რუს მესაზღვრეებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პროვოცირება სურთ

რუს მესაზღვრეებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პროვოცირება სურთ

    ვალერი ჩხეიძის ჩასვლას სოხუმში, რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ შეუქმნეს შესაბამისი ფონი. სწორედ ამ დღეებში ატყდა განსაკუთრებული ისტერია საქართველო-რუსეთის საზღვარზე სპირტის დიდი ოდენობით გადატანასთან დაკავშირებით. მაშასადამე, მოსკოვში დიდი შეშფოთებით ადევნებენ თვალს ქართულ-აფხაზურ დიალოგს სასაზღვრო საკითხებზე.
    ამ შეშფოთებას კიდევ უფრო გაამძაფრებდა არძინბას სპეციალური წარმომადგენლის, ანრი ჯერგენიას სენსაციური განცხადება, რომლითაც დადასტურდა, რომ თვით აფხაზებსაც კი არაფერი აქვთ საწინააღმდეგო რუსი მესაზღვრეების გაყვანისა აფხაზეთიდან, თუ, რასაკვირველია, მათ ადგილს თავად დაიკავებენ და არა ქართველი მესაზღვრეები.
    საქართველოს სასაზღვრო უწყების მესვეურთა განცხადებამ სასაზღვრო აკვატორიის დაცვასთან დაკავშირებით რუსეთში სავსებით «ადეკვატური» რეაქცია გამოიწვია. შოვინისტმა ანტიქართველმა ანდრეი ნიკოლაევმა რაღაც მოჩმახა «რუსეთის ინტერესებისა და რუსეთის დროშის» შესახებ, რომელიც თურმე «თუ სადმე აღიმართა, აღარ უნდა დაეშვას».
    რუსეთის ტელევიზიამ კი დამცინავი კომენტარით აუწყა მაყურებელსა და მსმენელს სასიხარულო ამბავი: აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელობას ჯერ არავითარი ბრძანება დისლოკაციის ადგილის შეცვლის შესახებ არ მიუღია და საზღვრის დაცვას ძველი რეჟიმით აგრძელებსო.
    მაგრამ სულ მალე სიხარული და დამცინავი ტონი დაბნეულობით შეიცვალა, ვინაიდან გაირკვა, რომ ასეთი ბრძანება «სოხუმის სასაზღვრო ჯგუფს» მაინც მიუვიდა, ამიტომ ისინიც იძულებულნი არიან, აფხაზეთი დატოვონ.
    რუსების გაღიზიანებას ყველაზე მეტად ის გარემოება იწვევს, რომ აფხაზები არ აცხადებენ პროტესტს მათი გასვლის გამო. არძინბას მხოლოდ ის აღელვებს, თუ ვინ დაიცავს აფხაზეთის საზღვაო აკვატორიას - ქართველი თუ აფსუა მესაზღვრეები. თუ ეს უკანასკნელნი დაიცავენ, მაშინ რუსების ყოფნა სოხუმში სეპარატისტებს სულაც არ ეპიტნავებათ.
    პოზიცია ერთმნიშვნელოვანია: წავიდნენ, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. ამ მომენტით საქართველომ აუცილებლად უნდა ისარგებლოს: სულ ერთია, რუსი მესაზღვრეები სოხუმისა და გაგრის აკვატორიაში (ისევე, როგორც საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე) საქართველოს სასიკეთოსა და სასარგებლოს არაფერს აკეთებდნენ - მაინც თავისუფლად ატარებდნენ ყველაფერს, რაც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ესაჭიროებოდა. მაშასადამე, აფხაზეთში მათ ყოფნას არავითარი აზრი არა აქვს.
    ამ ვითარებაში საქართველო არ უნდა ეცადოს ძალით მოახვიოს თავს სეპარატისტებს საზღვრის დაცვის საკუთარი რეჟიმი, მით უმეტეს უპერსპექტივო და საშიშია აფხაზეთის ზღვიდან ბლოკირების მცდელობა.
    ჯერ ერთი, რეალურად საქართველოს საამისო ძალა არ შესწევს. გარდა ამისა, თუ გვექნება შესაძლებლობა ძალით გადავწყვიტოთ პრობლემა, არძინბას დამოკიდებულება რუსი მესაზღვრეების მიმართ უმალვე შეიცვლება - რუსეთს კი ჩვენ ვერასოდეს მოვერევით. საკმარისია, სოხუმში შეატყონ, რომ საქართველოს სურს და შეუძლია გადაუკეტოს სეპარატისტულ აფხაზეთს თურქეთთან (ანუ გარე სამყაროსთან) დამაკავშირებელი საზღვაო ტრასა, რომ უმალვე შეევედრებიან რუს მესაზღვრეებს, არ დატოვონ აფხაზეთის აკვატორია. ისინიც უეჭველად შეისმენენ «მცირერიცხოვანი» ერის ვედრებას, ანუ ორი კურდღლის მადევარი საქართველო ვერც ერთს ვერ დაიჭერს.
    უფრო მიზანშეწონილად და ეშმაკურად იქცევა ვალერი ჩხეიძე, რომელმაც ინსტრუქციები უეჭველად პრეზიდენტისაგან მიიღო: სჯობს, აფხაზეთის აკვატორიას აფხაზები იცავდნენ, ვიდრე რუსები. მოსკოვში სულ მალე ხვეწნა-მუდარას დაუწყებენ საქართველოს, არ გამოატაროს ჩეჩნეთისა და ჩრდილოეთ კავკასიისათვის განკუთვნილი ტვირთი; აფხაზეთიდან კი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში რუსეთისათვის არასასურველი საქონელი (მათ შორის, იარაღი) შევა; შეიცვლება გეოპოლიტიკური ბალანსი: ჩამოყალიბდება მძლავრი აფხაზურ-ადიღური ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უეჭველად შეეცდება, გამონახოს საერთო ენა საქართველოსთან, მით უმეტეს, თუ აფხაზეთში დაიწყება მოჰაჯირთა შთამომავლების დაბრუნება თურქეთიდან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან. რაკი ეს ტერიტორია საქართველომ დაკარგა, იგი არც რუსებს დარჩებათ. ქართულ-აფხაზური ინტერესები შავი ზღვის აკვატორიაში შეიძლება კიდეც დაემთხვეს ერთმანეთს. ამდენად, საქართველოს სასაზღვრო უწყებას დიდი სიფრთხილე მართებს, რუსულ სპეცსამსახურთა მიერ დაგებულ მახეში რომ არ გაებას.
    საზღვაო ომი საქართველოსა და აფხაზეთს შორის უაღრესად მომგებიანი იქნება კრემლისათვის და პირიქით, თუ გარკვეულ კომპრომისს მივაღწევთ სეპარატისტებთან, რუსეთის გავლენა მნიშვნელოვნად შესუსტდება. ყველაზე უარესი იქნება ვარიანტი (ამის შესაძლებლობას ზოგიერთი დამკვირვებელი არ გამორიცხავს), რომლის შესაბამისად რუსი მესაზღვრეები საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან წავლენ, მაგრამ აფხაზეთში დარჩებიან ჩვენივე თანხმობით. ამის შესაძლებლობა უნდა გამოირიცხოს, ვინაიდან არაფერს, უარყოფითი შედეგის გარდა, ასეთი დათმობა არ მოიტანს.
    გარდა ამისა, პარლამენტი სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს რიგგარეშე სესიაზე და მიიღოს მესამე მოსმენით კანონი «სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ». ამის დაყოვნება უკვე აღარ შეიძლება, რადგან კომპრომისი (სეპარატისტთა საწინააღმდეგოდ) რუსებთან ვერ შედგა და ვერც შედგებოდა.

მერიდიანი, 13 ივლისი, 1998 წ.