«აღორძინება» «მოქალაქეთა კავშირს» პოლიტიკური კურსის შეცვლაში ეხმარება ანუ «ზნეობრივი სისულელის» საკითხისთვის ქართულ პოლიტიკაში

            საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის პირველივე სხდომაზე ქვეყნის პრეზიდენტმა ძალზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა, რომელიც, სამწუხაროდ, დამკვირვებელთა ყურადღების მიღმა დარჩა.
            თუმცა, შესაძლოა, პრეზიდენტს ასეთი მიზანი თავადაც ჰქონდა და სწორედ ამიტომ იყო განცხადება «ვუალირებული» მთელი მისასალმებელი სიტყვის საერთო შინაარსით: «უკვე ფუჭად მიმაჩნია ყოველგვარი საუბარი «პროდასავლური» და «პრორუსული» პოლიტიკური კურსის შესახებ. ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურღვევობას და დაგვეხმარება ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტაში».
            შესაძლოა, სიტყვა- სიტყვით ასე არ ითქვა, მაგრამ აზრი სწორედ ასეთი იყო. პარლამენტში მსხდომი ქართული «პოლიტოკრატიის» წარმომადგენლებმა ვერც კი შენიშნეს და ვერ აღიქვეს განცხადების მნიშვნელობა.
            არადა, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ეს განცხადება საქართველოსთვის ეპოქალური მნიშვნელობის ცვლილებათა მანიშნებელი იყო. და ამ ცვლილებებს ეგრეთ წოდებული «ოპოზიცია» ვეღარაფერს დაუპირისპირებს, ვინაიდან თავისი უჭკუობით, უზნეობითა და უპრინციპობით, თავად «მოახერხა» იმ ფასეულობათა დისკრედიტაცია, რომელთაც, ვითომდაც აღიარებდა «უალტერნატივოდ» 1988 წლის «ეროვნული მოძრაობის» ეპოქიდან.
            ედუარდ შევარდნაძეს რომ ასეთი განცხადება 5-6 წლის წინ გაეკეთებინა ან (ვთქვათ) საქართველოში დაბრუნებისთანავე – ზემოთ ხსენებული «პოლიტოკრატია» მას ძალზე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა.
            ძნელი წარმოსადგენი არ არის, მაგალითად, რა ისტერიკა ატყდებოდა ასეთი განცხადების საპასუხოდ 1992 წლის 11 ოქტომბერს არჩეულ «დაუვიწყარ» პარლამენტში, სადაც «მოძრაობის» მიერ შექმნილი სტერეოტიპები და საზოგადოებრივ - ფსიქოლოგიური დომინანტები მეფობდა – ისევე, როგორც იმდროინდელ საზოგადოებაში.
            მას შემდეგ მტკვარშიც და ენგურშიც ძალიან ბევრმა წყალმა ჩაიარა და თვისებრივად ახალი ვითარება შეიქმნა. დღეს ქვეყნის პირველი პირის განცხადებას (რუსეთისა და დასავლეთისადმი მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატული, წინასწარ აკვიატებული სქემების გარეშე დამოკიდებლების აუცილებლობის თაობაზე) – ქართული პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი, რომელიც 1988 წლიდან სწორედ წინასწარ აკვიატებული პრიმიტიული «სქემებით» მოქმედებდა, საკმაოდ მშვიდად შეხვდა.
            ყოველ შემთხვევაში, არავითარი განსაკუთრებულიო ვნებათა ღელვა ამ განცხადებას არ გამოუწვევია – როგორც ჩანს ეგონათ, რომ იგი მათ საერთოდ არ ეხებოდა და მათ პოზიციებს ვერაფერს დააკლებდა.
            ამაში ძალიან მწარედ შეცდნენ: გარემო-ვითარება უკვე ისეთია, რომ უეჭველად მოუწევთ სამარცხვინო სტატისტების როლის შესრულება «ახალი კურსის» გაფორმებისას, რისი ნიშნებიც უკვე თვალნათელია.
            «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» უკანასკნელი სამიტი მხოლოდ ფორმალურ საბაბად და ათვლის წერტილად იქცა ახალი ტაქტიკისთვის, რომელსაც «მოქალაქეთა კავშირი» და მისი ლიდერი გაატარებს იმავე რუსეთის მიმართ.
            «პრაგმატიზმის» ელემენტებიც ადვილად შესამჩნევია: სწორედ «დსთ» -ს სამიტისა და შევარდნაძე-პუტინის საუბრის შემდეგ, ქართველმა და რუსმა მესაზღვრეებმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე არა მხოლოდ სატელეფონო კავშირი დაამყარეს, არამედ რამდენჯერმე შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს და ერთობლივი მოქმედების გეგმაც დაამუშავეს.
            რუსული გამოთქმის მიხედვით- «პროტივ კოვო დრუჟიტე» - რა თქმა უნდა, ჩეჩენი სეპარატისტების წინააღმდეგ! ქართველი მესაზღვრეებისა და იქ გადასროლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების სახით, არღუნის ხეობაში დესანტირებულმა რუსულმა კორპუსმა «მყარი და კეთილგანწყობილი ზურგი» მიიღო.
            კიდევ ერთ სიმპტომად იქცა საქართველოს საბაჟოს მიერ ჩეჩნებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების დაკავება. ამ აქციის პოლიტიკური ქვეტექსტი იოტისოდენ ეჭვს არ იწვევს. უმალვე შეიცვალა (თითქოს დირიჟორის ჯოხის აქნევით) რუსული მედიის დამოკიდებულებაც. მხოლოდ რია-ნოვოსტიმ, ძველი ინერციით, გამოაქვეყნა სულელური დეზინფორმაცია, თითქოს შატილში მოვლადი უდუგოვი და არაბი ტერორისტი ბენ-ლადენი შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ რუსულ ტელეარხებს ეს ცნობა აღარ გაუვრცელებიათ.
            საშა ლიუბიმოვიც უცნაურად დაუტკბა საქართველოს პრეზიდენტს, მიშა ლეონტიევი კი უხმაუროდ ყლაპავს ქართველებისადმი ფანატიკურ სიძულვილსა და ბოღმას.
            თუ თვალს გადავავლებთ უკანასკნელ ხანს რუსული გენერალიტეტის განცხადებებს – ცვლილება აქაც თვალშისაცემია. მიაქციეთ ყურადღება: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს «ბოდიშის» მოხდით დაუბრუნა სამხედრო გამოფენის ექსპონატები (ორიოდე ნაღმსატყორცნი), რომელიც რუსულმა საბაჟომ დააკავა მოსკოვის აეროპორტში იმ სასაცილო ბრალდებით, თითქოს ეს ნაღმსატყორცნები შემდეგ «ქართველებს ჩეჩენი ტერორისტებისთვის უნდა გადაეცათ».
            იმავდროულად, ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა გენერალ ივაშოვის კანდიდატურას «დსთ»-ის სამხედრო თანამშრომლობის შტაბის უფროსის პოსტზე.
            მართალია, ივაშოვი არ აირჩიეს, მაგრამ როგორც შემდგომ აღმოჩნდა, მისი კანდიდატურა უკრაინამ და ყაზახეთმა «ჩააგდეს», და არა საქართველომ.
            სააკაშვილმა ივანოვს არ აწყენინა, სამაგიეროდ, ივაშოვიც «დაგვიტკბა» - «კრასნაია ზვეზდა» - სთვის მიცემულ ინტერვიუში და, რაც მთავარია: ერთი შეხედვით უცნაურად ვითარდება მოვლენები სტამბოლში ხელმოწერილ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლითაც რუსეთმა 2001 წლის ივლისამდე უნდა მოახდინოს ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების ლიკვიდაცია.
            როგორც აღმოჩნდა, «სტამბოლის დეკლარაცია» ტოვებს საშუალებას ორმაგი ინტერპრეტაციისთვის. თუ საქართველომ დაჟინებით არ მოითხოვა «ცოცხალი ძალის» (არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკის) გაყვანა, მაშინ რუსეთს ეძლევა საშუალება, შეინარჩუნოს კონტროლი ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო აეროდრომებზე, რომელთაც უდიდესი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ. მოტივაციაც «მზად» არის: ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ ადაპტირებული ხელშეკრულება ითვალისწინებს სამხედრო ტექნიკის შემცირებასა და გაყვანას, თუმცა, ამჯერად მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული, დართავს თუ არა იგი რუსეთს ნებას, შეინარჩუნოს შეიარაღების ის ნაწილი (საქართველოში), რომელიც არ აღემატება «ფლანგური შეზღუდვებით» განსაზღვრულ კვოტებს.
            უკანასკნელ ხანს გამოკვეთილი ტენდენციით, საქართველო მზად არის მნიშვნელოვანი დათმობებისთვის. რუსეთი შეინარჩუნებს, აგრეთვე, კონტროლს (თუნდაც, მხოლოდ ცოცხალი ძალის მეშვეობით) გუდაუთის სამხედრო აეროდრომზე იმ საბაბით (არგუმენტით), რომ იქ განლაგებულნი არიან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ძალთა ქვედანაყოფები.
            ამ განცხადებებს თბილისიდან, ფაქტობრივად, არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. მაშასადამე, საქართველოს ხელისუფლებაც მზად არის შესაძლო კომპრომისისთვის. აქვე გავიხსენოთ, რომ «უცნაურად გართულდა» ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან დაკავშირებული მოლაპარაკება.
            საქართველოს ხელისუფლება, რომლისთვისაც ეს პროექტი უპირველესი პრიორიტეტი იყო, დღეს უკვე სავსებით პრაგმატულად ეკიდება მას და ანგარიშობს: ღირს თუ არა ამ პროექტის განხორციელება «3 ცენტიანი» მიზერული შემოსავლით იმ პირობებში, როდესაც «გეოპოლიტიკური მარცხით» გაავებული და განაწყენებული რუსეთი, სავიზო რეჟიმის შემოღებით, «გადაგვიკეტავს ბაზარს» და ასეულობით მილიონ დოლარს დაგვაკარგვინებს? მართლაც ღირს კი?
            ან კიდევ, გაუგებარია, რატომ უნდა «გაწიროს თავი» საქართველომ ჩეჩნებისთვის მაშინ, როდესაც ის «ამაყი აფსუები» და «ამაყი ჩერქეზები», ვისაც ჩეჩნები ეხმარებოდნენ საქართველოს წინააღმდეგ ომში, კრინტს არ ძრავენ მათ დასაცავად (მოქმედებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია) და, ფაქტობრივად, რუსეთს უჭერენ მხარს?
            პოლიტიკაში «იდეალიზმი» და «რომანტიზმი» სიბრიყვისა და უტვინობის სინონიმია. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში, არანაირი «რომანტიული» საფუძველი არა გვაქვს განსაკუთრებული სიმპათიით ვიყოთ განწყობილი შამილ ბასაევისა და ხუნკარ ისრაპილოვისადმი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მძიმედ დაიჭრა, ხოლო მეორე მართლაც გმირულად დაიღუპა გასულ კვირას გროზნოში – იმ რუს მედესანტეებთან ბრძოლისას, ვის მხარდამხარაც იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთში.
            თუ საქართველო მხოლოდ პრაგმატული თვალსაზრისით იმოქმედებდა, მას, რა თქმა უნ და, ფარულად (შემდგომ კი, აშკარადაც) მხარი უნდა დაეჭირა რუსეთისთვის - ჩეჩნეთის წინააღმდეგ, მაგრამ რაკი საქართველოში ეს «პრორუსულ კურსად» აღიქმებოდა, ხელისუფლება ბოლო დრომდე ასეთ მოქმედებებს თავს არიდებდა.
            «ზოგი ჭირი მარგებელიაო» - ეგრეთ წოდებული «ბათუმური ოპოზიციის» იმ ნაწილის უზნეობამ და უპრინციპობამ, ვინც ჯერ კიდევ გუშინ ხელისუფლების ყოველ ნაბიჯს თითქოსდა «პრორუსული» და «პროდასავლური» კურსისადმი შესაბამისობით აფასებდა - ხელისუფლებას საშუალება მისცა, მიეღო ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მას პრაგმატულად და მიზანშეწონილად მიაჩნია.
            დღეს შევარდნაძის ხელისუფლებასა და მოქალაქეთა კავშირს უპრეცედენტოდ ფართო ასპარეზი აქვთ პოლიტიკური მანევრისთვის. ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითები ჯერ კიდევ არ ნიშნავს (ნუ გადავაჭარბებთ), თითქოს კურსი მართლაც იცვლება და ხელისუფლება რუსეთისკენ «ტრიალდება», მაგრამ, თუ იგი ასეთ «შეტრიალებას» დაიწყებს, «ახალ კურსს» საქართველოში სერიოზული ოპოზიცია ვეღარ ეყოლება, ვინაიდან «მოძრაობამ» თავად «მოახერხა» საკუთარი თავის დისკრედიტირება, თავად «დააფურთხა იმ დროშას», რომელსაც 1988 წლიდან აფრიალებდა.
            მაგალითად, თუ კვლავ გაიხსენებენ «ძველ მოტივებს» და «პრორუსულობის» ბრალდებით დაუპირისპირდებიან ხელისუფლებას – ეს უკანასკნელი უმალვე შეაგებებს სავსებით ბუნებრივ კითხვას: «კი, მაგრამ, თქვენ არ იყავით გენერალ ლებედს რომ ეხუტებოდით ბათუმში?» თქვენ იმ ბლოკის მეშვეობით არ მოხვედით პარლამენტში, ვის გამარჯვებასაც (აქაოდა, ბაზებს 25 წლით დაგვიკანონებსო) აშკარად ნატრობდა ბათუმის რუსული სამხედრო ბაზის უფროსი ვიაჩესლავ ბორისოვი? თქვენი ერთ-ერთი იდეოლოგი არ იყო (ყოფილი, ეგრეთ წოდებული, «მრგვალი მაგიდის» იდეოლოგი) – შევარდნაძეს რომ საყვედურობდა, თუშეთში ისრის სროლა როგორ გაბედა - ამით ხომ რუსეთი გაანაწყენაო? თქვენ იმ ბლოკის დახმარებით არ «ამოტივტივდით» კვლავ პოლიტიკურ ზედაპირზე, რომელიც პარლამენტის პირველივე სხდომაზე «თავს დაესხა» მმართველ პარტიას – აქაოდა, შატილის დაბომბვის საპასუხოდ რატომ მოსკოვში არ გარბიხართ და რუს კოლეგებს თვალცრემლიანი არ ეაჯებით საქართველოს შეწყალებასო?
            თქვენ იმ ბლოკის სახელს არ ფიცულობთ, რომლის ლიდერიც სავსებით ლეგალურად, დაუფარავად, ღიად და ავტონომიის ბიუჯეტიდან უხდის ხელფასს (!!!) ბათუმის რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს, ვინაიდან «ბოროტი დასავლეთი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი» აღარ აფინანსებს რუსულ ექსპანსიას კავკასიაში?
            ამის შემდეგ რა სინდისით მოგიტრიალდებათ ენა, ედუარდ შევარდნაძესა და «მოქალაქეთა კავშირს» ბრალად დასდოთ «პროდასავლური კურსის» ღალატი და «პრორუსული კურსის» აღორძინება»?!
            დავუშვათ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და მმართველმა პარტიამ მართლაც «აიღეს გეზი» ჩრდილოეთისკენ და ეს ახსნეს იმ (სავსებით სამართლიანი) პრაგმატული მოსაზრებით, რომ საქართველოს პროდუქციის 80 პროცენტისთვის ერთადერთი ბაზარი სწორედ რუსეთია, რომ რუსეთმა უნდა მოგვაწოდოს ბუნებრივი აირი, მოსახლეობას უსინათლობითა და სიცივით არ ამოხდეს სული ზამთარში?..

            ვითომ გაბედავთ ამის საწინააღმდეგოდ კრინტის დაძვრას? თუ მაინც გაბედავთ, იმ «კრინტს» უმალვე ჩაგჩრიან უკანვე ხახაში: თქვენ არ იყავით, უსირცხვილოდ და უსინდისოდ რომ სარგებლობდით დამოუკიდებლობის და რუსეთთან დაპირისპირების პირობებში გარდაუვალი სოციალური გაჭირვებით, მოსახლეობის სიდუხჭირით, რათა დამოუკიდებლობის იდეალთა დისკრედიტირებით ოპოზიციური «აღორძინების» სიით მოსულიყავით ხელისუფლებაში?
            ყველა ეს კითხვა უახლოეს მომავალში უეჭველად დაისმება. მდგომარეობას ვეღარ შეცვლის «გარეთ დარჩენილი» ორიოდე მართლა «პროდასავლური» და «ეროვნული» პატიოსანი პარტია, ვინც არ გასვრილა რუსის გენერლებთან «ჩახუტებით», ვინაიდან ეს პარტიები პარლამენტში მოხვედრილმა «ოპოზიციამ» ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში გამოაცხადა «მოქკავშირის სატელიტებად».
            როდესაც მმართველი პარტია, პრაგმატული მოსაზრებებით, დაიწყებს კურსის შეცვლას - საბოლოოდ ნათელი გახდება, რომ 1999 წლის 31 ოქტომბერს წერტილი დაესვა იმ «მოძრაობას», რომელმაც 1987-88 წლებში დაიწყო დიდი აღტყინებით, საჯარო ლოცვით, ქუჩებში სანთლების ანთებით, დროშების ფრიალით და სამარცხვინო დაამთავრა ათი წლის შემდეგ, - გენერალ ლებედთან და სხვა რუსის გენერლებთან ბინძური ალიანსით.
            P.S. «აუცილებლად» შევნიშნავ, რომ ყოველივე ზემოთთქმული ნამდვილად არ ეხებათ ღრმადპატივცემულ ბატონებს ჯუმბერ პატიაშვილს, ასლან აბაშიძეს, ვახტანგ რჩეულიშვილს, ნუგზარ ფოფხაძესა და სხვა მრავალ თვალსაჩინო წარმომადგენელს «აღორძინების» ეპოქისა – მათ თავიანთი მრწამსისთვის, განვლილი ათწლეულის განმავლობაში, ერთი წუთითაც არ უღალატიათ.

დილის გაზეთი, 7 თებერვალი, 2000 წელი

მთელ გვერდზე