მოსამართლე თალაკვაძემ სამოქალაქო ომის დაწყების განაჩენი გამოიტანა
   

    საოცარია, ზოგჯერ რამდენად უყურადღებოა საზოგადოება (მათ შორის ქართული პოლიტოლოგია), რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენებსაც კი ყურადღების მიღმა სტოვებს და მეასეხარისხოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.
    მაგალითად, სრულიად შეუმჩნეველი დარჩა თბილისის ერთ-ერთი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ბინის «ყოფილი მეპატრონის» სარჩელი. საქმე კი შემდეგშია: საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, კომუნისტურმა ხელისუფლებამ რასაკვირველია გააუქმა ბინათმლობელობის ინსტიტუტი. ყველას, ვინც «მდგმურებად» ცხოვრობდა მეპატრონეებთან, დაუკანონა ბინები, - მეპატრონე და მისი ოჯახი კი იქცა ჩვეულებრივ მობინადრედ.
    «საკუთრების უზენაესობის» პრინციპიდან გამომდინარე, ეს რასაკვირველია უსამართლობა იყო, მაგრამ ვინაიდან კომუნისტური მმართველობის პერიოდში ჩივილს, რა თქმა უნდა, აზრი არ ჰქონდა, არც არავინ ჩიოდა.
    ვითარება შეიცვალა საქართველოში წყობის შეცვლის შემდეგ. ყოფილი ბინათმფლობელის ერთმა ოჯახმა, ახალ კონსტიტუციაზე დაყრდნობით, რომელიც აღიარებს კერძო საკუთრების უზენაესობას, «ცდა ბედის მონახევრეაო» და სასამართლოში სარჩელი შეიტანა «საკუთრების უფლების» აღდგენის» მოთხოვნით.
    ჩვენი სასამართლოები საოცრებათა ბუდედ იქცა. წარმოიდგინეთ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან 60 წლის წინ (დააკვირდით თარიღს – 1938 წელს) ბინათმფლობელს საკუთრება უსამართლოდ ჩამოერთვა, - «სამართლიანობის აღსადგენად» აუცილებელია იმ სახლში, ყველა ბინაზე «ყიდვა-გაყიდვის» ხელშეკრულებათა გაუქმება და ქონების დაბრუნება ძველი მფლობელისათვის ანუ იგივე «კანონიერი მეპატრონისთვის»!!!
    მაშასადამე, ნებისმიერი ოჯახი, განურჩევლად იმისა, როდის შეიძინა ბინა იმ სახლში - 2 წლის წინ თუ 50 წლის უკან, «უკანონო მფლობელია» და «ძველ - ახალი» მეპატრონე დიდსულოვნად რთავს ნებას, იცხოვროს საკუთარ ბინაში მდგმურად, ოღონდ შესაბამისი ანაზღაურებით, რომელსაც, რასაკვირველია, ბინის მეპატრონე დააწესებს.
    ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სასამართლო სისტემის დეგრადაციამ უკიდურეს წერტილს მიაღწია და თუ საზოგადოებამ უახლოეს მომავალში არ მიიღო შესაბამისი ზომები, ქვეყანა ნამდვილად დაიღუპება.
    ძნელი არ არის იმის ახსნა, რატომ უნდა ჩაითვალოს სასამართლოს ვერდიქტი (60 წლის წინანდელი ბინათმფლობელობის უფლების აღდგენის შესახებ) არა მხოლოდ უსამართლოდ წმინდა ადამიანური თვალთახედვით, არამედ აბსურდულად - იურიდიული თვალსაზრისით.
    მსოფლიო იურიდიულ პრაქტიკაში არსებობს ფუნდამენტური პრინციპი: კანონიერი უფლების აღიარებამ არ უნდა დაარღვიოს სხვა კანონიერი უფლება! ეს გახლავთ დასავლური იურისპრუდენციის საფუძველთა-საფუძველი, რომლის პროეცირება შექმნილ ვითარებაზე არც ისე ძნელია:
    რა თქმა უნდა, 1938 წელს, მასობრივი რეპრესიების პირობებში, ბინათმფლობელისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევა და მდგმურთა მესაკუთრეებად გამოცხადება უსამართლობა იყო, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უზნეობა და უსამართლობაა («საკუთრების უზენაესობის» იმავე პრინციპებიდან გამომდინარე) 60 წლის განმავლობაში შემდგარი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა გაუქმება.
    იმ ადამიანმა, ვისაც არ უცხოვრია «რეპრესირებულ» სახლში 1938 წელს, შემდეგ იყიდა ბინა (ადრინდელი მცხოვრებლისგან) ვთქვათ, 1971 წელს და დაიკანონა იგი არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომ კი მოახდინა ბინის პრივატიზება - ისეთივე კანონიერი უფლება შეიძლება განაცხადოს ბინის მესაკუთრეობაზე, როგორც ადრინდელმა მფლობელმა.
    რასაკვირველია, ბინის «თავდაპირველი» მფლობელი კანონიერად მოითხოვს ქონების დაბრუნებას, მაგრამ ამჟამინდელი მფლობელიც ასევე კანონიერად მოითხოვს სავსებით კანონიერი გზით მოპოვებული ქონების შენარჩუნებას;
    ხოლო ის ფაქტი, რომ 60 წლის წინ ბინათმფლობელს საკუთრება უსამართლოდ ჩამოართვეს, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ამჟამინდელი მფლობელი მას უკანონოდ ფლობს.

    ეს არის იურიდიული პარადოქსი, რომელსაც, ვიმეორებ, ძალიან კარგად იცნობს კლასიკური იურისპრუდენცია. გამოსავალიც ერთხელ და სამუდამოდ დადგენილია: როდესაც დავობს ორი კანონიერი მეპატრონე, დავა უნდა გადაწყდეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, - «ნამდვილი» (რეალური) მეპატრონის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი უსამართლობის აღმოსაფხვრელად სასამართლო ჩაიდენს მეორე უსამართლობას. უსამართლობის უსამართლობით აღმოფხვრა კი დაუშვებელია. უფრო სწორად, სამართლიანობის აღსადგენად არ შეიძლება უსამართლობის ჩადენა, - კერძო საკუთრების პრინციპის უზენაესობის აღსადგენად დაუშვებელია იმავე პრინციპის დარღვევა და ა.შ.
    თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ის, რაც მოხდა, ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. მას ძალიან შორს მიმავალი სოციალური და სახელმწიფოებრივი შედეგი შეიძლება ჰქონდეს. მით უმეტეს საქართველოში, - ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით.
    ბალტიისპირეთში კი, სადაც «ჭკუადამჯდარი და მშვიდი» ხალხი ცხოვრობს, 1940 წლამდე (ოკუპაციამდე) ბინათმფლობელობის აღდგენის საკითხს ძალიან ფრთხილად მოეკიდნენ. ლიტველებმა, მაგალითად, ბრძნული გადაწყვეტილება მიიღეს: «ძველ მფლობელებს» აღუდგინეს მხოლოდ ის ქონება, რაც გასაბჭოების შემდეგ სახელმწიფო საკუთრება გახდა, მაგრამ ისეთ სარჩელს, როგორიც თბილისის სასამართლომ დააკმაყოფილა, არც კი განიხილავდნენ, ვინაიდან ქონებას ახალი, კანონიერი მეპატრონე ჰყავს!
    ზოგიერთი სიმპტომის შესაბამისად, ეს ყოველივე კარგად გათვლილი და მოფიქრებული პროვოკაციაა, რასაც შორს მიმავალი მიზნები აქვს და როგორც მინიმუმ, მომავალ არჩევნებს უკავშირდება.
    ძნელი მისახვედრი არ არის: თუ ეს ტენდენცია განვითარდა, საქართველოში ისეთი ამბავი დატრიალდება «დედა შვილს არ აიყვანს ხელში».
    თბილისის პრესტიჟულ რაიონებში საბინაო ფართის 80-90 პროცენტი ოდესღაც ვიღაცის საკუთრება იყო, შემდგომ საბჭოთა ხელისუფლებამ ჩამოართვა და «მდგმურებს დაუკანონა».
    მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მესაკუთრეები რამდენჯერმე შეიცვალა. . . . . . ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში (გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას) საქართველოს ელის ახალი, კიდევ უფრო მძვინვარე სამოქალაქო ომი.
    ბევრად უფრო საშინელიც, ვინაიდან 1992-93 წლებში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესი, მაგრამ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ამ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან მისი ინტერესები აქ არ იყო ჩართული.
    არის კიდევ ერთი ნიუანსი: საკუთრების უფლების ხელყოფა უეჭველად გააძლიერებს (რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს) პროკომუნისტურ, (შესაბამისად «პრორუსულ») ნოსტალგიას. აქ ელემენტარული ლოგიკა მოქმედებს: საკუთრების «დამკანონებლად» წარმოჩინდება სწორედ ის ხელისუფლება, რომელიც არსებობდა საქართველოში 70 წლის განმავლობაში, ხოლო «ეროვნული ხელისუფლება», რომელიც ახალი წეს-წყობილების დამკვიდრებას ცდილობს, «კანონიერ ქონებას» ართმევს მოქალაქეს.
    სასამართლოს გადაწყვეტილება ასოცირდება არა მხოლოდ არსებულ ხელისუფლებასთან, არამედ ახალ წყობასთან, ახალ იდეოლოგიასთან, - ლიბერალურ რეფორმებთან.
    ბუნებრივია, როდესაც საქმე ეხება ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ბინა, - ყოველგვარი იდეოლოგიური რომანტიკა ძალას კარგავს. ის ხალხიც კი, ვინც თავის დღე და მოსწრება საბჭოთა ხელისუფლებას ლანძღავდა, დღეს ნაღვლიანად გაიხსენებს მას იმ ელემენტარული მიზეზით, რომ იმან «ბინა დაიკანონა, ანტიკომუნისტური ხელისუფლება კი ართმევს».
    გენიალური ნიკოლო მაკიაველი გვასწავლიდა, რომ პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება.
    საქმე ეხება არა მხოლოდ თბილისს, არამედ მთელ საქართველოს. არა მხოლოდ ბინებს, არამედ ყველა სახის ქონებას, - მათ შორის მიწას; ადვილი მისახვედრი არ არის, რას ნიშნავს ეს - ნიშნავს სისხლის მდინარეებს! თუმცა მასობრივად ამის განხორციელებას ვერ შეძლებენ, მაგრამ ელექტორატზე ზემოქმედებისთვის რამდენიმე პრეცედენტიც საკმარისია. თანაც «პრესტიჟულ უბნებში», ყველა ქალაქში სწორედ ის კატეგორია ცხოვრობს, რომელსაც სხვა მრავალი «ბერკეტიც» გააჩნია პროცესებზე ზემოქმედებისათვის.
    ერთი სიტყვით, ერთობ მახვილგონივრული ოპერაცია განხორციელდა. თანაც, ჯერ-ჯერობით უპასუხოდ. შედეგი მალე შეიძლება მივიღოთ თუ, ისევ და ისევ, ამ სამართლებრივ აღვირახსნილობას არ დაედება საზღვარი.

7 დღე, 17 თებერვალი, 1999 წელი

მთელ გვერდზე