შევარდნაძის ახალი გუნდი ძველი შემადგენლობით

საქართველოს პარლამენტი აგრძელებს მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას. უფრო სწორად, იგი იურიდიულად აფორმებს იმ პროცესს, რომელიც პრეზიდენტმა უკვე დაასრულა.
    ედუარდ შევარდნაძემ, ბევრისაგან მოულოდნელად, მტკიცე პოზიცია დაიკავა საკუთარი პარტიის («მოქალაქეთა კავშირის») მიმართ, რომელმაც ახალ კაბინეტში თითქმის ვერაფერი მიიღო თუ არ ჩავთვლით «მწვანეთა» ნომენკლატურის წარმომადგენელს - ნინო ჩხობაძეს (მან ბუნების დაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა) და ეკონომიკის მინისტრ ლადო პაპავას. თუმცა, ამ უკანასკნელს კაბინეტში ადგილი იმთავითვე ჰქონდა «დაჯავშნული», როცა პრეზიდენტი ძალზე ფრთხილად და სათუთად ეკიდებოდა საერთაშორისო «იმიჯის» მქონე სამეულში (ბასილია-ჯავახიშვილი-პაპავა) რაიმე ცვლილების შეტანას.
    ედუარდ შევარდნაძემ, თავისი შეუვალი პოზიციით, «მოქალაქეთა» ელიტის გაღიზიანებაც კი გამოიწვია - პარტიის ბევრ წევრს სერიოზულად ჰქონდა იმედი, რომ არჩევნებში წარმატებისა და საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ისინი შევარდნაძის «ძველ ფავორიტებს» შეავიწროვებდნენ და პარტიული ნიშნით ჩამოაყალიბებდნენ «ახალ გუნდს» აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
    მაგრამ პრეზიდენტმა უმალვე აუხილა თვალი საბჭოური მენტალიტეტით გაჟღენთილ «დეპუტატ-კარიერისტებს» იმის თაობაზე, თუ რა თავისებურებანი გააჩნია «ამერიკულ მოდელს» და რით განსხვავდება იგი თუნდაც იმ სისტემისაგან, რომელიც 1992 წლის 11 სექტემბრის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა.
    «ამერიკული მოდელის» კატეგორიული, ეჭვმიუტანელი მაქსიმა სწორედ ხელისუფლებათა მკვეთრ და ცალსახა გამიჯვნაში მდგომარეობს - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებანი ამერიკულ სისტემაში, თუმცა პარალელურად, მაგრამ აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებენ. ანუ, პარალელური ხაზები არ იკვეთებიან, პოლიტიკურ რეალობაში ისინი ურთიერთქმედებენ «კონტრასიგნაციისა» და «ვეტოს» მექანიზმის გამოყენებით.
    ამ სისტემაში ურთიერთშეკავებისა და ურთიერთკონტროლის ბერკეტი ორივე მხარეს იმდენად ძლიერია, რომ ეს ორი ხელისუფლება ერთმანეთის საქმეში ჩარევას (გარდა სავსებით განსაკუთრებული შემთხვევებისა), - ყოველთვის ერიდება.
    სწორედ ამიტომ, შევარდნაძეს ან საკუთარი გუნდი უნდა ჩამოეყალიბებინა, რომელსაც პარლამენტთან არავითარი (ან თითქმის არავითარი) საერთო არ ექნებოდა, ან სულ უნდა ეთქვა უარი კაბინეტის ფორმირებაზე და დაუყოვნებლივ გადამდგარიყო თანამდებობიდან - ეს უფრო ბუნებრივი და ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, ვიდრე პორტფელების განაწილება პარლამენტში.
    სწორედ ამით განსხვავდება «ამერიკული მოდელი» ფრანგული და გერმანული სახელისუფლებო სისტემებისაგან - ამერიკელისთვის (ისევე, როგორც გერმანელისთვის და ფრანგისთვის), რა თქმა უნდა, ყოვლად წარმოუდგენელია კაცი სენატორობას ცდილობდეს მხოლოდ იმისთვის, რათა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტის კაბინეტში რაიმე პოსტი დაიკავოს. მაგრამ თუკი ფრანგული და გერმანული სისტემები, ამ მხრივ, ეთნოფსიქოლოგიისა და პოლიტიკური ტრადიციისადმი უფრო «ლმობიერნი» არიან, ამერიკული მოდელი ამ საკითხში რაიმე დათმობას კატეგორიულად გამორიცხავს. ამიტომ, პრეზიდენტს არც სურდა და კაცმა რომ თქვას, არც შეეძლო დაერღვია სისტემის ურღვევი კანონი: მან ჩამოაყალიბა საკუთარი გუნდი და იგი პარლამენტს წარმოუდგინა დასამტკიცებლად.
    ამერიკელებმა ხისტი სისტემა შექმნეს, - პარლამენტი ან უნდა დაეთანხმოს პრეზიდენტს, ან უარყოს მისი წინადადება, რაც უმალვე იწვევს პოლიტიკურ კრიზისს და პრეზიდენტის (უკვე არჩეულის, ფიცმიღებულის, უმაღლესი მხედართმთავრის) გამიჯვნას საკუთარი პარტიისაგან. ამ შემთხვევაში, ეს პარტია უფრო აგებს, ვიდრე პრეზიდენტი, ვინაიდან «ქართული შესწორების» თანახმად, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება (პრეზიდენტისა - ხუთ წელიწადში ერთხელ), ხოლო საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტზე ზემოქმედების რაიმე მექანიზმი (ბიუჯეტისა და იმპიჩმენტის გარდა) არც გააჩნია.
    პირველ შემთხვევაში პარლამენტმა სახელმწიფო მოსამსახურენი უსახსროდ უნდა დატოვოს და მათი რისხვა დაიმსახუროს, მეორე შემთხვევაში კი (თუ არ არსებობს ძალზე სერიოზული მიზეზი) გადადგას ნაბიჯი სამოქალაქო ომისაკენ.

    მიუხედავად ზემოთთქმულისა «მოქალაქეთა კავშირის» ზოგიერთი წარმომადგენელი მაინც ძლივს იკავებდა თავს. უკმაყოფილება იგრძნობოდა თვით «ელიტარული ინტელიგენციის» გამოსვლებშიც. მაგალითად, გიგა ლორთქიფანიძემ ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, რომ კაბინეტის წარმომდგენს (იგულისხმება პრეზიდენტი) არაფრით არ დაუსაბუთებია, თუ რატომ უნდა იყოს ესა თუ ის პიროვნება მინისტრი, ამიტომ, «მე უფლებას ვიტოვებ, ხმა მივცე ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვლი, - მიუხედავად ფრაქციის გადაწყვეტილებისა».
    ეს იყო ნამდვილი «ამბოხი გემზე» რომელიც, სხვათა შორის, ელიტარული ინტელიგენციის შიგნით მიმდინარე უაღრესად საინტერესო პროცესებზეც მიუთითებს. როდესაც «მოქალაქეთა» ფრაქციის სხვა წევრებმა გიგა ლორთქიფანიძეს მოუწოდეს, დაეცვა ფრაქციულობის პრინციპი და დამორჩილებოდა იმ პარტიის გადაწყვეტილებას, რომლის სიითაც მოხვდა იგი პარლამენტში, მან გაგულისებით უპასუხა: «ჩვენში უკვე იყო ერთი პარტია, რომელიც უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა».
    საპარლამენტო უმრავლესობა საბოლოოდ მაინც დანებდა და ცალკეულ «დისიდენტთა» ნეიტრალიზაციაც შეძლო. კაბინეტის წევრთა უმრავლესობა თითქმის უპრობლემოდ დაამტკიცეს, - «მოქალაქეთა კავშირმა» მხოლოდ ბაკურ გულუაზე იყარა ჯავრი; ოღონდ, ამ შემთხვევაში, მისი მიზანი «სოფლის მეურნეობისა და სურსათის» მინისტრის საკუთარ ნომენკლატურაში მოქცევა არ ყოფილა. მან უბრალოდ დატუქსა «უცხო ნომენკლატურის» წარმომადგენელი - რაკი ბაკურ გულუა «მოქალაქეთა კავშირის» მოწინააღმდეგეთა ბლოკს - «რეფორმატორთა კავშირს» ხელმძღვანელობდა არჩევნებში.
    თემურ ბასილიას საქმე უფრო რთულადაა. იგი, ერთის მხრივ, ასევე არასასურველი კანდიდატია საპარლამენტო უმრავლესობისათვის, მაგრამ საერთაშორისო იმიჯისა და მოპოვებული პრესტიჟის წყალობით, - პრეზიდენტისთვის აუცილებელი ფიგურაა. თუმცა, მეორეს მხრივ, მისი მომავალი თანამდებობა («ეკონომიკური რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე») იმდენად უმნიშვნელო და ბუტაფორიულია, რომ პრეზიდენტი მას კანონმდებელთა თანხმობის გარეშეც, - საკუთარი ბრძანებულებით ქმნის.

    მიუხედავად მრავალი «ძველი მინისტრისა», ეს გუნდი მაინც თვისობრივად ახალია; მასში «სუსტი წერტილები» თითქმის არ არის. ვგულისხმობ არა პროფესიულ დონეს ან რეფორმების გატარების უნარს, არამედ იმას, თუ რამდენად «მოხერხებული» სამიზნე იქნება იგი ჭეშმარიტი ოპოზიციის - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისათვის.
    თუ წინა კაბინეტში ამგვარი «მოხერხებული სამიზნეები» მრავლად იყვნენ (ავთო მარგიანი, იგორ გიორგაძე, ზურაბ კერვალიშვილი), ამჯერად შევარდნაძემ შეძლო გუნდი ისეთი კადრებით დაეკომპლექტებინა, რომელიც «ფი-არ თვალსაზრისით» სწორედაც რომ ძალზე უხერხულ სამიზნეს წარმოადგენს.
   

    უშიშროების ახალმა მინისტრმა, შოთა კვირაიამ, დამტკიცებისას განაცხადა: უშიშროებამ, უპირველესად, პრეზიდენტის უსაფრთხოება უნდა დაიცვას.
    იგორ გიორგაძემ საკუთარ თავში მოახდინა ყველა ნეგატიური სტერეოტიპის აკუმულირება, ხოლო კვირაია და გიორგაძე დაუძინებელი მტრები იყვნენ.
    რაც შეეხება კახა თარგამაძეს, რაკი გიორგი ჭანტურიას მკვლელობა სწორედ მან გახსნა - დარტყმის ობიექტი არ შეიძლება გახდეს. სხვა მინისტრები (მაგალითად, ფრიდონ ინჯია) «შავბნელი გარემოცვის» სტერეოტიპს ნამდვილად ვერ შექმნიან მათი უმნიშვნელო როლისა და ფუნქციის გამო. ამგვარ სტერეოტიპს ვერ შექმნის თვით ნადიბაიძეც, რადგან იგი პიროვნულად (გარეგნული ნიშან-თვისებებით) არ შეესაბამება ამ ფუნქციას.
    ედუარდ შევარდნაძემ შეცვალა საგარეო საქმეთა მინისტრი. ნაცვლად ალექსანდრე ჩიკვაიძისა, ამ თანამდებობაზე დანიშნა კომკავშირული წარსულის მქონე ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი. საგარეო მინისტრის შეცვლა ყველგან და ყოველთვის პოლიტიკის შეცვლას გულისხმობს. მაგრამ საქართველო ამ მხრივაც განსაკუთრებული ქვეყანა აღმოჩნდა: შევარდნაძემ შეცვალა სწორედ და მხოლოდ მინისტრი. თუმცა, ამ შემთხვევაში ხსენებული პოლიტიკური ტრადიცია არც დარღვეულა, რაკი ჩიკვაიძე მისი დანიშნული არ ყოფილა. პროფესიონალი დიპლომატი, ალექსანდრე ჩიკვაიძე, შეცვალა არაპროფესიონალმა ირაკლი მენაღარიშვილმა, რომელიც, თუ საკომიტეტო მოსმენისას დასმულ კითხვებზე პასუხთა მოხერხებულობასა და სიზუსტეს გავითვალისწინებთ - წინამორბედზე უკეთ ფლობს დიპლომატის ხელოვნებას, რაც სრულიადაც არ უნდა იყოს მოულოდნელი - დიპლომატიურობა უიშვიათესი ნიჭია, რომელიც დაბადებით შეიძინება და არ ისწავლება პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. დიპლომატიურობა იგივე ჭკუაა და ნიჭია. ზოგს მეტი აქვს ეს ნიჭი, ზოგს ნაკლები. ეს ბუნების კანონია.
    ლადო პაპავა და დავით იაკობიძე კი ეკონომიკური პოლიტიკის უცვლელობას ადასტურებენ. შევარდნაძე არაფრის დიდებით არ გადაუხვევს საბაზრო რეფორმების კურსიდან. ეს მისი პოლიტიკური მდგომარეობის აუცილებელი პირობა გახდა. საბაზრო რეფორმირება ამჟამად შევარდნაძისათვის ჰაერია, რომლის გარეშეც იგი დაიღუპება, ამიტომ რადიკალური ნაბიჯი ეკონომიკის სფეროში კვლავაც გაგრძელდება.
    შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უახლოეს ხანებში პრეზიდენტის (მინისტრთა კაბინეტის) წინადადებით მიწა გადაეცემა სრულფასოვან კერძო საკუთრებაში (ყიდვა-გაყიდვის უფლებით).
    ეკონომიკის მინისტრმა, ლადო პაპავამ, საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა: 1996 წელს საქართველოს 5 უდიდესი საწარმოს (მათ შორის რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა და აზოტის) აქციათა საკონტროლო პაკეტი (!!!) გავა საერთაშორისო ტენდერზე.
    ამავე წელს მოხდება სოციალური დაცვის სისტემის რეორგანიზაცია - სოციალურ დახმარებას მიიღებს მხოლოდ მოქალაქეთა ის კატეგორია, რომელსაც ამ დახმარების გარეშე ფიზიკურად არსებობა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, «შევარდნაძის გუნდის» რაიმე «მემარცხენეობაზე» ლაპარაკი ზედმეტია. სად გაგონილა «მემარცხენეები» ანუ «სოციალისტები» მიწის ყიდვა-გაყიდვას უჭერდნენ მხარს და სოციალური დახმარების გაუქმებას მოითხოვდნენ? ანუ, შევარდნაძის «მემარცხენეობა», მისი «სოციალისტობა» მხოლოდ პროპაგანდისტული ჟესტია და სხვა არაფერი - სინამდვილეში, შევარდნაძე ტიპიური «პროგრესისტია», ანუ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში უკიდურესად მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი.
    მათ კი, ვინც ამგვარ შეფასებას არ დაეთანხმება, კონკრეტულად დაასახელოს - მონეტარიზმისა და პროგრესისტული ეკონომიკური დოქტრინის რომელი დებულება დარჩება შესასრულებელი - მიწის პრივატიზაციისა და უმსხვილეს საწარმოთა (მათ შორის პურის ქარხნების) აუქციონზე გაყიდვის შემდეგ?!
    იმგვარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, რომელსაც საქართველოში შევარდნაძე ატარებს, რუსეთში უკვე მეორე «დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია» იქნებოდა განხორციელებული და ლამის განხორციელდა კიდეც.
    შევარდნაძის «ახალ კაბინეტში» წმინდა პოლიტიკური ფიგურებიც (უფრო ზუსტად - პოლიტიკური დანიშნულების მქონე) მოიძევებიან - მაგალითად, ვალერი ვაშაკიძე, რომლის გავლენა პოლიტიკურ ელიტაში შევარდნაძეს სჭირდება გარკვეულ წინააღმდეგობათა დასაბალანსებლად (ვალერი ვაშაკიძე ხომ «ილია ჭავჭავაძის საზოგადოების» ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი იყო). აგრეთვე კულტურის მინისტრი ვალერი ასათიანი - იგი «ელიტარული ინტელიგენციის» ფავორიტია და პრეზიდენტი ამ პოსტზე უკეთეს კანდიდატურას ალბათ ვერც შეარჩევდა იმ პირობებში, როდესაც ქართული ელიტის შემოქმედებითი ნაწილი განსაკუთრებით მწვავედ განიცდის სამოცდაათიანი-ოთხმოციანი წლების ნოსტალგიას.
    მთლიანობაში, შევარდნაძის ახალი კაბინეტი ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს ეკლექტურად: მცირე გამონაკლისის გარდა, იგი შედგება ერთნაირი მენტალიტეტის მქონე, ერთი და იმავე სოციალური წრიდან გამოსული ადამიანებისაგან, რომელნიც მართლაც შეადგენენ ერთიან გუნდს. მაგრამ ამ გუნდშიც არიან «რუხი ცხენები» - კერძოდ ვაჭრობის მინისტრი ზალდასტანიშვილი და... რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, სახელმწიფო მინისტრი ნიკო ლეკიშვილი. თბილისის ყოფილმა მერმა თავისი მოღვაწეობა იმით დაიწყო, რომ მეორე კვირაა ამერიკაში იმყოფება. ანუ მან, როგორც პირველმა მინისტრმა, ჯერ-ჯერობით ამერიკაში უფრო მეტი დრო გაატარა, ვიდრე საქართველოში.
    ზემოთ «სუსტ წერტილებსა» და «გარემოცვასთან დაკავშირებულ» სტერეოტიპებზე ვსაუბრობდით. ნიკო ლეკიშვილმა თუ ასე გააგრძელა, სწორედ იგი იქცევა იმ ფიგურად, რომელიც ოპოზიციისათვის «წითელი ბაირაღის» ფუნქციას შეასრულებს.
    თუმცა, შევარდნაძისთვის, საბედნიეროდ, «ამერიკული მოდელის» თავისებურებებიდან გამომდინარე, ყველა ფიგურა მხოლოდ პაიკია, რომელიც უზენაეს ინტერესებს ადვილად შეეწირება.

«მსგეფსი», 21 დეკემბერი, 1995 წელი.