დუმავ, ტყუილად ცოფდები!
        ანუ რა განსხვავებაა რუსეთსა და ამერიკას შორის

        მესამე დღეა ცოფებს ყრის «რუსული დემოკრატიის» ციტადელი – სახელმწიფო სათათბირო. ამის მიზეზი კი გახდა ედუარდ შევარდნაძის განცხადება, რომ 2005 წლისთვის საქართველო უკვე მზად იქნება, შეიტანოს განაცხადი «ნატო»-ში გაწევრიანების თაობაზე
        ეს განცხადება სწორედ რომ ჩვეულებრივია – ჩვენს ქვეყანაში მას განსაკუთრებული ფურორი არ მოუხდენია, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლების ამგვარი სწრაფვა სავსებით ბუნებრივად აღიქმება.
        1994 წლიდან შევარდნაძემ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, ყოველგვარ დათმობაზე წავიდა, რათა როგორმე რუსეთის მეშვეობით გადაეწყვიტა აფხაზეთის პრობლემა, მაგრამ ამით «არაფერი გამოვიდა რა» და კვლავაც უცვლელი რჩება აფხაზეთში ქართველთა გენოციდის შედეგად ჩამოყალიბებული ვითარება.
        სწორედ ამიტომ, მწიფდებოდა შევარდნაძის მკვეთრი განცხადება, თუმცა რუსეთში იგი მაინც მეხის გავარდნად აღიქვეს და აი, რატომ: რუსებს მიაჩნიათ, რომ 1991-1993 წლებში საქართველო ისე გაანადგურეს, დაამცირეს, ჩაწიხლეს, გააუპატიურეს – იგი, წესით, ხმის ამოღებას ვეღარ უნდა ბედავდეს. ხოლო, როცა ამას ბედავს – უკვირთ და აღშფოთებას ვერ მალავენ.
        ასე გაუკვირდათ, როდესაც საქართველომ რუსეთის სასაზღვრო ჯარების გაყვანა მოითხოვა; გაუკვირდათ კი არა, პირდაპირ სენსაციად აღიქვეს.
        რატომღაც რუსული ისტებლიშმენტი ამ პრობლემატიკას აფხაზეთს არ უკავშირებს, ანუ მათი აღქმა ერთმნიშვნელოვანია: აფხაზეთი კი წავგლიჯეთ საქართველოს, სოხუმს კი ვბომბავდით, ქართველთა გენოციდშიც ვმონაწილეობდით, მაგრამ საქართველო მაინც ვალდებულია ჩვენდამი ლოიალური იყოს, მაინც ვალდებულია ჩრდილოეთის გარდა, არსაით იყურებოდეს, მაინც ვალდებულია დააკანონოს რუსული სამხედრო ბაზები და, საერთოდ, მხოლოდ სიყვარულსა და პატივისცემას აფრქვევდეს რუსეთის მიმართ...
        საქართველოში რუსეთის ელჩმა ათჯერ მაინც განუცხადა ედუარდ შევარდნაძეს, - მიკვირს, რომ ქართულ პრესაში ანტირუსული განწყობა შეიმჩნევაო.
        გადასარევი პირდაპირ!
        კი მაგრამ, რატომ უნდა იყოს სხვაგვარი განწყობა ან რატომ არ უნდა მიილტვოდეს საქართველო ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისაკენ? ამერიკას ხომ არ დაუბომბავს სოხუმი, ამერიკას არ აღუჭურვია სეპარატისტი ვირთხები (ჯერ სამაჩაბლოში, შემდეგ აფხაზეთში) უახლესი იარაღით, ამერიკა არ მუშაობდა ჯერ კიდევ ე.წ. «პერესტროიკის» გარიჟრაჟიდან (1986-1987 წლებიდან, როცა საქართველოში «მოძრაობის» ხსენებაც არ იყო) საქართველოს 4 ნაწილად დასანაწევრებლად «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების გათანაბრების» მეთოდით (ეს მეთოდი მაინც განხორციელდებოდა, სულაც რომ არ ყოფილიყო 9 აპრილი და ეროვნული მოძრაობა), ამერიკა არ ხარობდა საქართველოს დამცირებით და «სპეკულანტი გრუზინების» მწარე დამარცხებით მაშინ, როდესაც 1993 წლის 28 სექტემბერს ერთ-ერთი რუსული გაზეთი სიხარულით წერდა: «ვჩერა ნად სუხუმი, ვსიუ ნოჩ სტოიალ სტონ გრუზინსკიხ ჟენშჩინ»; ამერიკას არ უჩვენებია კოდორის ხეობაში საზარელი ტრაგედიის პერიოდში, როცა დედა გაყინულ შვილს მარხავდა, საუკეთესო საეთერო დროს, ბინძური ანტიქართული ან ანტიკავკასიური ფილმი-პასკვილი «კავკასიელი ტყვე ქალი», რათა კიდევ უფრო დაემცირებინა განადგურებული საქართველო...
        ამის შემდეგ კიდევ უკვირთ, როგორ ბედავს საქართველო დასავლეთისაკენ (ნატოსაკენ) გახედვას, როგორ ბედავს საკუთარი აზრის გამოთქმას ან თუნდაც ნეიტრალური პოზიციის დაკავებას რუსეთის მხრიდან ჩეჩენი ხალხის გენოციდთან დაკავშირებით!
        ბუნებრივია, 2005 წლისათვის საქართველო შეიძლება არ იყოს მზად ნატოში გასაწევრიანებლად არც პოლიტიკური და არც (რაც მთავარია) სამხედრო სტანდარტების თვალსაზრისით, მაგრამ შევარდნაძის განცხადებაში მთავარი ის არის, რომ მან ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა გენერალური სახელმწიფოებრივი კურსი: რაკი საქართველო ვერ შეძლებს უმწვავესი პრობლემების მოგვარებას რუსეთის მეშვეობით, რატომ არ უნდა სცადოს მან ამ პრობლემათა გადაწყვეტა ნატოს დახმარებით? «ნატოს» შუამავლობით ქართული საზოგადოება უფრო შეურიგდება ნებისმიერ კომპრომისს სეპარატისტებთან, თუ იგი აუცილებელი გახდება.
        რამდენიმე დღის წინ პრორუსული ორიენტაციის ერთ-ერთმა ყველაზე გულწრფელმა პროპაგანდისტმა, ვახტანგ გოგუაძემ, საკუთარ დამსახურებად ჩათვალა ის, რომ 1994-1995 წლებში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა «საოცრად დათბა».
        არადა, ამ «დათბობის» მიზეზი გოგუაძის პოლიტიკური გენია კი არ იყო, არამედ ის გარემოება, რომ დაჩოქებული და განადგურებული საქართველო მაშინ კრინტის დაძვრასაც ვერ ბედავდა საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად.
        ამ მდგომარეობას თუ შევურიგდებით და თუ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე აღარ ვიზრუნებთ, თუ ყველაფერში (მაშინდელივით) რუსეთის პოლიტიკის ფარვატერში ვივლით, ნავთობსადენზეც უარს ვიტყვით, - რუსეთი ახლაც ისევე დაგვიტკბება (ოღონდ არც რამეს დაგვიბრუნებს), როგორც 1994-1995 წლებში – მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ გოგუაძე სპიკერი აღარ არის.

მერიდიანი, 29 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე