საქართველო საბჭოთა კავშირის აქტივებს ელის

        ორშაბათის, ტრადიციულ რადიოინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა, შეიძლება ითქვას, სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ოფიციალური თბილისი აპირებს რუსეთის წინაშე დასვას ყოფილი საბჭოთა კავშირის აქტივების საქართველოს კუთვნილი წილის გადმოცემის საკითხი. ეს განცხადება მოსალოდნელიც იყო იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც ამჟამად შეიქმნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ ედუარდ შევარდნაძემ ეს საკითხი სწორედ ახლა გაიხსენა - რუსეთის სამთავრობო დელეგაციის სტუმრობის წინა დღეებში
        ვიცე-პრემიერ ილია კლებანოვისა და სახელმწიფო მინისტრ გიორგი არსენიშვილის ხელმძღვანელობით, თბილისში გაიმართება ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელზედაც რუსული მხარე «სავიზო რეჟიმის» გარდა, რუსეთისადმი საქართველოს ვალის საკითხსაც გაამწვავებს.
        ბუნებრივია, რუსეთს ეს «გამწვავება» იმისათვის ესაჭიროება, რათა მაქსიმალურად განიმტკიცოს პოზიციები «ბაზების ლიკვიდაციასთან» დაკავშირებით.
        ვიცე-პრემიერი ილია კლებანოვი რუსეთის მხრიდან ამ მოლაპარაკებასაც უხელმძღვანელებს. თბილისის რაუნდზე საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ვაზიანის, გუდაუთის, ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების ბედი. თუ რუსეთმა რაიმე ქმედითი ბერკეტი არ მოიპოვა შევარდნაძის ადმინისტრაციაზე ზეწოლისთვის, საქართველოდან რუსული არმადის გასვლა შეუქცევადი გახდება და რუსეთი იძულებული იქნება, 2002 წლის ბოლომდე ყველა სამხედრო კონტინგენტი გაიყვანოს, გარდა სამშვიდობო ძალებისა.
        ამასთან დაკავშირებით, ძალაუნებურად გიჩნდება ეჭვი, რომ ე.წ. «თურქი-მესხების» პრობლემის გამწვავება და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან სამოქალაქო ომის აჩრდილთა გაქცევა შემთხვევითი მოვლენა არ არის. ორივე პრობლემის გამწვავება ხომ რუსეთს აძლევდა ხელს აშკარად?
        არსებობს კიდევ სხვა არგუმენტები. მაგალითად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა სულაც არ არის აღფრთოვანებული რუსეთის ჯარის გაყვანის გეგმით. ისევე, როგორც ჯავახეთის სომხური მოსახლეობა. მაგრამ ეს «სამომავლო არგუმენტებია», თუ სხვა არ გაჭრის.
        ამჯერად კი, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას აპირებენ. პუტინის ნეოდერჟავული პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებაა. მიაქციეთ ყურადღება – ორშაბათს, სოჭში შეხვედრისას, მან აიძულა უკრაინის პრეზიდენტი კუჩმა, ეღიარებინა «გაზპრომისადმი» დავალიანება, როგორც უკრაინის სახელმწიფო ვალი.
        საჭიროების შემთხვევაში კი, რუსეთი ამ «მარწუხს» ქმედითად გამოიყენებს. საქართველოსთან დაკავშირებითაც, - ჩვენს ქვეყანას რუსეთისა მართებს დაახლოებით 180 მილიონი დოლარი. მათ შორის, აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგიისთვის. თბილისი იძულებული გახდა ეს ვალი ეღიარებინა სახელმწიფო ვალად. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი შეუწყვეტდა აფხაზეთს ადლერიდან ელექტროენერგიის მიწოდებას, ხოლო სოხუმი საქართველოს შეუწყვეტდა ელექტროენერგიის მოწოდებას ენგურჰესიდან, რომლის სამართავი პულტი გალის რაიონში მდებარეობს.
        თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს 2001 წლის ბიუჯეტი 500 მილიონი დოლარი ძლივს იქნება, უნდა დავასკვნათ: 180 მილიონი დოლარი ჩვენი ქვეყნისთვის იმდენად კოლოსალური თანხაა, რუსეთს ამ ბერკეტის გამოყენებით შეუძლია მთლიანად დაგვინგრიოს ბიუჯეტიც და ეკონომიკაც ისე, რომ მთელი საქართველო მხოლოდ პროცენტებისა და ძირითადი თანხის გადახდას ვერ აუდიოდეს.
        ყოველ შემთხვევაში, 2001 წლის მიზერული, გაძვალტყავებული ბიუეტი ასეთ დარტყმას ძნელად თუ გაუძლებს. შემთხვევითი არც ის არის, რომ მოსკოვმა უარი გვითხრა ვალების რესტრუქტურიზაციაზე, თუმცა ძალიან ეშმაკური, მისთვის ჩვეული ტექნოლოგიით: ჯერ დაპირდა საქართველოს ხელისუფლებას, ვალებს გადაგივადებო, აიძულა (ამით) იგი 2001 წლის ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები არ გაეთვალისწინებინა, უსასრულოდ გააჭიანურა წინასწარი მოლაპარაკება, უკანასკნელ მომენტში კი უარი თქვა, რათა უკვე შედგენილი ბიუჯეტის მსხვრევა მაქსიმალურად მტკივნეული იყოს და საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პრობლემები შეექმნას, ილია კლებანოვიც იმავე ტაქტიკას გააგრძელებს და არ არის გამორიცხული, იგი თავად იყოს ამ ტაქტიკის ავტორი.
        ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს ესაჭიროებოდა მძლავრი არგუმენტი, რათა რუსეთისთვის ეს ერთი ბერკეტი (ვადები) მაინც გამოეგლიჯა ხელიდან. 1992-93 წლებში საქართველოდან გატანილი ტექნიკის საფასური (6 მილიარდი დოლარN) საამისოდ არ გამოდგა, ვინაიდან ქართველებმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ, თუ მაშინ რუსეთმა ისარგებლა ჩვენში მიმდინარე სამოქალაქო ომით და საქართველოდან გაზიდა ყველაფერი, რისი გაზიდვაც შეეძლო.
        ჩვენ მაშინ საამისოდ არ გვეცალა – ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტით ვიყავით გართულნი. ამიტომ ახლა ამ არგუმენტის მოშველიება გვიანია. კიდევ კარგი, 1992 წელს საქართველო არ შეუერთდა დოკუმენტების პაკეტს, რომლითაც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, რუსეთი, მემკვიდრეობით იღებდა საზღვარგარეთ საბჭოთა კავშირის მთელს უძრავ-მოძრავ ქონებას, აგრეთვე აქტივებს (ფულად ავუარებს), ვალებსა და საკრედიტო ვალდებულებებს. Eესე იგი რუსეთმა იკისრა ყოფილი საბჭოთა კავშირის ვალების გადახდა. სამაგიეროდ, მხოლოდ რუსეთს უნდა მიეღო ვალები, რომლებიც სხვა ქვეყნებს საბჭოთა კავშირისა მართებდა და, რაც მთავარია, რუსეთის საკუთრებად გამოცხადდა საზღვარგარეთ ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელი ქონება.
        ჩვენთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ეს მომენტია, ვინაიდან ვალებთან დაკავშირებით რუსეთმა შეიძლება თქვას, რომ სწორედ ის იხდიდა საბჭოთა კავშირის ვალებს 7 წლის განმავლობაში, რაც სრული სიმართლეა.
        ქონების საკითხი კი მართლაც გასარკვევია. ჩვენთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია ის მომენტი, რომ არც უკრაინამ მოაწერა ხელი 1992 წელს შესაბამის შეთანხმებას, ანუ ამ საკითხში ძალიან ძლიერი და საერთაშორისო ასპარეზე საკმაოდ გავლენიანი მოკავშირე გვყავს.
        თანაც, უკრაინა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთისაგან საზღვარგარეთული აქტივების შესაბამის წილის გადმოცემას ითხოვს.
        მაგრამ რამდენად რეალურია ეს მოთხოვნა? ჯერჯერობით ამის დანამდვილებით თქმა ძნელია, ვინაიდან დასავლეთს არაერთგვაროვანი რეაქცია ექნება: მას ხელს აძლევდა რუსეთის გამოცხადება საბჭოთა კავშირის ერთადერთ სამართალმემკვიდრედ, რათა უზრუნველყოს ატომური იარაღის კონცენტრაცია «ერთი დედაქალაქის იურისდიქციის ქვეშ».
        ყველა სხვა საკითხი (გამომდინარე სამართალმემკვიდრეობიდან) ამ მთავარ პრობლემას უკავშირდებოდა. ამიტომ დასავლეთი ცივად მიიღებს საქართველოს (და უკრაინის) პრეტენზიას რუსეთისადმი და აქ მისი მხარდაჭერის იმედი არ უნდა გვქონდეს.
        შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ედუარდ შევარდნაძის განცხადების კომენტარისაგან თავი შეიკავა.
        მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს საქმე არც მთლად «უიმედოა». ყოველ შემთხვევაში, შეიძლება მოვაღწიოთ რუსეთისადმი 180 მილიონი დოლარი ვალის სრულ ჩამოწერას - ე.წ. «ნულოვან ვარიანტს», როდესაც ჩვენ უარს ვიტყვით 10-15 მილიარდ დოლარზე (რაც გვეკუთვნის სსრკ საგარეო აქტივებიდან), ხოლო რუსეთი «ჩამოგვიწერს» 180 მილიონს.
        თუ ამას მივაღწიეთ, ესეც უდიდესი წარმატება იქნება

მერიდიანი, 18 ოქტომბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე