საქართველო-თურქეთის საზღვარი აფხაზეთის მონაკვეთზე კვლავ დაუცველია

    რამდენიმე დღის წინ, სოხუმში გაფორმდა ხელშეკრულება «აბხაზრიბასა» და თურქეთის ერთ-ერთ კერძო ფირმას შორის, რომელსაც აფხაზური წარმოშობის თურქეთის მოქალაქე ფლობს. ხელშეკრულება ითვალისწინებს «ერთობლივ თევზჭერას აფხაზეთის სანაპირო წყლებში».
    ედუარდ შევარდნაძემ ამ ხელშეკრულებას «უკანონო» უწოდა და მისი გაუქმება მოითხოვა; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი კვლავ მიუთითა ანკარას, რომ თურქეთის კერძო ფირმების თანამშრომლობა აფხაზურ რეჟიმთან საქართველოს გვერდის ავლით დაუშვებელია. ყველა ასეთ ნოტაზე ვიღებთ ჩვენთვის მიუღებელ, სტანდარტულ, მაგრამ სავსებით ლოგიკურ პასუხს: საქართველოსა და თურქეთის საზღვარს საქართველოს მხრიდან უნდა აკონტროლებდეს ქართული სასაზღვრო ჯარი!
    ანუ: კეთილი ინებეთ, გააკონტროლეთ და დააკავეთ ნებისმიერი გემი - სრულ უფლებას გაძლევთ.
    მართლაც, თბილისის პრეტენზიები ანკარას მიმართ ამ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოა: დავუშვათ, თურქეთის რომელიმე პორტიდან გამოვიდა გემი და დაიძრა (ვთქვათ) ბულგარეთის მიმართულებით; გემი კერძო ფირმას ეკუთვნის; შემდგომ, ნეიტრალურ წყლებში, მან მოულოდნელად მოუხვია და შევიდა აფხაზეთის სანაპირო წყლებში. იქ ქართული სასაზღვრო გემები არ არის, - თურქულ გემს ხვდება მხოლოდ აფხაზური კატარღები. რა ქნას ამ შემთხვევაში თურქეთმა? გამოაყოლოს ყველა გემს, რომელიც თურქეთის პორტებიდან გამოვა, - თითო სასაზღვრო კატარღა, რათა მან აფხაზეთისაკენ არ «გადაუხვიოს»? ეს ხომ აბსურდია?! ამას არც ერთი სახელმწიფო არ გააკეთებს და საქართველოს გულისათვის საკუთარ მოსახლეობასთან, საკუთარ ფირმებთან ომს არ დაიწყებს.
    იდეალური იქნებოდა მდგომარეობა, როდესაც თურქეთის სანაპიროდან წამოსულ გემს დახვდებოდა საქართველოს სამხედრო კატარღა (აფხაზეთის სანაპირო წყლებში) და უკანვე გააბრუნებდა. შესაძლოა, მომხდარიყო კიდეც ინციდენტი, მაგრამ საქართველო იმოქმედებდა საერთაშორისო სამართლის ნორმათა სრული დაცვით. ვიდრე ამას ვერ ვახერხებთ, საკუთარ საზღვარს ვერ ვიცავთ, - ნებისმიერი პრეტენზია თურქეთის თუ სხვა რომელიმე ქვეყნის მიმართ უსაფუძვლო იქნება.
    რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის მონაკვეთს ოპონენტი ტყუილად მოიყვანს საპირისპირო არგუმენტად. სახმელეთო საზღვარი სხვაა, - თუ რუსეთი ჩაკეტავს საზღვარს თავისი მხრიდან, - რომც არ იდგნენ ქართველი მესაზღვრეები ფსოუს მარცხენა ნაპირზე, ავტომატურად იკეტება საქართველოს საზღვარიც. სხვათა შორის, რუსეთი მხოლოდ საზღვარზე თუ ქმნის «ბლოკადის» ილუზიას, თორემ ზღვიდან აფხაზეთის პორტებში ტვირთები ისევე შედის, როგორც ხმელეთიდან. ამჟამად საქართველოს არა აქვს საშუალება, გააკონტროლოს აფხაზეთის სასაზღვრო აკვატორია.
    რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, სეპარატისტულ აფხაზეთს უფრო ძლიერი ფლოტი ჰყავს, ვიდრე საქართველოს. იგი შედგება «გრიფის» ტიპის კატერებისა და სამხედრო საჭიროებისათვის გადაკეთებული თევზსაჭერი სეინერებისაგან. რაც უფრო მნიშვნელოვანია, - «აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში» მსახურობს ასობით გამოცდილი სპეციალისტი რუსეთიდან და ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკებიდან». ასეთი სპეციალისტები კი საქართველოს არა ჰყავს და საეჭვოა, უახლოეს მომავალში იყოლიოს.
    ერთადერთი შანსი იყო რუსეთთან გარიგება, რათა ამ უკანასკნელს საკუთარი ძალებით «ჩაეკეტა» სასაზღვრო აკვატორია, მაგრამ 1995 წლის ინციდენტის შემდეგ ნათელი გახდა, რომ სეპარატისტები არც რუსეთს მოერიდებოდნენ და მასაც აუტეხავდნენ ომს ბლოკადის გასარღვევად.
    ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა სერგეი შამბამ: «რუსეთს აქვს უფლება, ჩაკეტოს საკუთარი სახმელეთო საზღვარი, მაგრამ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში გემების დაკავების უფლებას მას არ მივცემთ».
    ეს სიტყვა შეასრულეს კიდეც: 1995 წლის ზაფხულში, საქართველომ და რუსეთმა მიაღწიეს ორმხრივ გარიგებას: თუ რუსეთი ჩაკეტავდა აფხაზეთის საზღვარს, მაშინ საქართველო დააკანონებდა რუსი მესაზღვრეების ყოფნას არა მხოლოდ სასაზღვრო აკვატორიაში, არამედ ხმელეთზეც; გენერალმა ანდრეი ნიკოლაევმა მართლაც გასცა ბრძანება დაეკავებინათ გემები აფხაზეთის აკვატორიაში, მაგრამ აფხაზურმა სამხედრო სეინერებმა რუსულ კატარღებს გზა გადაუჭრეს და ცეცხლის გახსნით დაემუქრნენ; იმავდროულად, აფხაზეთში მყოფ რუს მესაზღვრეებს სეპარატისტთა ფორმირებებმა ალყა შემოარტყეს. ნიკოლაევი სოჭში შეხვდა არძინბას და ვითარება განიმუხტა.
    მას შემდეგ რუსებს აღარ უცდიათ აფხაზეთის სასაზღვრო ბლოკადის განხორციელება. შესაბამისად საქართველომ ბოლოს და ბოლოს, მოითხოვა რუსი მესაზღვრეების გაყვანა და სწორადაც მოიქცა: რუსეთის სასაზღვრო სამსახური გემებს კი ატარებდა, მაგრამ მკაცრად აკონტროლებდა, რათა აფხაზეთში ჩრდილოეთ კავკასიისათვის განკუთვნილ ტვირთს არ შეეღწია. ახლა ამის საშუალება მოესპოთ და სულ მალე მწარედ ინანებენ - ჩრდილო კავკასიაშიც სულ უფრო მასშტაბურად მწიფდება ახალი სეპარატისტული ამბოხი რუსეთის წინააღმდეგ.

მერიდიანი, 8 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე