გაუმარჯოს თვითლუსტრაციას!
       

        «ლუსტრაციის კანონი» ქართული პოლიტიკის მარადიულ თემად რჩება. გარეშე დამკვირვებელს ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება შეექმნას, რომ ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების უმთავრესი პრობლემა. უპირველეს ყოვლისა, რაკი, როგორც იქნა დავრწმუნდით საკუთარ «ჩვეულებრივობაში», ალბათ, სხვა ქვეყნების მაგალითი უნდა მოვიშველიოთ. საქართვლო, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ არის.
        ყველა პოსტსაბჭოურ და პოსტსოციალისტურ ქვეყანაში, სადაც მეტ-ნაკლები სერიოზულობით სცადეს დემოკრატიული სისტემის შექმნა, ეს პრობლემა ასე თუ ისე, იდგა.
        აქ არ ვთვლი, რასაკვირველია, ცენტრალური აზიის (იგივე «შუა აზიის») ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობამ «საკავშირო პრესის» ფურცლებიდან შეიტყო საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ. უზბეკეთში, მაგალითად, კომუნისტურ პარტიას დაარქვეს «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია», ისლამ ქარიმოვს - «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი» და ა.შ.
        ასეთ საზოგადოებაში, ბუნებრივია, «ლუსტრაციის კანონი» არავის გაახსენდებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იქ გასარკვევიც არაფერი იყო. ლუსტრაცია სჭირდება იმას, ვინც იმალება, ინიღბება და ა.შ.
        საქართველოში, უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ლუსტრაციის თემა აქტუალურია ბოლო წლების უსასტიკესი მოვლენებით. საზოგადოებას ურჩევნია ყოველივე, რაც 1988 წლიდან მოხდა, დააბრალოს «არალუსტრირებულ აგენტებს», ვიდრე საკუთარ უნიათობას და საკუთარ ბრიყვულ შეცდომებს».
        «არალუსტრირებული აგენტები» ლიტვაშიც იყვნენ და ჩეხეშთიც, მაგრამ ასეთი უბედურება იქ ვერ დაატრიალეს, ვინაიდან ბევრად წინდახედულ, ფრთხილ და გონიერ საზოგადოებასთან (მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივ ელიტასთან) ჰქონდათ საქმე.
        ასეთ ქვყნებში «ლუსტრაციის კანონი» სჭირდებოდათ არა «ქვეყნის დაღუპვისაგან გადასარჩენად», არამედ, ელემენტარულად, სამართლიანობოს აღსადგენად და იმ წვრილმანი ზიანის თავიდან ასაცილებლად, რაც ამა თუ იმ თანამდებობაზე ყოფნისას ყოფილ «გავლენისა» თუ «შტატიან» აგენტს შეიძლებოდა მიეყენებინა ქვეყნისათვის.
        ლიტვაში, ბალტიის სხვა რესპუბლიკებში, მოლდოვაში, აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში «ლუსტრაციის» კანონის განხილვას ორიოდე თვე დასჭირდა.
        ამ საკითხს ნორმალურ სახელმწიფოებში არ მისცემია ისეთი ხასიათი, თითქოს ამაზე იყო დამოკიდებული «ქვეყნის ბედი», «ეროვნული ბედისწერა», მისი «მომავალი» და ა.შ.
        ერის ბედი თუ თითო-ოროლა ყოფილი აგენტის გამოაშკარავებაზეა დამოკიდებული - კარგად ყოფილა ამ ერის საქმე. თანაც, ხსენებულ ქვეყნებში იოტისოდენი ილუზია არ ჰქონიათ იმისა, რომ აგენტების დიდი ნაწილი, ლუსტრაციის კანონის ამოქმედების მიუხედავად, მაინც გამოუაშკარავებელი დარჩბეოდა, ვინაიდან ადგილობრივი სპეცსამსახურების საცავები მხოლოდ «ლოკალური» მნიშვნელობის ადგილობრივ აგენტთა სიას შეიცავდა.
        სტრატეგიული თვალსაზრისით კი «დიდი სიები» (მოსკოვში) მაინც მიუწვდომელი დარჩებოდა. თანაც, ნორმალურ ქვეყნებში მთელი ეს პროცესი განსაკუთრებული გნიასის გარეშე, წყნარად, მშვიდად და გეგმაზომიერად წარიმართა. მხილებულ «აგენტებს», უბრალოდ ურჩიეს, თავიანთი ნებით გადამდგარიყვნენ თანამდებობიდან (არა აქვს მნიშვნელობა, მაღალი თანამდებობიდან თუ შედარებით უმნიშვნელო პოსტებიდან), წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემები პრესაში გამოქვეყნდებოდა.
        მივაქციოთ ყურადღება - საუბარი იყო არა იმაზე, რომ მათ «საშმობლოს ღალატი» ჩაიდინეს და ბოროტი განზრახვით ზიანი მიაყენეს დამოუკიდებელი ქვეყნის ინტერესებს - ასეთ შემთხვევაში, «გააფრთხილებდნენ» კი არა, პირდაპირ ციხეში ჩასვამდნენ.
        უბრალოდ, ნორმალური ქვეყანა ვერ შეურიგდებოდა იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ემუშავათ უცხო ქვეყნის (საბჭოთა კავშირის) სპეცსამსახურთა ინფორმატორებს, ვინაიდან თვით ამ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, «ყოფილის» ცნება, ფაქტობრივად, არ არსებობს. აგენტი («დაკონსერვებული» თუ მიძინებული) აგენტად დარჩება, ვიდრე მის საფლავზე ლამაზი, ხატულა «ბერიოზკა» არ ამოვა.
        აქედან გამომდინარეობს ორი ძალზე სერიოზული განსხვავება ნორმალურ ქვეყნებში ლუსტრაციის პროცესებსა და იმ პროცესებს შორის, რაც საქართველოში მიმდინარეობს ჯერ ერთი, იქ ასხვავებდნენ «თანამდებობაზე მომუშავე აგენტს» და უბრალო მოქალაქის (თუნდაც ცნობილ პიროვნებას), რომელიც ადრე უშიშროების ინფორმატორი იყო. გააჩნია ინფორმატორს. საბჭოთა უშიშროება ყოველნაირად ეცდებოდა მაქსიმალურად «გაესვარა» ყველა, ვინც კი გარკვეული საზოგადოებრივი ცენზით სარგებლობდა.
        ამას აკეთებდნენ ძალზე ეშმაკურად. მაგალითად, საზღვარგარეთ მივლინების შემდეგ სთხოვდნენ უშიშროების შესაბამისი განყოფილების სახელზე განცხადებებით აღეწერათ ნანახი საინტერესო მომენტები და ა.შ.
        რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ «აგენტობას» არ ნიშნავდა, მაგრამ პიროვნების დისკრედიტაციისათვის საკმარისი იყო. ნორმალურ ქვენყებში «ლუსტრაციის კანონმა» იგულისხმა მხოლოდ თანამდებობის პირები (მათ შორის, დეპუტატები), ვინც შეიძლებოდა მართვადი ყოფილიყო და არა, უბრალოდ «ინტელიგენტი», რა მონაცემებიც არ უნდა არსებულიყო მათზე.
        ლუსტრაციის კანონი შეეხო არა ყველა «ინფორმატორს» და აგენტს, არამედ სწორედ «მოსკოვის აგენტებს». რაც შეეხება ადგილობრივი კგბ-ს აგენტურას, აქ ჭკვიან საზოგადოებებში უფრო ფრთხილად მოიქცნენ, რათა ზოგადად «ინფორმატორობის» ინსტიტუტის დისკრედიტება არ მოეხდინათ. ოპერატიული მუშაობისა და ინფორმატორების გარეშე, რასაკვირველია, ვერც ერთი სპეცსამსახური ვერ იმუშავებს. სპეცსამსახურის გარეშე კი თუნდაც არქიდემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციობა შეუძლებელია.
        საქართველოში ორივე პირობა დარღვეული აღმოჩნდა. ჯერ ერთი, საზოგადოებრივი აზრი, საეროთდ, არ ასხვავებდა «მოქმედ აგენტსა» და იმას, ვისაც აღარ შეეძლო ზიანი მოეტანა. გარდა ამისა, ჯუიუტად მოვითხოვდით უკლებლივ ყველა აგენტის სიის გამოქვეყნებას, რასაც შესაბამისი სამსახურები (არა მხოლოდ უშიშროების სამინისტროც) არასდროს დაეთანხმებიან.
        შედეგად კი მივიღეთ ის, რაც გვაქვს: ლუსტრაციის კანონი კვლავაც შეუმუშავებელია და უცხო ქვეყნების ინფორმატორები, ყოფილი «სუკმენები», ისევე იმყოფებიან პარლამენტშიც და სხვადასხვა თანამდებობებზეც.
        ერთადერთი, რაც გვრჩება, არის ყურადღებით დავაკვირდეთ ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, ზოგჯერ განცხადებებს და ვიმსჯელოთ ამა თუ იმ პიროვნების «თვითლუსტრაციის» თაობაზე.
        ოღონდ ზუსტად ძნელი დასადგენი იქნება, სად არის «აგენტობა» და სად ელემენტარული სიჩლუნგე, რაც ობიექტურად ვნებს ქვეყნის ინტერესებს.
        ყველაზე სერიოზული მსჯელობა ამ საკითხზე 1993 წლის მარტში გაიმართა, როდესაც იმდროინდელი პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ედუარდ შევარდნაძემ დამსწრე საზოგადოებას მიმართა შეექმნათ 3-4 კაციანი «ნდობის ჯგუფი» და «მას გავანდოთ აგენტების სიაო».
        ამის თქმა იყო და, თითქმის მთელი მაშინდელი საპარლამენტო დარბაზი (უმრავლესობა - ოპოზიციიანად) მიტკალივით «გადაფითრდა». შევარდნაძემ იცოდა, რას აბმობდა და ვის ელაპარაკებოდა.

მერიდიანი, 22 ნოემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე