სახელისუფლებო დესანტი ბათუმში

გუშინ დასრულდა ორდღიანი დიალოგი საქართველოს ორ უმაღლეს ხელისუფალს (შევარდნაძესა და ჟვანიას) და აჭარის ავტონომიის ლიდერს, ასლან აბაშიძეს შორის.
        რამდენიც არ უნდა ეცადონ ახლა «ასლანისტები» ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს «ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკან დაიხია ბათუმში ჩასვლით», - ეს «ტყუილი» მცდელობა იქნება. იგივეა სოფისტური მსჯელობა: «ჭიქა სანახევროდ ცარიელია, თუ სანახევროდ სავსე». გააჩნია რა თვალსაზრისით შეხედავ და როგორ აღიქვამ. თუ გწყურია, რა თქმა უნდა, «სანახევროდ ცარიელია». თუ სმას გაძალებენ (დედმამიშვილების სადღეგრძელოს შემდეგ), რა თქმა უნდა, «სანახევროდ მაინც სავსეა».
        სინამდვილეში, «შევარდნაძე და ჟვანია კი არ ეახლნენ აბაშიძეს», არამედ, პირიქით, ასლან აბაშიძემ მიიწვია ისინი ბათუმში და ამით უკან დაიხია პოლიტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან სხვაგვარად შეუძლებელია აღიქვა ეს შეხვედრა იმ ბრალდებების შემდეგ, რაც წლების განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გაისმოდა.
        ასლან აბაშიძემ თავად შეიქმნა ისეთი იმიჯი, რომ მის გარეშე აჭარაში არაფერი ხდება. ეს, ერთი მხრივ, ხელსაყრელია, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთმა იმიჯმა შეიძლება ავნოს კიდეც პოლიტიკოსს.
        უაღრესად ნიშანდობლივი იყო სატელევიზიო «ვიდეორიგი», რომელიც ასახავდა ასლან აბაშიძისა და ზურაბ ჟვანიას შეხვედრას. მას ესწრებოდნენ აბაშიძის უახლოესი გარემოცვის წევრებიც, ანუ ეს არ ყოფილა შეხვედრა პირისპირ, მაშინ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ამჯერადაც მარტო იყო.
        მკითხველი ადვილად მიხვდება რასაც ვგულისხმობ: დემოკრატიული სისტემის შიგნით გამარჯვებული პოლიტიკოსის პოზიცია ყოველთვის უფრო მყარია და მას ნაკლები საფრთხე ემუქრება. მით უმეტეს, რომ აჭარაში ჩასვლით და ასლან აბაშიძესთან დიალოგის გამართვით ზურაბ ჟვანიამ პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა «ცენტრში».
        ალბათ, არც ის არის შემთხვევითი, რომ სწორედ ზურაბ ჟვანიას ბათუმში ვიზიტისას გადაწყდა საბოლოოდ სარფის საბაჟოზე ბრიტანელი სპეციალისტების დაშვების (ყოველ შემთხვევაში, მათ ასე განაცხადეს) საკითხი – მაშინ, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები (უპირველესად, სახელმწიფო მინისტრი) ამ მოლაპარაკებას თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ სრულიად უშედეგოდ.
                პარლამენტის თავმჯდომარის ბათუმში ვიზიტისას აგრეთვე გაიმართა მოლაპარაკებები აჭარის სტატუსისა და ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხის შესახებ. რა თქმა უნდა, ზურაბ ჟვანიას, ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტმაც დაუჭირა მხარი, მაგრამ ეს მაინც «ჟვანიას ტაქტიკა და სტრატეგია» იყო, ავტონომიაში წარმოშობილ პრობლემებთან დაკავშირებით.
        უნდა ითქვას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ შეუშინდა (თავის დროზე) ასლან აბაშიძესთან დაპირისპირებას და დაიკავა ძალზე პრინციპული პოზიცია, როგორც «თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან», ასევე «სტატუსთან» დაკავშირებით. ზურაბ ჟვანიამ დაიცვა ედვარდ სურმანიძისა და აჭარის სხვა წარმომადგენელთა (ყოფილი «ამღორძინებლების») უფლება, გაეკეთებინათ თავისუფალი არჩევანი და არ შესწირა ედვარდ სურმანიძე აჭარის ხელისუფლებასთან ურთიერთობათა შერბილების ილუზიას.
        საპასუხოდ, რა თქმა უნდა, დაიწყო ზეწოლა ბათუმიდან, შეიქმნა ე.წ. აღორძინების აბსურდული კოალიცია, რომელიც, უპირველესად, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ იყო მიმართული – ზურაბ ჟვანია ბათუმში აღიქმებოდა, როგორც ტაქტიკურ, ხოლო ედუარდ შევარდნაძე - «სამომავლო და სტრატეგიულ სამიზნედ», ანუ ჟვანიას «წაქცევის» შემთხვევაში, უმალვე დაიწყებოდა ედუარდ შევარდნაძის «საპარლამენტო საფუძვლის» მოშლა.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, ასლან აბაშიძემ მის მიერვე წამოყენებული ყველა პარტია წააგო. მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იქნებოდა «აღორძინების კოალიციაში» საბოლოოდ შექმნილი «დომხალი», რის შემდეგაც რაიმე საუბარი «ერთიან პოზიციაზე» ან «პოზიციათა თანხვედრაზეც» კი კომიკური გახდა.
        ამ კოალიციით ასლან აბაშიძემ იოტისოდენს ვერაფერს მიაღწია - «თავისუფალი ეკონომიკური ზონის» დაკანონებაზე ან კონსტიტუციაში «რესპუბლიკის» სტატუსის დაფიქსირებაზე ხომ, საერთოდ, არ არის საუბარი – თვით ამ საკითხების დასმაც კი პარლამენტში პრობლემად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, თითქოს ფართო წარმომადგენლობა ჰყავს საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ სოციალისტებს, ტრადიციონალისტებს, თქვენ წარმოიდგინეთ, «ზვიადისტებსაც» კი (მით უმეტეს, რომ ზოგიერთი მათგანი პრეზიდენტობაზე ფიქრობს) სრულებითაც არ ეპიტნავებათ მიანცდამაინც რეგიონის ინტერესებთან ასოცირება.
        ასლან აბაშიძეს განსაკუთრებით მაშინ შეეპარა, ალბათ, ეჭვი, «სტრატეგიული შეცდომა» ხომ არ დავუშვითო, როდესაც მის მიერ პარლამენტში «აღორძინების კოალიციის» შექმნით, «ცენტრი» არათუ «მოტყდა», არამედ, პირიქით – ისეთი რამ გაუბედა, რასაც წინა პარლამენტში ვერაფრის დიდებით ვერ მოახერხებდა: საერთოდ, გააუქმა «საგადასახადო შეღავათები».
        ასლან აბაშიძეს საპასუხოდ უკანასკნელი ბერკეტიც – პარლამენტის დემონსტრაციულად დატოვება – კი აღარ დარჩა, მის ამ მოწოდებას თითო-ოროლა დეპუტატი თუ გამოეხმაურებოდა.
        რაც შეეხება «დათმობებს», შევარდნაძისა და ჟვანიას ბათუმში ჩასვლას არავითარი დათმობა არ მოჰყვება, რითაც კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი, ვისი მხრიდან იყო დათმობა ამგვარი შეხვედრა: საუბარი ზედმეტია იმის შესახებ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ (ყოველ შემთხვევაში, «უფლებამოსილებათა გამიჯვნამდე» (დაამტკიცოს «თავისუფალი ეკონომიკური ზონა», გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება «საგადასახადო ნორმატივების» შესახებ ან კონსტიტუციაში აღნუსხოს მხოლოდ აჭარის «რესპუბლიკური» სტატუსი და არ გამიჯნოს უფლებამოსილება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.
        როგორც ჩანს, ცენტრალური ხელისუფლება თავისი ინტერესების დაცვას მხოლოდ პრინციპული პოზიციით თუ შეძლებს, ყველგან და ყოველთვის.

მერიდიანი, 7 აპრილი, 2000 წელი

მთელ გვერდზე