ასლან აბაშიძემ წარმატებით დააგვირგვინა ორწლიანი პოლიტიკური ოპერაცია

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებამ, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქციის (ფაქტობრივად, ახალი კონსტიტუციის) მიღების შესახებ, თბილისურ ისტებლიშმენტში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია. პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები, როგორც ნოდარ დუმბაძე იტყოდა, «ნაცემი ძაღლებივით უყურებენ ერთმანეთს» და, ეტყობა, ერთმანეთის რეაქციას ელოდებიან.
        ასლან აბაშიძემ გენიალურად ჩაატარა და დააგვირგვინა ორწლიანი პოლიტიკური ოპერაცია. მან შექმნა ისეთი ვითარება, როდესაც ძალიანაც რომ არ ეხატებოდეთ გულზე აჭარის ახალი სტატუსი – არც ოპოზიცია, არც უმრავლესობა (ანუ მმართველი ძალა) ვითარების გამწვავებას ვერ გაბედავს, რათა მოწინააღმდეგეს დამატებითი არგუმენტები არ შესძინოს და პოლიტიკურ ოპონენტს თავი არ «დააძვრენინოს».
        აქ იმის შესახებ კი არ გვაქვს საუბარი, რამდენად მისაღებია ან მიუღებელია აჭარის ახალი სტატუსი, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ის, რაც მოხდა, ძირითადად მაინც განაპირობეს, ანუ «შესაძლებელი გახადეს» ოპოზიციურ «აღორძინების კოალიციაში» შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა. სწორედ მათ შექმნეს ისეთი ვითარება, როდესაც აჭარის ელიტას მიეცა საშუალება გაეკეთებინა ის, რაც სურდა.
        თანაც ჰქონდა გარანტია, რომ «თბილისი» (ამჯერად პოლიტიკური გაგებით) კრინტსაც ვერ დაძრავს. აბა, თუ ოპოზიციისათვის მისაღებია, მაშინ ხელისუფლებამ რატომ აიტკივოს აუტკივარი თავი, ხოლო თუ ოპოზიციისთვის მიუღებელია, მაშინ «თქვენ არ იყავით, ინდაურებივით რომ ჭამდით ასლანის ხელიდან – ახლა აღარ მოგწონთ, რაკი დეპუტატობა გაინაღდეთ?»
        თუმცა, 1999 წლის ოქტომბრის არჩევნები უკანასკნელი არჩევნები არ ყოფილა საქართველოში – არჩევნები კიდევ იქნება და ნამუსგარეცხილ თბილისურ პოლიტიკურ «ბომონდს» აჭარის 200 ათასი ხმა კიდევ დასჭირდება.
        ყოველივე ზემოთქმული სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ «ცუდი» გადაწყვეტილება მიიღო. გააჩნია, რას ვგულისხმობთ «ცუდში». აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გადაწყვეტილება არის საბოლოო ნაბიჯი საქართველოს ფედერალიზაციისა და უფრო მეტისკენაც.
        რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ინტელიგენციის დიდი ნაწილისათვის «საქართველოს ფედერალიზაცია» მიუღებელი იყო, მაგრამ ასლან აბაშიძემ შესანიშნავად იცის: ამ ინტელიგენციას ოღონდ სუფრა გაუშალე, ოღონდ გემრიელად ასვი-აჭამე და რას ქვია «მიუღებელია?». ყოველ შემთხვევაში, კრინტს არავინ დაძრავს – არც ძრავს, როგორც ხედავთ.
        წარმოიდგინეთ, რა მძვინვარე და ბობოქარი რეაქცია მოჰყვებოდა იმავე ინტელიგენციის წრეში ანალოგიურ გადაწყვეტილებას ასეთი რამ უფრო ადრე რომ მომხდარიყო, მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ ასლან აბაშიძემ საზოგადოებაში არსებული ატმოსფეროც ზუსტად შეარჩია.
        ვიმეორებ: ეს ყოველივე ფაქტის კონსტატირებაა და არა იმის მტკიცება, თითქოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ «ცუდი კონსტიტუცია» მიიღო.
        გააჩნია, ვისთვის «ცუდი» და ვისთვის «კარგი». როგორც ჩანს, სხვა გზა, გარდა ფედერალიზაცია-კონფედერალიზაციისა, საქართველოს არ აქვს. ეს არის გარდაუვალი – მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთში, ფაქტობრივად, უკუპროცესი დაიწყო. მიაქციეთ ყურადღება: პრეზიდენტმა პუტინმა შეიმუშავა, ხოლო პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტს აქვს უფლება გარეკოს რუსეთის ფედერაციაში შემავალი «რესპუბლიკების» უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოები და თანამდებობიდან მოხსნას პრეზიდენტები! საქართველოს პრეზიდენტს ამდენს ვინ გააბედინებს?! თუმცა ნიშანდობლივია, რომ ავტონომიის კონსტიტუცია სწორედ ამ ფონზე იქნა მიღებული, რაც დამატებით გარანტიებს ქმნის აჭარის ავტონომიურობისათვის.
        ანეკდოტია, მაგრამ კონკრეტულად რა წერია აჭარის «ახალ» კონსტიტუციაში, თბილისში არავინ იცის. პრეზიდენტის განცხადების თანახმად, მას ტექსტი ჯერ არ უნახავს, არც იუსტიციის მინისტრს უნახავს საბოლოო ტექსტი, - აბა, ვინ ნახა? შეიძლება ვერც ვერავინ ნახოს თუ მთლიანად, ქართული საზოგადოება არ შეურიგდება იმ აზრს (რასაც პოლიტიკური ისტებლიშმენტი უკვე შეურიგდა), რომ საქართველოს გადაქცევა «ფედერაციულ კავშირად» უკვე, მართლაც, გარდაუვალია და ამ პროცესის წინააღმდეგ წასვლა უდიდესი სისულელე იქნებოდა.
        ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ და პრეზიდენტმა არათუ ხელი უნდა შეუშალოს ასლან აბაშიძეს, არამედ ხელიც უნდა შეუწყოს. ხელისუფლება ხომ რამდენიმე წლის წინ ვერც იოცნებებდა ისეთ ვითარებაზე, როდესაც საქართველოს ფედერალიზაცია არანაირ წინააღმდეგობას არ წააწყდებოდა?!
        1995 წელს, როცა მუშავდებოდა საქართველოს კონსტიტუცია, ხელისუფლებას (მაშინაც) სურდა ჩაეწერა ძირითად კანონში «ფედერაცია» და დაეწყო ფედერალიზაციის პროცესი, მაგრამ მაშინ ამ ინტელიგენციამ და ოპოზიციამ ტანსაცმელი შემოიხია და თმები დაიგლიჯა: ფედერალიზაცია არ გაგვაგონოთო. იგივე ხალხი დღეს გუგულივით განაბულა, არადა, განა აჭარის ახალი კონსტიტუცია სწორედ საქართველოს ფედერალიზაციას არ ნიშნავს? რა თქმა უნდა! კიდევ მეტსაც ნიშნავს – ეს არის არა უბრალოდ, «ფედერაციული ქვეყანა», არამედ «ფედერაციული კავშირი», როდესაც ფედერაციის სუბიექტებს (ამ შემთხვევაში, საკუთრივ საქართველოსა და აჭარას) შორის ურთიერთობები ვითარდება «თანასწორსუბიექტობისა» და «კანონთა კონკურენტულობის» საფუძველზე – არა ვერტიკალური, არამედ «ჰორიზონტალური» კავშირებით.
        ამ საფუძველზე შესაძლებელი გახდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონფლიქტების გადაწყვეტაც.
        ამრიგად, «აჭარის მოდელი» შეიძლება იქცეს ნიმუშად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისათვის. ყოველ შემთხვევაში, ეს მოდელი ქმნის საფუძველს მოლაპარაკებისათვის, რათა ერთობლივად დავაფუძნოთ ახალი სამოკავშირეო სახელმწიფო (ყოფილი საქართველოს სსრ ტერიტორიაზე), რომელიც უნიტარული ნამდვილად ვეღარ იქნება. ეს უკვე რეალობაა, რასაც ვეღარავინ შეცვლის და არც აპირებს შეცვლას, ვინაიდან დინების წინააღმდეგ სვლა ფუჭია.

მერიდიანი, 28 ივნისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე