გენერალურ პროკურატურას სასტიკი რეფორმა არ ასცდება

            მიხეილ სააკაშვილისა და ანზორ ბალუაშვილის «დაჯახება» პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებით «რეფორმათა ახალგაზრდა მამის» გამარჯვებით დასრულდა. როგორც ჩანს, პროკურატურის უსასტიკესი რეფორმირება გარდაუვალი ხდება.
            ამ უწყების რეფორმირება გაცილებით იოლი იქნება, ვიდრე სასამართლო ხელისუფლებისა, ვინაიდან სასამართლო მაინც დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოა და თავის დასაცავად გაცილებით მეტი არგუმენტი ჰქონდა.
            გენერალური პროკურატურა კი ასეთი იმუნიტეტით არ სარგებლობს და ამიტომ რეფორმას ბევრს ვერაფერს დაუპირისპირებს – გარდა კონსტიტუციის რამდენიმე ადვილად შესაცვლელი მუხლისა.
            ამრიგად, პროკურატურის ძველი სისტემის მოთხრა და განადგურება უკვე გარდაუვალია. ძველი სტრუქტურის სახით პროკურატურა ვეღარ იარსებებს, ვინაიდან იგი ამოვარდება ახალი სახელმწიფოებრივი სისტემიდან. აქ მთავარი პროკურატურის კორუმპირებულობა როდია - მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს, რომ პროკურატურაში ყველა მექრთამეა, პატიოსანი ხალხი იქაც მოიძევება, მაგრამ თვით სისტემაა მართლა იმდენად ძირგამომპალი, რომ ფესვიანად მოთხრის გარდა, ვეღარაფერი უშველის.
            ახალ სისტემაში კი პატიოსანი პროკურორები, ვისაც ქრთამი არასოდეს აუღია, თავიანთ ფუნქციასა და ადგილს იპოვნიან.
            დღევანდელიო პროკურატურის უბედურება ის არის, რომ ყველა ხელისუფლება აიძულებდა მას ემოქმედა არა მხოლოდ კანონიერების, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპებიდან გამომდინარე, დავუშვათ, ანზორ ბალუაშვილს მიაჩნია, რომ ამა თუ იმ პიროვნების მიმართ უნდა გატარდეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, მაგრამ იგი ამას ვერ გააკეთებს, თუკი ეს ქმედება პოლიტიკური ხასიათის პრობლემებს შეუქმნის ხელისუფლებას. ამიტომ, პროკურატურა უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელიო (რასაც ითვალისწინებს პროკურატურის რეფორმა) და გადაწყვეტილებას იღებდეს განურჩევლად პოლიტიკური მიზანშეწონილობისა.
            სხვა შემთხვევაში, პროკურატურა დარჩება ხელისუფლების დანამატად და ვერ განახორციელებს ძირითად ფუნქციას. რაც შეეხება «საერთო ზედამხედველობას» - ამაზე უკვე აღარავინ საუბრობს, ხოლო უშუალოდ კანონის აღსრულებაზე ზედამხედველებისათვის პროკურატურას საკმარისი ბერკეტები და უფლებამოსილება აქვს.
            პარლამენტი უახლოეს მომავალში მიიღებს კანონს «პროკურატურის შესახებ», თუმცა ამას საკონსტიტუციო უმრავლესობის შეგროვება დასჭირდება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი უკან აღარ დაიხევს, მოსახლეობაში ნეგატიური პოტენცია პროკურატურის მიმართ გაცილებით მეტია დაგროვილი, ვიდრე სასამართლოსთან დაკავშირებით იყო, ამიტომ, საეჭვოა, პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლოს ან სხვა რაიმე საპროტესტო ზომას მიმართოს.
            მეორე მხრივ, «რეფორმატორთა» შეცდომა შეიძლება ის აღმოჩნდეს, რომ მეტისმეტი მნიშვნელობა მიანიჭონ თეორიულ ცოდნას (კადრების შერჩევისას), პრაქტიკულ გამოცდილებასთან შედარებით.
            არადა, თუ სასამართლოში, მოსამართლეს, მართლაც, მხოლოდ კანონისა და სასამართლო პრაქტიკის (ან თეორიის) ზედმიწევნით კარგად ცოდნა ევალება – პროკურატურაში სხვა ფაქტორებს შეიძლება გაცილებით მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდეს, ანუ მხოლოდ კადრების შეცვლით ქვეყანა დარჩეს, საერთოდ, კომპეტენტური პროკურატურის გარეშე.
            ამიტომ პროკურატურის რეფორმირებისას ყველაზე მიზანშეწონილი იქნებოდა დევიზი: სისტემის ძირფესვიანად მოთხრა, კომპეტენტური და პატიოსანი კადრების მაქსიმალურად შენარჩუნებით.

მერიდიანი, 13 მარტი, 2000 წელი

მთელ გვერდზე