ნათელაშვილი თუ გაბრაზდა, «სოციალისტები» ლუკმად არ ეყოფაო

ნათელაშვილი თუ გაბრაზდა, «სოციალისტები» ლუკმად არ ეყოფაო

    ნათელაშვილისა და რჩეულიშვილის დაპირისპირებამ უკვე მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც შერიგება, ფაქტობრივად, უკვე შეუძლებელი ხდება.
        «შეურიგებლობას» კი განსაზღვრავს არა მხოლოდ და არა იმდენად პიროვნული სიმპათია-ანტიპათია (თუმცა ამ მომენტს საქართველოში ტრადიციულად დიდი მნიშვნელობა აქვს), რამდენადაც ინტერესთა ანტაგონიზმი. რჩეულიშვილისა და ნათელაშვილის პოლიტიკური ინტერესები ჯერ კიდევ არჩევნებამდე მკვეთრად დაუპირისპირდა ერთმანეთს, მაგრამ მაშინ არც ერთი მხარე ამ დაპირისპირებას არ ამჟღავნებდა. პირველი ბზარი უეჭველად მას შემდეგ გაჩნდა, რაც შალვა ნათელაშვილმა უარი განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილის არჩევაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ. «სოციალისტთა ლიდერს» კი დიდი იმედი ჰქონდა, რომ მიუხედავად არჩევნებში მარცხისა (მისთვის მესამე ადგილი უეჭველად მარცხი იყო) «ოპოზიციური კოალიციის» მეშვეობით შეძლებდა აღესრულებინა მთავარი წინასაარჩევნო დანაქადები.
        საარჩევნო კამპანიას იგი ხომ სწორედ ამ დევიზით ატარებდა: «ვახტანგ რჩეულიშვილი - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ». მაგრამ «ლეიბორისტთა» ლიდერმა საკითხის ამგვარი დასმა არამართებულად მიიჩნია («ჩვენს პასუხისმგებლობას სხვას ვერ დავუთმობთ და ვერ ვანდობთო»).
        «ლეიბორისტებმა» «კოალიციას» შესთავაზეს შემდეგი პრინციპი: ყველა რაიონში, სადაც ოპოზიციურ ძალებს ერთობლივად ხმათა უპირატესობა აქვთ «მოქალაქეთა კავშირთან» შედარებით, ავირჩიოთ გამგებლად (მერად) იმ პარტიის წარმომადგენელი, რომაელსაც უმრავლესობა ექნება თვით კოალიციის შიგნით - სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეფარდებით. ამ ლოგიკით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე «ლეიბორისტთა» კანდიდატი უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც. მართალია ლადო კახაძეს ვახტანგ რჩეულიშვილმაც მხარი დაუჭირა, მაგრამ ეს უფრო «მოქალაქეთა კავშირის» ჯიბრზე გააკეთა, თორემ ნათელაშვილის მიმართ წყენა არ განელებია.
        სწორედ ამ წყენის გამოხატულება იყო რჩეულიშვილის შემდგომი განცხადებები (მისთვის დამახასიათებელი მოურიდებლობითა და პირდაპირობით): «მე და შალვა პოლიტიკური თვალსაზრისით ერთმანეთს ვავსებთ, - მე შეძლებული კაცის იმიჯი მაქვს, შალვა ნათელაშვილს კი - მშიერი სოფლის ბიჭუნასი».
        რასაკვირველია, ეს გამონათქვამი ნათელაშვილს არ ესიამოვნა, მაგრამ «წყენას კბილი «დააჭირა»; არადა, როგორც «სოციალისტებში», აგრეთვე «თბილისური წარმოშობის» სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც დაიწყეს ლაპარაკი ლეიბორისტების «შარვალგამოხეულ ლიდერზე», თუმცა ეს მაინც დაპირისპირების ემოციური ქარგა იყო. ნამდვილი მიზეზი კი უფრო ღრმად უნდა ვეძიოთ: ვახტანგ რჩეულიშვილი მიხვდა, რომ მომავალ არჩევნებში შეიძლება ძალიან მწარედ დამარცხდეს და საერთოდ ვერ გადალახოს 5 პროცენტიანი ბარიერი; იგი მიხვდა იმასაც, რომ არჩევნებში სწორედ «ლეიბორისტებთან» მოუწევს კონკურენცია და არა «მოქალაქეთა კავშირთან». ამიტომ ნათელაშვილის პარტიასთან გამიჯვნა აუცილებლად მიიჩნია.
        თბილისის ვიცე-პრემიერის დანიშვნა, რა თქმა უნდა, მხოლოდ საბაბია. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ისიც უეჭველად უნდა ითქვას, რომ «ცენტრალური კომიტეტები» ადგილებზე თავის ვითომცდა წარმომადგენლებს, რომლებიც მათი საარჩევნო სიით გახდნენ «ადგილობრივი დეპუტატები», მხოლოდ ფორმალურად თუ აკონტროლებენ. საქართველოში არ მოქმედებს «იმპერატიული მანდატის» პრინციპი, ამიტომ თბილისის საკრებულოს ნებისმიერი დეპუტატი გადაწყვეტილებას იღებს არა «პარტიული დისციპლინის» შესაბამისად, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე - თუ, რასაკვირველია, უახლოეს მომავალში პარლამენტის დეპუტატობის შანსი არა აქვს.
        ეს მოსაზრება რომ სამართლიანია, დაადასტურა «კაზინოების გადასახადებისაგან გათავისუფლების» გამო დატრიალებულმა ტრაგიკომედიამ. თავად განსაჯეთ: საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება კაზინოებისთვის გადასახადების ორჯერ შემცირების თაობაზე. ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რასაკვირველია, მმართველ პარტიას «ეცა», მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილებას სწორედ ოპოზიციონერებმა დაუჭირეს მხარი.
        შალვა ნათელაშვილიც და ვახტანგ რჩეულიშვილიც «მხრებს იჩეჩენ», - ისინი ხომ არასდროს აღიარებენ, რომ ფაქტობრივად ვეღარ აკონტროლებენ საკრებულოებს ვინაიდან დეპუტატები, რაკი საკრებულოს წევრობა (შესაბამისად იმუნიტეტი) გაინაღდეს, ახლა «პარტიულ ბოსთა» მითითებებს აინუშშიც არ აგდებენ და მომავალ (2001 წლის) ადგილობრივ არჩევნებამდე დროს უქმად არ კარგავენ, რათა მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ.
        მომავალ არჩევნებში რომ ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას, - იოტისოდენად არ აღელვებთ. მანამდე იმდენს იშოვნიან - შვილიშვილებს ეყოფათ.
        დარწმუნებული ვარ, რაღაც ამის მსგავსი მოხდა თბილისის ვიცე-პრემიერის დამტკიცებისას, ანუ გარიგება შედგა არა შალვა ნათელაშვილის დონეზე, არამედ თვით საკრებულოს შიგნით. შემდგომ კი, ფრაქციამ აიძულა «პარტიის ლიდერი», ფაქტს შერიგებოდა.
        თუმცა, ნათელაშვილიც, რასაკვირველია, აცნობიერებდა «მოქალაქეთა კავშირთან» კომპრომისის შესაძლო დადებით შედეგებს. მაგრამ ვახტანგ რჩეულიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა შედეგი უარყოფითი ყოფილიყო.
        ამჟამად უკვე შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ ნათელაშვილს ოპოზიციაში «შტრეიკბრეკერისა და კოლაბორაციონისტის» სახელი აქვს. არადა, სინამდვილეში, სოციალ-ეკონომიკური მრწამსითა და შესაბამისი პროგრამით «ლეიბორისტული პარტია» გაცილებით შეურიგებელი და რადიკალურია, ვიდრე იმავე რჩეულიშვილის «სოციალისტური პარტია».
        ზომიერი მემარცხენეები ნათელაშვილის დისკრედიტაციით ცდილობენ «ლეიბორისტულ პარტიას» პროლეტარული საფუძველი გამოაცალონ. კიდევ ერთი მიზანი ის არის, რომ არ დაუშვან ლეიბორისტების ალიანსი პანტელეიმონ გიორგაძის «ერთიან კომუნისტურ პარტიასთან» - იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა პარტიის აკრძალვა (და შემდეგ ამის ხელისუფლებისთვის დაბრალება) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეთანხმების შედეგად.
        თუ «ზომიერმა მემარცხენეებმა» ეს ვერ მოახერხეს, კომუნისტებისა და ლეიბორისტების ალიანსი ძალიან სერიოზულ კონკურენციას გაუწევს მათ და უეჭველად დაამარცხებს კიდეც.
        ამრიგად, «ლეიბორისტთა» გარიყვა გაძლიერებული ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ ამ კამპანიის ორგანიზატორები ვერ ითვალისწინებენ, რომ «კუთხეში მომწყვდევით» აიძულებენ შალვა ნათელაშვილს, გადავიდეს მძლავრ კონტრშეტევაზე და დაუპირისპირდეს უკვე არა მხოლოდ «მოქალაქეთა კავშირს», არამედ ყველა იმ პარტიას, რომელიც პროლეტარულ საფუძველზე არ შექმნილა.
        «ზომიერ მემარცხენეთა» ლიდერები თავად მშვენივრად ცხოვრობენ, საწარმოო საშუალებათა მფლობელები და წარმატებული ბიზნესმენები არიან. სინამდვილეში ისინი ქართული ბურჟუაზიის ინტერესებს გამოხატავენ და არა «მშრომელი ხალხისა». სწორედ ამ სოციალური ფენის ინტერესებში შედის პროტექციონისტული პოლიტიკა, რათა აიძულონ (ეს არის მთელი მათი ფილოსოფია) მომხმარებელი, შეიძინოს ძვირადღირებული და უხარისხო «სამამულო» პროდუქცია ნაცვლად იაფი და ხარისხიანი უცხოურისა.
        «ზომიერ მემარცხენეთა» მოქმედება აიძულებს ნათელაშვილს, გამოიყენოს ის არგუმენტი, რომელსაც არ იყენებდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რათა «მოკავშირეები» არ გაენაწყენებინა. კერძოდ, დაიწყოს (ღიად) ლაპარაკი, რომ ე.წ. «მემარცხენეები» სინამდვილეში გაქსუებული მილიონერები არიან, - ფლობენ რესტორნებს, ჰესებსა და ავიაკომპანიებს – იმავდროულად კი «ხალხის გაჭირვების გამო» ღვრიან ნიანგის ცრემლებს და ა.შ.
        ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტიდან გამომდინარე, ეს არგუმენტი ძალიან მძლავრად იმუშავებს. ქართველ პროლეტარებს რჩეულიშვილისა და დევდარიანის გულმოწყალება სულაც არ ეპიტნავებათ: «თქვენი შესაცოდებელი რა მჭირს?»
        «ზომიერები» არ ითვალისწინებენ, რომ «ლეიბორისტებთან» ესოდენ მკვეთრი გამიჯვნით ისინი საშუალებას აძლევენ «ლეიბორისტებს» ღიად დააფიქსირონ თავისი «ბოლშევიკური» არსი, რაც მომავალ არჩევნებში უდავოდ ძალზე მომგებიანი იქნება.
        შალვა ნათელაშვილი ამ შესაძლებლობით უეჭველად ისარგებლებს. არანაირი მორალური ვალდებულება ყოფილი მოკავშირეების მიმართ, რომლებმაც იგი გალანძღეს, მას აღარ აკისრია.
        მაშასადამე, აქვს საშუალება «ერთ ქვაბში მოხარშოს» ისინი - ყველანი «მოქალაქეთა კავშირთან» ერთად. თუ მისი პროპაგანდისტული კამპანია მძლავრად წარიმართა, შემდეგ მტკიცება იმისა, თითქოს «ლეიბორისტებს ალიანსი აქვთ მოქალაქეთა კავშირთან» უბრალოდ სასაცილო იქნება.
        ზემოთთქმულიდან გამომდინარე, «ზომიერ მემარცხენეთა» სერიოზულ შეცდომად უნდა ჩაითვალოს «ლეიბორისტებისაგან» გამიჯვნა. მათ თავად აუშვეს მხეცი, რომელიც უეჭველად მათვე შესანსლავს.

7 დღე, 24 მარტი, 1999 წელი