ისევ საარჩევნო კანონი?!

        ჯერ კიდევ 31 ოქტომბრის არჩევნებამდე მრავალი მიმომხილველი არცთუ უსაფუძვლოდ წინასწარმეტყველებდა, რომ საარჩევნო ციკლის დასრულებისთანავე, ძალთა ახალი განლაგების გათვალისწინებით, აუცილებლად დაიწყებოდა მუშაობა «მორიგ» საარჩევნო კანონზე.
        ახლახან შექმნილი კომისია (პარლამენტში წარმოდგენილი ყველა ძალის მონაწილეობით) თითქოს «საარჩევნო კოდექსზე» იწყებს მუშაობას, მაგრამ ამან არავინ მოატყუოს.
        სინამდვილეში, «კოდექსზე» მუშაობის პარალელურად, აუცილებლად წამოიჭრება ახალი წინადადებები მოქმედი საარჩევნო კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით. თანაც, არა უბრალოდ კოსმეტიკურ, არამედ თვისებრივ ცვლილებაზე იქნება საუბარი
        საერთოდ, საარჩევნო კანონი ერთ-ერთი ყველაზე «მრავალტანჯული» კანონია საქართველოში. დაწყებული 1990 წლის ზაფხულიდან, როდესაც მიმდინარეობდა ბობოქარი დისკუსიები მომავალი საარჩევნო «თამაშის წესის» თაობაზე, დასრულებული დღევანდელობით.
        არ ყოფილა არც ერთი საარჩევნო ციკლი, არც ერთი არჩევნები, არც ერთი საარჩევნო კამპანია თუ წინასწარი ალიანსი, რომ მისი ცენტრალური თემა არ ყოფილიყო საარჩევნო კანონის ჩამოყალიბება, ანუ მისი შეცვლა და კონკრეტული მომენტის საჭიროებისადმი მისადაგება.
        როგორც ჩანს, ეს უკვე საქართველოს ე.წ. პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამას ვეღარ გავექცევით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საარჩევნო კოდექსი (ანუ შესაბამისი წესი) საქართველოს კონსტიტუციურ დამატებად იქცევა და ქვეყნის ძირითად კანონში გაფორდმება.
        ამ შემთხვევაშიც, საარჩევნო კანონის შესაცვლელად მთელი კონსტიტუციას შეცვლიან, მით უმეტეს, რომ იმავე ხალხმა, ვინც 1990 წლიდან დღემდე განუწყვეტლივ თხზავს საარჩევნო კანონს, სპეციალურად ისეთი მექანიზმები ჩადო კონსტიტუციაში, რომ ამ კონსტიტუციის შეცვლა ადვილი ყოფილიყო.
        დარწმუნებული ვარ, ეს გაკეთდა შეგნებულად და ეს იყო შეგნებული დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ, ვინაიდან სინამდვილეში საქართველოს სასიცოცხლო ინტრერესია ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებული «თამაში წესი» - ძნელად ტრანსფორმირებადი და ძნელადშესაცვლელი კონსტიტუცია, აგრეთვე ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული საარჩევნო კანონი ამ კონსტიტუციის საფუძველზე.
        ნებისმიერ ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში, კაცმა რომ თქვას, ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობა მხოლოდ კონსტიტუციასთან ერთად უნდა იცვლებოდეს, ვინაიდან კონსტიტუციის ცვლილება სახელმწიფოებრივი მოწყობისა და წეს-წყობილების ცვლილებას, აგრეთვე ხელისუფლების (მმართველობითი აპარატის) დაკომპლექტების წესის ცვლილებასაც ნიშნავს.
        საქართველოში სულ სხვა ლოგიკა მოქმედებს – ჩვენს პოლიტოკრატიას საშუალება თუ მიეცი, იგი ჯერ საარჩევნო წესს შეცვლის საკუთარი საჭიროებისამებრ, ხოლო შემდეგ მას მოარგებს კონსტიტუციასაც და ყველაფერს დანარჩენს.
        მისთვის იდეალური იყო 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნები და საარჩევნო კანონი, ვინაიდან ამ კანონის მეშვეობით («პრეფერენციების» იდიოტური სისტემით), პარლამენტში მოხვდა ყველა, ვისაც კი ამის სურვილიო ჰქონდა.
        «პრეფერენციები» აკანონებდა საქართველოში იმ დაჯგუფების მონოპოლიას პოლიტიკის წარმოებაზე, რომელიც, სხვადასხვა მინარევებით, 1988 წლიდან აქტიურობს.
        რა თქმა უნდა, დღეს «პრეფერენციებს» ვეღარ გაბედავს, თუმცა სხვა მეთოდებიც არსებობს, რათა საკუთარი ინტერესების შეუვალობა უზრუნველყონ.
        მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ეს ინტერესები, ასე ვთქვათ «თვითმყოფადია» და კონკრეტულ ვითარებას უკავშირდება.
        1998-1999 წლების ციკლის დროს, «ოპოზიციის «მიზანი იყო თამაშის იმგვარი წესი დაეკანონებინა, რომ მომავალ პარლამენტში მმართველ პარტიასთან ერთად თვითონაც მოხვედრილიყო, ანუ არ დაეშვა «გარესაპარლამენტო პარტიების» გაძლიერება, მაგრამ ამ ტაქტიკამ მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლა.
        დღეს ვითარება დიდად შეიცვალა. პარლამენტი ატომიზებულია, ანუ გარდა მოქალაქეთა კავშირისა, რომელიც ასე თუ ისე ინარჩუნებს უმრავლესობას საკანონმდებლო ორგანოში, არსებობს ათამდე წვრილ-წვრილი დაჯგუფება პარლამენტშიც, პარლამენტის ახლოსაც და პარლამენტს გარეთაც.
        «პარლამენტის ახლოს» - ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ შენაერთებს, რომლებიც ან იყვნენ პარლამენტში, ან, ასე თუ ისე, ინარჩუნებენ შანსს, ჯერ კიდევ დაბრუნდნენ აქტიური პოლიტიკის ასპარეზზე.
        «პარლამენტს გარეთ» არიან ის პარტიები, რომელთა რეანიმირების ალბათობა უკვე თითქმის ნულის ტოლია (განურჩევლად იმისა, ამას თვითონ რამდენად აცნობიერებენ) და რომლებიც ვერასდდროს, ვერც ერთ შემთხვევაში, პარლამენტს ვეღარ დაუბრუნდებიან.
        პირველი ორი კატეგორია გრძნობს, რომ ორი წლის წინანდელი ვითარება აღარ განმეორდება, «დიდი კოალიცია» (7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის გარანტიით) ვეღარ შეიქმნება, ამიტომ დღეს მათი უპირველესი ამოცანაა 7-პრცენტიანი საარჩევნო ბარიერის შემცირება და კონსტიტუციაში სათანადო ცვლილებების შეტანა.
        როგორც ცნობილია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მოთხოვნით, პარლამენტმა პირველი შესწორება შეიტანა კონსტიტუციაში 1 წლის წინ და ძალზე ნიშანდობლივია (ზემოთქმულის დამადასტურებელია), რომ პირველი შესწორება სწორედ საარჩევნო წესს ეხებოდა, - 5 პროცენტიანი ბარიერი გაიზარდა 7 პროცენტიან ბარიერამდე.
        შედეგად, თვით ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ ვერ გადალახა ახალი (თუმცა, ვერც ძველი) ბარიერი, მაგრამ მოთხოვნა მთლად «უაზრო» არ ყოფილა იმ თვალსაზრისით, რაც ჯამში 12-14 პროცენტს იძლეოდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.
        დღეს უკვე სხვა პრიორიტეტებია, სხვა «მზე ანათებს», ამიტომ უმთავრესი მოთხოვნა იქნება 7 პროცენტიანი ბარიერის შემცირება 4 პნროცენტამდე (უეჭველად, 4 და არა ისევ 5).
        არ არის გამორიცხული, აგრეთვე საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერის მნიშვნელოვნად გაზრდა «პარტიულ მშენებლობის სტიმულირების» მიზნით.
        ცვლილებათა პირველი ნიშანი იქნება საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილების შეტანა, რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას კვოტა დაიწევს 3 პროცენტამდე, შესაბამისი არგუმენტირებაც არ დააყოვნებს: ადგილობრივ საქმეებში რაც შეიძლება ფართო პოლიტიკური სპექტრი უნდა მონაწილეობდეს.
        რასაკვირველია, არავინ მიაქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ამ ფართო სპექტრის უდიდესი ნაწილი არავის წარმოადგენს (საკუთარი თავის გარდა) და არავის ინტერესებს არ გამოხატავს. მაგრამ ამით შეიქმნება საჭირო პრეცედენტი «დიდი არჩევნებისათვის».

მერიდიანი, 25 ოქტომბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე