ქართველი ალპინისტები რუსული ცილისწამების მსხვერპლნი გახდნენ

        მსოფლიო უმაღლესი მწვერვალის – ევერესტის დაპყრობა ქართველ ალპინისტთა მრავალი თაობისათვის აუხდენელ ოცნებად რჩებოდა.
        სახელგანთქმულ მთამსვლელთა მთელი პლეადა, ვინც კავკასიონზე უეჭველად და უალტერნატივოდ ბატონობდა და ჩვეული ქართული მედიდურობით «ტოლად და სწორად» არავინ მიაჩნდა – ძალიან დიდი ხნის (მეტისმეტად დიდი ხნის) განმავლობაში ვერ ახერხებდა ევერესტზე ასვლას – თუ არ ჩავთვლით «საბჭოთა ექსპედიციას» და ამ ექსპედიციაში ჩართულ «საბჭოთა ქართველ ალპინისტს», რომელიც, რასაკვირველია მსოფლიოს თვალში ჩვეულებრივი «რუსი» იყო და არავინ (ინტერნეტი იმ დროს რომც არსებულიყო) მოიხსენიებოდა «ქართველად».
        ბუნებრივია ასეთი წინაპირობის გათვალისწინებით, პირველი ქართული ექსპედიციის ჯომოლუნგმაზე ასვლამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. პრეზიდენტმა ერისა და ქვეყნის სახელით საგანგებო განცხადება გააკეთა, ალპინისტები (მათ შორის გია თორთლაძე) დააჯილდოვა, ტელევიზიამ (ოფიციოზმა) ევერესტის დაპყრობას სპეციალური გადაცემა მიუძღვნა და ა.შ.
        თუმცა, დაკვირვებული თვალი იმთავითვე შეამჩნევდა რომ აქ «ყველაფერი რიგზე არ იყო» - საბოლოოდ კი ინტერნეტმა და მასზე დაყრდნობით, მრავალმა ქართულმა საინფორმაციო წყარომ ეჭვს ქვეშ დააყენა გია თორთლაძის ევერესტზე ასვლა.
        ქართულ ალპინისტურ საზოგადოებაში, ამ ცნობას, რასაკვირველია დიდი ყურადღებით მოეკიდნენ. აბა სხვაგვარად როგორ შეეძლოთ – ხომ უნდა გაერკვიათ «ბოლო-ბოლო» ეს კაცი ავიდა ევერესტზე თუ არა; ანუ შეძლო ის, რაც მათ ვერ შეძლეს წლების განმავლობაში (არა აქვს მნიშვნელობა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზით) თუ ვერა.
        ამ სტატიის ავტორს, არც გია თორთლაძესთან, არც ალპინიზმთან თითქმის არაფერი აკავშირებს. თუ არ ჩავთვლით ორიოდე ალპინიადას (80-იანი წლების დასაწყისში), სადაც აგრეთვე გია თორთლაძე (მას მეგობრები «ჰადოშას» ეძახდნენ) იმყოფებოდა.
        რაც შეეხება ალპინიზმს, იმ წლებიდან სულ რამდენიმე გვარი მახსოვს ყურმოკვრით: თენსინგი, ჰილარი, მესნერი... ეს არის და ეს. აქედან გამომდინარე, ალპინისტურ საკითხებში ექსპერტად ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ «ალპინიზმის სპეციალისტობა» არ არის საჭირო იმის შესამჩნევად, რომ გია თორთლაძე აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ისჯება; ამაზე დიდი სასჯელი, როგორიცაა თუნდაც ეჭვი (საჯაროდ წარმოთქმული) ასეთი ტყუილის თაობაზე – ძნელი წარმოსადგენია. მით უმეტეს, იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც (როგორც ჩანს) ალპინიზმი ყველაფერია და ეს ეჭვი (თუ იგი უსამართლოა) – საფლავში ჩაჰყვება.
        მიუხედავად ამისა, საქვეყნო (საინტერნეტო) გნიასი უკვე ატყდა და (ვიმეორებ) ალპინიზმის სპეციალისტობა არ არის საჭირო, მეტად საეჭვო მომენტების შესამჩნევად: კერძოდ, ასახელებენ ვიღაც რუს ალპინისტს, რომლის გვარი არ მახსოვს (არც მაინტერესებს) სამაგიეროდ ზუსტად მახსოვს ერთი ფრაზა მისი წერილიდან, რომელშიც იგი გია თორთლაძის ევერესტზე ასვლას «ლიპას» უწოდებდა: «ნეზავისიმოსტი გრუზიი ია ნე კასაიუს, ნო ლიპა ესტ ლიპა».
        კი მაგრამ, რა შუაშია აქ «საქართველოს დამოუკიდებლობა»?
        დავუშვათ გია თორთლაძე ტყუის და სინამდვილეში არ ასულა ევერესტზე - სხვა ქართველი ალპინისტები (ვთქვათ ბენო ქაშაკაშვილი) ხომ ნამდვილად ავიდნენ? მათ ასვლას ხომ არავინ აყენებს ეჭვქვეშ? თუ ასეა, რატომ ახსენებს რუსი ალპინისტი «საქართველოს დამოუკიდებლობას»? საქართველოსთვის რა მნიშვნელობა აქვს (ეროვნული პრესტიჟის თვალსაზრისით) ევერესტზე გია თორთლაძე ავიდა თუ ბენო ქაშაკაშვილი - ფაქტია, რომ ქართველმა ევერესტზე ფეხი შედგა, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს წარმომადგენელმა!
        მაგრამ იმ შოვინისტ რუსს შემთხვევით არ წამოსცდენია «ნეზავისიმოსტი გრუზიი ია ნე კასაიუს ნო...» - სინამდვილეში, ამ ბინძურ კამპანიაში ჩარევით, რომელიც ვიღაც რუმინელმა მთამსვლელმა დაიწყო – რუს ალპინისტს არა გია თორთლაძის, არამედ საქართველოს დისკრედიტაცია სურდა! წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილად არ ახსენებდა «საქართველოს დამოუკიდებლობას» ამ კონტექსტში – მან ხომ შესანიშნავად იცის (აი, ეს გახლავთ მთავარი მომენტი), რომ თუ გია თორთლაძე ვერ ამტკიცებს ევერესტზე ასვლას, სამაგიეროდ, იოტისოდენ ეჭვს არ იწვევს იმავდროულად სხვა ქართველი ალპინისტების წარმატება ანუ საქართველოსთვის არაფერი იცვლება – მაშ რა შუაშია «ნეზავისიმოსტ გრუზიი»?
        რაც შეეხება ყბადაღებულ რუმინელ მთამსვლელს, იგი თავად წერს: მართალია დარწმუნებული ვარ, რომ გია თორთლაძე ტყუის და ევერესტზე არ ასულა, მაგრამ ამის დამამტკიცებელი არანაირი საბუთი არა მაქვსო.
        მაშასადამე, გია თორთლაძე ვერ ამტკიცებს, რომ ევერესტზე ავიდა, სამაგიეროდ, მისი ოპონენტებიც ვერ ამტკიცებენ, რომ იგი ტყუის და ევერესტზე არ ასულა; ერთი წუთით დავანებოთ თავი გია თორთლაძეს, დავაკვირდეთ, რა მივიღეთ შედეგად მთელმა ქართველობამ:
        მსოფლიოში აღარავის ახსოვს, რომ განურჩევლად იმისა, ავიდა თუ არა ევერესტზე გია თორთლაძე – მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ქართველმა ალპინისტებმა მაინც დაიპყრეს. თუ არა თორთლაძე – სხვებმა.
        სამაგიეროდ, ყველამ, ვინც ალპინიზმითაა დაინტერესებული (კონკრეტულად ევერესტით დაინტერესებულთა წრე შორს სცილდება ალპინისტურ საზოგადოებას), იცის და არც ოდესმე დაავიწყდება რომ ქართველმა ალპინისტმა სცადა მიეთვისებინა ევერესტის დამპყრობის პატივი, მაგრამ რუსმა და რუმინელმა ალპინისტებმა იგი ტყუილში ამხილეს. სხვა ქართველი ალპინისტები თუ არსებობენ საერთოდ ან თუ არსებობდნენ იმ კონკრეტულ ექსპედიციაში და ავიდნენ თუ არა ჯომოლუნგმაზე – არავინ იცის და არც აინტერესებთ.
        «საქართველო», როგორც ცნება, გაიგივებულია კონკრეტულად იმ ქართველ ალპინისტთან (გია თორთლაძესთან) რომელსაც ბრალად ედება საზარელი ტყუილი, თითქოსდა მან სცადა «მოეპარა» ევერესტზე ასვლის ღირსება - მაშინ, როდესაც სინამდვილეში მწვერვალზე არ ასულა.
        რაც შეეხება კონკრეტულად გია თორთლაძეს – ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა დავუჯერო ვიღაც რუსს, რუმინელსა და გადამთიელს, რომლებიც საერთოდ არ მინახავს და არ უნდა დავუჯერო გია თორთლაძეს? თუკი გია თორთლაძე ვერ ამტკიცებს, რომ ევერესტზე ავიდა - ისინიც ხომ ვერ უმტკიცებენ საპირისპიროს? მაშ, «თანაბარ პირობებში» რატომ უნდა დავუჯერო იმათ და არ უნდა დავუჯერო გია თორთლაძეს?
        მკითხველს ვეკითხები: თქვენ რომ ევერესტზე ასულიყავით და მიზეზთა გამო (ვთქვათ ფოტოაპარატი გაგიფუჭდათ, ცუდად გახდით და ა.შ.) ამის დამამტკიცებელი საბუთი ვერ მოგეპოვებინათ – ვითომ თავს შეიკავებდით და არ იტყოდით (სიხარულით, სიამაყით) «ევერესტზე ავედიო» - მხოლოდ იმის შიშით «ვაითუ, ვეღარ დავამტკიცო, რაკი საბუთი ვერ მოვიპოვეო?!
        არ არსებობს არავითარი არგუმენტი და საბუთი იმისა, რომ გია თორთლაძეს ასეთი საზარელი ეჭვით შეურაცხყოფა მივაყენოთ. მე პირადად, მჯერა, რომ იგი მართალს ამბობს. თუ ტყუის, მით უარესი მისთვის: მან ხომ თავად შესანიშნავად იცის, ავიდა თუ არა ევერესტზე – საკუთარ სინდისს სად დაემალება?
        მაგრამ წარმოვიდგინოთ, რა სასტიკ ცოდვას ჩავდივართ, თუ გია თორთლაძე მართლა ავიდა ევერესტზე და საზარელი ცილისწამებით სამუდამოდ სიცოცხლეს ვუწამლავთ ადამიანს?

7 დღე:, 1 დეკემბერი 1999 წელი

მთელ გვერდზე