სოციალისტური მადა და ლიბერალური ნამცხვარი

    ვინაიდან ქართველ სოციალისტებს (ზოგადად) რუსეთისადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობა და პატივისცემა ახასიათებთ, მათთვის, ალბათ, საინტერესო იქნება ცნობილი რუსი პოლიტიკოსის, გრიგორი იავლინსკის ამასწინანდელი შეფასება «სოციალ-დემოკრატებსა» და ლიბერალებს შორის ევროპაში პერმანენტულად მიმდინარე დაპირისპირების თაობაზე.
    ეს მით უფრო საგულისხმოა, რომ მცირე ხნის წინ ქართველმა «მემარცხენეებმა» გამარჯვების მომასწავებელი გნიასი ატეხეს საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მათი «კოლეგებისა» და სულიერი ძმების წარმატების გამო
    გრიგორი იავლინსკიმ (მის კომპეტენტურობაში, ვფიქრობ, ქართველ მემარცხენეებსაც არ ეპარებათ ეჭვი) ასე ჩამოაყალიბა «მემარცხენეებისა» და «მემარჯვენეების» (ლიბერალებისა და სოციალ-დემოკრატების) დაპირისპირების შინაარსი: «მოვლენ ხელისუფლებაში ლიბერალები და რამდენიმე წლის განმავლობაში გამოაცხობენ დიდსა და გემრიელ ნამცხვარს, შემდეგ მოვლენ სოციალისტები და იმ ნამცხვარს გემრიელად შეახრამუნებენ, თან თითებსაც გაილოკავენ, მერე მოვლენ ლიბერალები და თავიდან გამოაცხობენ ისეთივე დიდსა და გემრიელ ნამცხვარს, მაგრამ ისევ მოვლენ სოციალ-დემოკრატები და ისევე მადიანად, გემრიელად შესანსლავენ იმ ნამცხვარს, შემდეგ კვლავ მოვლენ ლიბერალები და ა.შ. და ა.შ»
    იავლინსკის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამაზე უფრო სხარტად, მოკლედ, მაგრამ თვალსაჩინოდ და ნიჭიერად «სოციალ-დემოკრატიის», ზოგადად მემარცხენე იდეოლოგიის არსი ჯერ არავის ჩამოუყალიბებია.
    მართლაც, «მემარცხენეებმა» თუ რამ იციან კარგად და ზედმიწევნით - ეს ლიბერალების მიერ გამომცხვარი ნამცხვრის შესანსვლაა, ანუ იმ ეკონომიკური წარმატებით სარგებლობა, რომელსაც მემარჯვენეები აღწევენ და მას უკლებლივ, გამონაკლისის გარეშე ანგრევენ, ანადგურებენ, აცამტვერებენ «მემარცხენეები», თუ მოსახლეობა ირწმუნებს მათ სოციალურ დემაგოგიას და ხმას მისცემს არჩევნებში.
    გაუთვითცნობიერებელ მკითხველს (ჩვენი ადგილობრივი რეალიებიდან გამომდინარე) ამგვარი რამ შეიძლება აბსურდად მოეჩვენოს, მაგრამ ევროპაში ასეთი «ციკლურობა» უკვე მართლაც ჩამოყალიბდა და სავსებით რაციონალური საფუძველი აქვს.
    მაგალითად, მარგარეტ ტეტჩერმა გადაარჩინა ბრიტანეთი (როგორც ეკონომიკურად მძლავრი და ღირსეული სახელმწიფო), ააღორძინა იგი, აღადგინა, ამოათრია იმ წუმპიდან, რომელშიც «ლეიბორისტებმა» ჩაფლეს, შექმნა მილიონობით ახალი სამუშაო ადგილი, შეამცირა ინფლაცია, განამტკიცა ეროვნული ვალუტა და ა.შ.
    მიუხედავად ამისა, გასულ წელს არჩევნებზე მაინც ლეიბორისტებმა გაიმარჯვეს. ისინი უეჭველად დააპურებენ ლიბერალების მიერ გამომცხვარი გემრიელი ნამცხვრით ყველა უსაქმურს, ვისაც კი «უმუშევრებისათვის განკუთვნილი დახმარების» მიღება ურჩევნია შრომას, შეზღუდავენ კერძო ინიციატივას «სოციალური დაცვის მოსაზრებებიდან» გამომდინარე; სამაგიეროდ, დაიმსახურებენ «ფართო მასების» აღფრთოვანებასა და სიყვარულს, მაგრამ ეს სიყვარული დროებითი იქნება.
    ტეტჩერის წინამორბედ ლეიბორისტებსაც ეგონათ, რომ «მასების სიყვარული» უშრეტი იქნებოდა, მაგრამ შეცდნენ, ვინაიდან ნამცხვრის ჭამასა და ვისკის სმას ადრე თუ გვიან მოჰყვება ის, რასაც სოციალიზმის კლასიკოსი რუსები «პახმელიას» უწოდებენ, ანუ ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდა, ეროვნული ვალუტის დევალვაცია, ეკონომიკური ზრდის ტემპის შეჩერება და ა.შ.
    ერთი შეხედვით, პოსტსაბჭოურ სივრცეშიც რატომ არ შეიძლება იგივე განმეორდეს, ანუ ჯერ მემარჯვენეებმა გამოაცხონ ნამცხვარი, შემდეგ კი მოვიდნენ მემარცხენეები და ის ნამცხვარი გემრიელად შესანსლონ - რა მოხდება, ჩვენშიც დამკვიდრდეს იგივე ციკლურობა? მაგრამ გრიგორი იავლინსკი ამგვარ შესაძლებლობას (პოსტსაბჭოურ რეალიათა გათვალისწინებით) კატეგორიულად გამორიცხავს იმ მოტივით, რომ ჩვენში სურთ ორივე ერთად და ერთდროულად, ანუ თან ნამცხვარი გამოაცხონ და გამოცხობის პროცესშივე (გამოცხობამდე) შეჭამონ. დაახლოებით ასეთი რამ ხდება საქართველოში. ქართველ მემარცხენეებს რომ ჭკუა ჰქონდეთ, ჯერ ლიბერალებს უნდა აცადონ ნამცხვრის გამოცხობა და მხოლოდ ამის შემდეგ ჭამონ, თორემ გამოცხობამდე თუ მიასკდნენ, უეჭველად მუცლის გვრემა დაემართებათ.
   
      

მერიდიანი, 3 აპრილი, 1998 წელი

მთელ გვერდზე