გაუძლებს თუ არა ბათუმური ბლოკი შიდა დაპირისპირებას?

        1999 წლის საარჩევნო ბატალიები საქართველოში უპრეცედენტოდ მწვავე იქნება - ფაქტობრივად, ეს პირველი არჩევნებია, როდესაც შედეგი წინასწარ არ არის ცნობილი.
        1990 წლის 28 ოქტომბერს ქვეყანაში (9 აპრილის გამო) ისეთი საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური ატმოსფერო იყო, წინასწარ შეიძლებოდა ზვიად გამსახურდიას გამარჯვების განჭვრეტა: ზვიად გამსახურდია აღიქმებოდა კომუნისტების ერთადერთ ალტერნატივად. 1992 წლის 11 ოქტომბრის ღონისძიებას ძნელია საერთოდ «არჩევნები» უწოდო, ვინაიდან პარლამენტში (ე.წ. «პრეფერენციების» წყალობით) მოხვდა ყველა, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა – ქუჩაში არავინ დაუტოვებიათ - აქაოდა «ზვიადისტებს» არ შეეკრანო; 1994 წლის 5 ნოემბრის არჩევნების დროსაც მოქმედებდა დამთრგუნველი «ფსიქოლოგიური ატმოსფერო» - ახალი «ჩამთავრებული» იყო 29 აგვისტოს ტერორისტული აქტისა და «მხედრიონის» საბოლოო განადგურების საქმე.
        ამჟამად ასეთი ატმოსფერო თითქმის არ არის (თუმცა, 31 ოქტომბრამდე კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს), ამიტომ ეს არჩევნები განსაკუთრებით საინტერესო იქნება; ორივე ძირითადმა მეტოქემ («მოქალაქეთა კავშირმა» და «აღორძინებამ») ყველა რესურსის მობილიზაცია მოახდინეს, მაგრამ რაოდენ უცნაურადაც უნდა მოეჩვენოს მკითხველს, «აღორძინების ბლოკის» საქმე საბოლოოდ გარკვეული მაინც არ არის.
        ხუთი ლიდერიდან თითოეული იმდენად ამბიციურია, შეიძლება საარჩევნო სიის «პირველ ხუთეულზეც» კი ვერ შეთანხმდნენ. ვახტანგ რჩეულიშვილი ძალიან ღიზიანდება «რატომ გვეძახით ასლან აბაშიძის ბლოკს – ყველა ლიდერს თანაბარი ხმა გვაქვსო». არადა, საქმე მხოლოდ იმაშიც არ არის, რომ აჭარის ლიდერი ბლოკის თავმჯდომარეა – გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი (რაც «ალიანსის» წევრებს ჯიუტად არ სურთ შეამჩნიონ), რომ არც ერთხელ (დიახ, არც ერთხელ!) საარჩევნო ბლოკი არ შეკრებილა არსად, ბათუმის გარდა. მათ შორის, არც ერთხელ არ შეკრებილან ისინი თბილისში, არ დაფიქსირებულა ჯუმბერ პატიაშვილის, ვახტანგ რჩეულიშვილის, კაკო ასათიანის და ვახტანგ ბოჭორიშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია თბილისში.
        განა უცნაური არ არის? ამის შემდეგ უკვირთ კიდეც «რატომ გვეძახიან ბათუმურ ბლოკსო». ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებაშიც (ასლანს შეეშლება – მე გავუსწორებ, მე შემეშლება – ჯუმბერი გამისწორებს, ჯუმბერს შეეშლება – კაკო გაუსწორებს, კაკოს შეეშლება – ვახტანგი გაუსწორებს) - «გზაზე ერთი კაცი მიდიოდას» არ იყოს, მთავარი არსია არეული და დაფარული: ამ ქარაგმით რჩეულიშვილს, ისევ და ისევ, იმის თქმა სურს, რომ მას ვერავინაც ვერ მართავს, ვერავინ ვერაფერს ვერ უბრძანებს, - ვერც «ასლანი» და ვერც «ჯუმბერი».
        იმავე მიზანს ემსახურება რჩეულიშვილის განცხადებები აჭარის «პროვინციალობის» შესახებ, განსხვავებით მისი «თბილისელობისგან» (მე თბილისელი ვარ, სხვათა შორის!) – მაგრამ რჩეულიშვილი «ცეცხლს ეთამაშება». აჭარის ლომი შეიძლება განრისხდეს და უთხრას: «რაკი პროვინცია ვართ, საიდანაც მობრძანდი, ისევ იქ წაბრძანდიო». მას ისედაც აშკარად აღიზიანებს, რომ მოკავშირეები აქტიურად არ უჭერენ მხარს საბაჟოს საკითხში და არ გმობენ (ხმამაღლა) «ცენტრის» მიერ განხორციელებულ «ბლოკადას».
        ამრიგად, «ალიანსთან» დაკავშირებით კიდევ ძალიან ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
        საბოლოოდ, ყველაფერი მხოლოდ მაშინ გაირკვევა, როდესაც საარჩევნო სია გამოქვეყნდება, თორემ ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში უკვე ძალზე გასაკვირი ვითარება იქნება: «ალიანსის» წევრი პოლიტიკური პარტიები (მათი კანდიდატები) ერთმანეთს უპირისპირდებიან.
        თუ ბათუმური ბლოკი დაიშალა - მომავალ პარლამენტში მხოლოდ ორი სახელისუფლებო პარტია მოხვდება («მოქალაქეთა კავშირი» და «აღორძინება»), რაც ნამდვილად არ წაადგება სასიკეთოდ ქართულ პოლიტიკას.
        რაც შეეხება ე.წ. «მემარჯვენე» და «ეროვნულ» პარტიებს, მათი ლიდერების სიჩლუნგისა და შეურიგებლობის გამო, ისინი (ყველანი ერთად) უეჭველად პარლამენტს გარეთ დარჩებიან (არადა, დღემდე ვერ გავიგე, რა აქვთ გასაყოფი) – მათზე ნამდვილად ახია და ამაზე ყურადღების გამახვილება აღარც ღირს.

7 დღე, 20 სექტემბერი, 1999 წ.

მთელ გვერდზე