რელიგიური ომის რეციდივი საქართველოში

        რა არ უნახავს საქართველოს ისტორიას, რა ბორბალი არ დატრიალებულა ჩვენს თავს, მაგრამ რელიგიური ომების ტრადიცია საქართველოში არ ყოფილა. ვინმემ შეიძლება უტრირებად ჩაგვითვალოს, მაგრამ იეჰოველთა და მკალავიშვილის მომხრეთა დაპირისპირება თუ ადრე «წვრილმანი ჩანდა», ახლა ძალიან სერიოზულ ხასიათს იძენს და
        შეიძლება უმწვავეს საზოგადოებრივ კონფრონტაციაში გადაიზარდოს. მადლობა ღმერთს, ჩხუბსა და თავპირის მტვრევას მსხვერპლი ჯერ არ მოჰყოლია, მაგრამ «პირველი სისხლი» უკვე დაიღვარა - ყოველ შემთხვევაში, იმას, რაც გუშინ გლდანის სასამართლოსთან მოხდა, სადაც სასტიკად სცემეს «თავისუფლების ინსტიტუტის» თანამშრომლები – უბრალო კინკლაობა აღარ ეთქმის.
        მიაქციეთ ყურადღება: თუ ადრე მკალავიშვილს ძირითადად ქალები დაჰყვებოდნენ, ამჟამად «სპექტრი» უფრო მრავალფეროვანი გახდა. გამოჩნდნენ ზრდასრული დაკუნთული ჯეელები – მათი «მეშვეობით» შემდგომი სკანდალები და შეხლა-შემოხლა შეიძლება კიდევ უფრო სენსაციური შედეგით დასრულდეს.
        თუმცა, დიდხანს არც მეორე მხარე მოითმენს ამას. რა თქმა უნდა, აქ «თავისუფლების ინსტიტუტი» არა გვყავს მხედველობაში - ისინი არანაირი აგრესიით არ გამოირჩევიან და მხოლოდ სიმბოლურ აქციებს ატარებენ.
        ეს ყველაზე მეტად აღიზიანებს ფუნდამენტალისტებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ «ლოცვა საქმის გარეშე მკვდარია». წიგნები მათ უკვე დაწვეს. მკალავშილს რაც შეეხება, იგი «იეჰოვას» არ მოეშვება, ვინაიდან მათთან ომი მისი არსებობის ფუნქცია ხდება.
        ერთხელაც იქნება, იეჰოველები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოემზადებიან და «უპასუხებენ» (მეტი რესურსებიც აქვთ - ტყუილად როდი უწოდებენ «ტოტალიტარულ სექტას»), რასაც ძალიან დიდი გართულებები მოჰყვება. თუ ასე გაგრძელდა, მალე ვიხილავთ ქუჩის მასშტაბურ ომებსაც – ამჟამად პოლიციას ვითარება «მიშვებული» აქვს, რათა მიკერძოება არ დაბრალდეს.
        იეჰოვას მოწმეები საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან და მათი უფლებების დარღვევა კონსტიტუციის ხელყოფად აღიქმება.
        მეორე მხრივ, ბასილ მკალავიშვილის «იდეოლოგია» (თუ შეიძლება ასე ითქვას) გამორიცხავს მათთან შერიგებასა და შეგუებას, ვინაიდან იგი მრევლთან ერთად მოქმედებს არგუმენტით: «მეორედ მოსვლა გვიახლოვდება და მათთან ერთად ჩვენ რატომ უნდა დავისაჯოთ?»
        ზუსტად ამ არგუმენტით ხდებოდა შუა საუკუნეების ევროპაში ის, რაც ხდებოდა. რაიმე «მორიგებაზე» ლაპარაკი აქ სასაცილოა, - «იეჰოვას» მოწმეთა სექტის აკრძალვაც შეუძლებელია. ეს კონსტიტუციური სისტემის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. «სისხლის გადასხმასთან» დაკავშირებული ცნობიოლი არგუმენტი კი საკმარისი არ არის, რათა სექტა «ტოტალიტარულად» გამოცხადდეს.
        ერთადერთი გამოსავალია შესაბამისი საზოგადოებრივი ატმოსფეროს შექმნა (არა მხოლოდ მრევლში), რაც მხოლოდ საპატრიარქოს თუ ძალუძს.
        იეჰოველები ეძებენ სოციალურ დასაყრდენს – მათ შორის, ძალიან ბევრია ლტოლვილი და უბრალოდ, გაჭირვებული ადამიანი. აკრძალვებითა და თავპირის მტვრევით (მით უმეტეს, უდანაშაულო ჟურნალისტების «იუდებად» გამოცხადებით) არაფერი გამოვა.
        ყოველმხრივ უნდა გაძლიერდეს მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა და (სხვათა შორის) მისი სოციალური ფუნქციაც. ათასგვარი სექტა პოსტკომუნისტურ სამყაროში სწორედ იმიტომ მძლავრობს და «ართმევს მრევლს» ტრადიციულ კონცეფციებს, რომ ისინი დასავლური, კაპიტალისტური სამყაროდან მოვიდნენ, სადაც «დრო ფულია» და იციან შრომის ფასი - ამიტომ უფრო მობილურნი, უფრო აქტიურნი, უფრო აგრესიულნი არიან, სოციალურ ფონსაც უკეთ გრძნობენ, მეტი ადაპტაციის უნარიც აქვთ და თქვენ წარმოიდგინეთ, «მენეჯმენტის» კანონებსაც იყენებენ მრევლის მისატყუებლად. იმას როდი ვამბობ, თითქოს ასეთივე მეთოდები უნდა გამოიყენოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მაგრამ მისი სოციალური აქტივობისა და მეტი მობილურობის, მეტი პასიონარულობის გარეშე მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და აკრძალვებით არაფერი გამოვა.

დილის გაზეთი, 18 აგვისტო, 2000 წელი

მთელ გვერდზე