აფხაზეთის საბოლოოდ დაკარგვას მისი დროებით დაკარგვა ჯობია

აფხაზეთის საბოლოოდ დაკარგვას მისი დროებით დაკარგვა ჯობია

    აფხაზეთისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სრული სიმართლის თქმა იქნება. მთავრობამ უნდა გაუმხილოს საკუთარ ხალხს, რომ საქართველო იქ თავისი იურისდიქციის აღდგენისთვის მზად არ არის. ამასთან უნდა მოგვახსენოს, როგორ, რითი და როდის (5, 10, 15 წლის შემდეგ) შეძლებს ამ პრობლემის გადაწყვეტას.
    ცნობილ ქართველ კინორეჟისორსა და პოლიტიკურ მოღვაწეს, ელდარ შენგელაიას ერთ-ერთ შეკრებაზე «წამოსცდა»: «აფხაზეთის პრობლემაზე მსჯელობისას მახსენდება, რა უმტკივნეულოდ გადაწყვიტეს ანალოგიური პრობლემა ჩეხებმა და სლოვაკებმა».
    განცხადებამ უდიდესი აღშფოთება და მასათა «მძვინვარება» გამოიწვია. რასაკვირველია, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია საკითხის ისეთივე გადაწყვეტა, როგორც ჩეხებმა და სლოვაკებმა მოახერხეს: გაყვეს ქვეყანა (ჩეხეთ-სლოვაკეთი) ორ ნაწილად, გაინაწილეს ქონება, მოილაპარაკეს «საზღვრის გამჭვირვალობის» შესახებ და მოისვენეს.
    ამგვარი რამის გაფიქრებაც კი (აფხაზეთთან მიმართებაში) ქართული მენტალიტეტის ნგრევას იწვევს. საქმე კურიოზებამდეც მიდის: როდესაც აფხაზეთი ფაქტობრივად დაკარგული გვაქვს, ზოგიერთი მოღვაწე პრესის მეშვეობით ხელისუფლებას მოუწოდებს, არავითარი «განსაკუთრებული» სტატუსი არ მიანიჭოს აფხაზეთს, ანუ «არ დაუშვას ავტონომიის უფლებათა გაფართოება». არადა, რაღა დროს ავტონომიაზე ლაპარაკია, როდესაც აფხაზებმა ლამის საქართველოს სახელმწიფოებრიობაც გააუქმონ და ქართველი ერის არსებობაც ეჭვქვეშ დააყენონ?!
    რატომღაც აღარავის ახსოვს საზარელი ფრაზა, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ წარმოთქვა 1993 წლის 29 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ბეწვზე გადარჩენილმა შევარდნაძემ, რომელიც თავს ვეღარ იკავებდა და, გარკვეულწილად, ვეღარც აკონტროლებდა თავს, მაშინ თქვა: «თუ ჩვენი თაობა ვერ შეძლებს აფხაზეთის დაბრუნებას, ეს მომავალ თაობათა ამოცანა გახდებაო».
    ეს იყო პოლიტიკოსის სიტყვები, რომელიც ნათლად აცნობიერებდა აფხაზეთში მომხდარის პოლიტიკურ შედეგებს და ამ შედეგთა შეუქცევადობას.
    ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს თქვა კაცმა, რომელიც 27 სექტემბრამდე სოხუმში იყო და, დამარცხებით გამოწვეული სიმწარის გამო, ვეღარ მოთოკა ემოცია.
    შემდგომ წლებში შევარდნაძეს მსგავსი რამ აღარ უთქვამს - «მომავალი თაობების მიერ აფხაზეთის დაბრუნების» შესაძლებლობა არც უხსენებია. პირიქით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ დროის, თანაც უახლოესი მომავლის საკითხია. არადა შესანიშნავად უწყის, რომ აფხაზეთისგან დღეს ისევე შორს ვართ, როგორც 1993 წლის შემოდგომაზე.
    მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო. არძინბასა და მის სეპარატისტულ ხროვას ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევიათ თავიანთი პოზიციიდან, - აფხაზეთი კვლავინდებურად სთავაზობს საქართველოს «თანასწორუფლებიანობის პრინციპზე აგებულ ორსუბიექტიან ფედერაციას», ანუ ზუსტად ისეთივე კავშირს, როგორიც არსებობდა ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის ერთიანი ჩეხეთ-სლოვაკეთის ფედერაციული სახელმწიფოს (უნიის) შემადგენლობაში. ეს უნიაც უეჭველად იმისთვის სჭირდებათ, რომ ჯერ მოიპოვონ «თანასწორი სუბიექტის» სტატუსი, ხოლო შემდგომ ისევე დაშალონ ერთიანი «ქართულ-აფხაზური სახელმწიფო», როგორც დაიშალა ჩეხეთ-სლოვაკეთი.
    ამ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართალი უმტკივნეულოდ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რადგან საქართველო სცნობს მას «თანასწორ» სუბიექტად, ანუ იურიდიულად დაფიქსირდება პოლიტიკური ფაქტი, რომ საქართველო სხვაა, აფხაზეთი - სხვა.
    ნებისმიერ ხელშეკრულებას აფხაზები მხოლოდ ამ რაკურსით აღიქვამენ, ნებისმიერ მოლაპარაკებას იმ მიზნით აწარმოებენ, რათა დააფიქსირონ, რომ არსებობს კონფლიქტის მონაწილე ორი მხარე: საქართველო და აფხაზეთი. თუ რაიმე ხელშეკრულებას მოაწერეს ან მოაწერენ ხელს, მხოლოდ ამ მიზნით და განზრახვით. ქართული მხარე კი განსაცვიფრებელ განცხადებებს აკეთებს და ჩიხში ექცევა. მაგალითად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, თამაზ ნადარეიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: «აფხაზებმა თავისუფლება იარაღით მოიპოვეს და ამ თავისუფლებას ნებით არ დათმობენო». დალოცვილო, თუ აფხაზები «თავისუფლებისთვის» იბრძოდნენ, მაშინ რაღას ვერჩით ამ ხალხს? ამ განცხადების წაკითხვისას, გარეშე დამკვირვებელს ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, თითქოს ქართველები მართლა იმპერიალისტები ვართ და მოწადინებულნი ვართ, შევინარჩუნოთ «მცირე იმპერია».
    რაც შეეხება «ჩიხს», ამჟამად მართლაც აღმოჩნდა ხელისუფლება გამოუვალ მდგომარეობაში: ომის დაწყება მას არ სურს, აფხაზური მხარე კი დათმობაზე არ წავიდა (როგორც ჩანს, არც წავა) - იმ დადგენილების «შიშით», რომელიც პარლამენტმა მიიღო. ხელისუფლებას კვლავ მოუწევს «სამშვიდობო ძალთა» მანდატი კიდევ სამი-ექვსი თვით გააგრძელოს, რათა არ დაუშვას საბრძოლო მოქმედებების განახლება.
    სხვათა შორის, თუ სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონას დატოვებენ, საბრძოლო მოქმედებების განახლება საქართველოს ხელისუფლების ნება-სურვილზე აღარ იქნება დამოკიდებული. გაუგებარია, როგორ შეაჩერებს ხელისუფლება, ვთქვათ, ბორის კაკუბავას ან სხვა ფანატიკოსებს, რომელნიც უეჭველად შეეცდებიან, აიყოლიონ ლტოლვილები და იარაღით სცადონ დაკარგულის დაბრუნება, რაც ომის მომასწავებელი იქნება.
    გამოდის, ხელისუფლება იძულებული გახდება, გამოიყენოს ძალა ამ ჯგუფების შესაკავებლად, რაც კიდევ უფრო გაართულებს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში. მეორეს მხრივ, ქვეყანა ომისთვის არ არის მზად არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად, არც ფსიქოლოგიურად. ანუ კვლავ იქმნება ვითარება, როგორიც არსებობდა დსთ-ს ერთ-ერთი სამიტის წინ, როდესაც ქართული მხარე იძულებული გახდა, ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის რუსეთის სამშვიდობო ძალების «ანტიტერორისტულ ოპერაციებში» მონაწილეობის შესახებ, რათა შეექმნა ილუზია, თითქოს რაღაც შეიცვალა სამშვიდობო ძალების სტატუსში და გაემართლებინა მანდატის ვადის გაგრძელება. შედეგად, რუსეთის ჯარებმა (აფხაზების თხოვნით და «კანონიერ საფუძველზე») ქართული მოსახლეობის რბევა-აწიოკება დაიწყეს. ანალოგიური ვითარებაა ახლაც. საქართველოს ხელისუფლებამ გადაჭრით განაცხადა, რომ გაიყვანს ჯარს, თუ მნიშვნელოვანი პროგრესი არ იქნება კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში.
    რაც უფრო «ირყევა» ნება სამშვიდობო ძალთა გაყვანისა, მით უფრო შეიძლება კვლავ მოხდეს ისე, რომ აფხაზებმა ქართულ მხარეს ხელი მოაწერინონ შინაარსობლივად წამგებიან დოკუმენტზე, რომელიც ფორმით (გარეგნულად) რაღაც წინგადადგმული ნაბიჯის მსგავსი იქნება და ამით გამართლდეს მანდატის ვადის გაგრძელება კიდევ რამდენიმე თვით.
    რაც მთავარია, ომი აფხაზეთში არ სურს არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს, არამედ არც ოპოზიციას. ანუ მთლიანად, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი აფხაზეთში ომის განახლების წინააღმდეგია, რადგან ნათლად აცნობიერებს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას.

7 დღე, 24 ივნისი, 1997 წ.