«მგლისფერი ძაღლის» სინდრომი საქართველოში; 1999 წლის ბიუჯეტიც «არავის ვაწყენინოს» გამო ჩაფლავდა

        პარლამენტში გამართულმა ბობოქარმა დებატებმა წინა წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მთლიანად საბიუჯეტო პროცესს საქართველოში (ანუ, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ფუნქციონირებას) ძალიან სერიოზული ნაკლი აქვს.
        რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა რუსეთის ფინანსურმა კრიზისმა (გამომდინარე მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან), ისევე, როგორც კორუფციამ, მაგრამ არის კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის აღიარება ხელს არ აძლევს არც «უმრავლესობას», არც «უმცირესობას» - ესაა კონიუნქტურული მოსაზრებები ბიუჯეტის ფორმირებისას.
        დაწყებული 1997 წლის შემოდგომიდან (როდესაც იწყებოდა დიდი საარჩევნო «მარათონი» საქართველოში), ხელისუფლება ცდილობდა ისეთნაირად შეედგინა ბიუჯეტი, რომ არავინ გაენაწყენებინა და მაქსიმალურად «დაენაყრებინა» გავლენიანი ფინანსურ-სამრეწველო თუ (რაც უფრო ნიშანდობლივია) საზოგადოებრივი ჯგუფები. ამ მიზნით ხდებოდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ხელოვნურად გაბერვა და, შესაბამისად, არარეალური ხარჯების დაფიქსირება ბიუჯეტში, რათა ზემოთხსენებული ჯგუფები მაქსიმალურად «კმაყოფილნი» ყოფილიყვნენ.
        როგორც კი (1999 წელს) ხელისუფლებამ გაბედა მეტ-ნაკლებად რეალისტური ბიუჯეტი შეემუშავებინა, პარლამენტს გამძვინვარებულ ლობისტთა მთელი ლაშქარი შეესია; შედეგად, ბიუჯეტი ისევ ხელოვნურად «გაიბერა», ვეღარ შესრულდა და რაკი საშემოსავლო ნაწილს 20-30 მილიონი ლარი (უკვე ერთ კვარტალში) დააკლდა, უცხოელმა «დონორებმაც» აღარ გადმოგვირიცხეს შეპირებული გრანტები (უპირველესად, ეს ეხება ევროკავშირსა და მსოფლიო ბანკს) – ასე გაიზარდა დანაკლისი პირველივე კვარტალში 58 მილიონ ლარამდე და წლის ბოლომდე კვლავ 20M- 25 მილიონი ლარს მიაღწევს.
        მართალია ხელისუფლება ყოველწლიურად იძულებული ხდებოდა განეხორციელებინა სეკვესტრი (რადგან «სასწაულის» მოლოდინი ჯიუტად არ მართლდება წლიდან-წლამდე), მაგრამ ზემოხსენებული გავლენიანი ჯგუფებისათვის ამას მნიშვნელობა არა აქვს – რაკი ისინი მაინც აიძულებდნენ ხელისუფლებას, შეეტანა ბიუჯეტში არარეალური ხარჯები.
        შემდეგ იმ მოტივით, რომ ხარჯები ბიუჯეტში დაფიქსირებულია, ჯერ კიდევ სეკვესტრამდე ახერხებდნენ «მსუქანი ლუკმის» წაგლეჯას ბიუჯეტიდან.
        შესაბამისად, ზარალდებოდა ვინ? ანუ ვის ხარჯზე ხდებოდა ბიუჯეტის სეკვესტრირება? რა თქმა უნდა, იმავე საინვესტიციო პროექტების, პენსიონერების (ისინი ყველა შემთხვევაში, მიანც «პროტესტული ელექტორატის» წევრები» არიან), ანუ იმ ფენების ხარჯზე, რომელთაც არ ძალუძთ ხელისუფლების შანტაჟირება.
        მეორე მხრივ, სრულიად გასაგები, ბუნებრივი, ლოგიკური და სამართლიანია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პოზიცია.
        ისინი მოითხოვენ მხოლოდ ერთს: დააბალანსეთ ბიუჯეტი, შეადგინეთ ბიუჯეტი ისე, რომ ხარჯები შეესაბამებოდეს რეალურ (და არა ჰიპოთეტურ, საოცნებო, სასწაულებრივ) შემოსავლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნუ ელით ჩვენგან დახმარებას. სსფ-ისა და მსოფლიო ბანკისთვის «ძლიერი ბიუჯეტი» იგივეა, რაც «რეალისტური ბიუჯეტი».
        1995 წლიდან სავალუტო ფონდის წარმომადგენლები დაჟინებით იმეორებენ, რომ «სომხეთს საქართველოზე გაცილებით უფრო ძლიერი ბიუჯეტი აქვს», რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთს უფრო რეალისტური ბიუჯეტი აქვს, რადგან სომხები ჩვენზე გაცილებით კულტურული (თანაც, სახელმწიფოებრივად კულტურული) ერია და იქ წარმოუდგენელია ისეთი ვითარება, რომ საზოგადოებრივმა ჯგუფებმა (მათ შორის, ინტელიგენციამ) ხელისუფლება აიძულოს, გაითვალისწინოს ბიუჯეტში არარეალური ხარჯები.
        სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი პრაქტიკა გრძელდება. ქართულ საზოგადოებას არაფრის დიდებით არ სურს შეურიგდეს იმას, რომ ბიუჯეტი შეიძლება შედგეს მხოლოდ რეალური შემოსავლების შესაბამისად.
        მოვიყვან ერთ მაგალითს: როდესაც რუსეთის «კომუნისტური» დუმა წლების განმავლობაში აიძულებდა ვიქტორ ჩერნომირდინის მთავრობას, გაეთვალისწინებინა ბიუჯეტში არარეალური ხარჯები – რუსეთის მთავრობაც იძულებული ხდებოდა, აერჩია ორიდან – ერთი: ან განეხორციელებინა ემისია, ან გაევრცელებინა ე.წ. ~მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებები» – თანაც, არა მხოლოდ რეზიდენტები, არამედ არარეზიდენტებიც ჩაერთო ამ პროცესში.
        შედეგად, 1998 წლის ზაფხულისათვის «გკო»-ს მომგებიანობამ 300 პროცენტს მიაღწია, რუსეთის ბიუჯეტი პროცენტების გადახდას ვეღარ აუდიოდა, ბოლოს რუსეთი იძულებული გახდა (მაგრამ უკვე კირიენკოს მთავრობა) ფაქტობრივად გამოეცხადებინა დეფოლტი, უარი ეთქვა საგარეო ვალდებულებათა გადახდაზე და მაინც განეხორციელებინა ემისია - დღეს 1 დოლარის ფასი რუსეთში 30 რუბლს აღწევს, ნაცვლად დეფოლტამდელი 6 რუბლისა.
        ესე იგი, დევალვაციამ 500 პროცენტი (!) შეადგინა. სამაგიეროდ, რუსეთს აღარ აქვს არანაირი საბიუჯეტო დავალიანება, ამასთან, ამ ქვეყანას მსოფლიოში ნავთობზე ფასების ზრდამაც «სულზე მოუსწრო».
        საქართველოსათვის ეს გზა (რასაც ზოგიერთი იდიოტი სთავაზობს ხელისუფლებას) სრული კატასტროფის მომასწავებელია. ჯერ ერთი, ჩვენს ქვეყანას არა აქვს მაშველი რგოლი (ნავთობი), რომ «უკიდურეს შემთხვევაში» მისი იმედი ჰქონდეს. გარდა ამისა, საქართველო არ არის რუსეთი, რომ არარეზიდენტებმა (ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში) უბატონოდ ხმა ვერ გასცენ.
        ხოლო ლარის მასშტაბური დევალვაცია (რუსეთისაგან განსხვავებით) საქართველოში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კრახის ტოლფასი იქნება.
        აქედან გამომდინარე, თუ იმთავითვე შევთანხმდებით, რომ ყოველგვარი «მემარცხენე-კომუნისტური» ექსპერიმენტი (ეკონომიკაში) საქართველოსათვის სრულიად ფუჭია და ერთადერთი სწორი სტრატეგია ლიბერალური რეფორმის გაგრძელებაა – ამ სტრატეგიის ფარგლებში რჩება ერთადერთი, უალტერნატივო გზა ქვეყნის გადასარჩენად (აქვე დაბეჯითებით უნდა შევნიშნო, რომ დღევანდელ პირობებში «ქვეყნის გადარჩენა» და «ლიბერალური რეფორმის გატარება» ერთი და იგივეა) რეალისტური ბიუჯეტის შემუშავება და მისი მკაცრად აღსრულება გავლენიანი ჯგუფების განაწყენების შიშის გარეშე.
        საქართველოში ამობენ: რა ბედენაა მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ძაღლიო.
        თავისთავად, ამ გზაზე კი ყოვლად აუცილებელია ერთი, ძალიან რთული და სარისკო ნაბიჯის გადადგმა: გადასახადების (თუნდაც 100 დოლარის – ისევე, როგორც აშშ-ში) დამალვისა და თუნდაც მცირეოდენი (ორი ჩანთა სიგარეტის) კონტრაბანდისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის (ციხის) დაწესება. სხვა გზა მართლაც არა აქვს ქვეყანას, რომელიც საკუთარი საზღვრების ნახევარს საერთოდ ვერ აკონტროლებს. ხოლო თუ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ამ ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა, მას მგლისფერი ძაღლი შეჭამს.

მერიდიანი, 19 მაისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე