დავით იაკობიძე - წითელ პარასკევს შეწირული

დავით იაკობიძე - წითელ პარასკევს შეწირული

    მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ფინანსთა მინისტრის სავარძელი სულ მალე ვაკანტური გახდება. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, დავით იაკობიძე პოლიტიკური მომენტის, ძალაუფლების ტექნოლოგიისა და საბიუჯეტო პროცესის პირველი მსხვერპლი ხდება.
    ჯერ კიდევ გასულ წელს ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობდა, რომ «საბიუჯეტო ვადების» ჩაგდებას პრეზიდენტი ფინანსთა მინისტრს არ აპატიებდა, ვინაიდან ბიუჯეტის განხილვისას ოპოზიციის კრიტიკა მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების «პირველი პირის» წინააღმდეგ იყო მიმართული - პრეზიდენტს კი კრიტიკის ობიექტის შეცვლა სურდა.
    იგი დარწმუნებული იყო: ფინანსთა მინისტრმა ვერ შეძლო სავალუტო ფონდთან საერთო ენის გამონახვა, რათა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს უკანასკნელ მომენტში დაჟინებით არ მოეთხოვათ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირება.
    ნიშანდობლივია შევარდნაძის სიტყვებიც ზემოხსენებულ სხდომაზე: «იაკობიძის კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ როგორც ჩანს, კვალიფიკაცია საკმარისი არ არის - საჭიროა ორგანიზატორული ნიჭიც».
    მეორე მხრივ, იაკობიძის (ან ნებისმიერი სხვა მინისტრის) დასჯას უკვე პოლიტიკური ვითარებაც მოითხოვდა. თავდაპირველად შევარდნაძისათვის მინისტრთა კაბინეტის «პირადი შემადგენლობის» უცვლელობა სტაბილურობის ნიშანი და გარანტი იყო, მაგრამ ბოლო დროს ვითარება მკვეთრად შეიცვალა. საზოგადოებაში მწიფდებოდა ე.წ. «ცნობიერი სტერეოტიპი», რომლის თანახმად მინისტრთა დაუსჯელობა უკვე პრეზიდენტის სისუსტედ აღიქმება და არა სტაბილურობის ნიშნად - ედუარდ შევარდნაძე კი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს საზოგადოებრივ აზრს. ამავე დროს, დავით იაკობიძის გადაყენებამ (თუ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება, იგი, ალბათ, თავად დაწერს განცხადებას და გადადგება თანამდებობიდან) შეიძლება ხანმოკლე სამთავრობო კრიზისი გამოიწვიოს, ვინაიდან დაირღვევა მყიფე სტაბილურობა მინისტრთა კაბინეტის ბირთვში.
    იაკობიძის შემცვლელად ორი ძირითადი კანდიდატურა განიხილება: თემურ ბასილია და მიხეილ ჭკუასელი. ორივე მათგანს სერიოზული შანსები აქვს. თემურ ბასილია სავალუტო ფონდისა და სხვა ტრანსნაციონალური ფინანსური ორგანიზაციების ნდობით სარგებლობს - მისი დანიშვნა იმის მომასწავებელი იქნება, რომ დავით იაკობიძე ტაქტიკურ პრობლემებს შეეწირა, სტრატეგიული თვალსაზრისით კი პოლიტიკა არ შეიცვლება. მის უპირატესობას ქმნის «იმიჯი» - ჭკუასელი «ძველ გვარდიას» არ წარმოადგენს და მის წინააღმდეგ მდგრადი უარყოფითი სტერეოტიპის შექმნა გაძნელდება.
    გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მიშა ჭკუასელს ზურგს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ფინანსური დაჯგუფება უმაგრებს.

მერიდიანი, 29 აპრილი, 1997 წ.