კოსოვოს კონფლიქტის მოგვარებამდე ნატო აფხაზეთისთვის ვერ მოიცლის

    საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ცხადყო, რომ აფხაზეთში «არარუსული» სამხედრო კონტინგენტის შემოყვანის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
    ედუარდ შევარდნაძის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას ოპერაციაში, თუ იგი გაეროს ეგიდით ჩატარდება. «გაეროს ეგიდით» სამშვიდობო ოპერაციის ჩატარება კი გულისხმობს ან მეშვიდე თავის (მშვიდობისადმი იძულების) ამოქმედებას (რაც შეუძლებელია, ვინაიდან რუსეთი უეჭველად გამოიყენებს «ვეტოს» უფლებას), ან «მშვიდობის შენარჩუნების» ოპერაციას, რისთვისაც აუცილებელი იქნება აფხაზური (სეპარატისტული) მხარის თანხმობა.
    რასაკვირველია, არძინბა ასეთ თანხმობას არასდროს განაცხადებს და არც არავინ აპირებს მის იძულებას. კიდევ ერთი ნიშანდობლივი მომენტი ის გახლავთ, რომ ამჟამად სამშვიდობო ოპერაცია არ ტარდება გაეროს ეგიდით, - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუცია არ მიუღია. ოპერაციას ახორციელებს «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა» - რუსეთის სამხედრო კონტინგენტის მეშვეობით.
    ერთი შეხედვით, თითქოს უცნაურია, რომ რუსეთი არათუ წინააღმდეგია სხვა ქვეყნების ჩართვისა სამშვიდობო ოპერაციაში, არამედ პირიქით, - ბორის ელცინმა წერილიც კი გაუგზავნა სახელმწიფოთა ლიდერებს, რათა მიიღონ გადაწყვეტილება აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციაში უშუალო მონაწილეობის თაობაზე. იგულისხმება სამხედრო კონტინგენტის გამოყოფა და მისი ჩართვა (რუსეთის მშვიდობისმყოფელებთან ერთად) მხარეთა «დაშორიშორების» საქმეში.
    ბორის ელცინს იმდენი პრობლემა აქვს, აფხაზეთზე ფიქრისთვის ნამდვილად არ სცალია. სამაგიეროდ, მისი მრჩევლები და შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტთა ექსპერტები ყურადღებით ადევნებენ თვალს მოვლენათა განვითარებას. სწორედ მათი ანალიზის შედეგად, რუსეთის ხელისუფლებამ დაასკვნა, რომ ამგვარი მოწოდება არავითარ «საფრთხეს» არ შეიცავს, ვინაიდან სამშვიდობო ოპერაციის არსებული ფორმატის შესაბამისად, აუცილებელი იქნება არა მხოლოდ ქართული, არამედ აფხაზური მხარის თანხმობა სხვა რომელიმე ქვეყნის სამხედრო კონტინგენტის შემოყვანაზე აფხაზეთში;
    უკრაინის პრემიერმინისტრმა ვალერი პუსტოვოიტენკომ რამდენიმე თვის წინ, თბილისში საქართველოს პრეზიდენტთან მოლაპარაკების შედეგად მოითხოვა აფხაზური მხარის დასტური, წინააღმდეგ შემთხვევაში «უკრაინას არ ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო ოპერაციაში»; იგივე მოთხოვნას დააყენებენ სხვებიც; ანუ არავინ გარისკავს ესოდენ მნიშვნელოვან აქციაში მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს წარუმატებლობის მცირედი შესაძლებლობაც კი;
    აფხაზ სეპარატისტებთან ომს (ჩვენი გულისთვის) არც რუსეთი დაიწყებს და არც ყაზახეთი, ან დსთ-ს რომელიმე სხვა ქვეყანა. არძინბა კი, ნებისმიერ შემთხვევაში, კატეგორიული წინააღმდეგი იქნება სხვა ქვეყნის სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობისა, ვინაიდან ეს დაარღვევს სამხედრო ბალანსს, რომელიც ხანგრძლივი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა 1994 წლიდან - დღემდე.
    უკიდურეს შემთხვევაში, არძინბამ შეიძლება «დიდსულოვნად» განაცხადოს, რომ ნებას რთავს საქართველოს «საკუთარ ტერიტორიაზე» ანუ ენგურის მარცხენა მხარეს შემოიყვანოს ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო კონტინგენტი. ამით კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი, რომ საქართველო და აფხაზეთი სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები არიან, - რისკენაც მუდამ ისწრაფვის არძინბა. მისი მიზანი ყოველთვის სწორედ ეს იყო მას შემდეგ, რაც სამხედრო გამარჯვებას მიაღწია.
    მაშასადამე, საქართველოს მცდელობა, მოეხდინა სამშვიდობო ოპერაციის «ინტერნაციონალიზაცია» - სრული კრახით დასრულდა. თუმცა, ამაზე განსაკუთრებით ნუ ვიდარდებთ, - თუნდაც დათანხმებულიყვნენ დსთ-ს ქვეყნები კონფლიქტის ზონაში ჯარების გაგზავნაზე, თუნდაც განეცხადებინა ამაზე თანხმობა ვლადისლავ არძინბას და უკრაინის ან ყაზახეთის თუ უზბეკეთის სამხედრო კონტინგენტი დამატებოდა რუსეთის «სამშვიდობო ძალებს». რას მისცემდა ეს საქართველოს? – აბსოლუტურად არაფერს!
    პირიქით, კიდევ უფრო ცხადი გახდებოდა ქართული სახელმწიფოს ამჟამინდელი უმწეობა; სეპარატისტები კი დამატებით არგუმენტებს მოიპოვებდნენ თავიანთი სამართალსუბიექტურობის დასადასტურებლად.
    სხვა საქმე იქნებოდა, თუ სამშვიდობო ოპერაციაში (თუნდაც მხარეთა დაშორიშორების ფორმით) ჩაერთვებოდა დასავლეთი, - ამერიკის შეერთებული შტატები ან ევროპული ქვეყნები.
    ამ შემთხვევაში ინტერნაციონალიზაცია რეალურ სამხედრო შედეგს არ მოიტანდა, თუმცა უეჭველად შეცვლიდა (ჩვენთვის) პოლიტიკურ ვითარებას - უკეთესობისაკენ.
    მაგრამ ამას არასდროს დაეთანხმება რუსეთი. დასავლეთი კი კარგა ხნით ჩაეფლო ბალკანეთის ჭაობში და პოსტსაბჭოური სივრცისათვის დიდხანს არ ეცლება. სხვათა შორის, უეჭველია, რომ ბალკანეთზე ჯერ კიდევ 1994 წელს ფართომასშტაბიანი კონფლიქტის პროვოცირება რუსეთის სპეცსამსახურთა «ნახელავია» - რაკი მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღება ბალკანეთისაკენ აღმოჩნდა მიმართული, რუსეთს «ხელები გაეხსნა» (კონსტანტინე ზატულინის საყვარელი გამოთქმით), რათა თავისი გავლენა დაემკვიდრებინა (აღედგინა) პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
    არათუ აფხაზეთი, არამედ დნესტრისპირეთიც (მოლდოვა) არავის ახსოვს, მაგრამ ვითარება უეჭველად შეიცვლება მას შემდეგ, რაც ნატო იუგოსლავიაში ფაშისტთა წინააღმდეგობის გატეხვას შეძლებს და კოსოვოში ჯარს შეიყვანს. რამდენიმე წლის წინ ბოსნიაში ომის შეწყვეტაც შეუძლებლად მიაჩნდათ დამკვირვებლებს, მაგრამ ნატომ ეს მოახერხა. კოსოვოშიც მწიფდება ვითარება, რის შემდეგაც ნატო უეჭველად მიაპყრობს ყურადღებას პოსტსაბჭოურ სივრცეს – მათ შორის საქართველოს;
    აშკარად მცდარია აზრი, თითქოს ნატოს მონაწილეობა «აფხაზურ პროცესში» წამგებიანია ჩვენთვის, ვინაიდან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ისევე დაუჭერს მხარს აფხაზეთის გამოყოფას საქართველოსაგან, როგორც კოსოვოელ სეპარატისტებს ეხმარება - იუგოსლავიის (სერბეთის) წინააღმდეგ.
    სინამდვილეში, ნატოს მიზანია აგრესიის მოგერიება; რაოდენ სამარცხვინოც უნდა იყოს ჩვენთვის, აფხაზეთში «სუსტი, წაგებული» მხარე სწორედ საქართველოა, ხოლო სეპარატისტები გალაღებულნი და გამარჯვებულნი არიან.
    გამარჯვებული სეპარატისტები «ტერორისტებს» უწოდებენ ქართული მოსახლეობის პარტიზანულ რაზმებს. კოსოვოში კი პირიქით ხდება. ამიტომ უეჭველია, რომ ნატო საქართველოს პოზიციას მხარს დაუჭერს და მოითხოვს ლტოლვილთა სრულ და უპირობო დაბრუნებას აფხაზეთში, რაც შეუძლებელი იქნება ახალი ტიპის სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების გარეშე - ნატოს ეგიდითა და მონაწილეობით. ამგვარი რამ მხოლოდ დღეს ჩანს შეუძლებელი, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება – არცთუ რუსეთის სასარგებლოდ. ნატო ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებთან არ შეჩერდება. ასეთია სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შინაარსი, მისი ბუნება. «ნატოს» დაშლას კი საბედნიეროდ არავინ აპირებს.
    აქედან გამომდინარე, ქართული პოლიტიკის ძირითადი თვისება ხელსაყრელ დროს დალოდება, მოთმინება უნდა იყოს. ჯერჯერობით ვითარება არ მომწიფებულა იმისათვის, რომ «ნატო» აქტიურად ჩაერიოს საქართველოს საქმეებში, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ხორვატეთისა და ბოსნიის შემდეგ, ნატოს ერთადერთი ბარიერი დარჩა, - კოსოვო. ამ ბარიერის გადალახვის (სერბთა წინააღმდეგობის გატეხვის) შემდეგ კი ვითარება კარდინალურად შეიცვლება.
    არ არის გამორიცხული, სწორედ აფხაზეთი იქცეს ალიანსის პირველ სასინჯ ქვად პოსტსაბჭოურ სივრცეში, თუმცა ამას წლები დასჭირდება; როგორც მინიმუმ, 2-3 წელი მაინც.
    საქართველოსთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა ამ ორი-სამი წლის განმავლობაში ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფ სამშვიდობო ძალებს არ გაუგრძელდებათ მანდატის ვადა (და ამ ფაქტს ოფიციალური თბილისი პერმანენტულად დააფიქსირებს) ხოლო თვით გალის რაიონში (კიდევ უკეთესი, თუ სხვა რაიონებშიც) გაგრძელდება პარტიზანთა აქტივობა, - ქართული პოლიტიკა კი უმთავრეს აქცენტს გააკეთებს ლტოლვილთა პრობლემებზე, რომლებიც «ვერ ბრუნდებიან მშობლიურ სახლებში, ვინაიდან არ აქვთ უსაფრთხოების გარანტია».
    ეს სქემა, რასაკვირველია, მოსკოვშიც გათვალეს, ამიტომ რუსეთი უახლოეს მომავალში შეეცდება ან სამუდამოდ დააკანონოს საკუთარი კონტინგენტი კონფლიქტის ზონაში, ან მოახდინოს ვითარების ახალი ესკალაცია «ყარაბაღის სცენარით» ანუ სეპარატისტთა შეტევით საქართველოს სხვა რაიონებზე.

7 დღე, 3 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე