოში საშუალო შემოსავალი ერთ სულზე უფრო მაღალია, ვიდრე ხსენებულ 52 ქვეყანაში. ოფიციალური ხელფასი და პენსია აქ არაფერ შუაშია. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 80 პროცენტი) სულაც არ არის დამოკიდებული მხოლოდ ოფიციალურ შემოსავალზე: ზოგი წვრილი ვაჭრობით ირჩენს თავს, ზოგი კონტრაბანდით, ზოგიც ათასგვარი სხვა საქმიანობით და ა.შ.
        ოკინავას სამიტის მონაწილეები ეყრდნობოდნენ არა საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ მონაცემებს (ასე ყველა ხელისუფლება იტყვის, - ხალხი შიმშილით მიკვდება და ვალები ჩამომაწერეთო), არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის იმ კვალიფიციურ ექსპერტთა გათვლებს, რომლებსაც ვერაფერს გამოაპარებ და თავგზას ვერაფრით აუბნევ.
        სხვაგვარი ასხნა ამ ფენომენს არა აქვს: საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი, მართლაც ასეთი დაბალი რომ იყოს და მოსახლეობის 99 პროცენტი შიმშილობდეს (როგორც ოპოზიცია ამტკიცებს), მაშინ გაუგებარია, რატომ «დაჩაგრავდა» დასავლეთი მისადმი სრულიად ლოიალურად განწყობილ საქართველოს და რატომ არ შეიტანდა უღატაკეს ქვეყანათა «რეიტინგ ლისტში».
        მაშასადამე, საქართველო ცხოვრების დონის უმთავრესი მაჩვენებლით (ერთ სულზე შემოსავლით), მართლაც, არ არის ასეთ დაბალ დონეზე. თუმცა არც ესაა საამაყო: მსოფლიოში 200-ზე მეტი ქვეყანაა. აქედან 52 სახელმწიფოს დასავლეთმა ვალი «ჩამოაწერა» (არადა, თითქმის არ არსებობს ქვეყანა, პირველი 20-25 ქვეყნის გარდა, ვალი არ ჰქონდეს), მაშასადამე, საქართველო, როგორც მინიმუმ, 147-ე ადგილზეა ცხოვრების დონით, ან თუნდაც 126-ე ადგილზე, ალბათ, პირველ ასეულში არ შევდივართ, რადგან «კონტრაბანდული» და წვრილი ვაჭრობით მიღებული შემოსავალი საკმარისი არ არის.
        მართალია, შიდა პროდუქტი ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ეს მაინც მიზერული ზრდაა, ვინაიდან თვით მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობაა მიზერული.
        ამიტომ «ერთ სულზე წლიური შემოსავალიც» ძალზე ნელა იზრდება. თვალსაჩინოებისათვის ვიტყვით, რომ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები (რუსეთი არც აქ, არც არსად, საერთოდ, არ ითვლება) არიან სწორედ ის სახელმწიფოები, რომლებსაც მთლიანი შიდა პროდუქტისა და ერთ სულზე შემოსავლების საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ.
        მაგალითად, ჩინეთისთვის «მთლიანი შიდა პროდუქტი» ბევრად (რამდენჯერმე) აღემატება ახალი ზელანდიის მთლიან შიდა პროდუქტს, მაგრამ ერთ სულზე მიღებული შემოსავლით ახალი ზელანდია მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო ჩინეთი სადღაც მეშვიდე ათეულში. ოღონდ არც ერთი ეს მაჩვენებელი ჩინეთისა და ახალი ზელანდიისათვის საკმარისი არ არის, რათა «დიდი შვიდეულის» წევრი გახდეს.
        ჩინეთს თუ ეპატიჟებიან (ისევე, როგორც რუსეთს, მაგრამ მოსკოვისაგან განსხვავებით პეკინი უარს ამბობს), მხოლოდ იმიტომ, რომ ატომური ბომბები აქვს უკვე არანაკლები ოდენობით, ვიდრე რუსეთს.
        Aანუ, აუცილებელია ერთდროულად ორივე მაჩვენებლის (როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის, ასევე ერთ სულზე შემოსავლების) მაღალი მაჩვენებელი. საქართველო ვერასოდეს (თუნდაც 200 წლის შემდეგ) მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობით ვერ გაუტოლდება «დიდი შვიდეულის» ქვეყნებს. ხოლო «ერთ სულზე შემოსავლებით თეორიული შანსი მაინც აქვს.
        ამრიგად, დღეს საქართველოს მოსახლეობის ყოფა გაცილებით უარესია, ვიდრე ახალ ზელანდიაში, ან, თუნდაც, უნგრეთსა და ესტონეთში, მაგრამ არც ისეთი მოუთმენელი და აუტანელი, როგორც ეთიოპიასა და ანგოლაში, სადაც ხალხი მართლა შიმშილით კვდება.
        აქედან გამომდინარე, «დიდმა» შვიდეულმა პირდაპირ გამოგვიცხადა: არც იმდენად გიჭირთ, ვალები ვერ გადაიხადოთო და «ჩამოწერაზე» უარი განგვიცხადა.
        ასევე უარი უთხრეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანას, მათ შორის (ატომური ბომბების მიუხედავად), თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთსაც.
        პუტინის თავხედური თხოვნა სასაცილოდაც არ ეყოთ - ნავთობზე ფასები «ცაში ავარდა», რუსეთი ყოველთვიურად ათეულობით მილიარდი დოლარის მოგებას იღებს და ვალების გადახდა არ უნდათო.
        საქართველოსთვის (ისევე, როგორც მრავალი სხვა ქვეყნისთვის) უარის თქმის მიზეზი, უეჭველად, ის გახდა აგრეთვე, რომ... ჩვენს ქვეყანას «დასავლური ვალების» გადახდის ვადა ჯერ არ დასდგომია: რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, მართლაც, ასეა.
        «დასავლეთის ვალი» ინსტიტუირებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის, აგრეთვე ევროკავშირის გრძელვადიან, შეღავათიან კრედიტებში. მათი პროცენტების გადახდა საქართველომ უნდა დაიწყოს დაახლოებით 2005-2006 წლებში. თვით ვალის ძირითადი თანხა კი 2035-2040 წლამდე უნდა დაიფაროს. ასე რომ, «დასავლური კრედიტები» აქ არაფერ შუაშია – სინამდვილეში, საქართველოს ის ვალები «ახრჩობს», რომლებთანაც დასავლეთს არავითარი კავშირი არ აქვს.
        ეს არის, უპირველეს ყოვლისა, თურქმენეთის ვალი (1992-94 წლებში უხვად, უშურველად მოხმარებული ბუნებრივი აირისათვის), აგრეთვე, რუსეთისა და სომხეთის ვალი.
        სწორედ ეს ვალები და მათი პროცენტები აწევს ამჟამად მძიმე ტვირთად საქართველოს ბიუჯეტს, მაგრამ ამ ვალებს დასავლეთი «ვერ ჩამოგვაწერს», რადგან საამისოდ აუცილებელია თვით კრედიტორების (თურქმენეთის, რუსეთისა და სომხეთის) თანხმობა.
        ისინი კი არც იმდენად მდიდრები არიან, ვალები ასე ადვილად გვაპატიონ.
        სამაგიეროდ, დასავლეთს შეუძლია თავისი «ბერკეტების» მეშვეობით ჩვენი მევალეები აიძულოს, ვალების რესტრუქტურიზაციაზე დაგვთანხმდნენ, რათა საქართველოს ბიუჯეტმა 2001-2002-2003 წლებში ოდნავ შვებით ამოისუნთქოს და განვითარების საშუალება მიიღოს.
        აი, ეს არის ამჟამად მთავარი საჭიროება, თორემ ის ვალები, რომელთაც მომავალში (როცა მათი გადახდის დრო დადგება) დასავლეთი მართლა ჩამოგვაწერს, ალბათ (თუ ჭკვიანად მოვიქცევით), დღეს აქტუალური სულაც არ არის.

მერიდიანი, 4 სექტემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე