რა გვინდა ავღანეთში?

რა გვინდა ავღანეთში?

    გასულ კვირას შორეული ავღანეთიდან კვლავ მოვიდა ტრაგიკული ამბავი: ჰელმანდის პროვინციაში კიდევ 3 ქართველი მეომარი დაიღუპა. მთლიანობაში, ქართველ სამხედროთა მსხვერპლმა 12 ჯარისკაცსა და ოფიცერს მიაღწია. დაჭრილთა რიცხვი კი რამდენიმე ათეულია.
    ბუნებრივია, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ამ ტრაგედიას აქტიურად გამოეხმაურენ. `ლეიბორისტებმა~ სპეციალური დეკლარაციაც გამოაქვეყნეს (ავღანეთიდან ჯარის სასწრაფოდ გამოყვანის მოთხოვნით) და სხვა პარტიებს მასზე ხელმოწერა მოსთხოვეს. `მშრომელთა პარტია~ დიდი ხანია ითხოვს საქართველოს ნეიტრალურ სახელმწიფოს გამოცხადებას, ანუ მათი დამოკიდებულება ავღანური ოპერაციისადმი იოლად პროგნოზირებადია: ნეიტრალური ქვეყანა არ შეიძლება მონაწილეობდეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ ოპერაციებში – შვეიცარიას ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს, მაგრამ ვატიკანის გარდა შვეიცარიელი ჯარისკაცები და ოფიცრები არსად იმყოფებიან.
    `ლეიბორისტების~ მოთხოვნამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში `ლაკმუსის~ ეფექტი გამოიღო: პოლიტიკური ძალები გაიყვნენ `მომხრეებად~, `მოწინააღმდეგეებად~ და `შუალედურებად~. ყველაზე საინტერესო სწორედ ეს ბოლო სეგმენტია: მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავღანეთში ქართული ჯარი ნამდვილად უნდა იმყოფებოდეს, `მაგრამ არა დღევანდელი ოდენობით, არამედ მცირე კონტინგენტით~.
    Eელემენტარული ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს პოზიცია (როგორც ხშირად ხდება ხოლმე `საშუალედო~ დამოკიდებულებებთან დაკავშირებით) უბრალოდ აბსურდულია და აი, რატომ: თუ ქართული კონტინგენტი მაინც უნდა იმყოფებოდეს ავანეთში და მონაწილეობდეს საბრძოლო მოქმედებებში, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს 12 ჯარისკაცი ასეულიდან დაიღუპება თუ ათასეულიდან? როგორც ჩანს, ამ პოზიციის მიმდევრებს უფრო სხვა რამის თქმა სურთ - რომ საქართველო ავღანეთის ოპერაციაში უნდა მონაწილეოდეს, მაგრამ სიმბოლურად. ვთქვათ, არასაბრძოლო სამხედრო დანაყოფებით. Nყველა არმიაში არის ასეთი დანაყოფი: კავშირგაბმულობის ასეული, სამხედრო-სამედიცინო ბატალიონი, სამშენებლო-საინჟინრო შენაერთი და ა.შ. ბევრი სახელმწიფო ნატოს ოპერაციაში სწორედ ამ ფორმით მონაწილეობს, რათა ერთის მხრივ თავისი მეომრების სიცოცხლით არ გარისკოს, მაგრამ, იმავდროულად, `ოპერაციის მონაწილეც~ დაერქვას.
    ოღონდ საქართველოს შემთხვევაში და იმ მიზნების თუ ამოცანების გათვალისწინებით, რასაც ავღანურ ეპოპეაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ისახავს, ამგვარ `სიმბოლურ ჩართულობას~ არავითარი აზრი არა აქვს. ჩვენ არა ვართ ჩეხეთი ან სლოვენია, რომლებიც დიდი ხანია მიიღეს `ნატო~ - ში და აგრესიულად განწყობილი მეზობლის ან ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა არა აქვთ. ჩვენი ქვეყნის წინაშე ეგზისტენციური (ანუ ყოფნა-არყოფნის) საფრთხე დგას.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    ნებისმიერი პოლიტიკური საკითხის შეფასებისას `მიზანშეწონილობა~ უმთავრესი კრიტერიუმია. ამ სფეროში სწორედ ეს არის ფილოსოფიური `ოკამას სამართებელი~, როდესაც ყველაზე უბრალო განმარტება იმავდროულად ყველაზე მართებულია. თუ საქართველოს მიზანი უსაფრთხოების და სახელმწიფოებრივი მდგრადობის დასავლური გარანტიების მოპოვებაა, მაშინ ნატოს ოპერაციაში მონაწილეობა აბსოლუტურად მიზანშეწონილ სტრატეგიად უნდა ჩაითვალოს. Gგულს ნუ აგვიცრუებს ის ფაქტი, რომ `ამ ფასად~ დასავლეთი არათუ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არ მიგვიღებს, არამედ ნატოში გასაწევრებლად აუცილებელ `საგზაო რუქასაც~ კი არ გაიმეტებს, რათა რუსეთი არ გაანაწყენოს. ვერც ოკუპირებულო ტერიტორიებს დავიბრუნებთ იმით, რომ ავღანეთში ათასობით ჯარისკაცსა და ოფიცერს ვაგზავნით. Mმაგრამ ნურც იმას დავიჯერებთ, თითქოს ამას არა აქვს მნიშვნელობა საქართველოს პრობლემებისადმი ტრადიციული (!) დასავლური `გულგრილობის~ მოსაშლელად.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქართველი ბიჭები, რომლებიც ავღანეთში იღუპებიან, ამით დასავლეთს აიძულებენ (დიახ აიძულებენ!) მეტი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით მოეკიდონ ჩვენი ქვეყნის პრობლემებს, უფრო მეტად `გაითავისონ~ საქართველო, ანუ აღარ აღიქვან იგი რუსეთის გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობის ზონაში შემავალ წარმონაქმნად, რომლის მიმართ დასავლეთი აბსოლუტურად გულგრილი შეიძლება იყოს.
    თუ ვინმეს ჰგონია, 2008 წლის აგვისტოში პუტინს არ სურდა გაეცა ბრძანება თბილისის შტურმის შესახებ, ძალიან ცდება. ძალიანაც სურდა. სურდა კი არა `სული უწაკწაკებდა~, რადგან საქართველოს სრული ოკუპაციით ძალიან ბევრ გეოპოლიტიკურ პრობლემას გადაწყვეტდა (თუნდაც ცენტრალური აზიიდან ენერგომატარებლების ევროპაში ტრანზიტი რად ღირს), მაგრამ ამერიკა და დასავლეთი, რომლებიც ასე თუ ისე მდუმარედ შეხვდნენ `სამარეთ ოსეთისა~ და აფხაზეთის ოკუპაციას, მსოფლიო პოლიტიკური რუქიდან საქართველოს სრულ გაქრობას არ შეურიგდებოდნენ. არ შეურიგდებოდნენ მათ შორის იმ პასუხისმგებლობის გამო, რასაც გრძნობდნენ ერაყში ქართული კონტინგენტის აქტიური მხარდაჭერის შედეგად.
    ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, ჩვენი ბიჭების მსხვერპლმა ჯერ ერაყში, შემდეგ კი ავღანეთში, დასავლური სახელმწიფოთა მთავრობებს შეუქმნა მოტივაცია, რომელიც სხვა შემთხვევაში არ ექნებოდათ. Aარ ექნებოდათ თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს `მიტოვებით~ მათთვის საზიანო და მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის თვალსაჩინო პრეცედენტი არ იქმნებოდა.
    ამიტომაც `აიტკივეს აუტკივარი თავი~ რუსეთთან დამოკიდებულებაში იმ ზომით მაინც, რომ რუსული არმადა საქართველოს ყოფილ ავტონომიათა საზღვრებზე შეეჩერებინათ. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ავღანეტში ჯარების გაგზავნის თაობაზე (თანაც არსებითი ოდენობით და არა სიმბოლურად) აბსოლუტურად გამართლებულია – იგი ლოგიკურად გამომდინარეობს საგარეო-პოლიტიკური კურსიდან და ამ კურსის თანამდევ საფრთხეებზე რეაგირების, უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიათა შექმნის იმპერატიული აუცილებლობიდან.
    ამდენად, `პროდასავლური~ პოლიტიკური ძალების მხრიდან `ჯარების დაბრუნების~ მოთხოვნა არალოგიკური ჩანს. ასეთი მოთხოვნა რელევანტური იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მთლიანად საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლას და რუსულ ორბიტაზე ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას დაუჭერდნენ მხარს. Eესე იგი, რუსეთის მიერ პოსტსაბჭოურ სივრცეზე ხელოვნურად, ფარული თუ აშკარა ზეწოლით შეკოწიწებულ `კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში~ (ერთგვარი `ანტინატო~) აგრეთვე `საბაჟო კავშირსა~ და იმავე `ევრაზესში~ შესვლას. ამ შემთხვევაში, მართლაც, ქართველი მეომრების მსხვერპლი ავღანეთში სრულიად უაზრო აღმოჩნდებოდა.
    მაგრამ რაკი ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მოქმედი ძალების აბსოლუტური უმრავლესობა (მარგინალების გარდა) იზიარებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსს, არ ეთანხმება პუტინის იდეას `ევრაზიული კავშირის თაობაზე, მაშინ მათ ისიც უნდა აღიარონ, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მსხვერპლი ავღანეთში `უაზრო ან მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე სულაც არა არის: ის ბიჭები მართლაც ქვეყნისთვის იღუპებიან, ნამდვილად აძლიერებენ ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას და განამტკიცებენ მის დამოუკიდებლობას იმ ვითარებაში, როდესაც მეზობელი, ზემძლავრი სახელმწიფო (რომელსაც პირდაპირი სამხედრო შეტაკებით წინააღდმეგობას ვერ გავუწევთ) აღარ მალავს შორსმიმავალ გეგმებს პოსტსაბჭოურ სივრცეზე ახალი `კავშირის~ შექმნის შესახებ.

2012