სტრატეგიული მოკავშირე ანუ რითაა განპირობებული რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ?

სტრატეგიული მოკავშირე ანუ რითაა განპირობებული რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ?

 

    რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული წინასწარი შეთანხმება სამხედრო ბაზების თაობაზე კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. შეიძლება ითქვას, რომ ისევე როგორც ერთი წლის წინ, როდესაც საქართველო СНГ-ში გაწევრიანდა, ამჟამადაც მოწმენი ვართ პრობლემის იმდენად აშკარა და შეუწყნარებელი გაუბრალოებისა, რომ ძალაუნებურად ეჭვიც შეიძლება შეგეპაროს: ხომ არ მიმდინარეობს, მთელი საზოგადოების თვალწინ ახალი, პრიმიტიული ფარსის დადგმა - წმინდა პროპაგანდისტული და მერკანტილური თვალსაზრისით?
    გახსოვთ ალბათ, ერთ-ერთი დეპუტატი, 1993 წელს გამოდიოდა ტელევიზიით და აცხადებდა: СНГ  ნიშნავს კარაქს, პურს, ყველს, ხორცს და ა.შ.
    ამ მოწოდება-ლოზუნგისაგან დიდად არ განსხვავდება დღევანდელიც: «რუსეთისათვის სამხედრო ბაზების გადაცემა ნიშნავს აფხაზეთის დაბრუნებას, ლტოლვილთა რეპატრიაციას მშობლიურ ადგილებში, საქართველოს მთლიანობის აღდგენას». სინამდვილეში, ეს ისეთივე პროპაგანდისტული კლიშე შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც დსთ-ში შესვლის დაკავშირება «რძის მდინარეებთან», რაც საბოლოო ჯამში, ისედაც გაუბედურებული და გვემული საზოგადოების კიდევ უფრო დაკნინებასა და დამცირებას ნიშნავს.

    დიდ პოლიტიკას თავისი ურყევი კანონები აქვს, რომლებიც ნამდვილად არ დაიყვანება პრიმიტიულ გარიგებამდე «მე - შენ მოგცემ ბაზებს, სამაგიეროდ შენ მე დამიბრუნებ აფხაზეთს».
    უპირველეს ყოვლისა, თვით აფხაზეთის დაკარგვის მიზეზები უნდა გავიცნობიეროთ ნათლად და შეულამაზებლად.  რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში გაშლილი «ანტირუსული» მოძრაობით, უფრო სწორად, ამ მოძრაობის გარეგანი გამოვლინებით ნამდვილად არ იყო განპირობებული!
    ზოგიერთი ასე მსჯელობს: აი, ჩვენ რომ 1988 წლის ნოემბრის შიმშილობა არ მოგვეწყო, გორბაჩოვის სურათები გამოგვეტანა, 1989 წლის აპრილში ექსტრემისტებს არ ავყოლოდით, ანტირუსული ლოზუნგები არ გვქონოდა, ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად არ აგვერჩია - არაფერიც არ მოხდებოდა. არც აფხაზეთს დავკარგავდით, არც ამდენი სისხლი დაიღვრებოდა, რუსეთსაც არ «გადავიკიდებდით» - მშვიდად და უმტკივნეულოდ მოვიპოვებდით დამოუკიდებლობას.
    ეს სტერეოტიპი თავიდან ბოლომდე ყალბია! ავიღოთ აზერბაიჯანის მაგალითი და ამ მაგალითის საფუძველზე შევეცადოთ, ვიპოვოთ, თუ სად არის პრობლემის გასაღები: აზერბაიჯანში ხომ არავითარი «ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა» არ ყოფილა, - ამ ქვეყანაში 1988-90 წლებში არ გამოუტანიათ არც ერთი ანტირუსული ლოზუნგი, არ მოუწყვიათ არც ერთი ანტირუსული მიმართულების მიტინგი, გარკვეულ პერიოდამდე არ დაუსვამთ საბჭოთა კავშირიდან გასვლის მოთხოვნა. აზერბაიჯანში, პირობითად რომ ვთქვათ, არ ყოფილა არც «ნოემბრის შიმშილობა», არც «აპრილის აქცია» და მაინც, მიუხედავად ამისა, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში კრემლმა პირველს დაუჭირა მხარი - ყოველნაირად (ეკონომიკურად, პოლიტიკურად, იდეოლოგიურად, სამხედრო თვალსაზრისით) ეხმარებოდა და ეხმარება სომეხ ნაციონალისტებს, აღასრულონ თავიანთი საუკუნოვანი მისწრაფება და შეუერთონ არცახი (მთიანი ყარაბაღი) - სომხეთის რესპუბლიკას.
    ეს გარემოება კიდევ უფრო საოცრად მოგვეჩვენება, თუ გავიხსენებთ, რომ 1988-90 წლებში, სომხეთში (აზერბაიჯანისაგან განსხვავებით) თავს ესხმოდნენ რუს ჯარისკაცებს, სცემდნენ და იარაღს ართმევდნენ სამხედრო მოსამსახურეებს, თითქმის შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსეთის არმიას (აეროპორტ «ზვარტნოცის» ინციდენტი) და ბოლოს, აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, სომხეთმა ჩაატარა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის თაობაზე და გამოაცხადა საბჭოთა კავშირიდან გასვლა!
    თითქოს ელემენტარული ლოგიკის დარღვევაა - რუსეთს სწორედ აზერბაიჯანისათვის უნდა დაეჭირა მხარი, რადგან ამ უკანასკნელს კრემლისათვის თავისი «არალოიალობის» არავითარი ხილული საბუთი არ მიუცია, ანტიიმპერიალისტური მოძრაობა კი სწორედ სომხეთში გაშლილი ანტიაზერბაიჯანული მოძრაობის პასუხად დაიწყო.
    მეორე მხრივ, სომხეთი პირიქით, - დემონსტრაციულად არად აგდებდა კრემლის მითითებებს, არ ემორჩილებოდა გორბაჩოვს (რისთვისაც, ეს უკანასკნელი ხშირად გამოხატავდა საჯაროდ თავის აღშფოთებას), მაგრამ რეალურად, მის პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა: რუსეთი ყოველთვის, კონფლიქტის დაწყებიდან - დღემდე მხოლოდ სომხეთის ინტერესებს იცავს.
    რატომ, რაშია საქმე? ამ უცნაურობის მიზეზი გეოპოლიტიკურ ინტერესთა სფეროში უნდა ვეძიოთ. საქმე ის გახლავთ, რომ გარეგნულად როგორი ლოიალურიც უნდა ყოფილიყო აზერბაიჯანი რუსეთის მიმართ, როგორ ზუსტად და სკრუპულოზურადაც უნდა დაეცვა თამაშის წესები აზერბაიჯანის მმართველ ელიტას, - რუსეთმა და მისმა ხელისუფლებამ, რომელსაც შესანიშნავი ანალიტიკური ცენტრები და ინფორმაციის წყაროები აქვს, კარგად უწყის: ეს საზოგადოება თავისი შინაგანი არსით, სიღრმისეული ბუნებით, მსოფლმხედველობით, ზნეობრივი კონსტიტუციით, სულიერი მისწრაფებებით, მრწამსით, მენტალობით, ისტორიული ტრადიციით, კულტურული თვისებრიობით ობიექტურად არალოიალურია რუსეთის მიმართ. გარეგნულ მხარეს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება - რუსეთში შესანიშნავად უწყოდნენ, რომ გარეგნული ლოიალობა მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარეობდა და არა საზოგადოების სტრატეგიული არჩევანიდან.
    და პირიქით - გარეგნულად როგორი არალოიალურიც უნდა ყოფილიყო სომხეთი, როგორც უნდა მოპყრობოდნენ იქ დისლოცირებული რუსული არმიის ჯარისკაცებს, რუსეთის ხელისუფლებამ ასევე კარგად უწყოდა: ეს საზოგადოება (სომხური საზოგადოება) სწორედ ზემოთჩამოთვლილი კომპონენტებით, პრორუსულადაა განწყობილი, - რუსეთი მისთვის სტრატეგიული არჩევანია, რომლის იქით სომხეთს გზა საერთოდ არა აქვს.
    ამიტომ, სტრატეგიული თვალსაზრისით, სომხეთი უფრო სანდოა რუსეთისათვის, ვიდრე მაჰმადიანური, თურქოფილური აზერბაიჯანი. სწორედ ამ გარემოებით აიხსნება ის, ერთი შეხედვით, პარადოქსული პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ატარებდა თვით პრეზიდენტ მუტალიბოვის მმართველობის პერიოდშიც კი - ეს პოლიტიკური მოღვაწე დღენიადაგ «ჩრდილოურ მზეს» ფიცულობდა, განუწყვეტლივ ადასტურებდა თავის «პრორუსულ ორიენტაციას», რეალურად კი საქმე სულ უფრო და უფრო ცუდად მისდიოდა - სწორედ მისი მმართველობის პერიოდში მოახერხეს სომხებმა ლაჩინის დერეფნის და შუშის დაპყრობა. (რა თქმა უნდა, რუსეთის დახმარებით), რამაც სათავე დაუდო აზერბაიჯანის დამარცხებათა მთელ სერიას. დღეს სომხეთი უკვე ამ ქვეყნის თითქმის მესამედს აკონტროლებს - არა მხოლოდ ყარაბაღის მთიან ნაწილს, არამედ რამდენიმე სხვა რაიონსაც.
    სიღრმისეული მიზეზი (ვიმეორებ) ის გახლავთ, რომ სომხეთი არის რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე რეგიონში. აზერბაიჯანი კი პირიქით - ამ საზოგადოების სიღრმისეული მისწრაფებების გათვალისწინებით - კრემლში აღიქმება, როგორც სტრატეგიული მოწინააღმდეგე.
    ამრიგად, ლოიალობის გარეგნულ გამოვლინებებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია საზოგადოების სიღრმისეულ მისწრაფებათა ბუნება.
    რა მდგომარეობა იყო ამ თვალსაზრისით საქართველოში, ოთხმოციანი წლების დამდეგს? სომხეთისაგან განსხვავებით, ბოლო ათწლეულთა განმავლობაში, ქართული საზოგადოების კოლექტიურ ცნობიერებაში რუსოფილური განწყობა ძალზე სუსტი იყო - საქართველოში აშკარად დომინირებდა ევროფილური იდეა (რომელსაც, შესაძლოა, მხოლოდ სნობიზმი ედო საფუძვლად, მაგრამ აქ ამას არა აქვს მნიშვნელობა-ავტ.), ქართული საზოგადოება მთლიანობაში, თავისი შინაგანი კონსტიტუციით, არ შეიძლებოდა ყოფილიყო ლოიალური რუსეთის მიმართ. მით უმეტეს, რომ სომხეთთან შედარებით, საქართველოს უკეთესი ობიექტური პირობები ჰქონდა, რათა თავი დაეღწია კრემლის გავლენის სფეროდან და ეცადა, პირდაპირ დაკავშირებოდა დასავლეთს.
    ამავე დროს, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და გეოპოლიტიკური პოტენციალი მას გაცილებით მეტ შანსს უტოვებდა, მოეხდინა მოძველებულ პოლიტიკურ იმპერატივთა იგნორირება. ანუ საქართველო, ქართული საზოგადოების სიღრმისეული ბუნებიდან გამომდინარე, რუსეთის მიერ არ აღიქმებოდა, როგორც სტრატეგიული მოკავშირე (სომხეთისაგან განსხვავებით) - უფრო პირიქით!
    სწორედ ამ სიღრმისეული მიზეზის გამო, როგორი პოლიტიკური ფონიც უნდა ყოფილიყო საქართველოში 1988-90 წლებში, კრემლის პოლიტიკა არ შეიცვლებოდა. ქართული საზოგადოების მსოფლმხედველობრივი თვისებრიობის გამო, რუსეთი საქართველოს იმთავითვე, ა-პრიორი აღიქვამდა არა სტრატეგიულ მოკავშირედ, არამედ სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ!
    ბუნებრივია, ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად (არა ქართული საზოგადოების «გამოსასწორებლად», რაც შეუძლებელი იქნებოდა, არამედ სწორედ გეოპოლიტიკური ვითარების გამოსასწორებლად) რუსეთმა მიიღო კონტრზომები - მან დაიწყო სტრატეგიული მოკავშირეების ძებნა საქართველოში და იპოვა კიდეც ისინი - აფხაზური და ოსური საზოგადოებების სახით.
    ქართული საზოგადოებისაგან განსხვავებით, აფხაზური და ოსური საზოგადოებები, თავიანთი ზნეობრივი კონსტიტუციით, შინაგანი თვისებრიობით, მენტალობით, უეჭველად ამჟღავნებდნენ რეგიონში რუსეთის სტრატეგიული მოკავშირისათვის აუცილებელ თვისებებს.
    ჯერ ერთი, მათ მიერ საქართველო აღიქმებოდა, როგორც მტრული საზოგადოება, რაც იმთავითვე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო რუსეთისათვის.
    გარდა ამისა, ამ ერთა ენობრივი და ცნობიერი ასიმილაციის დონე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ქართველი ერისა - ისინი ობიექტურად ვერ შეძლებდნენ რუსეთის გარეშე არსებობას, რომელსაც, თავის მხრივ, შეეძლო შეექმნა იმგვარი ვითარება, როცა იგი (რუსეთი) ამ ერთა თვით არსებობისა და ცხოველმყოფელობის ერთადერთი გარანტი გახდებოდა.
    სწორედ ამიტომ, მას შემდეგ, რაც დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი, როგორი პოლიტიკაც უნდა გაეტარებინა საქართველოს - კრემლის დამოკიდებულება მისდამი არ შეიცვლებოდა: ცხინვალის კონფლიქტში კრემლი «ოსურ სეპარატიზმს» მხარს დაუჭერდა თბილისში ნებისმიერი ხელისუფლების არსებობის შემთხვევაში - უბრალოდ, შეიცვლებოდა ამ მხარდაჭერის ტექნოლოგია.
    რუსულ საინფორმაციო საშუალებათა პოლიტიკა შეიძლებოდა (გარეგნულად) სხვა ყოფილიყო, მაგრამ შედეგი იგივე იქნებოდა - ოსი სეპარატისტები ფაქტობრივად გაიმარჯვებდნენ, ანუ არ მისცემდნენ საშუალებას საქართველოს, დაემყარებინა კონტროლი როკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გვირაბზე (სწორედ ეს გახლდათ ამ ომის მთავარი სტრატეგიული მიზანი და გეოპოლიტიკური დოქტრინა).
    რუსეთისადმი რაოდენ «ლოიალური» ხელისუფლებაც არ უნდა აერჩია ქართველ ხალხს 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებში, ერთიანი მოსკოვური სახელმწიფოს დაშლის პროცესში ოსები (კრემლის მითითებით) გააკეთებდნენ იმავეს, რაც გააკეთეს - გამოაცხადებდნენ «რესპუბლიკას» და მოითხოვდნენ ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთებას.

    ანალოგია სხვა რეგიონიდან: მოლდოვას პრეზიდენტი მირჩა სნეგური არც ერთი განზომილებით არ ჰგავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გამსახურდიას; ასევე განსხვავდებოდნენ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოებიც თავიანთი შემადგენლობით, მაგრამ განა ამის გამო შეიცვალა რაიმე დნესტრისპირეთში?
    განა რუსეთის პოლიტიკა ამ რესპუბლიკის (მოლდოვას) მიმართ ნაკლებად აგრესიული გახდა იმის გამო, რომ სნეგური (ზვიად გამსახურდიასაგან განსხვავებით) არ აკეთებდა გამომწვევ განცხადებებს, ხოლო მოლდოვას პარლამენტი უფრო «აკადემიურად» ირჯებოდა და არ ჩქარობდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას?
    მიზეზი იგივეა: მოლდავური საზოგადოების სიღრმისეული მისწრაფება რუმინეთისაკენ (ანუ რუსეთისაგან გამიჯვნისაკენ თვისებრივი მიდრეკილება) ისეთივე ობიექტური ფაქტია, როგორც დნესტრისპირეთის რუსული მოსახლეობის სწრაფვა რუსეთისაკენ. მაშასადამე, შედეგად, პირველი რუსეთის მიერ აღიქმებოდა და აღიქმება, როგორც სტრატეგიული მოწინააღმდეგე, ხოლო მეორე - როგორც სტრატეგიული მოკავშირე.
    ასევე სრულიად გარდაუვალი იყო ის, რაც აფხაზეთში მოხდა: როგორი პოლიტიკაც უნდა გაეტარებინა თბილისს იმ კონკრეტულ გარემოში, საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში რუსეთი უეჭველად აფხაზებს დაუჭერდა მხარს, რადგან მოსკოვში შესანიშნავად ეცოდინებოდათ, რომ გუდაუთის პრორუსული პოლიტიკა აფხაზური საზოგადოების სტრატეგიაა, ხოლო თბილისის ანალოგიური პოლიტიკა (რომც გატარებულიყო იგი) - მხოლოდ ტაქტიკა!
    აქ კიდევ ერთხელ მინდა მკითხველის ყურადღება მივაქციო, რომ საუბარი გვაქვს გეოპოლიტიკურ იმპერატივებზე და არა მხოლოდ საზოგადოების მისწრაფებებზე.
    აფხაზურ საზოგადოებაშიც შეინიშნება ანტირუსული განწყობის გარკვეული რეციდივები, მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ აფხაზეთი რუსეთის გარეშე ვერ იარსებებს, ანუ მათი სტრატეგიული მოკავშირეობა იძულებითი ხასიათისაც შეიძლება იყოს - შედეგის თვალსაზრისით დიდი განსხვავება არ არის ამ მხრივ იმავე დნესტრისპირეთსა და აფხაზეთს შორის. თუმცა, აფხაზური საზოგადოების «რუსულენოვანობაც» ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

    საზოგადოების სიღრმისეულ მისწრაფებებზე როდესაც ვსაუბრობ, ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა, სულიერ ფასეულობათა კატეგორიას. ყურადღებით შევისწავლოთ ამ მხრივ ქართული კლასიკური პროზა - განსაკუთრებით, XX საუკუნეში. დავაკვირდეთ, მაგალითად, «ყაშას» სახეს მიხეილ ჯავახიშვილის «ლამბალო და ყაშადან». იგი ხომ სიმბოლოა იმისა, თუ როგორ აღიქმებოდა რუსული ფენომენი ქართულ ეთნოფსიქოლოგიაში. ეს დამოკიდებულება, გამოხატული თუნდაც ყოფით დონეზე, შეუმჩნეველი არ დარჩებოდა რუსეთის ანალიტიკურ ცენტრს - ამას დაემატა აგრეთვე 1956 წლის 9 მარტის ისტორიული კატაკლიზმიც, რომლის ზეგავლენა, ეროვნულ ცნობიერებაზე (სტალინის ფენომენის გათვალისწინებით) ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი.
    ხოლო როდესაც ვსაუბრობთ «საბჭოთა კავშირის დაშლაზე», მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნების შემთხვევაში, კრემლს არ დასჭირდებოდა «სტრატეგიულ მოკავშირეთა» და «სტრატეგიულ მოწინააღმდეგეთა» ესოდენ მკვეთრი გამიჯვნა - ისინი იარსებებდნენ, ოღონდ, რა თქმა უნდა, «დაკონსერვებული» სახით.
    ყოველ შემთხვევაში, არც მაშინ (1988-91) წლებში და არც დღეს, საქართველოში არავინ ამბობს (ან თითქმის არავინ), რომ საქართველო უნდა დარჩენილიყო ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში - ყველა დამოუკიდებლობის მომხრეა. ოღონდ, გარკვეული ნაწილი ჯიუტად ამტკიცებს, თითქოს გზა დამოუკიდებლობისაკენ შედარებით უსისხლო იქნებოდა, ჩვენ რომ უფრო მეტად ლოიალურნი (გნებავთ «ლიბერალურნი») ვყოფილიყავით რუსეთის მიმართ - რასაც ვერასგზით ვერ დავეთანხმები.
    ისეთი კატეგორიები, როგორიცაა «წყენა», «განრისხება», «შურისძიება» და სხვა - პოლიტიკაში არ მოქმედებენ. საქართველომ რუსეთი თუ გაანაწყენა, გაანაწყენა არა მიტინგებით, არამედ თვით ქართული საზოგადოების მსოფლხედვით და შინაგანი მისწრაფებებით. გაიმართებოდა თუ არა მიტინგები, იყვირებდა თუ არა ირაკლი წერეთელი: «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია» - ამას, სტრატეგიული თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა მაინც არ ჰქონდა.

    ამრიგად, დღეს მივიღეთ რეალობა, რომელიც უფრო ობიექტური ფაქტორებითაა განპირობებული, ვიდრე სუბიექტურით: რუსეთი აღიქვამს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ მოწინააღმდეგეს, ხოლო აფხაზურ სეპარატიზმს - როგორც სტრატეგიულ მოკავშირეს.
    მიუხედავად ამისა, არაფრის დიდებით არ გვსურს გავითვალისწინოთ ეს ობიექტური რეალობა და მდგომარეობის გამოსწორებას კვლავ მეორადი, სუბიექტური ფაქტორების ცვლილებით ვცდილობთ. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ აფხაზეთის დაბრუნებისათვის აუცილებელია რუსეთთან სტრატეგიული, განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარება, მისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების გამოყოფა, რათა ამ გზით მივაღწიოთ შედეგს ანუ აფხაზეთი დავიბრუნოთ.
    სინამდვილეში, რუსეთის მეშვეობით აფხაზეთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთისათვის საქართველო გახდება  სტრატეგიული მოკავშირე - ბაზების საკითხის გადაწყვეტა ამისათვის საკმარისი არ არის. რუსეთში შესანიშნავად ესმით, რომ შევარდნაძის პოლიტიკა ამჟამად სწორედ ტაქტიკური მოსაზრებებითაა განპირობებული და არა სტრატეგიით (თვით სახელმწიფოს მეთაურისთვის ეს სტრატეგიაც რომ იყოს, საზოგადოებისათვის, მთლიანობაში, იგი მხოლოდ ტაქტიკა იქნება).
    ამავე დროს, სახელმწიფოს მეთაური ეთმნიშვნელოვნად აცხადებს: ბაზების საკითხს ვწყვეტ მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა სხვა გზა არა გვაქვს, რუსეთი გვაიძულებს, ასე მოვიქცეთ, ეს არის აფხაზეთის დაბრუნებისათვის გადადგმული ნაბიჯი და ა.შ.
    გამოდის, რომ ჩვენ გვინდა, ტაქტიკური დათმობის ფასად, რუსეთმა უარი თქვას თავისი სტრატეგიული მოკავშირის (აფხაზური სეპარატიზმის, აფხაზური საზოგადოების) მხარდაჭერაზე და აღადგინოს იმ ქვეყნის მთლიანობა, ანუ ხელი შეუწყოს იმ საზოგადოების სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მისი სტრატეგიული მოწინააღმდეგეა ამ რეგიონში.
    იმთავითვე ცხადზე უცხადესია: რუსეთი ამას არ გააკეთებს და სულ ტყუილად აქვს ზოგიერთს იმედი, რომ მხოლოდ ბაზების სანაცვლოდ აფხაზეთი დაუბრუნდება საქართველოს.
    შეიძლება კითხვა დაისვას შემდეგნაირად: რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისათვის, რათა კვლავ მოიპოვოს «ლოიალური საზოგადოების» რეპუტაცია რუსეთის მმართველი ელიტის თვალში? საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ეს უკვე თითქმის შეუძლებელია. საზოგადოებრივი მსოფლმხედველობა, მისი შინაგან ბუნება, შინაგანი განწყობა, მენტალიტეტი ვერ შეიცვლება ხელისუფლების ბრძანებით: «შევიყვაროთ რუსეთი, რაკი სხვაგვარად აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ.»
    ეს სიყვარული გულწრფელი უკვე აღარასოდეს იქნება, რაც ძალიან კარგად ესმით მოსკოვში. ერთადერთი (ჰიპოთეტური) გამოსავალია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთიანი, ფედერაციული სახელმწიფოს აღდგენა, ანუ დაშლის პროცესის შებრუნება კვლავ ინტეგრაციისაკენ, რადგან ამ შემთხვევაში საზოგადოების შინაგან განწყობას «ცენტრისათვის» უკვე რეალური მნიშვნელობა აღარ ექნება, ხოლო აფხაზეთი, როგორც «შეყოვნებული მოქმედების ნაღმი» დაუბრუნდება იმ სხეულს, რომლის შიგნიდან ასაფეთქებლად (ანუ ფიზიკურად დასამარცხებლად) იყო თავის დროზე იგი განკუთვნილი.

    ზემოთთქმულზე დაყრდნობით, შეიძლება წმინდა პრაქტიკული მნიშვნელობის დასკვნის გაკეთებაც: რაკი რუსეთი საქართველოს ობიექტურად აღიქვამს თავის სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ რეგიონში, ხოლო საქართველოს არ სურს უარი თქვას დამოუკიდებლობაზე და კვლავ შევიდეს ერთიანი მოსკოვური სახელმწიფოს შემადგენლობაში - გაცილებით ჭკვიანური და რაციონალური იქნება, ხელისუფლებამ გაატაროს ისეთი საგარეო-პოლიტიკური კურსი, რომელიც საზოგადოების შინაგან განწყობასა და რუსეთის მიერ საქართველოს აღქმის რეალობებიდან გამომდინარეობს. ანუ მკვეთრად, ცალმხრივად გაემიჯნოს რუსეთს და ასევე მკვეთრად, ერთმნიშვნელოვნად მიმართოს თავის სტრატეგიულ მოკავშირეს - დასავლურ საზოგადოებას.

«ივერია-ექსპრესი», 5 აპრილი, 1995 წელი.