«კავკასიური სახლი» პოლიტიკურ მიწისძვრებს შეეწირა
   

    1998 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი ის იყო, რომ სრული და საბოლოო კრახი განიცადა ე.წ. «კავკასიური სახლის» იდეამ. ეს პროცესი მიმდინარეობდა ზვიად გამსახურდიას დისკრედიტაციის პარალელურად, რისი მთავარი მიზეზიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლისა და შვილების საქციელი გახდა.
    გიორგი გამსახურდიას ან თავად არ აქვს გაცნობიერებული, რა ჩაიდინა პოლიციაში სამსახურის დაწყებით (მით უმეტეს, მღებრიშვილის «ომონში»), ან შეგნებულად მიაყენა შეურაცხყოფა ზვიადის მომხრეებს, რომლებმაც (მისი აზრით) 1991-93 წლებში მამამისის გადარჩენა ვერ შესძლეს და საამისოდ თითქოს «ბევრი არაფერი გააკეთეს».
    1991 წლიდან, როდესაც ზვიად გამსახურდიამ «კავკასიური სახლისა და კავკასიელთა ერთობის» იდეის ქადაგება დაიწყო, ეს იდეა (და, გარკვეულწილად, პოლიტიკური კონცეფცია) იმდროინდელი ხელისუფლების სახელმწიფო იდეოლოგიადაც კი იქცა.
    შემდგომ პერიოდში ზოგიერთი ამტკიცებდა, თითქოს ექსპრეზიდენტს «კავკასიელთა ერთობის», ჩეჩნეთთან მეგობრობისა და ძმობის პროპაგანდა მხოლოდ კონიუნქტურული მოსაზრებებით სჭირდებოდა, რათა შეიარაღებულ ოპოზიციასთან დაპირისპირების პერიოდში მოკავშირეები შეეძინა ან უკიდურეს შემთხვევაში, «გასაქცევ-თავშესაფარებელი ადგილი» ჰქონოდა.
    ეს შეხედულება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. სინამდვილეში, თუ ყურადღებით შევისწავლით ზვიად გამსახურდიას ცნობილ წიგნს «საქართველოს სულიერი მისია» - უეჭველად დავრწმუნდებით, რომ «კავკასიელთა ერთობის» იდეა მას იმთავითვე ჰქონდა ჩაფიქრებული, როგორც კავკასიაში საქართველოს დომინანტობისათვის აუცილებელი იდეოლოგიური საფუძველი.
    იდეას საფუძვლად დაედო გენიალური ქართველი ენათმეცნიერის, არნოლდ ჩიქობავას ცნობილი თეორია «იბერიულ-კავკასიურ ენათა» ერთობის შესახებ, რომლის თანახმად, ქართველური (ქართული, მეგრულ-ჭანური, სვანური), აგრეთვე აფხაზურ-ადიღური, ვაინახური (ჩეჩნურ-ინგუშური) და ქისტურ-ბაცბური (დაღესტნური) ენები ერთი ძირიდან წარმოიშვა, მაშასადამე ეს ხალხებიც მონათესავენი არიან.
    ამ თეორიას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და საკმაოდ კვალიფიციური მოწინააღმდეგეც, მაგრამ ისევე, როგორც არნოლდ ჩიქობავას ექნებოდა გარკვეული პოლიტიკური მოტივაცია (საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე), ისე მის მოწინააღმდეგეებსაც ჰქონდათ, ალბათ, განსხვავებული შეხედულებანი ამ საკითხზე - ისევ და ისევ საქართველოს ინტერესთა განსხვავებული გაგების შესაბამისად; თუმცა, წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით, თუ ყოველგვარ პოლიტიკურ სარჩულსა და მოტივაციას ჩამოვაშორებთ ამ კონცეფციას, - იბერიულ-კავკასიურ ხალხთა ენობრივი და ეთნიკური ნათესაობა ეჭვს არ იწვევს.
    დარწმუნებული ვარ, ზვიად გამსახურდიასაც ეს კონცეფცია აინტერესებდა უპირველეს ყოვლისა როგორც პოლიტიკური დოქტრინა, ამიტომ 1988-1989 წლებიდანვე დაიწყო მისი პროპაგანდა, მაგრამ იმთავითვე შესამჩნევი იყო, რომ ექსპრეზიდენტი აქაც კარგავდა რეალობის გრძნობას და მოქმედებდა წინასწარ აკვიატებული სქემების შესაბამისად.
    უდავოა, რომ ეს მისი და მთლიანად «ეროვნული მოძრაობის» უმთავრესი მანკი გახდა, რამაც დიდწილად განაპირობა როგორც ექსპრეზიდენტის, ასევე თვით «მოძრაობის» კრახი.
    მაგალითად, ასეთი «წინასწარაკვიატებული» სქემისა თუ სტერეოტიპის შესაბამისად, ზვიად გამსახურდია (განსაკუთრებით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ) გარკვეულად «თავდაჭერილი» იყო აფხაზების მიმართ; მისთვის უჩვეულო ზრდილობითა და პატივისცემითაც კი მიმართავდა - მაგალითად, 1990 წელს, როდესაც სეპარატისტებმა (უკვე მაშინ და ყოველთვის სეპარატისტებმა) მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება მიიღეს თავიანთი «უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში», ზვიად გამსახურდიამ მიმართა მათ წერილით, რომელიც მთავრდებოდა სიტყვებით: «სიყვარულითა და პატივისცემით...»
    ასეთი «მოფერება», რა თქმა უნდა მაინც არ გაჭრიდა, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ოსებისადმი გამსახურდიას მსგავსი «პატივისცემა» ნამდვილად არ ახასიათებდა. პირიქით, სწორედ ოსებისადმი იყო იგი განსაკუთრებულად აგრესიული, რაც ადვილად ასახსნელია - ოსები (ჩიქობავას თეორიის შესაბამისად) არაიბერიულ-კავკასიური ხალხია. ისინი ინდოევროპელები არიან (ისევე, როგორც სომხები) ამიტომ გამსახურდია მათ «არაკავკასიელებად» მიიჩნევდა. მაშასადამე, «კავკასიელად» შეიძლებოდა ჩათვლილიყო მხოლოდ იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხი, მაგრამ არა ინდოევროპელები.
    აქედან გამომდინარე, პოლიტიკა, რომელსაც გამსახურდია აფხაზებისა და ოსების მიმართ აწარმოებდა, თვისებრივად განსხვავებული იყო, არადა, პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ეს უდავოდ უდიდეს შეცდომად უნდა ჩაეთვალოს როგორც ექსპრეზიდენტს, ასევე «კავკასიელთა ერთობის პოლიტიკური დოქტრინის» ყველა ადეპტს (მომხრეს).
    განურჩევლად იმისა, იყვნენ თუ არა ოსები «იბერო - კავკასიელები», (კი ბატონო, არ იყვნენ) მათი სეპარატისტული პოზიცია გაცილებით სუსტი იყო (ობიექტურად) ვიდრე აფსუებისა. ოსებს საქართველოდან გამოყოფა არანაკლებ სურდათ, მაგრამ აქ ვგულისხმობ პოლიტიკურ რეალიებს, რომელიც განასხვავებდა «სამხრეთ ოსეთს» - აფხაზეთისაგან.
    «სამხრეთელი ოსები» უფრო დაახლოებულნი იყვნენ ქართველებთან, გაცილებით უფრო ნაკლებ აგრესიულნიც იყვნენ, ნაკლები შესაძლებლობებიც ჰქონდათ ანტიქართული აგრესიისა და უფრო მეტადაც ეშინოდათ შესაძლო ომის და ა.შ.
    როდესაც 70-იანი წლების მიწურულს აფხაზეთიდან სეპარატისტული ემისრები ჩავიდნენ ცხინვალში, რათა ოსები ანტიქართულ გამოსვლებში აეყოლიებინათ, - არათუ უარი მიიღეს, არამედ მასპინძლებმა ისინი კინწისკვრით გააგდეს კიდეც ცხინვალიდან.
    ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, თითქოს «სამხრეთ ოსეთში» სეპარატისტული მოძრაობა არ წარმოიშობოდა «პერესტროიკის» დაწყებისთანავე, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას მაინც შეეძლო გონივრულად გამოეყენებინა ობიექტური სხვაობა ოს და აფსუა სეპარატისტთა საწყის პოზიციებსა და განწყობას შორის.
    გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ მთელს საქართველოში უფრო მეტი ოსი ცხოვრობდა, ვიდრე თვით «სამხრეთ ოსეთში». მაგრამ გამსახურდიასათვის რეალობის ამგვარი გათვალისწინება კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.
    მას (ვიმეორებ) ჰქონდა წინასწარ აკვიატებული სქემა, - სტერეოტიპი: «ოსები - ინდოევროპელები, ანუ არაკავკასიელები არიან, აფხაზები - კავკასიელები, ამიტომ ოსებთან კომპრომისი ნაკლებად შესაძლებელია, ვიდრე აფხაზებთან».
    დრომ დაამტკიცა, რომ ეს შეხედულება თავიდან ბოლომდე მტკნარი სისულელე იყო, - «იბეროკავკასიელობას» ხელი არ შეუშლიათ აფსუებისათვის, კიდევ უფრო აგრესიულნი ყოფილიყვნენ საქართველოს მიმართ, ვიდრე ოსები; თანაც, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჩრდილოკავკასიელები (მათ შორის, აფსუებიც) გულის სიღრმეში, ფარულად ყოველთვის ადანაშაულებდნენ საქართველოს «კავკასიაში რუსეთის შემოყვანაში», რასაც შემდგომ მათი გენოციდი და მოჰაჯირობა მოჰყვა.
    დიდწილად ამიტომაც სძულდათ და სძულთ მათ საქართველო.
    ინდოევროპელი, ქრისტიანი ოსებისათვის კი ეს მოტივაცია უცხო იყო. ყოველ შემთხვევაში, უცხო იყო XX საუკუნის მიწურულს. განა შეიძლებოდა, გონიერ პოლიტიკოსს ეს რეალობა არ გაეთვალისწინებინა და რაღაც ჰიპოთეტური სქემებით ემოქმედა?
    ასევე სქემატური, იდეაფიქსური იყო ზვიად გამსახურდიას დამოკიდებულება ჩეჩნეთის მიმართ;
    პატივისცემა ჩეჩენი ხალხისადმი, რომელმაც საკაცობრიო ისტორიაში მართლაც თითქმის უმაგალითო ვაჟკაცობა გამოამჟღავნა რუსეთთან 400 წლიანი ომის განმავლობაში - სავსებით ბუნებრივია, მაგრამ არანორმალურია, როცა პოლიტიკოსი არ ითვალისწინებს პოლიტიკურ რეალობებსა და სხვაობას ეროვნულ ინტერესებს შორის.
    მაგალითად, ზვიად გამსახურდიას «იდეებს» ვერაფრით ეთანადებოდა ის უტყუარი ფაქტი, რომ მისი ძმადნაფიცი ჯოხარ დუდაევი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მომხრე იყო; ოღონდ იმ პირობით, თუ «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების» გათანაბრება მოხდებოდა და ჩეჩნეთი «მოკავშირე რესპუბლიკის» სტატუსით შევიდოდა საბჭოთა კავშირში.
    დუდაევი (გამსახურდიასაგან განსხვავებით) გრამატიკოსი გახლდათ; ისევე, როგორც მთლიანად ჩეჩნურ პოლიტიკას ედო პრაგმატიზმი საფუძვლად.
    ქართველ პოლიტიკოსებს კი (განსაკუთრებით, «მოძრაობის» ლიდერებს) ვერაფრით შეაგნებინებდი, რომ პოლიტიკა არა მხოლოდ შესაძლებლის ხელოვნებაა, არამედ ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაც;
    თუ ჩეჩნებმა და აფსუებმა რუსებთან ერთად იბრძოლეს 1992-1993 წლებში საქართველოს წინააღმდეგ - იმიტომ კი არა, რომ «რუსების მონები არიან», არამედ მათი ინტერესები, ტაქტიკური თვალსაზრისით, დაემთხვა რუსეთის ინტერესებს.
    ასევე, თუ დღეს ჩეჩნეთის ხელისუფლება აშკარად ეხმარება რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების განხორციელებაში (9 თებერვალი) - ეს კვლავ და კვლავ ინტერესთა თანხვედრის გამოვლინებაა. ასლან მასხადოვს არაერთხელ უთქვამს, რომ «ჩეჩნეთი მზად არის, გახდეს რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე კავკასიაში და მისი მტრების მტერი, თუ რუსეთი სცნობს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას».
    არც ეს განცხადება ეთანადება ზვიად გამსახურდიას იდეებსა და ე.წ. «კავკასიური სახლის», არარეალისტური კონცეფციის გულუბრყვილო მომხრეთა შეხედულებებს.

7 დღე, 13 იანვარი, 1999 წ.

მთელ გვერდზე