გენერალ კონდრატიევის განცხადება - გალში ლტოლვილთა დაბრუნებაზე

გენერალ კონდრატიევის განცხადება - გალში ლტოლვილთა დაბრუნებაზე

მორიგი ფარსი

    ბოლო ორი დღის განმავლობაში, ქართული საზოგადოება, რომელსაც უკვე თითქოს არაფერი უნდა აოცებდეს, მაინც გაკვირვებით ადევნებდა თვალს მოვლენათა განვითარებას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში.
    როგორც ცნობილია, ორშაბათს, მთელი მსოფლიოსათვის ნომერ პირველ სენსაციად იქცა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ კონდრატიევის განცხადება - გალში ლტოლვილთა დაბრუნებასთან დაკავშირებით.

    კონდრატიევმა, აფხაზურ მხარეს, ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა: «დილის 10 საათიდან ვიწყებთ ლტოლვილთა დაბრუნებას და ის, ვინც შეეცდება ამას ხელი შეუშალოს, რუსეთის სამხედრო ძალას წააწყდება».
    ბუნებრივია, ამ განცხადებას და ცნობას ქართველთა დაბრუნების შესახებ აფხაზური მხარის ისტერია მოჰყვა, მაგრამ ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. გაცილებით მნიშვნელოვანი ის გახლავთ თუ როგორი იყო რუსეთის ხელისუფლების პოზიცია - საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბევრისათვის მოულოდნელად (ანდრეი კოზირევი ხომ დღემდე ჩვენ «საქართველოს მეგობარი» გვეგონა) გააკეთა ფაქტობრივად ანტიქართული განცხადება, რომელშიც კერძოდ აღნიშნული იყო, რომ „საქართველოსა და აფხაზეთში (მიაქციეთ ყურადღება - ავტ.) დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ძალები რეგიონში იმყოფებიან მხოლოდ და მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფისათვის». ანუ, მათ კომპეტენციაში არ შედის პოლიტიკურ საკითხთა გადაწყვეტა - მაგალითად ლტოლვილთა დაბრუნება“.
    გარდა ამისა, კოზირევ-პასტუხოვის უწყებამ კატეგორიულად უარყო ცნობა იმის თაობაზე, თითქოს საქართველოსა და რუსეთს შორის 13 სექტემბერს მოსკოვში მიღწეულია შეთანხმება ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა: «კონფლიქტის მოგვარება ეტაპობრივად უნდა მოხდეს».
    გაუგებარია, რა იგულისხმებოდა ამ «ეტაპობრიობაში» და რატომ არ ჩათვალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშვიდობო ჯარების შეყვანა გარკვეული ეტაპის გავლად?
    რაც შეეხება რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს - მათ აშკარად პროაფხაზური პოზიცია დაიკავეს და არძინბას საპასუხო მუქარას მძლავრი ინფორმაციული ფონი შეუქმნეს.
    ბოლოს და ბოლოს რა მოხდა? რა იყო მთელი ამ ორომტრიალის მიზეზი? ჩემი ღრმა რწმენით, ეს გახლდათ რუსეთის (სწორედ რუსეთის და არა აფხაზური მხარის) კარგად მოფიქრებული და ზუსტად განხორციელებული პროვოკაცია. თუ რაში მდგომარეობდა მისი არსი და რა მიზანს ისახავდა - ამის თაობაზე ქვემოთ. ახლა კი, მოდით, ვიმსჯელოთ ლოგიკურად:
    ხომ წარმოუდგენელია, რომ გენერალ კონდრატიევის განცხადება მისი კერძო ინიციატივა იყოს? მას არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რა რეაქციას გამოიწვევდა ეს განცხადება გუდაუთაში. ესე იგი, კონდრატიევის მოქმედება შეთანხმებული იყო მის უშუალო ხელმძღვანელობასთან მოსკოვში ანუ თავდაცვის მინისტრ გრაჩოვთან. სხვაგვარად გამორიცხულია - კონდრატიევი რუსი გენერალია და «საქართველოს სიყვარულით» იგი საკუთარ ქვეყანას (რუსეთს) პარტიზანულ ომსა და სამხედრო დაუმორჩილებლობას არ გამოუცხადებდა.
    რუსი გენერლების მოჩვენებით «ურჩობას» (მაგალითად - დნესტრისპირეთში) მოსკოვი ყოველთვის იყენებს, როგორც ამა თუ იმ რეგიონში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შენიღბვის მეთოდს.
    თუ გვსურს გავერკვეთ, რაში მდგომარეობს კრემლის ინტერესი და ვის უჭერს იგი რეალურად მხარს, უნდა დავაკვირდეთ არა რომელიმე სამთავრობო უწყების ან თუნდაც თვით მთავრობის განცხადებას, არამედ იმას, თუ როგორია მისი საინფორმაციო საშუალებების (უპირველესად ტელევიზიის) პოზიცია - როგორ აქცენტებს აკეთებენ ისინი და რა ფორმით წარმოაჩენენ ამა თუ იმ მოვლენას.
    გავიხსენოთ რუსეთის ტელევიზიის პროვოკაციული განცხადება (ვინმე ბჟანიაზე დაყრდნობით): გალში რუსი სამხედროები ქართველმა ტერორისტებმა მოკლესო; გავიხსენოთ ის ტონი, რომლითაც ტელეწამყვანმა დაუსვა კითხვა პროტესტის გასაცხადებლად მისულ საქართველოს ელჩს - ვალერიან ადვაძეს.
    რა თქმა უნდა, ოპერაცია ჩაიშალა. ლტოლვილები, რომლებიც უკვე ავტობუსებში ისხდნენ (ამ საბრალო ადამიანებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ მათი სამშობლოში დაბრუნება საბოლოოდ გადაწყდა), იძულებულნი გახდნენ, კვლავ საპროტესტო აქციები დაეწყოთ. სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა როგორც ზუგდიდში, ასევე თბილისში. თავდაცვის მინისტრმა, ვარდიკო ნადიბაიძემ, ყოველივე ამასთან დაკავშირებით განაცხადა: «ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შემდეგ კონდრატიევმა მითხრა, რომ აფხაზები წინააღმდეგნი არიან და ამიტომ ლტოლვილთა დაბრუნება გადაიდო».
    კი, მაგრამ, განა იმთავითვე ნათელი არ იყო, რომ აფხაზები წინააღმდეგნი იქნებოდნენ? ეს ხომ შესანიშნავად იცოდა კონდრატიევმა - სხვა შემთხვევაში იგი არ გააკეთებდა განცხადებას რუსეთის სამხედრო კონტინგენტის «საბრძოლო მზადყოფნის» შესახებ. სინამდვილეში გენერალი კონდრატიევი, რა თქმა უნდა, ბრძანებას ასრულებდა. მაგრამ ეს ბრძანება ბოლო მომენტში გაუქმდა და თუ გვსურს გავერკვეთ, რა მოხდა - იმის თაობაზე უნდა ვიმსჯელოთ, რაში დასჭირდა რუსეთს ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს ერთი უწყება (საგარეო საქმეთა სამინისტრო) მეორე უწყებას (თავდაცვის სამინისტროს) უპირისპირდება, ხოლო მესამე (რუსეთის ტელევიზია), ყველას ერთად უცხადებს «ინფორმაციულ ომს».
    ეს კრემლის ნაცადი მეთოდია: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ თავისი აგრესიული პოლიტიკის გატარებისას, იგი ყოველთვის ცდილობს, შექმნას ისეთი შთაბეჭდილება (მხოლოდ შთაბეჭდილება - ავტ.), თითქოს ამ რეგიონში რუსეთის პოლიტიკა განიცდის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა ზემოქმედებას, თითქოს, «რეაქციული» და «დემოკრატიული» ძალები ებრძვიან ერთმანეთს და პოლიტიკური კურსი სწორედ ამის გამო მერყეობს. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ოინია - რუსეთში არსებობს სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც უეჭველად უზრუნველყოფს უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარებას. სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებში ყოველგვარი შეუთანხმებლობა ისეთ მნიშვნელოვან უწყებებს შორის, როგორიცაა საგარეო საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო - აბსოლუტურად გამორიცხულია! რეალური ძალაუფლება რუსეთში ფოკუსირებულია იმდენად «ვიწრო წრის» ხელში, რომ პოლიტიკური ტაქტიკის კოორდინაცია არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას.
    ნიშანდობლივია შემდეგი გარემოებაც: თუ კონფლიქტის პერიოდში რუსეთი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს საგარეო საქმეთა სამინისტრო «პროქართულ პოზიციაზე» იდგა, ხოლო სოხუმს მხოლოდ «რეაქციული გენერალიტეტი» ბომბავდა - ამჟამად, როგორც ჩანს, როლები შეიცვალა.
    ჭეშმარიტი მიზეზი კი იმისა, რაც ამ დღეებში მოხდა, არ არის ძნელი ამოსაცნობი: ნიუ-იორკში დღე-დღეზე იხსნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ.
    ედუარდ შევარდნაძე, ბოლოს და ბოლოს, იძულებული გახდება, გარკვეული საყვედური გამოთქვას იმის გამო, რომ არადა არ დაიწყო ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი.
    გარდა ამისა, საქართველოში შეინიშნებოდა იმის წინაპირობაც, რომ ხელისუფლებას მისცემოდა «კონცენტრირებული პოლიტიკის» გატარების საშუალება - ისინი, ვინც სახელმწიფოს მეთაურს ბრალს დებდნენ «არასაკმარის ლოიალურობაში» რუსეთის მიმართ - თანდათანობით ხვდებოდნენ: რუსეთს საქართველოში (კერძოდ აფხაზეთში) სულ სხვა მიზნები და ამოცანები აქვს. იყო საშიშროება (საშიშროება რუსეთისათვის), რომ სახელმწიფოს მეთაურს შეეცვალა სახელმწიფოებრივი კურსი, ხოლო უმრავლესობა და უმცირესობა გაერთიანებულიყო ამ პლატფორმაზე. ანუ მომხდარიყო მმართველი ელიტის კონსოლიდაცია ანტირუსულ საფუძველზე.
    სწორედ ამიტომ გაითამაშეს ეს მასშტაბური სპექტაკლი - რათა კვლავ დეზორგანიზაცია და არევ-დარევა შეეტანათ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, არ მიეცათ შევარდნაძისთვის კონცენტრირებული პოლიტიკის გატარების საფუძველი, შეექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს აფხაზეთში დაბრუნებამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა, ხოლო რუსეთის ხელისუფლებას სურს პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ მას «რეაქციონერები უშლიან ხელს» და ასე შემდეგ.
    რეალურად კი (ღმერთმა ქნას, ვცდებოდე), აფხაზეთში ქართველ ლტოლვილთა დაბრუნება დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო დააკმაყოფილებს რუსეთის პირობებს.
    ეს პირობები ცნობილია: უარის თქმა «დასავლურ ილუზიაზე»; საქართველოს ფედერალიზაცია (ანუ ფედერაციული ხელშეკრულების დადება საქართველოს, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და აჭარას შორის) და, რაც მთავარია: აქტიური მონაწილეობის მიღება ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კონფედერაციული სახელმწიფოებრივი სისტემის აღდგენაში.

«ივერია-ექსპრესი», 17 სექტემბერი, 1994 წელი.