ნატო მარშით მოიწევს კავკასიისკენ
       

        ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული სრულად იმ მოვლენის მნიშვნელობა (საქართველოსათვის), რომელიც ვაშინგტონში შედგა: ნატო-ს სამიტი და მიღებული დოკუმენტები XXI საუკუნის ახალი მსოფლიო წესრიგის მანიფესტად იქცა.
        ფაქტობრივად, ცივ ომში გამარჯვებულმა დასავლურმა სამყარომ შეიმუშავა მესამე ათასწლეულის გლობალური «კონსტიტუცია» და ნატო-ს დააკისრა შექმნილი პოლიტიკური სქემის რეალური განხორციელების ფუნქცია.
        ქართველ დამკვირვებლებსა და მიმომხილველებს, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ის უნდა გვაღელვებდეს, თუ რამდენად შეესაბამება ეს ახალი სქემა საქართველოს ინტერესებს.
        ამ თვალსაზრისით, ნატო-ს სამიტზე მიღებულ დოკუმენტთაგან ყველაზე ნიშანდობლივია სტრატეგიული კონცეფცია - იგი ორ ძირითად, ფუძემდებლურ სიახლეს შეიცავს.
        ჯერ ერთი, განსაზღვრულია ნატო-ს პასუხისმგებლობის არეალი - ევროატლანტიკური სივრცე. ეს ტერმინი «კონცეფციაში» რამდენჯერმე ხაზგასმით არის მოტანილი.
        «ევროატლანტიკური სივრცის» გეოგრაფიული საზღვრები არ ზუსტდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ «ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში» გაწევრიანებულნი არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები (ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩათვლით), შეიძლება საკმაოდ დიდი სიზუსტით ვამტკიცოთ, რომ ნატო-ს კონცეფცია ამ შემთხვევაში გულისხმობს სივრცეს ატლანტიკის ოკეანიდან - ცენტრალურ აზიამდე (პირობითად, ავღანეთის საზღვრამდე), ანუ სწორედ ამ არეალში გრძნობს და აღიარებს ნატო თავის პასხუისმგებლობას.
        ეს აღიარება საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან  გულისხმობს, რომ ნატო აღარ იქნება გულგრილი სამხრეთ კავკასიაში მოვლენათა განვითარებისადმი.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, ამ კონცეფციის პირობებში, შეუძლებელი იქნებოდა ის, რაც აფხაზეთში მოხდა 1992-1993 წლებში.
        რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნატო საქართველოს მხარეს იომებდა - სეპარატისტთა წინააღმდეგ ან სეპარატისტთა მხარეს - საქართველოს საწინააღმდეგოდ (ვინაიდან აგრესორები სწორედ სეპარატისტები იყვნენ), მაგრამ კომპრომისისა და მეტ-ნაკლებად მისაღები (აგრეთვე სტაბილური) ზავისათვის, ნატო-ს მონაწილეობა შეუდარებლად ხელსაყრელ პირობებს შექმნიდა.
        დღევანდელ პირობებში კი, როდესაც არც აფხაზეთში, არც «სამხრეთ ოსეთში» საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, ნატო-ს კონცეფცია (როგორც მინიმუმ) იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ გაბედავს კონფლიქტურ ზონებში მასშტაბური სისხლისღვრის პროვოცირებას (ვთქვათ სამშვიდობო ძალების მეშვეობით ან მათი პროვოკაციული გაყვანით), რათა საქართველოზე ზეწოლა მოახდინოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა სისხლისღვრისათვის სწორედ რუსეთს დაეკისრება, ხოლო ნატო მიიღებს პოლიტიკურ საფუძველს, რათა თავისი უსაფრთხოების სისტემები აამოქმედოს უშუალოდ ალიანსის ფარგლებს გარეთ, - როგორც ნათლად არის აღნიშნული კონცეფციაში.
        იმავე კონცეფციის ერთ-ერთი მუხლი ნატო-ს უპირატესობად მიიჩნევს კონფლიქტების მოწესრიგებას («მენეჯმენტს» ანუ დარეგულირებას) ევროატლანტიკურ სივრცეზე, ოღონდ მონაწილეობის ფორმა და ხარისხი ნათლად არ არის ჩამოყალიბებული, რაც სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან ნატოს არ სურს კონკრეტულად იკისროს პასუხისმგებლობა ამა თუ იმ კონფლიქტის გამო, რომელშიც ჩარევა, ჯერჯერობით, მის ძალებსა და შესაძლებლობებს აღემატება (მაგალითად - აფხაზეთში, კარაბაღში და ა.შ.), მაგრამ ყველაზე მთავარი მიანც ის გახლავთ, რომ ნატო ამჟამად, დღევანდელ ეტაპზე, მხოლოდ სამხედრო ჩარევაზე აცხადებს უარს ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე, მაგრამ პოლიტიკური აქტივობისათვის იგი უკვე მზად არის - 1992-1993 წლებში კი ამაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
        ნატო საერთოდ ვერ «ამჩნევდა» სისხლისღვრას ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. დღეს ამგვარი გულგრილობა გამორიცხულია, - ეს კი საშუალებას გვაძლევს აფხაზეთის პრობლემის ინტერნაციონალიზაცია მოვახდინოთ არა სიმბოლურად (საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჟენევაში ფუჭი მოლაპარაკებით), არამედ რეალურად, - ნატო-ს ჩართვით სამშვიდობო პროცესში.
        ამ ახალი რეალობის პირველი ნიშანი იყო ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის მსვლელობისას, სახელმწიფო მდივან ოლბრაიტის შეხვედრა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის პრეზიდენტებთან. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, - საუბარი შეეხო არა მხოლოდ ყარაბაღის პრობლემას, არამედ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებასაც.
        ამით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააფიქსირა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო (შეგახსენებთ, რომ ნატო-ს წამყვანი ოთხი ქვეყანა «საქართველოს მეგობართა ჯგუფში» შედის აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით), მზად არიან, დაიწყონ მუშაობა ევროატლანტიკური სივრცის იმ რეგიონშიც (სამხრეთ კავკასიაში), რომელიც დღემდე მხოლოდ რუსეთის პასუხისმგებლობის ზონად მიაჩნდა.
        ამ თვალსაზრისით საინტერესოა, რომ ისევ და ისევ ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ვაშინგტონში, უზბეკეთის საელჩოში გაიმართა სუამის წევრ ქვეყანათა (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) მორიგი სამიტი უმაღლეს დონეზე;
        აქ უეჭველად ინტერესთა ფართო თანხვედრასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან იყო კიდევ მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა, - «აბრეშუმის გზის» პროექტის მონაწილე ქვეყნების შეხვედრა სენატორ სემ ბრაუნბეკთან, რომელმაც ამერიკის სენატში განსახილველად შეიტანა კანონპროექტი «აბრეშუმის გზის აღორძინების მხარდაჭერის» შესახებ.
        ეს სამი მოვლენა ნატო-ს 50 წლისთავისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიების ფონზე განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს; დავუმატოთ ამას ისეთი ფაქტები, როგორიცაა ნატო-უკრაინის ერთობლივი კომისიის სხდომა
        და კლინტონის ხაზგასმული ყურადღება სწორედ ედუარდ შევარდნაძისადმი. საქართველოს პრეზიდენტი აღმოჩნდა ერთადერთი, ვისაც პრეზიდენტი კლინტონი შეხვდა ცალკე - ნატო-ს სამიტის მსვლელობისას.
        რასაკვირველია, სამხრეთ კავკასიისადმი ესოდენ ხაზგასმული ყურადღების ძირითადი მიზანი ისევ და ისევ ნავთობსადენის პროექტია, თუმცა, ეს პროექტი მაინც ვერ განაპირობებდა ჩრდილოკავკასიური ალიანსის პოლიტიკური კონცეფციის ასეთ რადიკალიზაციას.
        მიზეზთა - მიზეზი დასავლური საზოგადოების შინაგან ბუნებასა და სტრუქტურაში უნდა ვეძიოთ. «უსაფრთხოების» ცნება დასავლეთში ესმით, როგორც ყოველგვარი მადესტაბილიზებელი და პოლიტიკურად «გამაღიზიანებელი» ფაქტორის გამორიცხვა არა მხოლოდ თვით ალიანსის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ, - პასუხისმგებლობის ზონაში, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ევროატლანტიკურ სივრცეს მოიცავს ატლანტიკის ოკეანიდან - ცენტრალურ აზიამდე.
        ახალი რეალობით ადეკვატურად ისარგებლა ყველა დელეგაციამ, რომელიც მონაწილეობდა სამიტში; ოღონდ ჯერ-ჯერობით, «ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს» დონეზე;
        მაგალითად, ედუარდ შევარდნაძემ დამსწრეთ (მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებს) შეახსენა, რომ ეთნიკური წმენდა, რომელიც კოსოვოში განხორციელდა, არ არის ამგვარი «საუკუნის დანაშაულის» პირველი შემთხვევა ევროატლანტიკურ სივრცეში - არანაკლებ მაშსტაბური ეთნიკური წმენდა განხორციელდა აფხაზეთშიც. მისივე თქმით, გლობალური უშიშროების სისტემები, რომლებიც შეიქმნა «ცივი ომისა» და «ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირების» პირობებში, ამჟამად სრულებით გამოუსადეგარია, ვინაიდან «მსოფლიო შეიცვალა».
        აქედან გამომდინარე, «მსოფლიო კი არ უნდა მივუსადაგოთ მოძველებულ სქემებს», არამედ ახალი სქემები უნდა შევქმნათ შეცვლილი მსოფლიოს შესაბამისად.
        დიპლომატია, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ძალა, მხოლოდ ფუჭი ფრაზეოლოგიაა და სხვა არაფერი.
        ედუარდ შევარდნაძე, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა ვეტოს უფლებას «გაერთიანებული ერების ორგანიზაციის» უშიშროების საბჭოში, რომელიც ნამდვილად იქცა ანაქრონიზმად.
        ამ ანაქრონიზმის თვალნათელი გამოვლინებაა ის, რაც ამჟამად ხდება იუგოსლავიასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, მთელი ევროპა ერთსულოვანია სერბიის მოქმედებათა შეფასებისას, მაგრამ გაეროს უშიშროების საბჭომ მაინც ვერ შეძლო შესაბამისი რეზოლუციის მიღება, ვინაიდან ერთადერთმა, - რუსეთმა ამ გადაწყვეტილებას ვეტო დაადო.
        რასაკვირველია, ამგვარი მექანიზმი დღეს უკვე მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს და არა ამერიკასა და დასავლეთს, რომელიც კოლექტიურად იღებს გადაწყვეტილებებს.
        სიახლე ნატო-ს კონცეფციაში დსთ-ს სხვა წევრებმაც შენიშნეს. მაგალითად, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ნატო-მ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მისი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ვინაიდან ყაზახეთს «ათასი მილის სიგრძის» საზღვარი აქვს რუსეთთან და ათასი მილის საზღვარი - ჩინეთთან.
        უზბეკეთის პრეზიდენტის თქმით კი (მიაქციეთ ყურადღება) «თუ უზბეკეთში ვითარების დესტაბილიზაციას შეძლებენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან (!) - უზბეკეთის დამოუკიდებლობა საფრთხეში აღმოჩნდება».
        რასაკვირველია, დასავლეთი (ნატო) უზბეკეთს, ჯერჯერობით, ვერ «მიწვდება», მაგრამ იმავე კონცეფციაში ნათქვამია, რომ «ნატო»-ს კარები ღიაა ახალი წევრებისათვის, «ევროატლანტიკურ სივრცეზე» პასუხისმგებლობის გავრცელებასთან ერთად, ეს თეზისი სავსებით კონკრეტულ შინაარსს იძენს, - ნატო-ს გაფართოება და განუხრელი შემოსვლა ყოფილ საბჭოთა იმპერიაში უკრაინიდან და საქართველოდან (შავი ზღვიდან) იწყება.
        ამ გზაზე აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება შეიძლება ერთ-ერთი ბარიერის გადალახვა გახდეს.

7 დღე, 30 აპრილი, 1999 წელი

მთელ გვერდზე