პოლიტიკური მიწისძვრა . . . მიზერული შედეგით.

პოლიტიკური მიწისძვრა . . . მიზერული შედეგით.

    ბოლო დროს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში იმდენად სერიოზული ცვლილებები მოხდა, რომ თუ ევროპულ პოლიტოლოგიაში დამკვიდრებულ ტერმინს: «პოლიტიკურ ლანდშაფტს» გამოვიყენებთ, უნდა დავასკვნათ, რომ ქართული პოლიტიკის ლანდშაფტზე ნამდვილი მიწისძვრა დაიწყო.
    მაგრამ ამგვარი «მიწისძვრა» ჩვეულებრივისაგან იმით განსხვავდება, რომ თუ ეს უკანასკნელი სულ რამდენიმე წუთს შეიძლება გაგრძელდეს, პოლიტიკური მიწისძვრა გაცილებით უფრო მეტად არის «განფენილი» დროში და შეიძლება რამდენიმე თვესაც გასტანოს.

   

    * * *

    ზაფხულის განმავლობაში დიდ აჟიოტაჟს იწვევდა სულ უფრო და უფრო მზარდი ტემპით განვითარებული ინტეგრაცია პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციის ერთ ნაწილსა და ყოფილი ხელისუფლების მომხრეებს შორის.
    ამ დაახლოების ინიციატორი ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი - ირაკლი წერეთელი იყო, რომელმაც ამ აქტისათვის უფრო მეტი «წონის» შესაძენად, 20 დღე იშიმშილა.
    სანამ ამ პროცესზე მსჯელობას დავიწყებდე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ქართული პოლიტიკური ცხოვრების უცნაურობებზე. ეს უცნაურობანი, ჩემი ღრმა რწმენით, იმ თავისებურებებიდან გამომდინარეობს, რომელიც ახასიათებს ყოფილი «საბჭოეთის» სივრცეს. ეს სივრცე, იმის გამო, რომ ათასწლეულების და საუკუნეების განმავლობაში მოწყვეტილი იყო ცივილიზებულ სამყაროს - საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების საკუთარ კანონებსა და ტრადიციებს ქმნიდა.
    ბუნებრივია, ხშირად ძალზე უცნაურს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც გორბაჩოვმა მის მიერვე «პერესტროიკად» წოდებული ფსევდორევოლუცია დაიწყო, დაირღვა ტრადიციული, დასავლური გაგება პოლიტიკური სპექტრის «მემარჯვენე» და «მემარცხენე» ძალებისა. ვინც დასავლური სტანდარტებით აშკარად «მემარცხენენი» იყვნენ, თავს «მემარჯვენეებად» აცხადებდნენ და პირიქით.
    გარდა ამისა, სწორედ «საბჭოთა» ფენომენმა მოგვცა შედეგი, როცა საპირისპირო პოლიტიკური მრწამსის ძალები ერთიანდებიან არა მხოლოდ ტაქტიკურ, არამედ სტრატეგიულ საკითხებშიც. უმეტეს შემთხვევაში - ხელისუფლების წინააღმდეგ.
    უკვე ჩამოყალიბებული «ქართული ალიანსის» შემადგენელი ძალები სულ ცოტა ხნის წინ სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.
    ამასთან დაკავშირებით შეიძლება ისიც ითქვას, რომ ჩვენში დამკვიდრებული თეზა: «პოლიტიკა ბინძური თამაშია» არ შეესაბამება ჭეშმარიტი პოლიტიკის რაობას, რომელიც (ყოველ შემთხვევაში ბოლო ათწლეულთა განმავლობაში) მთელ მსოფლიოში ცდილობს ზნეობრივი პრინციპების გათავისებასა და დამკვიდრებას.
    შესაძლოა, ობიექტურად ეს კიდეც ეწინააღმდეგება პოლიტიკის შინაგან ბუნებას, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, რომ ყოველ ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, სწორედ საზოგადოებრივ ზნეობას ექვემდებარება და მისით იმართება. ამიტომ, ზნეობრივ პრინციპთა დაცვა პოლიტიკოსისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
    ამ თვალსაზრისით, საქართველო კვლავინდებურად რჩება ჭეშმარიტად «საბჭოთა ქვეყანად». ქართული «პოლიტოკრატია» არაფერს ერიდება გამარჯვების მისაღწევად, ხოლო საზოგადოება იმდენად სუსტია, რომ უზნეობის სავსებით აშკარა გამოვლინებაზეც არ ძალუძს რეაგირება.
   
   

* * *
   
   

    1991 წლის შემოდგომაზე და 1992 წლის დასაწყისში განვითარებული მოვლენები ჯერ ვერ იქცა ისტორიის კუთვნილებად - იმ თვალსაზრისით, რომ მათზე ჯერჯერობით შეუძლებელია მიუკერძოებელი, ობიექტური მსჯელობა.
    ალბათ საამისოდ დროა საჭირო. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, თითქოს ამა თუ იმ ძალთა დღევანდელ მოქმედებაზე მსჯელობისას არა გვაქვს უფლება და საშუალება, გავიხსენოთ ამ ძალთა პოზიცია უახლოეს წარსულში.
    ზოგიერთი დღევანდელი «ოპოზიციონერის» დაახლოება ყოფილი ხელისუფლების მომხრეებთან საეჭვოდ დაემთხვა პოლიტიკური სპექტრის საბოლოო გაწმენდას - ვგულისხმობ ამ ასპარეზზე რამდენიმე ძლიერი და სტაბილური პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებას, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა და სერიოზული შანსი, უახლოესი არჩევნების შედეგად მთლიანად დაიპყრონ პოლიტიკური ასპარეზი საქართველოში.
    ამის შედეგად, დაჯგუფებანი, რომელთაც შესაბამისი ცენზი არ გააჩნიათ, იძულებულნი გახდებიან შეურიგდნენ პოლიტიკურ სიკვდილს. ეს მათ, რა თქმა უნდა, არ სურთ. ამიტომ, მოწმენი ვხდებით მათი დაახლოებისა იმ ძალებთან, რომელთაც ჯერ კიდევ გუშინ იარაღით ხელში უპირისპირდებოდნენ.
    განსაკუთრებით კომიკური სანახავი და მოსასმენია, როცა ზოგიერთი ოპოზიციონერი, რომელიც მრისხანე მამხილებელი სიტყვებით გამოდის «კინოს სახლთან» გამართულ მიტინგებზე, პრესკონფერენციაზე სახელმწიფოს მეთაურს დემეტრე თავდადებულს ადარებს; სწორედ ის მოღვაწე, რომელიც დაუფარავად აცხადებდა: «ხალხი მეძავ ქალს ჰგავს, და ასევე უნდა მოექცეო», - მიტინგებზე ხალხის წინაშე თავის უნებლიე დანაშაულს «ინანიებს» და, რაც მთავარია, იოტისოდენადაც არ ეპარება ეჭვი, რომ ამ მონანიებას მიიღებენ და დაიჯერებენ.
    ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ზვიად გამსახურდიას დღევანდელ მომხრეებს, მათ წინაშე მგზნებარე სიტყვებით გამოსულ ორატორთაგან განსხვავებით, ერთი თვალსაჩინო უპირატესობა აქვთ - მათ არ აუღიათ კრედიტები დემურ დვალიშვილის «ეროვნული ბანკიდან». ეს კი მნიშვნელოვანი მომენტია.
    რაც შეეხება პოლიტიკურ პერსპექტივას, მისი პროგნოზირება არც ისე იოლია. ამ გაერთიანებას რეალური პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან მასში მონაწილე ძალები გულწრფელნი არ არიან და არც რეალურ საშიშროებას წარმოადგენენ მმართველი ელიტისათვის.
    საქართველოში შეიქმნა სიტუაცია, როცა ნებისმიერი აქტიურობა «ქუჩაში» დღეს სრულიად უმტკივნეულოდ იქნება ჩახშობილი ხელისუფლების მიერ. ისინი, ვისაც ედუარდ შევარდნაზე «ზვიად გამსახურდიაში ეშლებათ», სულ მალე დარწმუნდებიან, რომ დღევანდელი სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, «არ გაუვათ» ის, რაც ყოფილ პრეზიდენტთან «გაუვიდათ».
    გარდა ამისა, ამჟამინდელი საქართველო ძალიან განსხვავდება 2-3 წლის წინანდელისაგან - უპირველეს ყოვლისა, სრული აპათიურობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის შედეგად წარმოშობილი გაუცხოებით - პიროვნებასა და საზოგადოებას შორის.

    არ არის ძნელი შესამჩნევი, რომ ხელისუფლებისათვის ამგვარი ალიანსი იდეოლოგიურადაც ძალზე მომგებიანია. ქართული ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, შერიგება ამ ორ, ახლო წარსულში ესოდენ კატეგორიულად დაპირისპირებულ ძალებს შორის, უეჭველად აღიქმება, როგორც არაგულწრფელი თამაში.
    მაგალითად, როგორ შეიძლება უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების აღდგენის შესახებ საუბრობდეს მოღვაწე, რომლის ბრძანებითაც ვერტმფრენიდან დაიბომბა ეს უზენაესი საბჭო? სხვა თვალშისაცემი პარადოქსებიც არის.
    ამიტომაც არ არის გამორიცხული, ეს ალიანსი და მისი წარმოქმნით გამოწვეული «პოლიტიკური მიწისძვრა» მხოლოდ იმ დაძაბულობის განმუხტვით დასრულდეს, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არსებობს და, ამ თვალსაზრისით, დიდი დახმარება გაუწიოს დღევანდელ ხელისუფლებას, რომელსაც იგი ბევრს ვერაფერს ავნებს.

«7 დღე», 3-9 სექტემბერი, 1994 წელი.