„ანტიკორუფციული კომისია“: ორიათასხუთას ლარიანი «ოაზისი» კორუფციის უდაბნოში

„ანტიკორუფციული კომისია“: ორიათასხუთას ლარიანი «ოაზისი» კორუფციის უდაბნოში

  

    საქართველოს პარლამენტმა დაიწყო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონპროექტზე მსჯელობა. პრეზიდენტის წინადადებით განიხილება კანონპროექტი «ანტიკორუფციული კომისიის» თაობაზე. ამ საკითხის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ სახელისუფლებო კულუარებსა თუ საზოგადოებაში.
    ფაქტობრივად, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ძალისხმევით საზოგადოებრივ ცნობიერებაში დაიწყო «ხელისუფლების კლანურობის» შესახებ სტერეოტიპის მუსირება, ედუარდ შევარდნაძე იძულებული გახდა, უპრეცედენტო ნაბიჯი გადაედგა: რა თქმა უნდა, თვით ასეთი კომისია ბევრ ქვეყანაში შეუქმნიათ.
    მაგრამ არნახულია კომისიის წევრთა ფულადი ანაზღაურების შეფარდება ქვეყანაში არსებულ დონესთან.
    საქართველოში საშუალო ხელფასი ოცდაათ ლარამდე მერყეობს. პენსია დაახლოებით ათი ლარია. პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 500-600 ლარს არ აღემატება. თვით კერძო სექტორშიც კი (თუ ლაპარაკია საკუთრივ ხელფასზე) ასეთი მაღალი ანაზღაურება თითქმის არავის აქვს. მაშასადამე, მართლაც იქმნება რაღაც ოაზისი, რომლის წევრები ყოველმხრივ პრივილეგირებულნი იქნებიან. ორიათასხუთასი ან თუნდაც ათასხუთასი ლარი დღევანდელ პირობებში თითქოს სავსებით საკმარისია, რათა ადამიანმა არათუ ნორმალურად, არამედ კარგად იცხოვროს და «ცეცხლოვანი მახვილით» დაერიოს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, აიძულოს ურჩი გადამხდელები ბიუჯეტში თანხები შეიტანონ და ა.შ. შედეგად (როგორც გამოცდილმა ოპერატიულმა მუშაკმა გივი ლომინაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა) საბიუჯეტო შემოსავლები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს და პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი მილიონი ლარი მთლიანად აანაზღაუროს ხარჯებს.
    მაგრამ ძირითადი პრობლემა აქ ისევ და ისევ კორუფციის ბუნებაში მდგომარეობს და არა ხელფასის რაოდენობაში. ძალიან დიდი გულუბრყვილობაა იმის იმედად ყოფნა, რომ თუ თითქმის განუსაზღვრელი უფლებამოსილებით აღჭურვილ გამომძიებელს ორიათასხუთას ლარს დავუნიშნავთ ხელფასს, იგი ქრთამს აღარ აიღებს და სხვადასხვა საქმეებს აღარ «გააიმასქნებს». ნურას უკაცრავად! ორიათასხუთასი ლარი კარგია, ხუთიათასი დოლარი - კიდევ უკეთესი. მით უმეტეს, ჯობია ორმოცდაათი ათასი დოლარი. ხოლო ასი ათასი დოლარი ხომ საერთოდ ოცნების მწვერვალია!
    «ისეთი ხელფასი არ არსებობს, კაცს რომ ეყოს - კაცი უნდა ეყოს ხელფასს». მართლაც, თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ საქართველოში კაცი თაფლის კასრთან დავსვათ და ვუბრძანოთ, დღეში სამი ყლუპი თაფლი იმყოფინოს - ფუჭი მცდელობაა. ბუნებით მექრთამე ქრთამს მაინც აიღებს, რა ხელფასიც არ უნდა დაუნიშნო. მით უმეტეს, რომ განმკითხავი არავინაა. მიზეზი თვით ქართული საზოგადოების დაბალ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ კულტურაში, სამართლებრივი შეგნების უმდაბლეს დონეში უნდა ვეძიოთ. ჩვენ ხალხს ვერაფრის დიდებით შეაგნებინებ, რომ კორუფცია უპირველესად საზოგადოებრივი პრობლემაა და არა პოლიტიკური ან სახელისუფლებო. განა იტალია დემოკრატიული ქვეყანა არ არის? მაშინ რატომაა, რომ იქ კორუფცია არნახული მასშტაბით ყვავის? იმავდროულად, გერმანიაში ან შვედეთში კორუფციის დონე გაცილებით დაბალია. აქ საზოგადოების ზოგადი კულტურა მჟღავნდება და არა დემოკრატიის დონე.
    სასაცილოა იმის მტკიცება, თითქოს საქართველოში კორუფციის აღმოფხვრას ის უშლიდეს ხელს, რომ ვიღაცას არ სურს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. დარწმუნებული ვარ, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ვინმემ რომც მიიღოს, ის ხალხი ვინც დღეს ხელისუფლების უსუსურობასა და პოლიტიკური ნების არქონას ასახელებს მიზეზად (რა თქმა უნდა, სამართლიანად), თუ დასჭირდა, თავადვე შეცვლის რიტორიკას და ისტერიკას ატეხს - «ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევათა გამო».
    მექრთამეები სასამართლოზე, რა თქმა უნდა, სიხარულით არ აღიარებენ «მექრთამეები ვართო» - დაიწყება ლაპარაკი მათი «უფლებების დაცვაზე», «37 წელზე», შეთითხნილ საქმეებზე. ძველ კომუნისტურ მეთოდებსა და ტრადიციებზე და ა.შ.
    რაც შეეხება «მაღალხელფასიან გამომძიებლებს» - ეს ორგანო თავად იქცევა კორუფციის ბუდედ, მაგრამ ეს არავის ბრალი არ იქნება.
    ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდია ამბობდა გროზნოში გადასახლების შემდეგ: მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ ქართულ საზოგადოებაში ერთადერთი სტაბილური სისტემა არის მაფია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა ფაქტობრივად შეუძლებელიაო.

მერიდიანი, 12 ივნისი, 1998 წ.