ქართული პოლიტიკის მესაჭეები
        ტენეტი კრწანისის რეზიდენციაში უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, შრიოდერი ევროპისკენ გვაკვალიანებს

        გუშინ თბილისში, შეიძლება ითქვას, «სნგ-ს მაშსტაბის» სენსაცია შედგა. პირველად ისტორიაში «დიდი შვიდეულის» წევრი ქვეყნის ხელმძღვანელი და პოლიტიკური ლიდერი ეწვია საქართველოს.
        უკანასკნელ გარემოებას განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი, ვინაიდან (მაგალითად) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰერცოგი ორი წლის წინ მთელი ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს, მაგრამ ამ ვიზიტისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, ვინაიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში «პრეზიდენტი» ისევ სიმბოლური ფიგურაა, როგორც დიდ ბრიტანეთში «მონარქი».
        ფორმალურად, გერმანიის პრეზიდენტს შეუძლია «ასპარეზზე» გამოვიდეს კრიზისული ვითარების დროს, მაგრამ ამის უფლება ბრიტანეთის დედოფალსაც აქვს.
        სულ სხვა საქმეა კანცლერი – იგი განასახიერებს გერმანიის კონკრეტულ სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს ამა თუ იმ რეგიონში. კანცლერი (ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთში, პრეზიდნტი საფრანგეთში და ა.შ.) პასუხს აგებს მიმდინარე პოლიტიკაზეც ყველა თვალსაზრისით.
        ამიტომ «გადაჭარბებულია» ან პირიქით - «დამაკნინებელია» მოსაზრება, თითქოს შრიოდერის ვიზიტი მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის წინასაარჩევნო მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
        სინამდვილეში, ეს ვიზიტი უფრო ღრმა და სერიოზული ტენდენციების მაჩვენებელია, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის საკმაოდ თვალსაჩინო წარმატებაზე მეტყველებს.
        ისიც უაღრესად ნიშანდობლივია, რომ გერჰარდ შრიოდერი მხოლოდ საქართველოს ეწვია. არადა, როდესაც რამდენიმე წლის წინ დამკვირვებლები «დიდი შვიდეულის» ქვეყნების ლიდერთა ასეთი ვიზიტების შესაძლებლობაზე მსჯელობდნენ, ისინი ვარაუდობდნენ, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ან საფრანგეთის პრეზიდენტი (ყველაეს ეგონა, რომ გერმანია რუსეთის შიშით ამას ვერ გაბედავდა) ოდესმე ეწვეოდა «რუსეთის გავლენის სფეროდ» შერაცხულ კავკასიას, - უეჭველად იმოგზაურებდა სამივე ქვეყანაში (სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი) და შეეცდებოდა ხაზი არ გაესვა რომელიმე ქვეყნის პრიორიტეტულობისათვის; მით უმეტეს «გიჟად» ჩათვლიდნენ იმას, ვინც გაბედავდა ეწინასწარმეტყველა, რომ დასავლეთის ერთ-ერთი ლიდერი ჩეჩნეთის ომის დროს ეწვეოდა საქართველოსა და კავკასიას. პირველი ომის დროს, მაგალითად, ეს შეუძლებელი იყო.
        შრიოდერის საქართველოში ვიზიტისას თითქოს რაიმე მნიშვნ:ელოვან დოკუმენტს ხელი არ მოეწერა, მაგრამ საკმარისია თვით ვიზიტის ფაქტი, აგრეთვე კანცლერის ზოგიერთი განცხადება, რათა დავასკვნათ, რომ გერმანია სამხრეთ კავკასიაში «დამოუკიდებელ თამაშს» იწყებს.
        თითქოს უფრო ლოგიკური იქნებოდა კავკასიას საფრანგეთის პრეზიდენტი სწვეოდა. შარშან სექტემბერში ჟაკ შირაკის ვიზიტი იგეგმებოდა კიდეც, მაგრამ არ შედგა, ვინაიდან საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილებამ, თურქეთში სომეხთა გენოციდის (1914 წ.) დაგმობის შესახებ, შესამჩნევად დაძაბა ურთიერთობები საფრანგეთსა და თურქეთს, აგრეთვე საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის.
        ჟაკ შირაკი უფრო მეტად ითვალისწინებდა «მეგობარი ბორისის» პოზიციასაც. ევროპელ ლიდერთა ახალი თაობა (მათ შორის შრიოდერი) თავისუფალია ყოველგვარი ვალდებულებებისაგან რუსეთის მიმართ, ამიტომ შეუძლია უფრო თამამად და აქტიურად იმოქმედოს.
        როგორც ჩანს, ეს «ახალ მემარცხენეთა» მთელი «ტალღის» სტილია _ ისინი ამტკიცებენ, რომ «მემარცხენეობა» დღეს სრულებითაც არ ნიშნავს «აღმოსავლელი მონსტრისადმი» შემრიგებლურ დამოკიდებულებას და საკუთარი ქვეყნის გეოპოლიტიკურ ინტერესთა განხორციელებაზე «უარის თქმას».
        გერჰარდ შრიოდერი თავად დგამს პირველ ნაბიჯს, თუმცა ისიც ნიშანდობლივია, რომ მის ვიზიტს წინ უსწრებდა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტი, რომელიც, უკანასკნელი მონაცემებით, თბილისიდან არსადაც არ წასულა და კვლავინდებურად კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში იმყოფება, სადაც (ისევ და ისევ, კონფიდენციალური ცნობებით) შეხვდა სომხეთის პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანს.
        ეს უკანასკნელი ჯორჯ ტენეტს ერევანში, რა თქმა უნდა, ვერ მიიწვევდა, მაგრამ მასთან შეხვედრას მაინც საჭიროდ ჩათვლიდა. ტენეტი და შრიოდერი თითქოს ევროატლანტიკური პოლიტიკის სხვადასხვა პოლუსს წარმოადგენენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი ერთმნიშვნელოვნად და სრულად გამოხატავენ დასავლური ცივილიზაციის, ევროატლანტიკური სივრცის ინტერესებს, რომლებიც, ტაქტიკურ სხვაობათა მიუხედავად, ყოველ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანხვედრილია და თითქმის იდენტური.
        ერთადერთი ფაქტორი, რაც ამ პროცესის შემდგომ განვითარებას უშლის ხელს, არის რუსეთის სამხედრო «ყოფნა» საქართველოში, რომელიც არათუ სუსტდება, იკვეცება, არამედ ფართოვდება კიდეც – საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე რუსეთი აძლიერებს სამხედრო კონტინგენტს ახალქალაქი, გუდაუთაში, ბათუმსა და ვაზიანში – ანუ თბილისის გარეუბანში.
        თუ ეს პროცესი გაგრძელდა, გერმანიის, ამერიკისა და ზოგადად, დასავლეთის «კეთილი განზრახულობა» ჰაერში გამოკიდებულედ დარჩება.
        მიუხედავად პუტინის გაიძვერული განცხადებისა «ნატოში რუსეთი გაწევრიანების» შესახებ – რუსეთისა და დასავლეთის «ჩუმი დაპირისპირება» უახლოეს მომავალში გარდაუვალია, ვინაიდან არ მოხსნილა მთავარი წინააღმდეგობა: კრემლს არ სურს დათმოს პოზიციები პოსტსაბჭოურ სივრცეში, დასავლეთმა კი აუცილებლად უნდა შეავსოს «გეოპოლიტიკური ნიშა».
        არა ალტრუისტული მოსაზრებებით, არამედ საკუთარი, «მკაცრად პრაგმატული» ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს აქვს შანსი, ეს წინააღმდეგობა ასევე «მკაცრად პრაგმატულად» გამოიყენოს თავისი პოზიციების განსამტკიცებლად და ეროვნული ინტერესების დასაცავად.
        ოღონდ, საამისოდ აუცილებელი იქნება თუნდაც ერთი ნაბიჯის გადადგმა: მინიმუმ ვაზიანიდან და გუდაუთიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა, რასაც (სტამბულში ხელმოწერილი შეთანხმების მიუხედავად), რუსეთი არ აპირებს.
        როგორც მოსალოდნელი იყო, რუსები ჩაეჭიდნენ «ერთობლივი განცხადების» იმ პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს ყოფილი სამხედრო ბაზის ობიექტის (არ წერია კონკრეტულად რა ობიექტთა) «ერთობლივ ექსპლუატაციას», ანუ რუსები მზად არიან გაიყვანონ ვაზიანიდან (ფაქტობრივად თბილისიდან) მხოლოდ სამხედრო ტექნიკა – შესაბამისად ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ფუნდამენტური ხელშეკრულებისა, მაგრამ არა «ცოცხალი ძალა» ანუ ვაზიანის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აეროდრომი ისევ მათი კონტროლის ქვეშ უნდა დარჩეს.
        ასეთ პირობებში ვერც შრიოდერი და ვერც ნატო, მთელი მისი ძლევამოსილებით – პოლიტიკურად ვერ დაგვეხმარება, ვინაიდან პირდაპირ ომს რუსეთს «ჩვენი გულისთვის» (როგორც მართებულად ამბობდნენ წინათ) არავინ დაუწყებს, ხოლო პოლიტიკური არგუმენტი ჩვენივე არაკომპეტენტურობით თავად წავართვით დასავლეთს და გადავეცით რუსეთს.
        ამ პირობებში ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს პარლამენტის მიერ «თავდაცვის შესახებ» კანონის მიღება, რომელიც გაითვალისწინებს უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა გაყვანას ქვეყნის ტერიტორიიდან – ისევე, როგორც ეს მოხდა მესაზღვრეებთან დაკავშირებით.
        თუმცა, რუსების ბაზების ლიკვიდაცია უფრო ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება, მაგრამ იგი უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პოლიტიკური ვექტორის ნიველირება და საქართველოს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს.
        რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს - «ევრაზიული დერეფნის» კომპონენტები (მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი) გაცილებით მეტ გარანტიას ქმნის ამ თვალსაზრისით, ვიდრე რუსეთის ბაზები.

7 დღე, 31 მარტი, 2000 წელი

მთელ გვერდზე