გადატრიალების მცდელობა სავსებით რეალური საფრთხე იყო

გადატრიალების მცდელობა სავსებით რეალური საფრთხე იყო

 

 ქართულ პოლიტიკაში უკვე ჩამოყალიბდა ერთგვარი ტექნოლოგია, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ ირღვევა;
        როგორც მოსალოდნელი იყო, განუხორციელებელი ტერაქტი და ჩვენი ხელისუფლების განცხადებები მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების თაობაზე ოპოზიციას სასაცილოდაც არ ეყო
        ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება ამ ამბავს წინასაარჩევნო კამპანიისათვის იყენებს. რასაკვირველია, ხელისუფლება უეჭველად შეეცდება პროპაგანდისტული თვალსაზრისით თავის სასარგებლოდ გამოიყენოს შეთქმულების გახსნა და საარჩევნო პოზიციები განიმტკიცოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე რეალურად არ არსებობდა და გამორიცხულია საქართველოში გადატრიალება განხორციელებულიყო.
      თითქოს პირველი შემთხვევაა საქართველოსთვის, თითქოს არ ყოფილა არც დეკემბერ-იანვრის გადატრიალება, არც სამოქალაქო ომი, არც ორი წარუმატებელი (მაგრამ განხორციელებული) ტერაქტი, არც ელიავას ამბოხი და ა.შ.
   დარწმუნებული ვარ, გენერალ ყურაშვილს, პაპუაშვილსა და სხვებს რაიმე პროვოკაცია რომ განეხორციელებინათ, სწორედ ის ხალხი, ვისაც ახლა სასაცილოდაც არ ჰყოფნის ყოველივე და პროტესტსაც გამოთქვამს «მხოლოდ ეჭვის საფუძველზე ადამიანთა დაპატიმრების გამო» - უეჭველად აურზაურს ატეხდა: სად იყო აქამდე ხელისუფლება? რატომ არ უთვალთვალეს შეთქმულებს და არ «აიყვანეს» ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მოქმედებას დაიწყებდნენ? ზუსტად ასეთი იყო მათი არგუმენტი ელიავას ამბოხის შემდეგ - აქაოდა, თუ ეჭვი ჰქონდათ სამართალდამცავებს (არადა, ეჭვი ნამდვილად ჰქონდათ) რატომ 19 ოქტომბრამდე არ დააპატიმრესო.
        ახლა, როდესაც არცთუ უსაფუძვლო ეჭვის საფუძველზე, პროფილაქტიკის მიზნით, უშიშროებამ შეთქმულნი «აიყვანა», ბრალდება საპირისპიროა: როგორ შეიძლება ადამიანის დაპატიმრება ჯერ კიდევ ჩაუდენელი დანაშაულისათვის? თითქოს არ არსებობს იურისპრუდენციაში «დანაშაულის განზრახვის» ცნება.
        ფაქტია, რომ შეთქმულნი მოსკოვში დაძვრებოდნენ და ხვდებოდნენ რუსეთის არმიის მთავარ სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებს, აგრეთვე ყველაზე გონებაჩლუნგი და რეაქციული პოლიტიკური ნაწილის ლიდერებს, მათ შორის შავბნელი «რუსეთის ოფიცერთა კავშირის» ხელმძღვანელებს.
        კარგი საქმისათვის (საქართველოს სასარგებლოდ) რომ არ შეხვდებოდნენ, ხომ ცხადია? ისიც ცხადია, რომ რუსეთი დაინტერესებულია ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციით.
        აქ ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ: რუსეთის სპეცსამსახურებმა შესანიშნავად უწყიან, რომ საქართველოში ახალი სამხედრო გადატრიალების ორგანიზება და მათთვის სასურველი რეჟიმის «მყარად» დასმა შეუძლებელია. ჯერ ერთი, დეკემბერ-იანვრის მოვლენებმა ჭკუა ასწავლა და მეორედ ქართული საზოგადოება ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებს - არც ერთი საბაბით არ დაუჭერს მხარს სამხედრო გადატრიალებას.
        გარდა ამისა, ის ძალები, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებმა კიდევ შეიძლება გამოიყენონ საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ, არ არიან ერთიანნი და ერთსულოვანნი, რასაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
        მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მოსკოვი (როგორც არაერთგზის ითქვა), სულაც არ აპირებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ან მისთვის სასურველი რეჟიმის ძალით დამყარებას.
        რუსებმა შესანიშნავად უწყიან, რომ ეს შეუძლებელია – საამისო საფუძველი საქართველოში არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს საფუძველი დესტაბილიზაციის ფაქტის დასაფიქსირებლად.
        სწორედ ესაა ამ შემთხვევაში რუსული სპეცსამსახურების მიზანი და არა ხელისუფლების შეცვლა - მათ სურთ მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც გაუთავებლად ხდება გადატრიალება-გადმოტრიალების მცდელობა, გაუთავებელია ტერაქტები (თუნდაც წარუმატებელი, - თუ წარმატებული იქნა, ხომ მით უკეთესი), ამიტომ საქართველოს ნდობა არ შეიძლება. არ შეიძლება ამ ქვეყანაში ინვესტირება, მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობა, პოლიტიკური მხარდაჭერა (რა იცი როდის აღმოჩნდები სულელურ მდგომარეობაში).
        მაგალითად, თუ ყურაშვილი და კამპანია, ვისაც ამჟამად ბრალდება წარედგინა, საბოლოოდ ვერაფერს გახდებოდნენ, სულ ერთია, «თოფი ხომ მაინც გავარდებოდა», ხომ მაინც დაფიქსირდებოდა მთელი მსოფლიოს თვალწინ, რომ საქართველოში ხელისუფლება არამყარი და არასტაბილურია.
        შესაბამისად, არამყარი და არასტაბილურია სახელმწიფოებრივი შენობა, რომელიც ყოველთვის შეიძლება დაინგრეს - ასეთ ქვეყანასთან ეკონომიკური, მით უმეტეს სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობა მეტისმეტად დიდი რისკია.
        19 ოქტომბრის ამბოხების ორგანიზებისას იგივე სპეცსამსახურები სულაც არ ისახავდნენ მიზნად კაკო ელიავას თბილისამდე მოსვლას, ექსპრეზიდენტის საფლავიდან წამოყენებას და კვლავ გაპრეზიდენტებას. შესანიშნავად უწყოდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო.
        მერე რა, რომ ელიავას ტრაიბალისტურმა ხროვამ ქუთაისამდეც ვერ მოაღწია, - სამაგიეროდ, მოვლენები ყველას თვალწინ განვითარდა და მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც კაცმა არ იცის, როდის რა მოხდება. ასეთი ქვეყნის ნდობა, მასთან პარტნიორობა (მით უმეტეს, სტრატეგიულ საკითხებში) როგორ შეიძლება?
        საქართველოს ხელისუფლებაზე განაწყენებული ხალხი არასდროს გამოილევა. ასეთია ჩვენი ბუნება და ეთნოფსიქოლოგია. არ გამოილევა არც იმის მსურველი, რომ პირადი ამბიცია სისხლით დაიკმაყოფილოს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ «პატარა ბიძგია» საკმარისი და მორიგი ავანტიურაც ადვილად გამოცხადდება – სიკვდილით დასჯა გაუქმებულია და არავის არაფრის ეშინია. სულ ერთია, იციან, - ადრე თუ გვიან მაინც გამოვლენ ციხიდან;
        სპეცსამსახურები აქტიურად და ოსტატურად იყენებენ ჩვენი ეთნოფსიქოლოგიის კიდევ ერთ თვისებას: შეთქმულებს დახმარებას რუსი თუ შეჰპირდებოდა – იგი ხომ «ყოვლისშემძლე» ჰგონიათ? ამიტომ დახმარების იმედად ნებისმიერ ავანტიურაზე მიდიან და კვლავაც წავლენ.
        როგორც ჩანს, ასეთი პროვოკაციები საქართველოში მართლაც განუწყვეტელი იქნება, ხოლო საფუძველს (სოციალურ სიდუხჭირეს, «ზვიადიზმს», «კომუნიზმს», საეკლესიო განძს თუ სხვა რაიმეს) სპეცსამსახურები ყოველთვის მოძებნიან.

მერიდიანი, 26 მაისი, 1999 წელი