«სამხრეთ ოსეთის» პრეზიდენტი «ორი ოსეთის» გაერთიანების წინააღმდეგია

«სამხრეთ ოსეთის» პრეზიდენტი «ორი ოსეთის» გაერთიანების წინააღმდეგია

 

    ცნობამ «სამხრეთ ოსეთში» საპრეზიდენტო მმართველობის შემოღების შესახებ, რის თაობაზეც გადაწყვეტილება შეიძლება დღეს მიიღოს ცხინვალში ე.წ. «სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა», საქართველოს ხელისუფლების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.
    მიუხედავად ამისა, ორშაბათს, ტრადიციულ რადიოინტერვიუში საუბრისას, ედუარდ შევარდნაძე შეეცადა თავი შეეკავებინა მკვეთრი გამოთქმებისაგან, რაც ზოგიერთი დამკვირვებლის მიერ ისე იქნა გაგებული, თითქოს საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა ცხინვალის რეგიონში საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამკვიდრებას. არადა, ლუდვიგ ჩიბიროვმა იმავე დღეს თავად აღიარა, რომ შევარდნაძესთან ვლადიკავკაზში შეხვედრის დროს «საპრეზიდენტო მმართველობაზე» საუბარი არ ყოფილა და ეს გადაწყვეტილება ოფიციალური თბილისისათვის სრულიად მიუღებელი იყო.
    როგორც ჩანს, ოსებმა კიდევ ერთხელ დააყენეს ოფიციალური თბილისი ფაქტის წინაშე, რაკი დარწმუნებულნი არიან მის სრულ უმწეობასა და უძლურებაში. პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველომ შეიძლება განაცხადოს კატეგორიული პროტესტი, მოითხოვოს სამშვიდობო ჯარების რეგიონებიდან გაყვანა და გამოიყენოს ძალა ამ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი იურისდიქციის აღსადგენად. მაგრამ ეს უეჭველად ახალ ომს ნიშნავს. ომს, რომელშიც (ასევე უეჭველად) რუსეთი ყოველმხრივ დაუჭერს მხარს კავკასიაში თავის სტრატეგიულ მოკავშირეს - ოსურ ნაციონალიზმს. საქართველო ომისთვის არც ერთი თვალსაზრისით მზად არ არის, ამდენად იგი იძულებულია «გადაყლაპოს» შეურაცხყოფა, რაკი ვერ იყენებს უკანასკნელ არგუმენტს, - ძალას.
    თავის მხრივ, ოსები შესანიშნავად იყენებენ ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის თავისებურებებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ისინი თავად ამარაგებენ საჭირო არგუმენტებით «მშვიდობის პარტიას» თბილისში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს არგუმენტები მართლაც არ არის მოკლებული სიმართლეს - «საპრეზიდენტო მმართველობის» შემოღებამ ცხინვალის რეგიონში უნდა დაასრულოს დაპირისპირება საკუთრივ ცხინვალში იმავე «მშვიდობის პარტიასა» და «ომის პარტიას» შორის.
    «ქორს» ამ შემთხვევაში წარმოადგენს ე.წ. «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი» გაბარაევი. რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ქართულ მხარესთან ყოველგვარ მოლაპარაკებას და ლუდვიგ ჩიბიროვისაგან უკომპრომისო პოზიციის დაკავებას მოითხოვს. ეს პარტია ცხინვალში ყოველთვის არსებობდა; ადრე მას ალან ჩოჩიევი და ოლეგ თეზიევი წარმოადგენდნენ. მაგრამ, «ზომიერთა» პოზიციები ყოველთვის უფრო მყარი და ძლიერი იყო. არა იმიტომ, რომ ტორეზ კულუმბეგოვსა და ლუდვიგ ჩიბიროვს საქართველოს უბედურება «უჩუყებდათ გულს», არამედ მოსკოვის შესაბამისი პოზიციის გამო.
    1992 წლის ივლისის შემდეგ, როდესაც დაგომისში გაფორმდა ხელშეკრულება ცხინვალის რეგიონში ერთგვარი «კონდომინიუმის» დამყარების შესახებ, რუსეთი თავად აღმოჩნდა დაინტერესებული შეენარჩუნებინა ამ ტერიტორიაზე მყიფე სტაბილურობა, რაც შეუძლებელი იქნებოდა ინტერესების სრული უგულებელყოფის შემთხვევაში.
    რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ოსი სეპარატისტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქართულმა მხარემაც შეიძლება ისარგებლოს: «საპრეზიდენტო მმართველობის» შემოღებით, სახელისუფლო სისტემა ცხინვალში უფრო მეტად ერთიანი და სტაბილური ხდება, რაც რუსეთს გაუადვილებს სიტუაციის მართვას ზემოქმედების «სპეციფიური ბერკეტების» გამოყენებით.
    თავად ოსებისთვის «პრეზიდენტი» საბოლოო არჩევანსა და პერმანენტულად (ოღონდ ფარულად) მიმდინარე სამოქალაქო ომის დასრულებას ნიშნავს, ხოლო საქართველოს ეძლევა საშუალება მოახდინოს პრობლემის პერსონიფიცირება, რაც თითქმის ყოველთვის პრობლემის გამარტივების ტოლფასია.
    გარდა ამისა, საოცარია, მაგრამ ფაქტია: თუ კარგად დავაკვირდებით, საპრეზიდენტო მმართველობის შემოღებით «სამხრეთელი ოსები» უარს ამბობენ «ჩრდილოეთ ოსეთთან» შეერთებაზე. თუ მათი მიზანი «ჩრდილოეთ ოსეთთან» გაერთიანებაა, მაშინ «პარლამენტის თავმჯდომარით» უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ, ვინაიდან არ შეიძლება «ერთიან ოსეთს» ორი პრეზიდენტი ჰყავდეს.
    ამრიგად, ოსებმა ქარაგმულად მიგვანიშნეს, რომ მზად არიან, დარჩნენ ფედერაციული საქართველოს შემადგენლობაში - «საპრეზიდენტო რესპუბლიკის» სტატუსით.

«მერიდიანი», 13 სექტემბერი, 1996 წელი.