«მცხეთის მანიფესტი» - გარდატეხა ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებაში?

«მცხეთის მანიფესტი» - გარდატეხა ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებაში?

 

  

7 მარტს შესრულდა ხუთი წელი ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებიდან. ეს თარიღი წელს საკმაოდ ცივად აღინიშნა. თუმცა, ამაში ლომის წილი თვით პრეზიდენტს უძევს, ვინაიდან მას არასდროს უყვარდა პროპაგანდისტული კამპანიების ორგანიზება საკუთარი მოღვაწეობის წარმოსაჩენად. არა იმიტომ, რომ პატივმოყვარე არ არის (პირიქით, ფანატიკურად პატივმოყვარეა) არამედ, ამგვარი კამპანიების ფსიქოლოგიური არაეფექტიანობის გამო (მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში).
    ჯერ კიდევ 1991 წლის სექტემბერში, კინოს სახლში გამართულ «დემოკრატიული კავშირისა» და «დემოკრატიული ფორუმის» ერთობლივ შეკრებაზე ყოფილმა დისიდენტმა და 1988 წლიდან «ეროვნული მოძრაობის» ყველაზე შეურიგებელმა კრიტიკოსმა, გურამ მამულიამ განაცხადა, რომ საქართველოში აუცილებელია «ედუარდ შევარდნაძის მოწვევა, «რათა მან გამოიყენოს მთელი თავისი საშუალებები და შესაძლებლობები ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად».
    ამ განცხადებას დარბაზში დამსწრე «დემოკრატთა» საშინელი აღშფოთება მოჰყვა - მამულია ტრიბუნიდან ჩამოაგდეს და ქუჩაში გააძევეს როგორც პროვოკატორი, რომელიც «ამგვარი განცხადებით ზვიად გამსახურდიას წისქვილზე ასხამს წყალს». არადა, გურამ მამულიამ თქვა ის, რასაც ქართული ელიტა გულის სიღრმეში უკვე ფიქრობდა, მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერ ბედავდა «ეროვნული მოძრაობის ანტიზვიადისტური ფრთის» შიშით.
    იმ სხდომიდან ხუთი თვის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძეს ათასობით ადამიანი დახვდა თბილისის აეროპორტში. ბევრმა შეამჩნია, რომ თენგიზ სიგუა დემონსტრაციულად არ მოვიდა აეროპორტში. შევარდნაძის მოწვევას წინ უძღოდა ხანგრძლივი კონსულტაციები - სიგუა კი ამის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. გაზეთ «მოსკოვსკიე ნოვოსტის» ინტერვიუც კი მისცა, რომელშიც შევარდნაძეს კორუფციაში დასდო ბრალი, მაგრამ ელიტარული ინტელიგენციის გადაწყვეტილება საბოლოო და ურყევი იყო (სხვათა შორის, მან იმ პერიოდში საამისოდ ძალზე ოსტატურად გამოიყენა ჯაბა იოსელიანი) ამდენად, სიგუა იძულებული გახდა ბედს შერიგებოდა.
    სამი წლის შემდეგ მან ასე ახსნა თავისი «თანხმობა»: ჩვენ ხომ მაინც ვერ შევძლებდით ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას? ხალხი კი იტყოდა - «განძი, ოქროს ზოდი გვყავს შევარდნაძის სახით, ამიტომ ის მაინც დაბრუნდებოდა, ოღონდ სხვა გზით, სხვა საშუალებით».
    ექს-პრემიერი გულისხმობდა, რომ ედუარდ შევარდნაძე მომავალ (გარდაუვალ) არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას და გაიმარჯვებდა კიდეც. მაგრამ კიტოვან-იოსელიან-სიგუას ტრიუმვირატს ეს ნამდვილად არ აძლევდა ხელს - მათ სურდათ შევარდნაძისთვისაც «აეკიდათ» პასუხისმგებლობა ყველაფრისთვის, რაც მოხდა დეკემბერ-იანვარში და შემდგომ პერიოდში. ეს კი ვერ მოხერხდებოდა, თუ შევარდნაძე არჩევნებამდე არ ჩამოვიდოდა საქართველოში.
    მიუხედავად ამისა, «ტრიუმვირატის» სამივე წევრი მოითხოვდა, რომ შევარდნაძე სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის კოორდინატორი ყოფილიყო და არა საბჭოს თავმჯდომარე. მაგრამ ამაზე უკვე თავად შევარდნაძე აღარ დათანხმდა - ამდენად «ტრიუმვირატი» იძულებული გახდა მისი პირობები მიეღო.
    სიგუას, კიტოვანს და იოსელიანს კარგად ესმოდათ: თუ შევარდნაძე საქართველოში არჩევნებამდე ჩამოვიდოდა, მისდამი მოსახლეობის განწყობის გათვალისწინებით სწორედ იგი იკისრებდა პასუხისმგებლობას დეკემბერ-იანვრის მოვლენებზე, სამეგრელოში დატრიალებულ ტრაგედიაზეც, აფხაზეთში გარდაუვალ ომზეც. ანუ ყველაფერზე, რაც საქართველოში მოხდა ან მოხდებოდა მომავალში.
    «შევარდნაძისტობას» ვერავინ დამწამებს, მაგრამ სრული სიყალბეა მტკიცება, თითქოს «შევარდნაძემ მოაწყო დეკემბერ-იანვრის გადატრიალება». არ არის გამორიცხული, ეს მოვლენები მას აღექვა, როგორც დიდ პოლიტიკაში დაბრუნების ნიშანი, იქნებ გაუხარდა კიდეც, მაგრამ გადატრიალების ორგანიზატორი იყო არა შევარდნაძე, არამედ ზემოხსენებული ტანდემი, რომელმაც მჭიდრო ალიანსი შეკრა საკუთარი მიზნის მისაღწევად კრიმინალურ სამყაროსთან და რუსეთის სპეცსამსახურებთან.
    თენგიზ სიგუასა და თენგიზ კიტოვანის «აგდებულ» დამოკიდებულებას შევარდნაძე კარგად ამჩნევდა. ისიც შესანიშნავად უწყოდა, რისთვის სჭირდებოდა იგი ჯაბა იოსელიანს, მაგრამ «კბილების ღრჭიალით» იტანდა ყოველივეს. მან იცოდა, რომ მისი დრო დადგებოდა და რომ მოთმინება პოლიტიკოსის უმთავრესი თვისებაა.
    დღეს მაშინდელ ბობოქარ მოვლენათა «მთავარი გმირები» უკვე ციხეში სხედან, ხოლო თენგიზ სიგუა ბეწვზე (შეიძლება ითქვას შემთხვევით) გადაურჩა დაპატიმრებას - ისიც მხოლოდ გარკვეული მოსაზრებების გამო. ხუთი წლის განმავლობაში შევარდნაძე ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად, მოზომილად, მაგრამ მიზანსწრაფულად ამტკიცებდა და ამყარებდა თავის ძალაუფლებას.
    თუ ობიექტურნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ: მისი, როგორც ძალაუფლების ფანატიკურად მწყურვალი პოლიტიკოსის ინტერესები დაემთხვა ქვეყნის ინტერესებს, - შევარდნაძე სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული განემტკიცებინა თავისი ხელისუფლება; გაენადგურებინა კრიმინალური ხროვები, რომლებმაც საკუთარი ხალხის სისხლი დაღვარეს და «საუკუნო ბატონობას» აპირებდნენ; მოეხდინა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაცია და ასე შემდეგ. იგივე სჭირდებოდა ქვეყანასაც, ვინაიდან არანაირი პოლიტიკა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს იქ, სადაც «ყველა ნაბიჭვარს მეფობა სურს და შეუძლია».
    ჭკუით, ეშმაკობით, სიფრთხილით, წინდახედულობით შევარდნაძემ აშკარად დაჯაბნა თავისი მოწინააღმდეგეები, რომელთა უბადრუკი ინტრიგები მას, - პოლიტიკური ინტრიგის დიდოსტატს, - სასაცილოდაც არ ყოფნიდა.
    ვერც ქართულმა პოლიტოკრატიამ მიაღწია საწადელს, შევარდნაძემ ისიც ისტორიის სანაგვეზე მოისროლა - შანტაჟმა და მუქარამ არ გაჭრა: რაც ზვიად გამსახურდიასთან «გასდიოდათ» (ამ უკანასკნელის არაკომპეტენტურობისა და გამოუცდელობის გამო) ედუარდ შევარდნაძესთან «არ გაუვიდათ».
    შევარდნაძის მოღვაწეობის მთავარი შედეგიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ: მან აღადგინა ქვეყანაში პოლიტიკისათვის ზოგადად დამახასიათებელი «თამაშის წესები», ანუ აღადგინა ნორმალური პოლიტიკური პროცესი, რომლის დროსაც თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს ინტრიგას, პოლიტიკურ ბრძოლას, ძალაუფლებისაკენ სწრაფვას, მაგრამ უკვე შეუძლებელია რომელიღაც კრიმინალურმა ბანდამ «ოპოზიცია» დაირქვას, «პრეზიდენტის გადადგომა» მოითხოვოს და ზარბაზნების გამოყენებით საწადელსაც მიაღწიოს.
    ქართულ «პოლიტოკრატიას» რომ ელემენტარული სინდისი ჰქონდეს და ობიექტურობის უნარი გააჩნდეს, უეჭველად უნდა აღიაროს: საქართველოში ნამდვილად განხორციელდა რეფორმა, იცვლება საზოგადოების სოციალური სტრუქტურა, ქვეყანა ერთვება საერთაშორისო სისტემაში, მტკიცდება სახელმწიფოებრივი სტრუქტურები. არანაირი ალტერნატივა ამ პროცესს არ ჰქონდა და არც ამჟამად აქვს. რაც შეეხება შევარდნაძის მოღვაწეობის მორალურ მხარეს - არც ერთ პოლიტიკოსს არ შეიძლება მორალი მოსთხოვო პოლიტიკაში. პოლიტიკა საერთოდ ამორალურია თვით მისი შინაარსიდან, თვისებრიობიდან გამომდინარე, პოლიტიკაში მორალურია ის, რაც მიზანშეწონილია, ხოლო «მორალურ პოლიტიკაზე» საუბარი ისევ და ისევ თვით პოლიტიკის საჭიროებიდან გამომდინარეობს.
    1992 წელს საქართველოს სჭირდებოდა ძლიერი პოლიტიკოსი, რომელიც (თუნდაც საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე) გაანადგურებდა ქვეყნის სათავეში მოსულ კრიმინალურ ბანდას და აღადგენდა ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. ამ მიზანს შევარდნაძემ უდავოდ მიაღწია. რა იყო რეალურად შესაძლებელი და რა - შეუძლებელი, სხვა საკითხია.
    მაგალითად, რამდენად იყო შესაძლებელი აფხაზეთის შენარჩუნება? ყოველ შემთხვევაში, საეჭვოა აფხაზეთი საქართველოსთვის იმ პრიმიტივებს შეენარჩუნებინათ, რომლებიც ყოველივეს თავისი «ჯუჯა-პარტიული» თვალსაწიერიდან აფასებენ. პოლიტიკაში არსებობს შესაძლებელი და შეუძლებელი.
    შეიძლება არავითარი სიმპათია არ მქონდეს შევარდნაძის მიმართ (პოლიტიკა საერთოდ არ არის სიმპათიური საქმიანობა), მაგრამ თუ ქვეყანას «ახალ კურსს» სთავაზობ, ვალდებული ხარ დაამტკიცო, რომ ალტერნატივა (არა პიროვნული, არამედ პოლიტიკური) არსებობდა და არსებობს.

მოშიმშილეთა მოთხოვნები უეჭველად გამკაცრდება

    ყოფილ «იმელ»-ის შენობაში გრძელდება მოშიმშილეთა აქცია, რომელიც სულ უფრო მწვავე ხასიათს იძენს. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ შეხვდა მოშიმშილეებს, რომელთა შორის აქტიურობით ბორის კაკუბავა გამოირჩეოდა.
    თვით შიმშილობა, როგორც ჩანს, ხელისუფლების გაფრთხილება იყო და არის - ივსება არა მხოლოდ ლტოლვილთა მოთმინების ფიალა, არამედ მოთმინება იმ ელიტისა, რომელიც დღემდე ცდილობს აფხაზეთის ქართულ თემზე გავლენის შენარჩუნებას და პროცესების მართვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამოდევნილ ნაწილში.
    საოცარია, მაგრამ ეს ავტონომია (ყველა ატრიბუტით) მართლაც არსებობს და არა მხოლოდ ქაღალდზე. აქციის ხელმძღვანელია ფრაქცია «აფხაზეთის» თავმჯდომარე გერმანე ფაცაცია, მაგრამ თვით შიმშილობა უდავოდ ბორის კაკუბავას ინიცირებულია. მას არასდროს სჯეროდა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერების «კომპრომისულობისა». პირიქით, კაკუბავა ყოველთვის ცდილობდა ხელისუფლებაც და მოსახლეობაც დაერწმუნებინა, რომ არავითარი კომპრომისი არც არძინბასთან, არც ნებისმიერ სხვა აფხაზ ლიდერთან არ მიიღწევა და ეს პრობლემა შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ძალით.
    მოშიმშილეებმა უკვე მიაღწიეს ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას: მარტის შუა რიცხვებისთვის დაინიშნა პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელიც მთლიანად მიეძღვნება აფხაზეთის პრობლემას. ხელისუფლებას ძალზე გაუჭირდება გაამართლოს აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელება, ვინაიდან ჯერჯერობით ამ ჯარების მოქმედებამ მხოლოდ ნეგატიური შედეგი გამოიღო - დააფიქსირა საზღვარი აფხაზეთსა და საქართველოს შორის.
    რაც შეეხება სამშვიდობო ჯარების გაყვანას (შინაარსობრივად ეს მოშიმშილეთა მთავარი მოთხოვნაა), საქართველომ მართლაც შეიძლება მოითხოვოს მათი გასვლა, ან მანდატი არ გაუგრძელოს და იურიდიული თვალსაზრისით საფუძველი გამოაცალოს რუსული კონტინგენტის ყოფნას აფხაზეთში.
    როგორც ჩანს, «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» წევრ სახელმწიფოთა მეთაურების მომავალ სამიტზე, რომელიც 28 მარტს გაიმართება, ედუარდ შევარდნაძე კვლავ დაუჭერს მხარს ვადის გაგრძელებას და შეეცდება ოპოზიციის არგუმენტებს უპასუხოს ამ მანდატში გარკვეული ცვლილებების შეტანით.
    ამ ცვლილებებით შეიცვლება მხოლოდ გარეგნული ფორმა - შინაარსობრივად ოპერაცია გამოხატავს ომისშემდგომ ძალთა რეალურ განლაგებას აფხაზეთში. მაგალითად, ცხინვალის რეგიონში ძალთა განლაგება სულ სხვა იყო, ამიტომ ოპერაციაც სხვა ფორმითა და შინაარსით განხორციელდა.
    გადაწყვეტილებას «აფხაზეთიდან ჯარების გაყვანის» თაობაზე საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებს. მან შეიძლება მხოლოდ რეკომენდაცია მისცეს პრეზიდენტს, რომელიც ამ რეკომენდაციას ან გაითვალისწინებს, ან არა. უმთავრესი პრობლემა კი თვით ჯარების გაყვანაში არ მდგომარეობს - უმთავრესი საკითხი ის არის, თუ რა მოხდება ჯარების გაყვანის შემდეგ. ბორის კაკუბავა და მისი თანამოაზრეები უეჭველად შეეცდებიან «ლტოლვილთა ტალღის აგორებას» აფხაზეთის მიმართულებით, - ექსცესებმა შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას და ეჭვქვეშ დააყენოს წვითა და დაგვით მიღწეული სტაბილურობა.
    სამშვიდობო ძალთა შემოყვანის მთავარი მიზანიც ხომ იმაში მდგომარეობდა, რომ ამგვარი ტალღის შეჩერების მორალური უფლება ჰქონოდა ხელისუფლებას (გავიხსენოთ 1995 წლის 13 იანვრის ინციდენტი, როდესაც დააპატიმრეს «აფხაზეთისკენ მიმავალი» თენგიზ კიტოვანი). ეს აუცილებელია, ვინაიდან ტალღა (მას შემდეგ, რაც ენგურთან «აფხაზურ ზღუდეს» შეეჯახება), შეიძლება უკან, თბილისისკენ «გადმოგორდეს». ხელისუფლებას მოულოდნელი მხარდამჭერიც გამოუჩნდა «ტრადიციონალისტთა» და «ქარტიელთა» სახით, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ეგრეთ წოდებული «მცხეთის მანიფესტი» გამოაქვეყნეს.

«მცხეთის მანიფესტი» - გარდატეხა ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებაში

    ამ მანიფესტს, თავდაპირველად, სერიოზული ყურადღება არავინ მიაქცია, ბევრმა იგი საქილიკო და სახუმარო თემადაც აქცია. მანიფესტის ავტორები მართლაც ერთობ «კოლორიტული» ფიგურები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ, როგორც იტყვიან, «ათიანში გაარტყეს»: «ქარტია-91»-ისა და «ტრადიციონალისტთა კავშირის» ლიდერებმა სწორად შენიშნეს უმთავრეს პრობლემა, რომელიც ხელს უშლის დღევანდელი საქართველოს «გორდიას კვანძის» გახსნას. ის რომ საქართველო (თუ იგი ოდესმე იქნება კვლავ ერთიანი) აღარ შეიძლება მოეწყოს, როგორც უნიტარული სახელმწიფო - აბსოლუტურად ნათელია ელემენტარული ანალიზის უნარის მქონე ადამიანისთვის.
    აქ მხოლოდ რუსეთის ფაქტორი აღარ მოქმედებს - საქართველოს ფედერალიზაციას მოითხოვს დასავლეთიც, რომელიც დაინტერესებულია ამ გზით კავკასიაში სტაბილურობის ახალი სისტემის შექმნით. მაგრამ ის, რაც აბსოლუტურად ნათელია ექსპერტისთვის, სულაც არ არის ნათელი პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ცნობიერებისთვის.
    «ფედერაცია», «ფედერალიზაცია» კვლავინდებურად რჩება საქართველოში «ცნობიერ საფრთხობელად». უცნაურია, მაგრამ ფაქტობრივად დაშლილ და დანაწევრებულ ქვეყანაში ეს იდეა კვლავინდებურად მიუღებლად ეჩვენებათ. სხვა საკითხია, რამდენად არის რეალურად შესაძლებელი ამ გზით ქვეყნის მთლიანობის აღდგენა, მაგრამ უმოქმედობას ხომ ყველაფერი სჯობს? ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის პრობლემა ასუსტებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხში საქართველოს პოლიტიკურ პოზიციებს. თუ მაგალითად, მიიღებდნენ გადაწყვეტილებას «საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკის» დაფუძნების შესახებ (როგორც მრავალსუბიექტური, ასიმეტრიული ფედერაციისა) - ეს ძალზე მომგებიან პოლიტიკურ ვითარებაში ჩააყენებდა საქართველოს და, ამავე დროს, ადგილობრივ არჩევნებსაც «გაუხსნიდა გზას».
    არ არის გამორიცხული, «ქარტიელთა» და «ტრადიციონალისტთა» შინაგანი მოტივაცია სწორედ ამ უკანასკნელი მომენტით იყო განპირობებული. მაგრამ პოლიტიკური შედეგის თვალსაზრისით ამას მნიშვნელობა არა აქვს. შევარდნაძემ უკვე უეჭველად შენიშნა «მცხეთის მანიფესტი», - ეს მარცვალი ძალიან ნოყიერ ნიადაგში მოხვდა და უეჭველად მოუტანს ავტორებს ხვავრიელ «მოსავალს» მომავალში, როდესაც დაიწყება დისკუსია საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის თაობაზე.
    ოპოზიცია ვეღარ შეძლებს ხელისუფლების გადაწყვეტილების (ქვეყნის ფედერალიზაციის) წინააღმდეგ ერთიანი პოლიტიკური ფრონტის შექმნას, ვინაიდან ეს ფრონტი უკვე გაარღვია «მცხეთის მანიფესტმა».
    «ქარტია-92»-ის წევრები, რომლებმაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, უმალვე გაირიცხნენ «გაერთიანებული რესპუბლიკური პარტიის» რიგებიდან, რომლის წევრობასაც ფორმალურად ინარჩუნებდნენ. თუმცა მათთვის ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა - მათ მოახდინეს ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებაში.
    არავინ იცის, მოიტანს თუ არა ეს პრაქტიკულ შედეგს, მაგრამ თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება თანდათან ურიგდება საქართველოს ფედერალიზაციის პერსპექტივას.
    თუმცა, პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოების ცნობიერება სხვადასხვა ცნებებია და ხშირად ანტაგონისტურიც.

დილის გაზეთი, 10 მარტი, 1997 წ.