ერთობაი საკვირველი;

ანუ რას ერჩის შევარდნაძეს პატიაშვილ-ფოფხაძესთან შეკრული «ეროვნული თანხმობა»?

        წინასაარჩევნო ქართული პოლიტიკური მეტაფიზიკა კიდევ ერთი საოცრებით შეივსო - «სახალხო» პარტიამ, რომელმაც მანამდე «ზვიადისტებთან» (ოჩიაურ-წიკლაურ-წულეისკირის ფრთასთან) გააფორმა ალიანსი, საარჩევნო სიების წარდგენამდე ორიოდე დღით ადრე, ყოფილ ცკ-ს მდივან ნუგზარ ფოფხაძესთან «შეკრა პირობა» შეიქმნა ახალი საარჩევნო ბლოკი «სახალხო-დიდგორი» ლოზუნგით «ძლევაი საკვირველი».
        ეს ბლოკი კიდევ ერთ სპეციფიკურად ქართულ პოლიტიკურ ფენომენს ქმნის.
        ტყუილად ცდილობენ ყოველივე «დიდი ეროვნული შერიგებით» ახსნან - შერიგება იქნებოდა ადრე დაპირისპირებულ, დანასისხლად გადაკიდებულ ძალებს (ვთქვათ) 1996 ან 1997 წელს რომ მოეხდინათ «შერიგების» დეკლარირება – მისულიყვნენ ეკლესიაში, დაენთოთ სანთლები და ასე შემდეგ, მაგრამ, როდესაც ეს ხდება არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე – ამას უკვე სულ სხვა ელფერი ეძლევა.
        ჩვენებური პოლიტიკოსები ერთმანეთში ურევენ ორ აბსოლუტურად განსხვავებულ მოვლენას, - ერთია, როდესაც ხდება ზნეობრივი შერიგება, ურთიერთმიტევება სამოქალაქო ომში მონაწილე მხარეთა შორის (ბოლოს და ბოლოს, ესპანეთში დაპირისპირებულ მხარეთა მებრძოლები ერთად დაასაფლავეს - «ისინი ესპანეთის შვილები იყვნენ» - მაგრამ მხოლოდ დაასაფლავეს, სიცოცხლეში კი არ შერიგებულან), ხოლო სულ სხვაა პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი შერიგება, მით უმეტეს, ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნა.
        ამგვარი ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არსებობდა მხოლოდ პიროვნული დაპირისპირება, რასაც პირადი ამბიციები ედო საფუძვლად და არა მსოფლმხედველობრივი ან პოლიტიკური მრწამსი.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ე.წ. «ზვიადისტური მოძრაობა» თვალსა და ხელს შუა აბსურდად გარდაიქმნება; თუ მათი «ფილოსოფიის» საფუძველი დეკემბერ-იანვრის გადატრიალების დაგმობა იყო, გამოდის, სხვა (იდეური და მსოფლმხედველობრივი) უთანხმოება ედუარდ შევარდნაძესთან აღარც აქვთ – რაკი ნუგზარ ფოფხაძეს («ცკ»-ს ყოფილ იდეოლოგს) პოლიტიკურად «ეკვრებიან» ანუ ედუარდ შევარდნაძის მიმართ ერთადერთი პრეტენზია რჩებათ: მან «მოაწყო კანონიერი ხელისუფლების დამხობა»;
        არადა, ესეც ხომ სრული აბსურდია?! ედუარდ შევარდნაძე მარტო, მოსკოვიდან ამ გადატრიალებას ვერ მოაწყობდა. სინამდვილეში, გადატრიალება იდეურად მოამზადა, დაგეგმა და განახორციელა (სამართლიანად თუ უსამართლოდ - სხვა საკითხია) სწორედ იმ ხალხმა, ვისაც ახლა «ზვიადისტები» ეხუტებიან.
        შევარდნაძემ შეიძლება ისარგებლა გადატრიალების შედეგით, მაგრამ (ვიმეორებ) გადატრიალებას იგი მოსკოვიდან ვერ მოაწყობდა «აქაური» იმდროინდელი «ოპოზიციის» გარეშე.
        თუ «დიდგორის» დამფუძნებელი «ზვიადისტები» ამას ვერ ხვდებიან -– ერთია, ხოლო თუ ხვდებიან და მაინც ქმნიან ალიანსს ფოფხაძესა და «სახალხოსთან» (იმ დროს ედპ-ს ლიდერებთან), მაშინ საერთოდ გაუგებარია რა პოლიტიკური (არა პიროვნული, არამედ პოლიტიკური) პრეტენზია აქვთ ედუარდ შევარდნაძესთან.
        რაც შეეხება ნუგზარ ფოფხაძეს – რატომღაც ითვლება, თითქოს იგი «ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა». არადა, დღემდე ვერავინ ახსნა, რა ფაქტობრივ საფუძველს ეყრდნობა ამგვარი შეფასება? ან საიდან მოიტანეს, რომ ნუგზარ ფოფხაძე «ქართული პოლიტიკის» ან თუნდაც შევარდნაძის გარემოცვის ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო?
        არანაირი თანამდებობა, რომელიც მას ამის საშუალებას მისცემდა – ფოფხაძეს არ ეკავა; «შევარდნაძის ფონდის» დირექტორობა ასეთ თანამდებობად ვერ ჩაითვლება. თუ იგულისხმება ნუგზარ ფოფხაძის რაიმე განსაკუთრებული გავლენა ედუარდ შევარდნაძეზე – ესეც აბსურდია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ფოფხაძე ამ გუნდიდან არ წამოვიდოდა.
        ან იქნებ ნუგზარ ფოფხაძე განსაკუთრებით მდიდარი კაცია და სწორედ ამით განისაზღვრება მისი გავლენიანობა? არც ესაა მართალი – ფოფხაძე შეიძლება მდიდარი ბიზნესმენია, მაგრამ არც იმდენად, რომ ქართულ პოლიტიკაში «ყველაზე გავლენიან ფიგურად» ჩაითვალოს.
        რჩება გავლენის მხოლოდ ერთი ბერკეტი – გავლენა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე. მაგალითად, ბორის ბერეზოვსკი რუსეთში მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა სწორედ იმის გამო, რომ მედიამაგნატია და უმთავრეს საინფორმაციო საშუალებებს (სატელევიზიო არხებსა და გაზეთებს) აკონტროლებს.
        ამ მხრივ, ნუგზარ ფოფხაძე არაფერს გამორჩეულს არ ფლობს, ანუ ფოფხაძის «ყველაზე გავლენიანობა» თითიდან გამოწოვილი მითია და სხვა არაფერი.
        საეჭვოა ფოფხაძესთან და «ზვიადისტებთან» ალიანსმა «სახალხო პარტიას» სერიოზული პოლიტიკური დივიდენდები მოუტანოს. უფრო პირიქით – ამგვარი ალიანსით იგი აიძულებს ყოფილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ელექტორატს, რომელიც თითქმის თანაბრად გაიყო პარტიის დაშლის შემდეგ – ედპ-ს მისცეს ხმა მომავალ არჩევნებში.
        საერთოდ კი, როგორც ჩანს, ქართველ პოლიტიკოსებს ამომრჩეველი იდიოტი და სკლეროტიკი ჰგონიათ. ვფიქრობ, ამაში მწარედ ცდებიან. ამომრჩეველი საქართველოში არც ისე იდიოტია, როგორც მათ ჰგონიათ და არც ისე გულმავიწყი: მას შესანიშნავად ახსოვს, ვინ რას აკეთებდა და ვის რა პოზიცია ეკავა ქართულ პოლიტიკაში 1987 წლის დეკემბრიდან, როდესაც დიდუბის პანთეონში ე.წ. «მოძრაობის» პირველი აქცია გაიმართა.
        იმ უბედურების გათვალისწინებით, რაც შემდგომ დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში, ძალაუნებურად ჩნდება კითხვა, თქვე დალოცვილებო, პატიაშვილსა და ფოფხაძესთან თუ ალიანსი გინდოდათ, ეს პატიოსანი ხალხი 1987 წელს «იქ» (ანუ ხელისუფლებაში) არ იყვნენ? მაშინ შეგეკრათ ალიანსი – რაღას წამოიწყეთ ეს «ეროვნული მოძრაობა» და რაღას დააქციეთ ქვეყანა, თუ ბოლოს მაინც პატიაშვილის პრეზიდენტობისთვის უნდა გებრძოლათ?

მერიდიანი, 27 სექტემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე